ეზიდთა ფორუმი გერმანიაში

ეზიდთა ფორუმი გერმანიაში

2018 წელს ჩრდილოეთ ერაყში ვიზიტის და ლალიშის ტაძრის მოლოცვის შემდეგ (იხ. პოსტი “თბილისიდან ლალიშამდე”), ჩვენი მეგობრობა ეზიდებთან უფრო მეტად გამყარდა. ამ ვიზიტმა პოზიტიური გავლენა მოახდინა ქრისტიანებსა და ეზიდებს შორის ურთიერთობებზე, მეგობართა წრე გაფართოვდა და მას სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქრისტიანები და ეზიდები შემოუერთდნენ.

2019 წლის მარტის ბოლოს, გერმანიის ქ. ოლდენბურგში ეზიდთა ფორუმი გაიმართა, რომელიც ეზიდთა სათემო ცენტრის დაარსების 25 წლისთავს მიეძღვნა. მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარ ფირ დიმიტრი ფირბარისთან და სამეურნეო საბჭოს წევრ ბ-ნ ალიხან ბაბაევთან ერთად, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდში გავფრინდით. “ვიზეარის” თვითმფრინავი დორტმუნდის აეროპორტში დილის 8 საათისკენ დაეშვა. იქ ოლდენბურგის ეზიდთა სათემო ცენტრის (ეზიდთა სახლის) თავმჯდომარე ბ-ნი შაჰაბ დაღი დაგვხვდა და თავის ოფისში წაგვიყვანა.

შუაში მარცხნივ ფირი დიმიტრი ფირბარი და მარჯვნივ ბ-ნი ალიხან ბაბაევი.

ეზიდები პირველად თურქეთიდან, გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩავიდნენ გერმანიაში სამუშაოდ. 70-იანი წლებში ეზიდ დევნილთა დიდი ნაკადი ჩავიდა ერაყიდან და სირიიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მათ რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და სომხეთიდან ჩასული ეზიდები შეუერთდნენ. 2014 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც ე. წ. ისლამურმა სახელმწიფომ სინჯარში (ჩრდ. ერაყი) ეზიდი ხალხის გენოციდი განახორციელა, გერმანიამ ათობით ათასი დევნილი ეზიდი მიიღო და მათ ლტოლვილის სტატუსი მისცა. ამჟამად გერმანიაში 200.000-მდე ეზიდი ცხოვრობს. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი დიასპორა ოლდენბურგშია. წლების განმავლობაში ეზიდებმა კულტურის ცენტრები და საგანმანათლებლო ორგანიზაციები ჩამოაყალიბეს, სადაც ისინი მომავალ თაობას ეზიდურ რელიგიას და წეს-ჩვეულებებს ასწავლიან, სემინარებს და კონფერენციებს მართავენ და რელიგიურ დღესასწაულებს იხდიან.

ოლდენბურგის სათემო ცენტრი, გარდა აქტიური კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა, ერაყიდან დევნილ ეზიდებს, იურიდიულ და მატერიალურ დახმარებას უწევს. ბ-ნი შაჰაბ დაღი ყველა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ეზიდურ თემში პატივისცემით სარგებლობს. ის ოლდენბურგში ვიზიტამდე ორი წლით ადრე, თბილისის ეზიდური კულტურის ცენტრში გავიცანი და ერთხანს ჩვენს ეკლესიასა და ეზიდურ თემს შორის ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ. ფირ დიმიტრისგან იცოდა ჩვენი მეგობრობის შესახებ და მადლიერება გამოხატა ეზიდური თემის გვერდში დგომისთვის.

ეზიდთა სათემო ცენტრის თავმჯდომარე ბ-ნი შაჰაბ დაღი ოფისის თანამშრომელთან ერთად.

ოლდენბურგის სათემო ცენტრში თავდაპირველად ფორუმის დარბაზი ვნახეთ. სცენაზე გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შთაინმაიერის და ეზიდი ქალბატონის ნადია მურადის სურათები იყო გამოფენილი. ნადია მურადი ნობელის პრემიის ლაურეატია მშვიდობის დარგში. ის დევნილი ეზიდი ქალების სახეს წარმოადგენს.

2014 წ.-ის 3 აგვისტოს, როცა ე. წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სინჯარში შეიჭრნენ, ნადია მურადის დედა და 6 ძმა მოკლეს, თვითონ დასთან ერთად ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე წლის განმავლობაში მათზე ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. ნადიამ გაქცევა მოახერხა და ახლა გერმანიაში ცხოვრობს. 2016 წ.-ს ის გაეროს მშვიდობის ელჩად იქნა არჩეული.

ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ქ-ნი ნადია მურადი. https://en.wikipedia.org/wiki/Nadia_Murad#/media/File:Nadia_Murad_in_Washington_-2018(42733243785)_(cropped).jpg

ნადია მურადი მრავალ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და ეზიდი ხალხის მძიმე ხვედრზე საუბრობს. ის აქტიურად იბრძვის ეზიდი ქალების უფლებებისთვის მსოფლიო მასშტაბით.

