აღმოსავლური ზღაპარი

აღმოსავლური ზღაპარი

ამჯერად, ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტის შთაბეჭდილებები უნდა გაგიზიაროთ. მხედველობაში მაქვს ინტერრელიგიური ჯგუფის პირველი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანსა და ერაყში, რომლის დროსაც ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რეალური ცხოვრებიდან ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდი. სწორედ ამიტომ, პოსტს “აღმოსავლური ზღაპარი” დავარქვი. გარდა იმისა, რომ მრავალი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი ვნახე და საინტერესო ადამიანები გავიცანი, ეს ვიზიტი ისლამური (შიიტური) სამყაროს მიმართ სტერეოტიპების დანგრევაში დამეხმარა.

ყველაფერი ასე დაიწყო: 2013 წლის 20 აგვისტოს “ბეთელში” (ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სოციალური ცენტრი), ირანელი აიათოლების დელეგაცია გვესტუმრა. მანამდე მათ საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან ჰქონდათ შეხვედრა. დელეგაციას ცნობილი და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი, სეიდი აიათოლა ჯავად შაჰრისტანი ხელმძღვანელობდა. სეიდს (არაბ. ბატონი) უწოდებენ წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლებს ფატიმას (წინასწარმეტყველის ქალიშვილი) და მისი ქმრის, იმამ ალის ხაზით, ხოლო აიათოლა (არაბ. ღვთის ნიშანი) შიიტი სწავლულების და სასულიერო პირების საპატიო წოდებას წარმოადგენს. სეიდები სხვებისგან განსხვავებით შავ ჩალმას ატარებენ.

აიათოლების დელეგაციას თარჯიმნად ჩვენი თანამემამულე ჰაჯ-ფაიღ ნაბიევი ახლდა. “ჰაჯი” ყველა მუსლიმის საპატიო ტიტულია, ვისაც კი მექა მოულოცავს. ჰაჯ-ფაიღი მარნეულში კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ორგანიზაციას სახელწოდებით “ალულ-ბეითი” ხელმძღვანელობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვემო ქართლის შიიტური თემის ცხოვრებაში.

აიათოლების დელეგაცია ბეთელში

მეუფე მალხაზ სონღულაშვილმა სტუმრებს ჩვენი ეკლესია გააცნო. მათ ინტერესით მოისმინეს როგორც ეკლესიის ინტერრელიგიური და ინტერკულტურული, ისე სოციალური საქმიანობის შესახებ. ადგილზე ნახეს მოხუცებულთა სახლი, რომლის კარი ყველასთვის ღიაა, ვინც უმწეო მდგომარეობაში იმყოფება და მზრუნველობა ესაჭიროება. გარდა ამისა, მოისმინეს წმ. ნინოს ორდენის დების და მოხალისეების შესახებ, რომლებიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში 400-მდე მოხუცებულ და ავადმყოფ ადამიანს ამბულატორიულად უვლიან. ამ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს ქალბატონი ლიანა ჩოფლიანი წლების განმავლობაში წარმატებით უძღვება. შეხვედრის ბოლოს მეუფე მალხაზმა სტუმრები სუფრასთან მოიწვია. აიათოლა შაჰრისტანიმ (ირანულ-ერაყულ გვარებში დაბოლოება „ი“ სახელობითი ბრუნვის ნიშანი არ არის) მეუფე მალხაზს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენს შორის მეგობრობა, რომელსაც ამ ვიზიტით ჩაეყარა საფუძველი, მომავალში გაღრმავდებოდა და ორივე მხარე აქტიურად ვითანამშრომლებდით მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების შენების საქმეში.

