ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი თურქეთში

ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი თურქეთში

როცა გავიგე, თურქეთში ქ. ბურსას მერის, ბ-ნ რეჯეფ ალთეფეს მიწვევით მივემგზავრებოდი, ყვარელში ბურსელების სტუმრობის ამბავი გამახსენდა, რომლებიც 1987 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეზე ჩამოვიდნენ. ყვარელი ზღვა ხალხით იყო სავსე. ბურსა თურქებსაც ჰქონიათო – ხუმრობდნენ ყვარლელები (მდინარე ბურსა ყვარელს აღმოსავლეთით ჩამოუდის). განსაკუთრებული ემოციებით, ერთი ჩვენებური, ბ-ნი ვახტანგ მალაყმაძე გამოირჩეოდა, რომლის წინაპრებიც ბურსაში აჭარიდან ჩასულან. ყველას გულთბილად ესალმებოდა და გულში იკრავდა. საქართველოს სიყვარულით შვილებისთვის “ვეფხვისტყაოსნის” პერსონაჟების სახელები – ავთანდილი, ტარიელი და თინათინი დაურქმევია. ბურსელების სტუმრობის ამბავს დიდხანს იხსენებდნენ ყვარლელები. რამდენიმე ოჯახში დღემდე აქვთ ფოტოსურათები შემონახული.

თურქეთში ინტერრელიგიურ ჯგუფთან ერთად გავემგზავრე, რომლის შემდაგენლობაში ქრისტიანი, მუსლიმი (სუნიტი) და ეზიდი სასულიერო და საერო პირები შედიოდნენ. ამ ვიზიტის ინიციატორები იყვნენ მსოფლიო ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ბ-ნი ქემალ ცეცხლაძე და ამავე კავშირის წევრი ბ-ნი ტარიელ მიქელაძე.

ინტერრელიგიური ჯგუფი ბურსას მერთან, ბ-ნ რეჯეფ ალთეფესთან (მეუფე მალხაზ სონღულაშვილის მარჯვნივ) მიღებაზე.

2015 წლის 30 სექტემბერს დილაუთენია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლში გავფრინდით. ათათურქის აეროპორტში მასპინძლებმა მიკროავტობუსი დაგვახვედრეს. ადგილები დავიკავეთ და პირდაპირ ბურსაში გავემგზავრეთ. მალე მარმარილოს ზღვის ნაპირს მივადექით. მძღოლმა მიკროავტობუსი საავტომობილო ბორანზე შეაყენა და ყველა ერთად ზედა სართულზე ავედით.

ინტერრელიგიური ჯგუფის წევრები მარცხნიდან მარჯვნივ: ბ-ნი აივაზ მარდანოვი, ხოჯა (მოიძღვარი) ბ-ნი ქემალ ცეცხლაძე, მეუფე მალხაზ სონღულაშვილი, ფირი (სასულიერო წოდება ეზიდებში) დიმიტრი ფირბარი, ბ-ნი ტარიელ მიქელაძე, მეუფე ილია ოსეფაშვილი, ბ-ნი ალექსანდრე (სანდრო) ქავთარაძე.

ბ-ნმა ქემალმა და ბ-ნმა ტარიელმა ჩაი/ყავა და სიმითები (სეზამის მარცვლებიანი თურქული ბლითები) შემოგვთავაზეს. საუბარში გემბანი შემოვიარეთ და ზღვის ხედები დავათვალიერეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მოღრუბლული იყო და გრილოდა, ზღვის ხმაური, მგზავრებით სავსე ბორნების მიმოსვლა და გემბანზე თოლიების ფარფატი პოზიტიურ განწყობას ქმნიდა.

მსოფლიო ქართველ მუსლიმთა კავშირი

მსოფლიო ქართველ მუსლიმთა კავშირი, რომელსაც ბ-ნი ქემალ ცეცხლაძე და ბ-ნი ტარიელ მიქელაძე წარმოადგენენ, რამდენიმე წელია არსებობს და აჭარელი ახალგაზრდების მხარდასაჭარად მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებს ახორციელებს. ორგანიზაციას ბ-ნი ქემალი ხელმძღვანელობს. ბათუმის ოფისში რეგულარულად ტარდება სემინარები, ეწყობა საზაფხულო რელიგიური სწავლების კურსები, სადაც ახალგაზრდები ყურანს და ისლამურ თეოლოგიას სწავლობენ. ბ-ნი ქემალი დაუღალავად იღწვის აჭარის რეგიონში გოგონათა და ვაჟთა პანსიონების განვითარებისთვის, რომლის მიზანსაც მაღალი კლასის მოსწავლეების სასწავლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მოსწავლეები დილით ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში მიდიან, ხოლო შემდეგ პანსიონებში ბრუნდებიან, სადაც ძირითად დროს სასკოლო გაკვეთილების მომზადებას ახმარენ. ისინი იმავდროულად თავიანთ რელიგიას, ისლამს სწავლობენ. როგორც 2019 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ იფთარზე (ხსნილობის ვახშამი, რომელსაც მუსლიმები რამადანის თვეში იხდიან) ბ-ნმა ქემალმა განაცხადა, პანსიონებში აღზრდილი ბავშვები, ერთიან ეროვნულ გამოცდებში საკმაოდ მაღალ ქულებს იღებენ და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან.

მსოფლიო ქართველ მუსლიმთა კავშირი აქტიურად არის ჩართული ინტერრელიგიურ ურთიერთობებში. ბ-ნი ქემალი და ბ-ნი ტარიელი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებთან მეგობრობის ხიდებს აგებენ. მუსლიმების გარდა მათთან აჭარაში ხშირად ნახავთ ევროპელ და ამერიკელ ქრისტიან სასულიერო პირებს, ვისთანაც ისინი მეგობრობენ და საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლობენ.

იფთარი ამერიკელ მეგობრებთან ერთად. თბილისი, 2018 წ.

მსოფლიო ქართველ მუსლიმთა კავშირი რამადანის თვეში ყოველთვის იხდის იფთარს, რომელზეც ბ-ნი ქემალი მთავრობის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს ეპატიჟება. ძალიან მიყვარს იფთარზე დასწრება, მუსლიმ მეგობრებთან საუბარი და მათთან ერთად პურის გატეხვა.