სასტუმრო “ალექსანდრე”

სათემო ცენტრის ნახვის შემდეგ, სასტუმრო “ალექსანდრეში” დავბინავდით, რომელიც ცენტრთან ახლოს, მყუდრო ადგილზე მდებარეობს. წინა პოსტებში იმ სასტუმროების სურათები განვათავსე, სადაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობისას მოგვიწია ყოფნა. ტრადიციას არ დავარღვევ და სასტუმრო “ალექსანდრეს” და მისი საუზმის მენიუს სურათებსაც ვაქვეყნებ:-)

გასეირნება ძველ ოლდენბურგში

სასტუმროში მცირე ხანს მოვისვენეთ. ბ-ნმა შაჰაბმა გამოგვიარა და ძველი ოლდენბურგის სანახავად წაგვიყვანა. ქვემო საქსონიის ულამაზესი ქალაქი ოლდენბურგი, პირველად მე-12 ს.-ის ხელნაწერებში იხსენიება. იგი მდინარე ჰუნტეს ნაპირზეა გაშენებული და მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ ქალაქს წარმოადგენს. გერმანელებთან ერთად აქ ცხოვრობენ ებრაელები, ეზიდები, თურქები, არაბები და პაკისტანელები. 2019 წ.-ის სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 37,2 %-ს ევანგელურ-ლუთერელები შეადგენენ, 13,2 %-ს კათოლიკები, 0,8 %-ს ევანგელურ-რეფორმირებული ქრისტიანები, 48,8%-ს კი იუდეველები, ეზიდები, მუსლიმები, ბაჰაის მიმდევრები და სხვა პროტესტანტები, მათ შორის ბაპტისტები და ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც არც ერთ კონფესიას არ მიეკუთვნება.

თავდაპირველად წმ. ლამბერტის სახ. ევანგელურ-ლუთერული საკათედრო ტაძარი (მე-13 ს.) ვნახეთ. ამ გრანდიოზულ კათედრალს 5 გუმბათი აქვს, ხუთივეზე ზარებია დაყენებული და მათი ხმა საკმაოდ შორის ისმის. ღვთისმსახურების გარდა, კათედრალში სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის საეკლესიო მუსიკის კონცერტები იმართება.

წმ. ლამბერტის ევანგელურ-ლუთერული საკათედრო ტაძარი.
კათედრალის საკურთხეველი და ორღანი.
დეგოდეს სახლი (1676 წ.).
ქალაქის საბჭოს ძველი შენობა (1888 წ.).
გრაფ ანტონ გუენთერის სახლი (1682 წ.), სადაც საუკუნეების განმავლობაში თამბაქოს ფაბრიკა ფუნქციონირებდა. ამჟამად კი სასტუმროა განთავსებული.
ძველი ოლდენბურგის მთავარი ქუჩა.
ოლდენბურგის სასახლე (მე-17 ს.).

ძველი ოლდენბურგის მთავარი ქუჩიდან, არხისკენ გადავუხვიეთ, რომელიც მდინარე ჰუნტეს შენაკადს უკავშირდება. არხი ძალიან ლამაზ ბაღზე გადის. მწვანედ მობიბინებულ ბალახზე, ახალგაზრდები ისხდნენ. ზოგი წიგნს კითხულობდა, ზოგიც მობილურ ტელეფონში იყო “ჩამძვრალი”:-) გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. როგორც ოლდენბურგის ისტორიული ნაწილი, ისე მთელი ქალაქი გამწვანებულია და კარგად არის მოვლილი.

არხის ნაპირი ჭინჭრით იყო სავსე. ყვარელში ამ დროს ჭინჭარს ვინ გააჩერებდა?!:-) ყოველ გაზაფხულზე დედაჩემი ჭინჭარს ხშირად კრეფდა და უგემრიელეს, თანაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძებს ამზადებდა. თუ ჭინჭარი ახლო-მახლო აღარ იყო, მეზობელი ქალები შეიკრიბებოდნენ და მინდორში მიდიოდნენ მოსაკრეფად. მსმენია, რომ გერმანიაშიც ამზადებენ ჭინჭრის კერძებს, მაგრამ მე არასდროს დამიგემოვნებია.

სეირნობისას კულტურის ცენტრს ჩავუარეთ. ამ შენობაში მე-19 ს.-იდან ბოლო დრომდე პეტერ ფრიდრიხ ლუდვიგის საავადმყოფო მდებარეობდა. ოლდენბურგის ეს რაიონი სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს. აქ თავმოყრილია კლინიკები და საავადმყოფოები. ფირ დიმიტრის ვაჟი ამ ადგილიდან ძალიან ახლოს, “პიუსის” საავადმყოფოში არის დაბადებული. ფირი ოჯახთან ერთად ორწელიწადნახევარი ოლდენბურგში ცხოვრობდა და ეზიდურ სათემო ცენტრში მოღვაწეობდა. ამ ხნის განმავლობაში მან გერმანული ენაც შეისწავლა. ის მშობლიური ენის, კურმანჯის (ეზიდები ამ ენას ეზდიკს ეძახიან) გარდა, ასევე ფლობს არაბულ, რუსულ და ქართულ ენებს.