შიიზმი

რადგან შიიტებზე ვსაუბრობთ, უპრიანი იქნება მოკლედ ვთქვათ მათი რელიგიის შესახებ. ტერმინი შიიზმი მომდინარეობს არაბული სიტყვიდან “შიათ ალი” და ალის პარტიას ნიშნავს. ალი (ალი იბნ აბი ტალიბი) წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიძაშვილი და სიძე იყო. ის დაიბადა 598 წ. მექაში (საუდის არაბეთი) და გარდაიცვალა 661 წ. ქუფაში (ერაყი). შიიტებს, ისევე როგორც სუნიტებს და ისლამის სხვა განშტოებების წარმომადგენლებს ერთი ღმერთი სწამთ და ისლამის 5 ბურჯს (რწმენის დამოწმება, ლოცვა, მარხვა, მოწყალების გაღება და მექას მოლოცვა) აღიარებენ. შიიტები მიიჩნევენ, რომ წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ალი თავად აირჩია მემკვიდრედ და ამიტომ ყველა შემდგომი იმამი (არაბ. წინ მდგომი, წინამძღოლი) აუცილებლად ალის სისხლით ნათესავი უნდა ყოფილიყო. შიიტები 12 იმამს აღიარებენ, ესენი არიან: იმამი ალი, იმამი ჰასანი (623-670), იმამი ჰუსეინი (625-680), იმამი ზეინელ აბიდიმი (659-719), იმამი მოჰამედ ბაქირი (677-733), იმამი ცაფერი სადიქი (695-765), იმამი მუსავი ქაზიმი (745-799), იმამი ალი რიზა (770-818), იმამი მოჰამად თაკი (811-835), იმამი ალი ნაქი (829-868), იმამი ჰასან ალ-ასქერი (846-874) და იმამი მაჰდი (869 – -). შიიტების რწმენით მე-12 იმამი – მაჰდი – დღესაც ცოცხალია, არავინ იცის მისი ადგილსამყოფელის შესახებ და მსოფლიოს მხოლოდ ბოლო ჟამს გამოეცხადება.

შიიზმი ძირითადად ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, ირანში, ერაყში, ლიბანსა და სირიაშია გავრცელებული. შიიტების შედარებით მცირე რაოდენობა ცხოვრობს ქუვეიტში, ბაჰრეინში, ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთსა და საუდის არაბეთში. მათი რაოდენობა მთელს მსოფლიოში 100 მლნ.-ს აღემატება.

საქართველოში შიიტურ თემს ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. მათ შორის სუნიტებიც გვხვდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა. შიიტების რელიგიური ცენტრი მარნეულში მდებარეობს, სადაც 1739 წლიდან იმამ ალის სახელობის მეჩეთი არსებობს. აქვე ფუნქციონირებს შიიტური საგანმანათლებლო და სოციალური ცენტრი.

მოულოდნელი შემოთავაზება

აიათოლების სტუმრობიდან დაახლ. ერთი თვე იყო გასული. სექტემბრის ერთ მზიან დილას, მშვიდობის საკათედრო ტაძარში, წმ. ნინოს ორდენის დიაკონელ დებთან გვქონდა შეხვედრა. მეუფე მალხაზმა დამირეკა და მოკითხვის შემდეგ მეუბნება:

მეუფევ, ირანსა და ერაყში ხომ არ წამოხვიდოდით?

როდის? ვკითხე მოულოდნელი შემოთავაზებით დაბნეულმა.

ოქტომბრის ბოლოს.

იქ რა უნდა გავაკეთოთ?

ეს იქნება სამშვიდობო მისია, რაც ქრისტიანებსა და შიიტ მუსლიმებს შორის დიალოგს და მეგობრობას შეუწყობს ხელს.

მეუფე მალხაზს შემოთავაზებისთვის მადლობა გადავუხადე და მოფიქრებისთვის დრო ვითხოვე. უარის სათქმელად რამდენიმე მიზეზი მქონდა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ამ ქვეყნების ნახვის ინტერესმა ყველა მიზეზი გადაწონა და გამგზავრება გადავწყვიტე.

აიათოლა შაჰრისტანის მიწვევით 2013 წლის 25 ოქტომბერს დილის 11:00 სთ-ზე მეუფე მალხაზთან, ჰაჯ-ფაიღ ნაბიევთან, გელა გუნიავასთან და ნამიკ გაჯიევთან ერთად თეირანში გავფრინდი.

მარცხნიდან მარჯვნივ: გელა გუნიავა, ნამიკ გაჯიევი, ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი, ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, ჰაჯ-ფაიღ ნაბიევი.