ინტერრელიგიური საქმიანობის დასაწყისი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში

არ გეგონოთ, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში მუსლიმების, ეზიდების ან სხვა რელიგიების წარმომადგენლების მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობა სუფევდა. ჩვენს ეკლესიას 150 წლის ისტორია აქვს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლომდე, ეკლესიისთვის ინტერრელიგიური ურთიერთობები უცხო და იმავდროულად მიუღებელიც კი იყო. იქ, სადაც მართლმადიდებელ და კათოლიკე ქრისტიანებს კერპთაყვანისმცემლებს უწოდებდნენ და მათი მოქცევის აუცილებლობაზე ქადაგებდნენ, მუსლიმების და ეზიდების მიმართ როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ?! პირველად ჩვენი თემიდან ინტერრელიგიურ კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის ქართული ეკლესიის წინამძღოლმა, ხუცესმა გიორგი ბოლღაშვილმა მიიღო. ეს კონფერენცია მსოფლიოს რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად, გასული საუკუნის 70-იანი წლების დამდეგს მოსკოვში გაიმართა და მისი თემა “რელიგიები მშვიდობისთვის” იყო. მას შემდეგ ჩვენს თემში ინტერრელიგიური ურთიერთობების ხსენებაც კი არ იყო, ვიდრე 1994 წელს ეკლესიის წინამძღოლად მეუფე მალხაზ სონღულაშვილი არ იქნა არჩეული.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წიაღში აქტიური ინტერრელიგიური საქმიანობის დაწყება 1999 წლის რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომს უკავშირდება, როცა პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილები შემოვიდნენ. ერთ კვირა დღეს, წირვაზე მისულებს, მშვიდობის საკათედრო ტაძარი ჩეჩენი ლტოლვილები დაგვხვდა სავსე. უცხო და უცნაური იყო ეკლესიაში თავშლიანი ქალების და ფაფახიანი კაცების ნახვა. მეუფე მალხაზმა ისინი კათედრასთან მიიწვია, რათა თავიანთი მძიმე ხვედრის შესახებ ელაპარაკათ. საშინელ ამბებს ჰყვებოდნენ. ჩეჩენი ლტოლვილები რუსულად საუბრობდნენ და არაბულად მხოლოდ 2 სიტყვას: ალლაჰ (ღმერთი) და ინშალლაჰ (ღმერთის ნებით/თუ ღმერთი ინებებს) ამბობდნენ. განსაკუთრებით სიტყვა “ალლაჰ” მძიმედ ხვდებოდა ჩვენს ყურს.

ჩვენი ეკლესია მანამდე აქტიურად ეხმარებოდა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას. ის აზრი, რომ ქრისტიანობა გაჭირვებაში მყოფი მოყვასის თანადგომას გულისხმობდა, უცხო არ იყო ჩვენთვის, მაგრამ ჩეჩენი მუსლიმები რა ჩვენი მოყვასები იყვნენ?!…

მუსლიმებს რა უნდათ ეკლესიაში? გაიგონებდით აღშფოთებული ადამიანების ხმას.

სხვების დახმარებას არ ჯობია საკუთარ დებს და ძმებს დაეხმაროს? გამოთქვამდნენ საყვედურს მეუფე მალხაზის მიმართ.

ჩეჩნების დახმარება ეკლესიისთვის საზიანო არ იქნება? ერთმანეთს ეკითხებოდნენ მშვიდობის საკათედრო ტაძრის ხუცესები და დიაკვნები.

სოფელ დუისში მცხოვრები ჩეჩენი ბავშვების სასკოლო ინვენტარით ჩატანა. 1999 წ.

კრიტიკის მიუხედავად მეუფე მალხაზი პანკისის ხეობას ხშირად სტუმრობდა და ჩეჩენ ლტოლვილებზე ზრუნვას აგრძელებდა. მან ლტოლვილებს საკუთარი სახლი დაუთმო და სალოცავი ოთახიც კი მოუწყო, რომ მუსლიმური წესით ელოცათ.

ლტოლვილი ჩეჩენი ქალბატონი რეკს “სასკოლო ზარს”. დუისი, 1999 წ.

მომდევნო წლებში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მუსლიმურ თემთან მეგობრობა უფრო მეტად გაღრმავდა. ალბათ ყველას გვახსოვს ციხისძირიში, ნიგვზიანში, სამთაწყაროსა და ჭელაში განვითარებული მოვლენები. მეუფე მალხაზი დევნილი და შეურაცხყოფილი მუსლიმების გვერდით იდგა. 2013 წელს სამხედრო პოლიციის ნასვამმა თანამშრომლებმა, ციხისძირში მცხოვრებ აჭარელ მუსლიმებს ჯვრების ჩვენება მოსთხოვეს, ხოლო ვისაც ჯვარი არ ჰქონდა (ან მუსლიმებს ჯვარი რატომ უნდა ჰქონოდათ, როცა მათი რწმენის სიმბოლოს არ წარმოადგენს) მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისლამოფობიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მეუფე მალხაზმა ჯვარი და პანაღია მოიხსნა და მათ დღემდე აღარ ატარებს.

მომდევნო წლებში მეუფე მალხაზმა საქართველოს ეზიდურ თემთან მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი. მშვიდობის საკათედრო ტაძარს ხშირად სტუმრობენ ეზიდი სასულიერო და საერო პირები ფირი დიმიტრი ფირბარის წინამძღოლობით და პირიქით ჩვენ ვსტუმრობთ შესანიშნავ ეზიდურ ტაძარს, რომელიც ვარკეთილშია აღმართული.

ფეხბანის რიტუალი დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე. მშვიდობის კათედრალი, 2015 წ.

ეზიდთა თემთან თანამშრომლობის გამყარება 2014 წელს სინჯარში (ჩრდ. ერაყი) დატრიალებულმა ტრაგედიამ განაპირობა, როცა ისლამურმა სახელმწიფომ ეზიდურ სოფლებზე მიიტანა იერიში. თავდასხმების შედეგად 7000-მდე ეზიდი დაიღუპა და 300.000-მდე უსახლკაროდ დარჩა. ისინი დღემდე ნინევიის ველზე ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობენ. 3000-მდე ეზიდი ქალი იქნა გატაცებული და მათი უმრავლესობა დღემდე ისლამური სახელმწიფოს ტყვეობაში რჩება.

ეზიდი ლტოლვილების მცირე ნაწილმა საქართველომდე ჩამოაღწია. მეუფე მალხაზმა საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ეზიდი ბავშვები სასკოლო ინვენტარით უზრუნველყო. ამაღელვებელი იყო ეზიდი ლტოლვილების მშვიდობის საკათედრო ტაძარში მოსვლა და თავიანთ ტკივილზე ხმამაღლა საუბარი. შეუძლებელია მათი ამბავი ცრემლების გარეშე მოისმინო…

ეზიდთა გენოციდის დღის აღნიშვნა. ეროვნული ბიბლიოთეკა, 2015 წ.

ჩვენი ეკლესია ეზიდთა თემს გვერდში უდგას და სინჯარის გენოციდის დღის აღნიშვნაში აქტიურად მონაწილეობს. მეუფე მალხაზს საგანგებო წვლილი შეაქვს ეზიდური განათლების ცენტრის დაარსებასა და განვითარებაში, ასევე ეზიდური ლიტურგიის გამართვაში. სწორედ მისმა მოღვაწეობამ შეცვალა ეკლესიის დამოკიდებულება მუსლიმების, ეზიდების და ყველა სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ. როგორც იქნა გავიგეთ “გულმოწყალე სამარიელის” იგავის მთავარი აზრი…

ეზიდთა თემთან მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს ვიზიტს თურქეთსა და ერაყში (იხ. პოსტი “თბილისიდან ლალიშამდე”).

ბურსა

პირველი დღე

მოდით ჩვენს მოგზაურობას დავუბრუნდეთ. მოკლედ, ბურსაში დღის მეორე ნახევარში ჩავედით და სასტუმროში დავბინავდით.