უკანა პლანზე კულტურის ცენტრი (ყოფილი პეტერ ფრიდრიხ ლუდვიგის საავადმყოფო).

ბაღიდან კვლავ წმ. ლამბერტის კათედრალისკენ წავედით. საბჭოს მოედანზე რესტორანში ვისადილეთ და სასტუმროში დავბრუნდით. დღის მეორე ნახევარში ფორუმის გახსნა იყო დაგეგმილი.

ფორუმის გახსნა

ეზიდთა სათემო ცენტრში დროულად მივედით. დარბაზი ხალხით იყო სავსე. ფორუმს სათემო ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი ილიას იანჯი და ცენტრის დამფუძნებელი და მისი ყოფილი თავმჯდომარე ბ-ნი თელიმ თოლანი უძღვებოდნენ. როგორც უკვე ვთქვით, ფორუმი ოლდენბურგის ეზიდთა სათემო ცენტრის დაარსების 25 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

ბ-ნი ილიას იანჯი (მიკროფონთან) და ბ-ნი თელიმ თოლანი.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოლდენბურგის ვიცე-მერი ქ-ნი ანდრეა ვოლფი, გერმანიის პარლამენტის დეპუტატები შტეფან ალბანი და თომას კოსენდეი (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), პეტერ მაილანდი (მწვანეები/Buendnis 90/die Gruenen), დენის როდე და ჰანა ნაბა (გერმანიის სოციალისტური პარტია/SPD), ამირა მოჰამედ ალი (მემარცხენეები/Die Linke) და ასევე ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები. შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ოლდენბურგის ვიცე-მერმა, ქ-ნმა ანდრეა ვოლფმა. სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტარები. მათ ეზიდების მდგომარეობაზე და მათი ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.

ოლდენბურგის ვიცე-მერი ქ-ნი ანდრეა ვოლფი.
გერმანიის სოციალისტური პარტიის (SPD) წარმომადგენელი
ბ-ნი დენის როდე.
ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენლები
ბ-ნი შტეფან ალბანი (მარცხნივ) და ბ-ნი თომას კოსენდეი (მარჯვნივ).

მთავარეპისკოპოსი ჰანა აიდინი

ფორუმზე მოწვეული იყო გერმანიაში სირიულ-მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ჰანა აიდინი. ის ეზიდი ხალხის მიმართ თანაგრძნობით და თანადგომით გამოირჩევა. მთავარეპისკოპოსი ჰანა აიდინი თურქეთში დაიბადა და გაიზარდა. მან თეოლოგიური განათლება ლიბანსა და ავსტრიაში მიიღო. წლებია სირიულ-მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეკუმენური მიმართულებით აქტიურად მოღვაწეობს და მეგობრობის ხიდებს აშენებს სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებთან.

დელმენჰოსტის სირიულ-მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი ჰანა აიდინი.
სურათი ლალიშის პოსტერის ფონზე.

შეხვედრები ფორუმის მონაწილეებთან

ფორუმზე საინტერესო ადამიანები გავიცანით, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეზიდი ხალხის ცხოვრებაში. მათ შორის იყო ეზიდი მკვლევარი ფირ ხიდრი, რომელიც გარდა იმისა, რომ ეზიდებზე საინტერესო წიგნებს წერს, აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწევა. ის ჩრდ. ერაყის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წევრია.

საუბარი ბ-ნ ფირ ხიდრისთან.

შეხვედრები გვქონდა ეზიდთა სათემო სახლის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები თემის ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეზიდური კულტურის და ტრადიციების შენახვის და მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში.

ფირი დიმიტრი ფირბარი და ეპისკოპოსი ჰანა აიდინი ეზიდური თემის წევრებთან ერთად. მარჯვნიდან მარცხნივ ბ-ნი ჰუსეინ თოლანი, ბ-ნი ჰიქმეთ თოლანი და ბ-ნი იდრის ჰასო.

ფორუმზე ასევე შევხვდით ეზიდი ხალხის სულიერი წინამღოლის, ბაბა შეიხ ხატო ჰაჯის უმცროს ძმას ბ-ნ იდო ბაბა შეიხს. 2018 წ.-ს ჩრდ. ერაყში ვიზიტისას მან მეუღლესთან ერთად ერბილში თავის ოჯახში გვიმასპინძლა.

ბ-ნი იდო ბაბა შეიხი.