ჩვენს ვიზიტს ორგანიზება გაუკეთეს აიათოლა სადეყ ჰაშემი დესორხიმ (ირანის დელეგაციასთან ერთად ბეთელში იმყოფებოდა) და ფერეიდნელმა ქართველმა, ახუნდი აქბარ მოყადასიმ (ზუპიტაშვილი). თეირანის აეროპორტში აქბარი დაგვხვდა. ორ ავტომობილში გავნაწილდით და ყუმში გავემგზავრეთ.

ირანი

ყუმი

2 საათიანი მგზავრობის შემდეგ, თეირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყუმში ჩავედით. ყუმი შიიტი მუსლიმების წმინდა ქალაქია, რადგან აქ მეშვიდე იმამის – მუსაი ქაზიმის ქალიშვილის და მერვე იმამის – ალი რეზას დის, ფატიმა მასუმას აკლდამა და მისივე სახელობის მეჩეთი მდებარეობს. ყუმის ტერიტორიაზე დასახლებები უკვე ანტიკურ ეპოქაში არსებობდა. მე-7 ს.-ის შუა წლებში ეს ტერიტორია არაბებმა დაიპყრეს, დასახლებები გააერთიანეს და ქალაქ ყუმს ჩაუყარეს საფუძველი. მე-9 ს.-დან ყუმი შიიტი მუსლიმების წმინდა ქალაქის სტატუსს იძენს, რაც ფატიმა მასუმას სახელს უკავშირდება. დაარსების დღიდან ყუმი არაერთხელ იქნა დანგრეული და აღდგენილი. მე-18 ს.-ის ბოლოს ირანის სათავეში ყაჯარები მოვიდნენ. 1793 წელს ყუმი ყაჯარების დინასტიის დამაარსებლის აღა მაჰმად ხანის კონტროლს დაექვემდებარა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ამ ქალაქის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის განვითარება. ეს ის აღა მაჰმად ხანია, რომელსაც 1795 წელს კრწანისთან მეფე ერეკლე II შეებრძოლა და სამწუხაროდ დამარცხდა. ყველამ ვიცით რა სავალალო შედეგები მოჰყვა ამ მარცხს საქართველოსთვის.

მე-20 ს.-ის პირველ ნახევარში ყუმი ირანის განათლების ცენტრი გახდა. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი აიათოლა აბდოლქარიმ ჰაერი იაზდიმ (1859-1937) ითამაშა, რომელიც 1922 წელს დევნის გამო ერაყიდან ირანში გადმოიხვეწა და ყუმში დასახლდა. იმ დროიდან მოყოლებული ყუმს განათლების სფეროში ლიდერობა არ დაუკარგავს.

ნაძვის ხე

აქბარმა აიათოლა შაჰრისტანის რეზიდენციასთან ახლოს “ალულ ბეითის” სასტუმროში მოგვათავსა. მისაღებ ოთახში მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე დაგვხვდა.

ირანაში რაიმე დღესასწაულია? ვკითხე აქბარს.

არა.

აბა, მორთული ნაძვის ხე რატომ დგას?

აიათოლა დესორხი საქართველოში პირველად იანვრის თვეში იმყოფებოდა. სადაც მივიდა, ყველგან ნაძვის ხე დახვდა.

მერე?

ალბათ ქართული ტრადიცია ჰგონია და თქვენს საპატივსაცემოდ დადგა…:-)

ოთახებში გავნაწილდით, ბარგი დავალაგეთ და კვლავ ნაძვის ხის ოთახში შევიკრიბეთ, სავარძლებში მოვკალათდით და “მაშრიყის” ამბები მიმოვიხილეთ:-) საუბარს გელა უძღვებოდა. ის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სპეციალისტია და შესანიშნავად იცნობს ამ ქვეყნების ისტორიას და კულტურას. აქვე მინდა ვთქვა, რომ გელა ამასთანავე შესანიშნავი ფოტოგრაფიც არის. პოსტში გამოყენებული სურათების უმრავლესობა სწორედ მისი გადაღებულია, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ამასობაში აქბარმა გემრიელი სადილი მოგვართვა. განსაკუთრებით მომეწონა ირანული თხელი ლავაში, მაწონი, ნადუღი და სუნელებით შეკმაზული ზეთისხილი. აღარაფერს ვამბობ ქათმის მწვადზე და ბრინჯის ულუფაზე…