ბურსა ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ულუდაღის მთის ძირში მდებარეობს. ეს ქალაქი ბითვინიის მეფე პრუსა I-ს ძვ. წ. 188 წელს დაუარსებია. ძვ. წ. 74 წლიდან ბურსა ბითვინიის ოლქთან ერთად რომის იმპერიის პროვინციას წარმოადგენდა. სხვათაშორის ბითვინია ბიბლიაშიც არის მოხსენიებული (საქ. 16:7; 1 პეტ. 1:1). ბიზანტიის ეპოქაში ბურსამ თერმალური წყლებით გაითქვა სახელი. აქ დასასვენებლად იმპერატორებიც კი ჩამოდიოდნენ. 1326 წელს ქალაქი სულთანმა ორჰან I-მა დაიპყრო და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა. მას შემდეგ ბურსამ არაერთი რთული პერიოდი გამოიარა. 2015 წლის სტატისტიკის მიხედვით ბურსა 1.854.285 მოსახლეობით, თურქეთის სიდიდით მეოთხე ქალაქს (სტამბოლის, ანკარას და იზმირის შემდეგ) და უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს.

ქალაქი ბურსა.

ქალაქში გასულები თავდაპირველად დიდი მეჩეთში (თურქ. Ulu Cami/ულუ ჯამე) შევედით, რომელიც 1396-1399 წწ. სულთან ბაიაზიდ I-ის ძალისხმევით აშენდა და ოსმალურ-სელჯუკური არქიტექტურის შედევრს წარმოადგენს.

დიდი მეჩეთი.

მეჩეთს თავზე 20 გუმბათი ადგას. ამასთან დაკავშირებით ლეგენდა არსებობს: ნიკოპოლის ბრძოლის წინ (1396 წ.), როცა სულთან ბაიაზიდ I-ის არმიას უნგრეთის და საფრანგეთის გაერთიანებული ჯარი დაუპირისპირდა, სულთანს გამარჯვების შემთხვევაში 20 მეჩეთის აშენების პირობა დაუდია. ამ ბრძოლაში ბაიაზიდ I-მა გაიმარჯვა, თუმცა 20 მეჩეთის ნაცვლად მხოლოდ ერთი მეჩეთი ააშენა და 20 გუმბათი დაადგა… დიდ მეჩეთს ძალიან ლამაზი მიჰრაბი (აფსიდას ფორმის ნიშა, რომელიც მლოცველებს ქააბას მიმართულებას უჩვენებს) აქვს.

მიჰრაბი.

მეჩეთში მლოცველების გარდა, ტურისტული ჯგუფებიც იმყოფებოდნენ. თურქეთში შიდა ტურიზმი საკმაოდ არის განვითარებული. ბურსაში, იზნიკსა და სტამბოლში თურქი ტურისტების დიდი ჯგუფებს ვხვდებოდით, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს ინტერესით ეცნობოდნენ. მათ შორის ძალიან ბევრი 70-80 წელს მიტანებული ქალები და მამაკაცები იყვნენ.

თურქი ტურისტების ჯგუფი.

1922 წელს თურქეთში სასულთნო გაუქმდა და თურქეთის რესპუბლიკა შეიქმნა, რომლის პირველი პრეზიდენტი მუსტაფა ქემალი (1881-1938) გახდა. მას ქვეყნის და ხალხის წინაშე დიდი დამსახურების გამო “ათათურქი” (თურქების მამა) ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1923 წლიდან თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა, ისლამი დიდ როლს თამაშობს. მოსახლეობის 82% სუნიტი მუსლიმია. თავად სიტყვა “ისლამი” არაბული სიტყვაა და მშვიდობას (ასევე მორჩილებას) ნიშნავს. ისლამი როგორც რელიგია ჩვ. წ. მე-7 ს.-ში არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩაისახა და მოგვიანებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა. იგი სათავეს მუჰამედ შუამავლიდან (571-632) იღებს, რომელიც წარმოშობით მექადან იყო. ისლამი მონოთეისტური რელიგიაა და ერთი ღმერთის რწმენას ემყარება. შაჰადა (რწმენის დამოწმება) ამბობს: “არ არსებობს ღმერთი გარდა ერთად ერთი ღმერთისა და მუჰამედი მისი შუამავალია”. მუსლიმებს სწამთ ერთი ღმერთი – სამყაროს შემოქმედი, ანგელოზები, წმინდა წერილები (მათ შორის ებრაული საღვთო წერილი და სახარებები) და ბიბლიური წინასწარმეტყველები. ისლამის უმთავრეს წმინდა წიგნს ყურანი (არაბ. საკითხავი) წარმოადგენს, რომელიც მუჰამედ შუამავალს გამოცხადებით ებოძა. ყურანში დიდი ადგილი ეთმობა წმ. მარიამს, მოციქულებს და თავად იესო ქრისტეს. ჭეშმარიტი მუსლიმი სახარებას უნდა კითხულობდეს. ისლამს რწმენის 5 ბურჯი აქვს, ესენია: რწმენის დამოწმება, ლოცვა, მარხვა, მოწყალების გაღება და წმინდა ადგილების მოლოცვა.

სუნიტები ისლამში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ. სიტყვა “სუნა” არაბულად გზას ნიშნავს. სუნიტი მუსლიმებისთვის წმინდა ყურანის გვერდით ასევე მნიშვნელოვანია გადმოცემები (ჰადისები) მუჰამედ შუამავალზე, მის ცხოვრებაზე, გამონათქვამებზე და ქცევაზე. ისინი 4 მართლმორწმუნე ხალიფას აღიარებენ, რომელებიც მუჰამედ შუამავლის თანამოაზრეები და თანამებრძოლები იყვნენ. მათი სახელებია აბუ ბაქრი (632-634), ომარ იბნ ალ-ჰატაბი (634-644), უსმან იბნ აფანი (644-656) და ალი იბნ აბუ-თალიბი (656-661). სუნიტებს თავიანთი რელიგიურ-სამართლებრივი სკოლები – მაზჰაბებს (არაბ. სწავლება, დოქტრინა) აქვთ. მაზჰაბებს უმთავრეს საკითხებში ერთნაირი, ხოლო მეორე და მესამეხარისხოვანი საკითხებში განსხვავებული პოზიციები აქვთ.

დიდი მეჩეთის შადრევანთან.

ფირი დიმიტრისთვის ადვილი არ იყო არც ეზანის (ლოცვისკენ მოწოდება) მოსმენა და არც მეჩეთში შესვლა, რადგან სინჯარში ალაჰის და ისლამის სახელით ეზიდების გენოციდს ჰქონდა ადგილი. თუმცა ფირი დიმიტრი მეტად განათლებული და შეგნებული ადამიანია და კარგად იცის, რომ რელიგიური ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი მხოლოდ ისლამს არ ახასიათებს და შეიძლება ამ სენმა ნებისმიერი რელიგიის წიაღში იფეთქოს.

მეჩეთიდან იქვე წიგნების მაღაზიაში შევედით. მეუფე მალხაზს ყურანის გამოცემები აინტერესებდა. ინგლისში სადოქტოროზე მუშაობის დროს ისლამი საფუძვლიანად შეისწავლა. არაბულ ენას დღემდე სწავლობს. შესანიშნავად ფლობს არაბულს ფირი დიმიტრი, რომელსაც ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ერაყში ხირად უწევს მიმოსვლა.

წიგნების მაღაზია დიდ მეჩეთთან.

საინტერესო იყო ბურსას ხალხმრავალ ბაზარში გავლა, რომელიც ხილის და სუნელების სურნელით იყო გაჯერებული. ბაზარში უამრავი პროდუქტი იყო წარმოდგენილი და მყიდველები ხელსავსეები მიდიოდნენ სახლებში.