ბ-ნი იდო ძალიან გულთბილი და სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. სამწუხაროდ ის 2020 წლის 28 ნოემბერს ერბილში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა.

ოლდენბურგის სასაფლაო

მომდევნო დილით, სათემო ცენტრში გვქონდა შეხვედრა. ფორუმი დღის მეორე ნახევარში უნდა გაგრძელებულიყო. მანამდე მასპინძლებმა ეზიდურ სასაფლაოზე წაგვიყვანეს. მეგონა ეზიდებს ცალკე სასაფლაო ექნებოდათ, მაგრამ ასე არ ყოფილა. ოლდენბურგში ქრისტიანები, ეზიდები და მუსლიმები (სუნიტები და შიიტები) ერთ სასაფლაოზე განისვენებენ. ე. წ. პარკის სასაფლაო ქრისტიანულ, ეზიდურ და მუსლიმურ სექტორებად არის დაყოფილი. მათ შორის ღობეები არ არის აღმართული. ჯვრის, მზის, ლალიშის გუმბათების და ნახევარმთვარის გამოსახულებები ერთმანეთს უყურებენ.

უკანა პლანზე ეზიდების სასაფლაო.

ეზიდებს მიცვალებულის გაპატიოსნების თავიანთი წესი აქვთ. მრავალსაუკუნოვანი ეზიდური ტრადიციის მიხედვით, მიცვალებული ოჯახის ფირმა და შეიხმა (სასულიერო კასტის წარმომადგენლები) უნდა განბანონ და სუდარაში გაახვიონ. ვიდრე მიცვალებული სახლშია დასვენებული, ოჯახში ყავლები (წმინდა ტექსტები) იკითხება. ყველა ეზიდურ ოჯახს თავისი ფირი და შეიხი ჰყავს. ისინი ოჯახის მოძღვრებს წარმოადგენენ და გვარების მიხედვით არიან ოჯახებზე მიმაგრებულნი.

ეზიდების სასაფლაო.

სასაფლაოზე საქართველოდან ჩასული ეზიდების საფლავებიც ვნახეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ათასობით ეზიდმა დატოვა საქართველო და საცხოვრებლად რუსეთში, უკრაინასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წავიდ-წამოვიდნენ. საქართველოდან ჩასული რამდენი ეზიდი ცხოვრობს გერმანიაში, სტატისტიკა უცნობია.

თვალშისაცემი იყო სასაფლაოზე არსებული სისუფთავე. ყველა საფლავი საგანგებოდ იყო მოვლილი. ფირმა დიმიტრიმ მიცვალებულთა ხსოვნის ლოცვა აღავლინა.

ფირი დიმიტრი ხსოვნის ლოცვას აღავლენს.

ერთი ახალგაზრდა ეზიდის საფლავზე, პატარა მარმარილოს ჯვარი შევნიშნეთ. შეიძლება ოჯახის წევრებმა მიიტანეს, როგორც გლოვის სიმბოლო, ან სულაც მისმა რომელიმე ქრისტიანმა მეგობარმა ხსოვნის ნიშნად დატოვა.

ჯვარი ეზიდის საფლავზე.
შიიტების და სუნიტების სასაფლაოები.

ფორუმის მეორე დღე

ფორუმის მეორე დღე ფირმა დიმიტრიმ გახსნა ლოცვით. ის დიდი ავტორიტეტით და ნდობით სარგებლობს ეზიდ ხალხში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ფირი დიმიტრი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ეზიდი მოღვაწეა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეზიდური რელიგიის, კულტურის და ტრადიციების შენახვა-გადაცემის საქმეში.

ფირი დიმიტრი ლოცვას აღავლენს.

ლოცვის გასრულების შემდეგ მოხსენებებით გამოვიდნენ ეზიდი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა ეზიდებს ცალკე ეთნოსად მოიაზრებს, ნაწილი კი თავს ქურთულ ეთნოსთან აიგივებს. პრო-ქურთული ორიენტაციის ეზიდები, ქურთულ პარტიებში არიან გაწევრიანებული და თავიანთი წვილი შეაქვთ ქურთულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაშინ როდესაც ეზიდების დიდი ნაწილი მათ ემიჯნება.

საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ ეზიდი ხალხის ისტორიის, კულურის და ტრადიციების შესახებ. გამომსვლელები იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრობდნენ, რომლის წინაშეც ეზიდი ხალხი დგას.

ოლდენბურგის სათემო ცენტრის თავმჯდომარე ბ-ნი შაჰაბ დაღი.
მწერალი და საზოგადო მოღვაწე ასკარე ბოიკი.
მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნავაფ მირო.
საზოგადო მოღვაწე ნადიმ არკიში.
საზოგადო მოღვაწე ორჰან ონათი.

მკვლევარი მეჰმეთ ბაირაკი.