დღის ბოლოს ბ-ნმა ქემალმა რესტორანში დაგვპატიჟა, სადაც ისლამის ცნობილ სწავლულთან, ბ-ნ სულეიმან ულუდაღთან ერთად ვივახშმეთ. მისი წინაპრები ბურსაში აჭარიდან ჩამოსულან. ბ-ნი სულეიმანი თურქეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ისლამის თეოლოგიას ასწავლის და ყველგან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

ბ-ნი ქემალის მარცხნივ სულეიმან ულუდაღი.

ის პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს და ახალგაზრდებისთვის ლექციებს კითხულობს. საინტერესო იყო მისი დინჯი და ბრძნული საუბრის მოსმენა.

შესანიშნავი შეხვედრის და ვახშმის გასრულების შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით.

მეორე დღე

დილით უძველეს სოფელ ჯუმალიქიზიქში გავემგზავრეთ, რომელიც ბურსასთან ახლოს, ულუდაღის მთის ძირში მდებარეობს. ეს სოფელი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ვიდრე სასტუმროს დავტოვებდით, ჩვენთან ბურსას წყალმომარაგების უფროსის მოადგილე, ბ-ნი ოსმან ზენგინი მოვიდა. მას მეგზურობა უნდა გაეწია. ბ-ნი ოსმანი ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებაა. თავდაპირველად ჯუმალიქიზიქის ერთ პატარა რესტორანში ვისაუზმეთ და უგემრიელესი რძის პროდუქტები, მათ შორის ყველის ნაირსახეობები დავაგემოვნეთ (სელფი გვიან გადავიღეთ, როცა სუფრა უკვე ალაგებული იყო:-)).

ჯუმალიქიზიქის რესტორანი. მარცხნივ პირველი ბ-ნი ოსმან ზენგინი.

საუზმის შემდეგ სოფელში გავედით. ჯუმალიქიზიქში ოტომანთა იმპერიის დროინდელი სახლებია შემორჩენილი. აქ ნახავთ ალიზით, ხით და ქვით აშენებულ ორსართულიან სახლებს, რომელთა ასაკი არც მეტი არც ნაკლები 700 წელია. ოჯახები დღესაც ცხოვრობენ ამ სახლებში. პირველ სართულზე ზამთარს, ხოლო მეორე სართულზე ზაფხულს ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იყო და ფეხები გვისველდებოდა, ვიწრო ქვაფენილიან ქუჩებში კარგა ხანს ვიხეტიალეთ.

ჯუმალიქიზიქიდან კვლავ ბურსაში დავბრუნდით. მერის პირველმა მოადგილემ, ბ-ნმა იბრაჰიმ ქარლიქმა სადილად ბურსას ისტორიული გალავნის შიგნით მდებარე რესტორანში დაგვპატიჟა.

რესტორანი ბურსას ისტორიულ ნაწილში.

სუფრასთან მერიის სამსახურების ხელმძღვანელებიც ისხდნენ. მათ შორის იყო ჩვენებური, ბ-ნი ისმაილ ჰაქი ჩეთინავჯი, რომელიც ბურსას წყალმომარაგების სისტემას ხელმძღვანელობს. მის გვერდით ბურსას მერის, ბ-ნ რეჯეფ ალთეფეს ძმა, ბიზნესმენი ბ-ნი მეთინ ალთეფე იჯდა. როგორც გავიგეთ, ჩვენი ვიზიტი მას დაუფინანსებია. ბ-ნმა იბრაჰიმ ქარლიქმა ბურსას ისტორია მოკლედ გაგვაცნო და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბურსას პროვინციაში მაღალ თანამდებობებს თურქების გარდა სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც იკავებენ.

ბოლოში მარჯვნივ ბ-ნი იბრაჰიმ ქარლიქი. მარცხენა რიგში ბ-ნი ოსმანის გვერდით ბ-ნი მეთინ ალთეფე, ხოლო ბ-ნი მეთინის გვერდით ბ-ნი ისმაილ ჰაქი ჩეთინავჯი.

რესტორნიდან პირდაპირ მწვანე მეჩეთისკენ გავემგზავრეთ. ამჯერად მეგზურობა პროფესიონალმა ტურ-გიდმა, საიდ ჩაკიშმა ითავა. მწვანე მეჩეთის მშენებლობა 1419 წ. სულთან მეჰმედ I-ის ბრძანებით დაიწყო და რამდენიმე წელი გაგრძელდა. თავად მეჰმედ I მშენებლობის გასრულებას ვერ მოესწრო.

მეჩეთის ეზო ქალაქს გადაჰყურებს. იქ ერთი არაბი ქალი მობილური ტელეფონით სელფს იღებდა. ამაში გასაკვირი არაფერია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქალი ნიქაბში იყო და მხოლოდ თვალები უჩანდა. მომერიდა და ფოტო არ გადავუღე.

ხედი მწვანე მეჩეთიდან.

მეჩეთში ყოფნისას ლოცვის (ნამაზი) დრო მოვიდა. სუნიტი მუსლიმები დღეში 5-ჯერ ლოცულობენ და ლოცვის წინ განბანვის რიტუალს (აბდესი) ატარებენ. ჩვენი მასპინძლების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მეუფე მალხაზმა აბდესი აიღო და სანდროსთან ერთად სალოცავად მათ გვერდით დადგა. ლოცვას ბ-ნი ოსმანი უძღვებოდა. ის მალ-მალე უკან იხედებოდა და მეუფე მალხაზს და სანდროს უყურებდა. არაფერი ისე პოზიტიურად არ მოქმედებს მუსლიმებზე, როგორც მათ გვერდით ქრისტიანების ლოცვა. ცხადია ამით არც ქრისტიანები ხდებიან მუსლიმები და არც მუსლიმები – ქრისტიანები, სამაგიეროდ ერთად ლოცვა მეტად საჭირო სამშვიდობო გზავნილს შეიცავს.

ლოცვა მწვანე მეჩეთში.

გვიან საღამოს ბურსას მერთან, ბ-ნ რეჯეფ ალთეფესთან შესახვედრად გავემგზავრეთ. ცოტა ადრე მოგვივიდა მისვლა. იქვე აივანზე დავსხედით და მარმარილოს ზღვის ხედებით დავტკბით.

საღამოს ხედი მარმარილოს ზღვაზე.

მალე ბ-ნი რეჯეფიც მოვიდა. თან მოადგილეები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ახლდნენ. მეუფე მალხაზმა ბ-ნ რეჯეფს ინტერრელიგიური ჯგუფის სახელით მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაპირველად სადილი გაიმართა, რომლის დროსაც მერმა თურქეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობებსაც შეეხო. როგორც ბ-ნმა ქემალ ცეცხლაძემ თქვა, იმ შევიწროვების ფონზე, რასაც ბოლო წლებში აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მუსლიმები განიცდიან, ვერასოდეს წარმოიდგენდა ქრისტიანებთან და მით უმეტეს ქრისტიან სასულიერო პირებთან მეგობრობას. მეუფე მალხაზის გაცნობის შემდეგ კი აზრი რადიკალურად შეიცვალა, რადგან მეუფემ მას ქრისტიანობა სულ სხვა თვალით დაანახვა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.

მეუფე მალხაზის მარჯვნივ ბურსას მერი ბ-ნი რეჯეფ ალთეფე.

შეხვედრის ბოლოს ბ-ნმა რეჯეფ ალთეფემ იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი მეგობრობა ამ ვიზიტით არ დასრულდებოდა და ორივე მხარე საქართველო-თურქეთის თანამშრომლობას ხელს შევუწყობდით.

ბ-ნ რეჯეფ ალთეფეს გვერდით მისი მოადგილე ბ-ნი მაჰამმად გუმუსშოი.

ერთად-ერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ვახშამი დარბაზში გაიმართა და არა ღია აივანზე, საიდანაც მარმარილო ზღვაზე ულამაზესი ხედი იშლებოდა.

სასტუმროში საკმაოდ გვიან დავბრუნდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, იზნიქში გასამგზავრებლად ზურგჩანთა გავამზადე.

იზნიქში (ნიკეა) გამგზავრება

დილით, ვიდრე იზნიქში გავემგზავრებოდით, ბურსას ყველაზე გამორჩეულ ადგილზე – თოფანეს პარკში ავედით. აქედან მთელი ქალაქი ხელისგულივით ჩანს. გვერდით ოსმალეთის იმპერიის მესაძირკვლეების, ოსმან I-ის (1258-1326) და მისი ვაჟის, ორჰან I-ის (1281-1362) საფლავები მდებარეობს. მათი მავზოლეუმები ძველი ბიზანტიური ეკლესიის ადგილზეა აღმართული.

ბიზანტიის დროინდელი მარმარილოს იატაკის ფრაგმენტები დღემდე კარგად არის შემორჩენილი. თუ იატაკი ასეთი მაღალი ოსტატობით არის დაგებული, თავად საეკლესიო შენობა როგორი იქნებოდა?!…

ძველი ეკლესიის იატაკის ფრაგმენტი.

თოფანეს პარკიდან პირდაპირ ქალაქ იზნიქში გავემგზავრეთ. მთელი გზა რელიგიურ თემებზე ვსაუბრობდით. ბ-ნი ქემალს და ბ-ნ ტარიელს ისლამური თეოლოგია თურქეთში აქვთ ნასწავლი. ბ-ნი აივაზი მუფტის თანაშემწეა და თბილისის მეჩეთის საქმიანობაში აქტიური წვლილი შეაქვს. ის ინტერრელიგიური ურთიერთობებისთვის საკმაოდ გახსნილია და ოჯახის წევრებსაც იგივე სულისკვეთებას უნერგავს. მისი უმცროსი ვაჟი, აბდული, ქართულენოვან სკოლაში სწავლობს და ჩემი უმცროსი ქალიშვილის, ნინის პარალელურ კლასშია. ბ-ნი ქემალს საუბრისას ყურანის სურადან (თავი) აიათი (მუხლი) ისე არ მოჰყავდა, იგივე არაბულად არ გაემეორებინა. აბრაამულ რელიგიებს რამდენი რამ აქვთ საერთო. იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი აბრამიის ოჯახიდან წამოსული რელიგიებია. როგორც ფირი დიმიტრი ამბობს, ეზიდიზმიც აბრაამის რელიგიად მოიაზრება, ვიდრე ის ქალდეველთა ურიდან გზას ქანაანისკენ გაუდგებოდა. ოთხივე რელიგია იმას ამბობს, რომ ყველა ადამიდან და ევადან მოვდივართ და წესით ერთმანეთის დებად და ძმებად უნდა მოვიაზრებდეთ თავს, მაგრამ…

იზნიქთან ახლოს, მაგისტრალის ორივე მხარეს საგანგებოდ მოვლილი ზეთისხილის ბაღები და ვენახები გვხვდებოდა, თითქოს მომიჯნეებს მამულის მოვლაში კონკურსი ჰქონოდეთ გამოცხადებული. თურქები ძალიან მშრომელი ხალხია და ქვეყანასაც გამრჯე ხელი ეტყობა.

ზეთისხილის ბაღი იზნიქთან ახლოს.

ამასობაში იზნიქს მივუახლოვდით და უძველესი ჭიშკრის მეშვეობით ქალაქში შევედით. ეს იყო ჩემი პირველი პილიგრიმაჟი იზნიქში, სადაც 2 მსოფლიო საეკლესიო კრება იქნა ჩატარებული.

იზნიქის (იგივე ნიკეას) დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. სამაგიეროდ ის არის ცნობილი, რომ ქალაქს სახელი ნიკეა ძვ. წ. 301 წ. თრაკიის მეფემ, ლისიმაქემ თავისი ცოლის საპატივსაცემოდ უწოდა. ნიკეა ძვ. წ. 74 წლიდან რომის პროვინცია იყო. 1077 წელს იგი სელჯუკებმა დაიპყრეს და სატახტო ქალაქად გამოაცხადეს. 1097 წელს ჯვაროსნებმა ნიკეა კვლავ ბიზანტიას დაუბრუნეს, თუმცა 1331 წლიდან იგი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და იმ დროიდან იზნიქის სახელს ატარებს.

ნიკეაში 325 და 787 წლებში მსოფლიო საეკლესიო კრებები ჩატარდა. პირველ კრებას პიტიუნტელი (ბიჭვინთა) ეპისკოპოსი სტრატოფილეც ესწრებოდა. აქ საუკუნეების განმავლობაში დიდი მამები მიმოდიოდნენ და ქრისტიანული ეკლესიის მომავალზე მსჯელობდნენ. ძველი დროიდან მხოლოდ ერთი საეკლესიო შენობა – აია სოფიას ეკლესია (ამჟამად ორჰანის მეჩეთი) შემორჩა, რომელმაც 787 წელს მეორე საეკლესიო კრებას უმასპინძლა. დანარჩენი ეკლესიების მხოლოდ ნანგრევები გვხვდება. 2014 წელს იზნიქის ტბის ფსკერზე ბაზილიკის ნაშთი აღმოაჩინეს. მეცნიერთა აზრით ის ბაზილიკა პირველი კრების დროინდელია. თურქეთის მთავრობას იქ წყალქვეშა მუზეუმის აშენება აქვს გადაწყვეტილი.

იზნიქში შესვლისთანავე მერიაში მივედით, სადაც იზნიქის მერთან, ბ-ნ ოსმან სარგინთან გვქონდა შეხვედრა დაგეგმილი. ბ-ნმა ოსმანმა გულთბილად მიგვიღო. ისიც ჩვენებური ყოფილა. საუბარი იზნიქის ისტორიას და საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს შეეხო.

მარცხნივ მაგიდის თავში იზნიქის მერი, ბ-ნი ოსმან სარგინი.

შეხვედრის ბოლოს მეუფე მალხაზმა ჩვენი დელეგაციის სახელით ბ-ნ ოსმანს საჩუქარი გადასცა. ბ-ნ მერსაც ჰქონდა საჩუქრები გამზადებული. გადავწყვიტეთ მათი გადმოცემის მომენტი დაგვეფიქსირებინა. ბ-ნმა ქემალმა ფოტოსთვის თავისი პიჯაკი მათხოვა. ასე, რომ მერისგან საჩუქარი ბ-ნ ქემალის პიჯაკში გამოწყობილმა მივიღე.