მეუფე მალხაზის მოხსენება

ფორუმზე მეუფე მალხაზი მოხსენებით გამოვიდა, შემდეგ კი პანელური დისკუსია გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა გულისტკივილი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად ქრისტიანები (ძირითადად პროტესტანტული ეკლესიები) პროზელიტიზმს ეწევიან და დახმარების სანაცვლოდ, ეზიდების გაქრისტიანებას ცდილობენ. მეუფე მალხაზმა ამის პასუხად თქვა: „დღეს აქ ითქვა, რომ ქრისტიანების მხრიდან ადგილი აქვს პროზელიტიზმს. არ გვიკვირს, მაგრამ ვწუხვართ და ამის გამო ბოდიშს ვიხდით. ქრისტიანებმა სწორედ ვერ გავუგეთ ჩვენს მოძღვარს, იესო ქრისტეს, რომელმაც გვითხრა – წადით და უქადაგეთ ყველას, მაგრამ ჩვენ ვერ გავიგეთ რა უნდა გვექადაგა. იმის მაგივრად, რომ გვექადაგა მეგობრობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, დავიწყეთ ერთმანეთის გადაქაჩვა-გადმოქაჩვაზე ქადაგება. მე გულწრფელად გიხდით ბოდიშს ჩემი სახელით, მეუფე ილიას სახელით და ყველა ქრისტიანის სახელით, რასაც ქრისტიანები თქვენს წინააღმდეგ აკეთებენ. ამას ცხადია არანაირი გამართლება არა აქვს. მე ვინა ვარ, რომ თქვენ გითხრათ რა ჯობია და რა არ ჯობია, მე ვინა ვარ, რომ მეუფე ილიასთან შევაფასო ის ტკივილი, რაც თქვენ განიცადეთ. თქვენი ჭრილობები ჯერ კიდევ ახალია. მე ვლოცულობ იმისთვის, რომ ეზიდი ხალხის ჭრილობები შეხორცდეს. ის მტრები, რომლებიც ეზიდ ხალხს ყავს, დიდი თუ პატარა, ყველა მეგობრად გადაიქცეს და ეზიდმა ხალხმა, როგორც გამორჩეულმა, ლამაზმა, მშვენიერმა და კულტურულმა ხალხმა, თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს თანამედროვე ცივილიზაციის ისტორიაში, იცოცხლოს, იდღეგრძელოს და გადარჩეს.” მეუფე მალხაზის სიტყვას დარბაზში დიდი ოვაცია მოჰყვა.

მეუფე მალხაზის გამოსვლა.

მეუფე მალხაზის გამოსვლის შემდეგ, ფორუმის მონაწილეებს 2018 წ.-ს თურქეთსა და ჩრდ. ერაყში მოგზაურობის შთაბეჭდილებები ფოტოკოლაჟის თანხლებით გავუზიარე. შთამბეჭდავი მოგზაურობა გამოგვივდა, რომლის დროსაც ეზიდი ხალხის ისტორიას, რელიგიას, კულტურას და ტრადიციებს ახლოს გავეცანით. ამ მოგზაურობის შემდეგ მათი პრობლემების და გამოწვევების შესახებ უკეთ მესმის. ამ მოგზაურობის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს პოსტში “თბილისიდან ლალიშამდე”.

თურქეთსა და ჩრდ. ერაყში მოგზაურობის შთაბეჭდილებების გაზიარება.

ბ-ნმა ილიას იანჯიმ ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაგვიხადა. განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ თანადგომას, რაც მეუფე მალხაზ სონღულაშვილმა 2014 წ.-ს სინჯარიდან დევნილი ეზიდების მიმართ გამოიჩინა.

სურათი ფორუმის ორგანიზატორებთან და მომხსენებლებთან ერთად.

ფორუმი გვიან საღამოს გასრულდა. ორგანიზატორებთან და მომხსენებლებთან ერთად, საერთო სურათი გადავიღეთ. ბ-ნ შაჰაბს და ბ-ნ ილიასს მოწვევისთვის მადლობა გადავუხადეთ. ჩვენი ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა, ეზიდ ხალხთან მეგობრობის გაღრმავების თვალსაზრისით.

მონღოლური რესტორანი

იმავე საღამოს, ბ-ნმა შაჰაბმა ვახშმად მონღოლურ რესტორანში დაგვპატიჟა. მეგონა მაგიდასთან მყუდროდ მოვკალათდებოდით, მენიუს მოგვიტანდნენ და ტრადიციულ მონღოლურ კერძებს შევუკვეთავდით. განსაკუთრებით ე. წ. ბუუზი მაინტერესებდა, რადგან გამიგია, ფორმითაც და შიგთავსითაც ხინკალს ჰგავსო. იმასაც ამბობენ, ხინკალი მონღოლური კერძიაო. რა ბუუზი, რის ბუუზი, რესტორანში შევედით თუ არა, ისე რომ მაგიდასთან არც კი მივსულვართ და არც მენიუ გვინახავს, თეფშები ავიღეთ და ნედლი ხორცეულის და ზღვის პროდუქტებისკენ წავედით:-)

მონღოლური რესტორანი.