ბ-ნმა მერმა საათს შეხედა და თქვა ლოცვის დრო ახლოვდებაო. ყველა ერთად ფეხით იქვე ახლოს მდებარე აია-სოფიას ტაძრისკენ გავემართეთ. თურქეთის რესპუბლიკაში 3 აია-სოფიას ტაძარია: სტამბოლში, იზნიქსა და ტრაბზონში. იზნიქის აია-სოფია მე-6 საუკუნეში იქნა აგებული. როგორც ზემოთ ვთქვი, 787 წელს აქ მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა. 1922 წელს თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს ტაძარი დაიწვა და ხელახლა აღდგენის შემდეგ მეჩეთად გადააკეთეს. მუსტაფა ქემალ ათათურქმა ტაძარი მუზეუმად გამოაცხადა. 2011 წელს შენობას მინარეთი მიაშენეს და მას შემდეგ კვლავ მეჩეთად ფუნქციონირებს.

იზნიქის (ნიკეა) აია სოფიას ტაძარი.

როცა აია-სოფიაში შევედით, ლოცვა ის იყო იწყებოდა. თავისუფალი ადგილი შესასვლელთან ახლოს ბ-ნი ოსმანის გვერდით იყო. როცა მეუფე მალხაზი სალოცავად დადგა, ბ-ნ ოსმანს ძალიან გაუკვირდა. არ ელოდებოდა, რომ ქრისტიანი ეპისკოპოსი მუსლიმების გვერდით ილოცებდა. მოგვიანებით მან თურქეთის ერთ-ერთ სატელევიზიო არხს ინტერვიუ მისცა, სადაც ამ ფაქტთან დაკავშირებით აღფრთოვანება გამოხატა. გაოცება და აღფრთოვანება არც მეჩეთის იმამს დაუმალავს, რომელმაც ასევე ტელევიზიით განაცხადა: „როცა მრევლში მუსლიმურად მლოცველი ეპისკოპოსი დავინახე, სახტად დავრჩი. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. ქრისტიანი სასულიერო პირის ლოცვას ჩვენს მეჩეთში მე აღვიქვავ ჩვენთან სოლიდარობის ნიშნად და უაღრესად მადლობელი ვარ ამისთვის“.

ლოცვა აია-სოფიას ტაძარში/ორჰანის მეჩეთში.

ლოცვის გასრულების შემდეგ იმამმა საკურთხეველთან მიგვიწვია და ქრისტიანული წესით წირვის ჩატარება შემოგვთავაზა. მოკლე კვერექსები ვთქვით და ვიგალობეთ. ბოლოს “მამაო ჩვენო” ვილოცეთ. მეტად ამაღელვებელი იყო ამ უძველეს ქრისტიანულ ტაძარში ლოცვა და გალობა. წირვის შემდეგ მე და მეუფე მალხაზი აია-სოფიას ეზოში გავედით და იქიდან სამახსოვროდ ქვები წამოვიღეთ. მოგვიანებით ის ქვები, სხვა წმინდა ადგილებიდან ჩამოტანილ ქვებთან ერთად საკურთხეველში ჩავაშენეთ.

აია-სოფიას ტაძრიდან ბ-ნ ოსმანთან ერთად სადილად იზნიქის ტბის პირას მდებარე სასტუმროში წავედით, სადაც კონფერენცია ტარდებოდა. როგორც ჩანს ბ-ნი ოსმანი კონფერენციის მონაწილეებთან ერთად სადილზე იყო მიწვეული და ჩვენც დაგვპატიჟა. მეუფე მალხაზი ბ-ნი ოსმანის გვერდით მოათავსეს, ხოლო ჩვენ მოშორებით მიგვიჩინეს ადგილი. სწრაფად მივირთვი სადილი, იმაზე სწრაფად ვიდრე მჩვევია (ამის გამო ნათელასგან მუდმივად შენიშვნებს ვიღებ) და ტბის პირას გავედი. სანდროც გამომყვა. ცოტა გავისეირნეთ და სასტუმროში დავბრუნდით. ეს სურათი სწორედ სანდრომ გადაიღო. თავად კი არ ისურვა სურათის გადაღება.

იზნიქის ტბის პირას.

სადილის შემდეგ ბ-ნ ოსმან სარგინს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადავუხადეთ და საქართველოში მოვიწვიეთ. მასთან დამშვიდობების შემდეგ ქალაქის უძველესი გალავნის სანახავად წავედით, სადაც კარიბჭეებია ჩაშენებული. მათ შორის ყველაზე ძველი და კარგად შემორჩენილი 2000 წლის წინ რომაელების აშენებული კარიბჭეა, რომელსაც სტამბოლის კარიბჭეს ეძახიან. აქედან გზა სტამბოლში მიდიოდა.

სტამბოლის კარიბჭე.

დიდრონ ლოდებზე ბიზანტიის დროინდელი ბარელიეფებიც ვნახეთ. ერთ ლოდზე ქრისტიანი სასულიერო პირები, მათ შორის ეპისკოპოსი კვერთხთან ერთად არის გამოსახული. ბარელიეფები დროთა განმავლობაში ზიანდებოდა ან შეგნებულად აზიანებდნენ.

ბარელიეფი ეპიკოპოსის გამოსახულებით.

ერთგვარი განტვირთვა იყო იზნიქის მთაზე ასვლა. აქ მე-8 საუკუნის გმირის, აბდულვაჰაპ სანჯაკტარის საფლავი და მისივე სახელობის მეჩეთი მდებარეობს, რომელსაც მუსლიმი მომლოცველები ხშირად სტუმრობენ. მშვენიერი ადგილია ლოცვისთვის და მედიტაციისთვის. აქედან ტბის სანაპიროზე გაშენებული იზნიქი ხელის გულივით ჩანს.

იზნიქის ხედი მთიდან.

ვინ იცის, შეიძლება საეკლესიო კრებების დროს ამ მთაზე სალოცავად მამებიც ამოდიოდნენ. ტბის ნაპირზე კი კამათით და პაექრობით დაღლილები აუცილებლად ისეირნებდნენ.

მთაზე დიდხანს არ დავყავით. საერთო სურათი გადავიღეთ და კვლავ იზნიქში დავბრუნდით.

წამოსვლამდე ჩვენებურები ვნახეთ. ქართული სათვისტომოს ოფისი ქალაქის ცენტრში, აია-სოფიადან 100 მეტრში მდებარეობს. ჩვენებურებმა ძალიან თბილად მიგვიღეს. ერთად ჩაი დავლიეთ და ტკბილად ვიმუსაიფეთ. გვიყვებოდნენ თავიანთი წინაპრების შესახებ, რომლებიც აჭარიდან დიდი ხნის წინ გადმოსახლდნენ, საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ და თავიანთ ამჟამინდელ ყოფას გვაცნობდნენ. ძალიან პატიოსანი და შრომისმოყვარე ხალხია და იზნიქში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.

შეხვედრა ჩვენებურებთან.

ბურსაში გვიან საღამოს დავბრუნდით. ბ-ნმა მეთინ ალთეფემ ვახშამზე დაგვპატიჟა. ის იყო სუფრასთან ვსხდებოდით, რომ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ბ-ნი ტარიელ ნაკაიძე შემოგვესწრო. მისმა ნახვამ ძალიან გაგვახარა. ბ-ნ ტარიელს, ისევე როგორც ბ-ნ ქემალს და ბ-ნ ტარიელ მიქელაძეს, აქტიური წვლილი შეაქვს აჭარელი მუსლიმების სულიერ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში.

ვახშმის შემდეგ სასტუმროდან ბარგი ავიღეთ და სტამბოლში გავემგზავრეთ.

სტამბოლი

გვიან ღამით ჩასულებმა სტამბოლის სასტუმროში კარგად გამოვიძინეთ და დილით ქალაქის სანახავად გავემგზავრეთ. ამჯერად ჩვენი მეგზურები ბ-ნი ქემალი და ბ-ნი ტარიელი იყვნენ, რომლებიც სტამბოლს საკმაოდ კარგად იცნობენ, რადგან წლების განმავლობაში აქ სწავლობდნენ.

თავდაპირველად სულთან ეიუბის მოედანზე გავედით, სადაც ამავე სახელობის მეჩეთი დგას. კონსტანტინოპოლის აღებიდან 5 წლის შემდეგ, თურქებმა ამ ადგილზე სამეჩეთო კომპლექსი ააგეს, რომელიც მე-18 ს.-ში სავარაუდოდ მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. მე-19 ს.-ის დასაწყისში მეჩეთი კვლავ აღადგინეს. იქვეა მავზოლეუმიც, სადაც თავად სულთანი ეიუბია დაკრძალული. მისი სრული სახელია აბუ ეიუბ ალ-სანსარი. იგი მუჰამედ შუამავლის უახლოესი მეგობარი ყოფილა და მისთვის მედინაში მასპინძლობა გაუწევია. სანსარი არაბულად “დამხმარეს” ნიშნავს და ასე მუჰამედ შუამავლის მედინელი მიმდევრები იწოდებიან.

სულთანი ეიუბი 670-იან წლებში კონსტანტინოპოლის ალყის დროს გარდაიცვალა. მის საფლავზე სალოცავად უამრავი მუსლიმი მოდის. ამ მეჩეთში საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთის სულთნების ინტრონიზაციის ცერემონიალი იმართებოდა. ისევე როგორც ოსმალეთის იმპერიის სხვა მნიშვნელოვანი მეჩეთები, სულთან ეიუბის მეჩეთიც და მავზოლეუმიც იზნიქის ლურჯი ფერის ულამაზესი ფილებით არის გამშვენებული.

სულთან ეიუბის მოედნიდან ოქროს რქისკენ გავემგზავრეთ და 6 ჰექტარ ფართობზე გაშლილი მინიატურების პარკი ვნახეთ, სადაც 100-მდე უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი მინიატურული ფორმით და იმავდროულად სრული სიზუსტით არის წარმოდგენილი. მსგავსი მინიატურული პარკი საქართველოში, კერძოდ შეკვეთილში გვაქვს, სადაც თუ არ ვცდები 60-მდე არქიტექტურული ძეგლის მინიატურის ნახვა არის შესაძლებელი.

ბურსას დიდი მეჩეთის მინიატურა.

მინიატურების პარკში (გაიხსნა 2003 წელს), რომელსაც “მინიათურქსაც” ეძახიან, ნახავთ აია სოფიას, კლდის გუმბათს, ალ-აქსას მეჩეთს, დამასკოს კარიბჭეს, არტემიდეს ტაძარს, ჰალიკარნასის მავზოლეუმს, გალათას კოშკს, სტამბოლის ძველი რკინიგზის სადგურს და ა.შ. ძალიან ლამაზი სანახავია.

მარდინის მინიატურული კომპლექსი.

სად იყო და სად არა, ახლო-მახლო მინიატურებიდან კატა და კნუტები გამოძვრნენ და პირდაპირ მეუფე მალხაზთან მივიდნენ. უნდა ითქვას, რომ თურქეთში საგანგებოდ ზრუნავენ კატებზე. დიდ ქალაქებში, ოფისების და მაღაზიების წინ მათთვის ზაფხულში წყლის ჭურჭლები, ხოლო ზამთარში მუყაოს ყუთებია განთავსებული.

ამასობაში სადილის დროც მოვიდა. ძალიან მომწონს თურქული სამზარეულო თავისი მრავალფეროვანი და გემრიელი კერძებით. გარდა ამისა, თურქეთში და ზოგადად აღმოსავლეთის ქვეყნებში სუფრაზე დროს უსაშველოდ არ წელავენ და მით უმეტეს სასმელში არ იღრჩობენ თავს. შეჭამენ, დალევენ, მოკლედ ისაუბრებენ და შემდეგ ყველა თავ-თავის ოჯახსა და საქმეს უბრუნდება.

სადილი სტამბოლის რესტორანში.

სადილის შემდეგ ფათიჰის რაიონში ხორას ეკლესია მოვილოცეთ, რომლის ისტორია მე-4 საუკუნიდან იწყება. რა სახითაც ეს ეკლესია დღემდეა შემორჩენილი, მე-11 საუკუნეში იმპერატორ ალექსი I კომნენოსის სიდედრმა, მარია დუკამ ააგო. 1315-1323 წლებში იმპერატორ ანდრონიკოს II პალაილოგოსის მრჩეველმა თეოდორე მეტოხიტემ ეკლესია ფრესკებით და მოზაიკით გაამშვენა. სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ეკლესია გარედან სამშენებლო ბადით იყო შეფუთული და ამიტომ ფასადი ვერ ვნახეთ.

თითოეული ფრესკა თავისი სილამაზით და დახვეწილობით გამოირჩევა. აქ მოზაიკური ფრესკებსაც ვხვდებით. მათი ნაწილი კარგად არის შემონახული.

იესო ქრისტეს მოზაიკური ფრესკა.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება აღდგომის ფრესკამ დატოვა, რომელიც საკურთხევლის აფსიდას ამშვენებს. ფრესკაზე იესო ქრისტე კოსმიურ ცეკვას ასრულებს და მიცვალებულები ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს.

აღდგომის ფრესკა.

1453 კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, ხორას ეკლესია მეჩეთად იქნა გადაკეთებული. 1948 წელს კი შენობას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

ხორას ეკლესიის შემდეგ მსოფლიოში პირველი პანორამა-მუზეუმი “პანორამა 1453” ვნახეთ, რომელიც კონსტანტინოპოლის აღებას ასახავს.

პანორამა-მუზეუმი 1453.

მუზეუმი მრგვალია და კედლებზე უმაღლესი ოსტატობით შესრულებული პანორამული ნახატებია განთავსებული, რომლებიც კონსტანტინოპოლის აღების სცენებს ასახავენ. პანორამის წინ იმდროინდელი სამხედრო აღჭურვილობაა წარმოდგენილი. ყველაფერ ამას ხმის ეფექტი ემატება და ერთობლიობაში ისეთ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბრძოლის სცენები რეალურია და შენს თვალწინ ხდება.

პანორამის ფრაგმენტი.

პანორამული მუზეუმი 2009 წელს გაიხსნა და მინიატურების პარკთან ერთად სტამბოლის ღირსშესანიშნაობებს შორის ადგილი მყარად დაიმკვიდრა. ყოველდღიურად მუზეუმს ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.

საღამოხანს აია-სოფიას ტაძარი და სულთან აჰმედის მეჩეთები მოვინახულეთ. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო აია-სოფია (ბერძნ. წმინდა სიბრძნე), ყოველ ჯერზე მისი გრანდიოზულობით აღფრთოვანებული ვრჩები. თუ გავითვალისწინებთ იმ ეპოქას, როცა ეს ტაძარი აშენდა, თამამად შეიძლება იგი მერვე საოცრებად მივიჩნიოთ.