ამ რესტორნის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ მზა კერძები არ ჰქონდათ. უნდა ჩამოგევლო, სასურველი ნედლი პროდუქტები თეფშზე მოგეთავსებინა და შემდეგ მზარეულისთვის მოსამზადებლად მიგეტანა. ვირტუოზი მზარეულები, შერჩეულ პროდუქტებს სანელებლებთან ერთად უსწრაფესად ამზადებდნენ. მხოლოდ ბოსტნეულის სალათები იყო მზა სახით.

მეც ავდექი, ჩამოვიარე და ის პროდუქტები შევარჩიე, რასაც ამ თეფშზე ჰხედავთ:-) მართალია რესტორანი ისე დავტოვე, რომ ვერ გავიგე, რომელი პროდუქტების კომბინაციით შემეძლო ტიპიური მონღოლური კერძის დაგემოვნება, სამაგიეროდ ის პროდუქტები, რაც დავაგემოვნე ბოსტნეულის სალათებთან ერთად, მართლა გემრიელი იყო:-)

დილის გასეირნება

კვირა დილა გათენდა. ვიდრე ეზიდთა სათემო ცენტრში წავიდოდით, სასტუმროს ახლო-მახლო ფეხით გავისეირნეთ. ერთ შენობასთან მუსლიმი ქალები და ბავშვები მიმოდიოდნენ. კერძო სახლი მეგონა, მაგრამ როცა ახლოს მივედით, მარიამის სახელობის სუნიტური მეჩეთი აღმოჩნდა.

მარიამის მეჩეთი

გერმანიაში 5 მლნ.-მდე მუსლიმი ცხოვრობს. მათ უმეტესობას, დაახლ. 63 %-ს ეთნიკური თურქები წარმოადგენენ. ისინი გერმანიაში გასული საუკუნის 60-70-იან წლებში სამუშაოდ ჩამოვიდნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინდუსტრიის განვითარებაში. გერმანიაში მუსლიმებს მეჩეთების გარდა, საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ორგანიზაციები აქვთ და ფართო საგანმანათლებლო-სოციალურ საქმიანობას ეწევიან. ოლდენბურგში ძირითადად თურქი, არაბი და პაკისტანელი მუსლიმები (აჰმადიები) ცხოვრობენ.

მარიამის მეჩეთში შევედით. სალოცავი დარბაზი ევროპულ ყაიდაზე იყო მოწყობილი. მეუფე მალხაზმა ლოცვა აღავლინა. ის ზედმიწევნით სწორად ლოცულობს სუნიტური და შიიტური ტრადიციების მიხედვით. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობისას, არაერთი მუსლიმური თემი გაოცებულა, მეუფე მალხაზის ლოცვით. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ქრისტიანი ეპისკოპოსი, ჯერ მათ გვერდით და ახლა მუსლიმური წესით ილოცებდა. ცხადია ეს კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ქრისტიანების და მუსლიმების ურთიერთობებზე.

მარიამის მეჩეთის სალოცავი დარბაზი.

მეჩეთის ყიბლა, ტრადიციული ლურჯი ფერის კერამიკის ფილებით იყო მოპიკეთებული. ზედა მარჯვენა კუთხეში დამონტაჟებული ელექტრო საათი, ერთგვარ ნოვაციას წარმოადგენდა. მსგავსი რამ არც ერთ მეჩეთში არ მინახავს.

ყიბლა.

სალოცავი დარბაზის გვერდით, მასწავლებელი ბავშვებს სასკოლო საგნებში ამეცადინებდა. გაკვეთილი გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა. მასწავლებელიც და ბავშვებიც შესანიშნავად ლაპარაკობდნენ გერმანულად. იმდენად იყვნენ გაკვეთილში ჩართულები, რომ ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევიათ.

გერმანიის ბევრ სკოლასა თუ გიმნაზიაში, ერთგვარი პრობლემები არსებობს მუსლიმი ბავშვების ჩაცმის სტილთან და ზოგადად მუსლიმურ ტრადიციებთან დაკავშირებით, რაც ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როცა მუსლიმი მშობლები შვილებს კლასთან ერთად სასკოლო ექსკურსიებზე არ უშვებენ, კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარს ეუბნებიან, გოგონებს ცურვის გაკვეთილებზე დასწრებას უკრძალავენ, ისლამურ დღესასწაულებზე ბავშვებს სახლში ტოვებენ და ა.შ. რამადანის თვეში, ბევრი მუსლიმი ბავშვი, მშობლებთან ერთად მარხულობს. მასწავლებლები ამას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია ბავშვი გაკვეთილზე მშიერი იჯდეს, რადგან ეს მათ გაკვეთილის ათვისებაში ხელს უშლის. გერმანულ საზოგადოებაში ხშირია დისკუსიები ამ თემაზე.