სტამბოლის აია-სოფიას ტაძარი.

აია-სოფიას მშენებლობა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება, რომელმაც 324-337 წლებში ამ ადგილზე მცირე ზომის ხის ბაზილიკა ააგო, თუმცა მას არა აია-სოფიას, არამედ “დიდ ეკლესიას” უწოდებდნენ. დიდი ეკლესია 404 წელს სახალხო მღელვარების დროს დაიწვა, რომელიც იოანე ოქროპირის მომხრეებმა დედოფალ აელია ევდოქსიას წინააღმდეგ მოაწყვეს. იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო და თავად მოკრძალებული ცხოვრების წესის მქონე, მაღალი წრის წარმომადგენლებს ფუფუნების სიყვარულში ამხელდა. როგორც ჩანს იოანე ოქროპირი დედოფალს თვალში არ მოსდიოდა და ინტრიგების მეშვეობით მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. სწორედ ამან გამოიწვია მღელვარება. მეორე ეკლესია იმავე ადგილზე სწორედ ფუფუნების მოყვარული დედოფლის, აელია ევდოქსიას შვილმა, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (401-450) ააშენა. 532 წელს, იმპერატორ იუსტინიანე I-ის (482-565) ტახტზე ყოფნისას კვლავ იფეთქა სახალხო მღელვარებამ და მეორე ეკლესიაც ფერფლად იქცა. იმ სახით, რა სახითაც აია-სოფია დღეს ვხედავთ, იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ააგო.

აია-სოფიას ეზო.

არ შეიძლება არ ვახსენოთ აია-სოფიას ტაძრის არქიტექტორები ისიდორე მილეთელი (442-537) და ანთიმოზ ტრალელი (მე-5 ს.-ის მე-2 ნახ. -558), რომლებმაც თავისი დროის ყველაზე გრანდიოზული და დახვეწილი არქიტექტურული შედევრი შექმნეს.

აიას-სოფიას შიდა სივრცე.

ძალიან შთამბეჭდავია ზედა სართულზე შემორჩენილი მოზაიკური ფრესკები. აქ ნახავთ იესო ქრისტეს, იოანე ნათლისმცემლის, წმ. მარიამის და სხვა უნიკალურ მოზაიკურ ფრესკებს.

წმ. მარიამს ყრმა იესოთი, კონსტანტინე დიდი და იუსტინიანე I-ი კონსტანტინოპოლს და აია-სოფიას ტაძარს უძღვნიან.

1453 წელს კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ სულთან მეჰმედ II ფათიჰმა აია-სოფიას მეჩეთად გადააკეთება ბრძანა. ტაძარს მინარეთები მიაშენეს. საუკუნეების განმავლობაში მეჩეთად ფუნქციონირებდა. მხოლოდ 1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის დროს მიეცა ტაძარს მუზეუმის სტატუსი. 2016 წლიდან აია-სოფიაში მუსლიმური რელიგიური რიტუალების შესრულება კვლავ განახლდა.

აია-სოფიას მიჰრაბი.

აია-სოფიას ტაძრიდან სულთან აჰმედის მეჩეთში გადავედით, რომელიც მოპირდაპირე მხარეს დაახლ. 400-500 მეტრში მდებარეობს. ამ უდიდეს და ულამაზეს მეჩეთს “ლურჯ მეჩეთსაც” ეძახიან, რადგან ისიც იზნიქის ლურჯი ფილებით არის მოპირკეთებული.

სულთან აჰმედის (ლურჯი) მეჩეთი.

სულთან აჰმედ I-მა (1590-1617) მეჩეთი 1609-1616 წლებში ააგო და როგორც ჩანს სახსრები არ დაზოგა იმისათვის, რომ შენობა აია-სოფიას მასშტაბებს გატოლებოდა. ოსმალური არქიტექტურის ეს შედევრი თურქეთის მთავარ მეჩეთს წარმოადგენს და მას 6 მინარეთი აქვს. მსოფლიოში მხოლოდ მექასა (9) და მედინას (10) მეჩეთებს აქვს მეტი მინარეთები.

მეჩეთი სულთან აჰმედის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გასრულდა. ასევე უნდა ვახსენოთ ამ ულამაზესი მეჩეთის არქიტექტორი მეჰმედ აღა, რომელიც ოსმანთა მთავარი არქიტექტორის, კოჩა მიმარ სინანის მოწაფე ყოფილა. ეს ის სინანია, რომელსაც “ოსმალთა მიქელანჯელოს” უწოდებენ და რომლის სახელსაც არაერთი შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი უკავშირდება. სულთანი აჰმედი და მისი ოჯახის წევრები ამავე მეჩეთში არიან დაკრძალული.

სულთან აჰმედის (ლურჯი) მეჩეთის დარბაზი.

როცა მეჩეთში შევედით, ტურისტებით ისე იყო სავსე, რომ ნემსი არ ჩავარდებოდა. ამის გამო დიდხანს არ გავჩერებულვართ და იქაურობა მალევე დავტოვეთ.

საინტერესო იყო სტამბოლის ბაზარში გავლა. მსგავსი ხალხმრავალი, ხმაურიანი და ნაირ-ნაირი ფერებით შემკული ბაზარი არსად მინახავს.

ამასობაში მოსაღამოვდა. ბ-ნმა ქემალმა ბოსფორის სრუტესთან ახლოს მაღალ ბორცვზე აგვიყვანა, საიდანაც ღამის სტამბოლს გადავხედეთ. ღამითაც ულამაზესი სანახავია ეს უძველესი და იმავდროულად უთანამედროვესი ქალაქი.

სტამბოლი ღამით.

ის საღამო ვახშმით გავასრულეთ და სასტუმროში დავბრუნდით. 5 ოქტომბერს დილაუთენია სასტუმროს ჰოლში შევიკრიბეთ და ათათურქის აეროპორტისკენ დავიძარით. სტამბოლის გზები თავისუფალი იყო და აეროპორტში დროულად მივედით. თავითმფრინავი ამჯერადაც დროულად გამოფრინდა და დროზე ადრე დაეშვა თბილისის აეროპორტში.

ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი თურქეთში, მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ისლამური, ქრისტიანული და ეზიდური რელიგიების წარმომადგენლები უფრო მეტად დავახლოვდით ერთმანეთთან. ბურსასა და იზნიქში თურქული საზოგადოების წარმომადგენლებს შევხვდით, ვისთვისაც ისლამი მშვიდობის რელიგიას წარმოადგენს და საქართველოსთან, როგორც ქრისტიანულ ქვეყანასთან, კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობები სურთ. ვნახეთ ისტორიული და კულტურული ძეგლები და მოვილოცეთ ტაძრები, რომელთაც გამორჩეული ადგილი უკავიათ როგორც ქრისტიანობის, ისე ისლამის ისტორიაში. ინტერრელიგიური ჯგუფის წევრები დღემდე ვმეგობრობთ და ეს მეგობრობა პოზიტიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ რელიგიურ თემებზე, არამედ მთელ საზოგადოებაზე.

Featured Photo Copyright:  https://malvorlagen-seite.de/

Leave a Reply