გაკვეთილი მარიამის მეჩეთში.

მარიამის მეჩეთიდან ორიოდე ნაბიჯში, ახალი სამოციქულო ეკლესია მდებარეობს. მცირე ზომის დარბაზში ქადაგება მიმდინარეობდა. მხოლოდ გარედან შევიხედეთ. შიგნით აღარ შევსულვართ. იქიდან კვლავ სასტუმროში დავბრუნდით.

სათემო ცენტრის საჩუქარი

ბ-ნმა შაჰაბმა გამოგვიარა და სათემო ცენტრის ოფისში წაგვიყვანა. იქ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ეზიდები სათემო ცენტრში ყოველდღიურად მიდიან და თავიანთი პრობლემების შესახებ ხელმძღვანელებს ესაუბრებიან. ბ-ნი შაჰაბი და ბ-ნი ილიასი, ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის. ბ-ნმა შაჰაბმა კიდევ ერთხელ გადაგვიხადა მადლობა სტუმრობისთვის და საჩუქრად გერმანული ენაზე გამოცემული წიგნი “ეზიდობა – რელიგია და ცხოვრება” (ავტ. შავქადინ ისა) გადმოგვცა.

ეზიდთა სათემო ცენტრის ოფისი.
მარჯვნიდან მარცხნივ ჩრდ. ერაყიდან დევნილები ბ-ნი შვან შეიხ ალო (სოფ. შარია) და ბ-ნი ბადალ ფაყირ ჰაჯი (ქ. ბაადრი).

ბად-ცვიშენანი

ოფისიდან ქალაქ ბად-ცვიშენანში გავემგზავრეთ. ეს საკურორტო ქალაქი ოლდენბურგის დასავლეთით 17 კმ.-ში, ტბასთან მდებარეობს. ცივი და ქარიანი ამინდის მიუხედავად, ხალხი სასეირნოდ იყო გამოსული.

ბ-ნმა შაჰაბმა, ტბის სანაპიროზე მდებარე რესტორანში, ყავაზე დაგვპატიჟა. ერთხანს სათემო ცენტრის პრობლემებსა და გამოწვევებზე ვისაუბრეთ. შეიძლება ითქვას, რომ ბ-ნი შაჰაბი ძალიან ბევრს შრომობს თემის კეთილდღეობისთვის.

ყავის და ნამცხვრის შემდეგ, ბად-ცვიშენანიდან კვლავ ოლდენბურგში დავბრუნდით. ვახშმამდე ბ-ნ შაჰაბთან ოჯახში სტუმრად უნდა მივსულიყავით.

სტუმრად ბ-ნ შაჰაბ დაღის ოჯახში

ბ-ნ შაჰაბის ოჯახში დღის მეორე ნახევარში მივედით. სახლსაც და ეზოსაც, გამრჯე ადამიანების ხელი ეტყობოდა. მთელ ოჯახს ფეხი აქვს გერმანული ცხოვრების რიტმისთვის აწყობილი. ბ-ნი შაჰაბი გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა, საკუთარი ბიზნესიც აქვს და შესაბამისად ძალიან დატვირთული ყოველდღიური გრაფიკი აქვს.

ბ-ნ შაჰაბ დაღის სახლი.

ბ-ნ შაჰაბის მეუღლემ ჩაი და ტკბილეული მოგვართვა. იქიდან პირდაპირ რესტორანში მივდიოდით სავახშმოდ, სადაც ფორუმზე გაცნობილი მეგობრებიც უნდა მოსულიყვნენ.

სუფრასთან ბ-ნმა ალიხანმა, ფირ დიმიტრის კურმანჯიზე რაღაც უთხრა, რაც ჟღერადობით რუსულ გინებას ჰგავდა:-) კურმანჯიზე არის სიტყვები, რომლებიც ჟღერადობით ქართულ და რუსულ სიტყვებს ჰგვანან, მაგრამ სულ სხვა მნიშვნელობა აქვთ. ერთი ასეთი საერთო ჟღერადობის სიტყვა კურმანჯიზე, ანატომიურ ტერმინს, ხოლო ქართულად კონკრეტულ სამშენებლო მასალას ნიშნავს:-) ფირ დიმიტრის ვკითხე, თუ რა კავშირი არსებობდა ბ-ნ ალიხანის ნათქვამსა და იმ “ანატომიურ ტერმინს” შორის. ამის თქმა იყო და ისეთი სიცილი წასკდა, ძლივს მოსულიერდა:-) ყველამ გულიანად ვიცინეთ. თურმე ბ-ნ ალიხანს საკვების მიღებაზე უთქვამს, რაც არანაირად არ უკავშირდებოდა “ანატომიას”:-)

ვახშამი ეზიდ მეგობრებთან ერთად

ბ-ნმა შვან შეიხ ალომ და ბ-ნმა ბადალ ფაყირ ჰაჯიმ, ეზიდ მეგობრებთან ერთად ამჯერად ჩინურ-მონღოლურ რესტორანში დაგვპატიჟეს. ტიპიური კერძების და მენიუების ძებნაში დრო აღარ დამიკარგავს, პირდაპირ ზღვის პროდუქტებს ჩამოვუარე:-) ამ რესტორანსაც ვირტუოზი მზარეულები ემსახურებოდნენ. რაც მთავარია, ჩემი შერჩეული ნედლი პროდუქტები, გემრიელად მოამზადეს.

ჩინურ-მონგოლური რესტორანი.

სუფრასთან საუბარი გაიმართა გერმანიაში და ზოგადად უცხოეთში მცხოვრები ეზიდების პრობლემების და გამოწვევების შესახებ. მათ ერთის მხრივ მადლიერება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიაში თავშესაფარი მიიღეს და ყოველმხრივ უზრუნველყოფილები იყვნენ, ხოლო მეორეს მხრივ ასიმილაციის საფრთხეს გაუსვეს ხაზი. ფირმა დიმიტრიმ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეზიდები უცხო გარემოში ასიმილირდებიან და დროთა განმავლობაში მათი დამოკიდებულება ეზიდური რელიგიის და ტრადიციების მიმართ იცვლება.

მეტად საინტერესო იყო ეზიდურ თეოლოგიაზე, კერძოდ კი შეიხ ადის ორბუნებრიობის შესახებ საუბარი. შეიხ ადი იბნ მუსაფირის (ახ. წ. 1074-1162) და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობის შედეგად, ეზიდურმა რელიგიამ დასრულებული სახე მიიღო. ეზიდები მას ღმერთის ჰიპოსტასად მიიჩნევენ. ფირი დიმიტრი მის ორბუნებრიობაზე საუბრისას ყავლებს (წმინდა ტექსტები) იშველიებდა. მისი თქმით, ეზიდებს უჭირთ ამ საკითხზე ყავლებში გადმოცემული აზრის მიღება.

ისაუბრეს თეოდიცეის (ბერძნ. ღმერთის სამართლიანობა) საკითხზე. მსჯელობდნენ იმის შესახებ, წინააღმდეგობაში ხომ არ მოდიოდა ღმერთის სამართლიანობა იმ განსაცდელთან, რაც შეიძლებოდა სრულიად უდანაშაულო ხალხს დასტყდომოდა თავს. ყველა ემოციურად საუბრობდა, რადგან საუბრის თემები გულთან მიჰქონდათ. ჩვენი მაგიდიდან გასული ხმები, სიმყუდროვეს ურღვევდა სხვა სტუმრებს, მაგრამ შენიშვნა არავის მოუცია.

საუბარი სუფრასთან.

კარგა ხანს ვისაუბრეთ. დრო შეუმჩნევლად გავიდა. უკვე გვიანი იყო, როცა რესტორანი დავტოვეთ.

სამშობლოში დაბრუნება

გამთენიისას, დორტმუნდის აეროპორტში, ფორუმზე გაცნობილმა მეგობარმა ქენან იენირჯამ წაგვიყვანა. ფრენამდე ადრე იყო და აეროპორტის კაფეში დავსხედით. საუბარი ეზიდ დევნილებზე ჩამოვარდა. ქენანმა იტირა. თავის თვალით უნახავს ის საშინელება, რაც ე. წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სინჯარში დაატრიალეს. გაიხსენა, მის თვალწინ რა სისასტიკით დახოცეს უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები და ტყვედ როგორ წაიყვანეს ახალგაზრდა გოგონები. ის რომ ტიროდა, ცრემლებს ვერც მე ვიკავებდი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქენანმა მეგობრობის და პატივისცემის ნიშნად მე და მეუფე მალხაზს საჩუქრად ჯვრები გამოგვიგზავნა.

სამშობლოში აპრილის დასაწყისში დავბრუნდით. “ვიზეარის” თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დღის მეორე ნახევარში დაეშვა. თბილისში ავტობუსით გამოვემგზავრეთ. ვფიქრობ კარგი ვიზიტი გამოგვივიდა. ეზიდების ცხოვრებას და საქმიანობას ამჯერად გერმანიაში გავეცანით. გავიგეთ მათი პრობლემების და გამოწვევების შესახებ. დღეს მსოფლიოში ეზიდების რაოდენობა 1 მლნ.-მდეა. ისინი თავიანთი რელიგიით და კულტურით მსოფლიოს ამდიდრებენ. მძიმე ხვედრის გამო, ეზიდი ხალხი ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან ყურადღებას და თანადგომას საჭიროებს. ოლდენბურგის ფორუმში მონაწილეობით, საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და გერმანიის ეზიდურ თემს შორის მეგობრულ ურთიერთობას, რაც დღემდე გრძელდება.

Leave a Reply