იმ საღამოს აქბარმა თავის ოჯახში მიგვიწვია. ჰაჯ-ფაიღმა და ნამიკმა დასვენება არჩიეს და სასტუმროში დარჩნენ. აქბარის მეუღლემ ქ-ნმა მარზიემ და შვილებმა მუჰამმად-ჰოსეინიმ და მუჰამმად-მაჰდიმ გულთბილად მიგვიღეს. მათთან სტუმრად აქბარის სიძე, სეიდი ასგარ აჰმადი იმყოფებოდა. არ ვიცოდი, რომ ირანში ქალისთვის ხელის ჩამორთმევა არ შეიძლებოდა და ქ-ნ მარზიეს ხელი გავუწოდე. ქ-ნმა მარზიემ გაიღიმა და თავაზიანად აირიდა ხელის ჩამორთმევა. ნასადილევს ჩაით, ხილით და ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ. ჰოსეინი და მაჰდი ხალიჩაზე წამოგორებულები ფილმს უყურებდნენ. ჩემდა გასაკვირად კუთხეში „ჰარი პოტერის“ ტომებს და კოკა-კოლას ქილებს მოვკარ თვალი. როგორც აქბარმა გვითხრა, „ჰარი პოტერი“ სპარსულ ენაზე კარგა ხნის თარგმნილი ყოფილა და მის შვილებს ყველა ტომი რამდენჯერმე ჰქონიათ გადაკითხული. კოკა-კოლა კი ირანში საკმაოდ პოპულარული გამაგრილებელი სასმელი ყოფილა, რაშიც თავად დავრწმუნდით.

მარცხნიდან მეორე ახუნდი აქბარ მოყადასი, მარჯვნიდან პირველი სეიდი ასგარ აჰმადი.

აქბარმა ხიზრის მეჩეთის ნახვა შემოგვთავაზა, რომელიც ყუმთან ახლოს ერთ მთაზე მდებარეობს. უკვე შებინდებული იყო, როცა ავტომობილი “დავაპარკინგეთ” და მთის ბილიკს ფეხით შევუყევით. გზად აქბარის ძმა ალი ჰუსეინ მოყადასი შემოგვიერთდა. მეუფე მალხაზთან ერთად მთაზე სიარული ადვილი საქმე არ გეგონოთ:-) წლებია მეგობრებთან და ეკლესიის სტუმრებთან ერთად შაბათობით “ჰაიკს” აწყობს და ყოველ ჯერზე მთებში ათობით კილომეტრს ფეხით გადის. ხიზრის მთის ფერდობს ისეთი სწრაფი ნაბიჯით შეუყვა, ძლივს ვეწეოდით. როგორც იქნა მეჩეთს მივუახლოვდით. იქიდან განათებული ყუმი ხელისგულივით ჩანდა. ქალაქის მეჩეთების გუმბათები და მინარეთები ოქროსფრად ბრწყინავდნენ. შიიტური გადმოცემით ამ მთაზე ბიბლიური წინასწარმეტყველი ხიზრი ლოცულობდა და მეჩეთი მის სახელზე ააგეს. კარგა ხანს ვმსჯელობდით თუ რომელი ბიბლიური წინასწარმეტყველი შეიძლებოდა ყოფილიყო ხიზრი. აქბარსაც გაუჭირდა ახსნა და თბილისში ნაცნობ პროფესორთან დარეკა. როგორც გაირკვა, ხიზრის შესახებ გადმოცემა ირანში პრეისლამური დროიდან არსებობს და მუსლიმი ღვთისმეტყველები მას ელია წინასწარმეტყველთან აიგივებენ. ხიზრი არაბულად “მწვანეს” ნიშნავს. ეს სახელი იმიტომ შეურჩიეს, რომ გადმოცემის მიხედვით სადაც ხიზრი ფეხს დადგამდა, იქ ყველაფერი ამწვანებას იწყებდა. შიიტების რწმენით, წინასწარმეტყველი ხიზრი დღესაც ცოცხალია, ქვეყნებში მოგზაურობს და გასაჭირში მყოფ ადამიანებს ისე ეხმარება, რომ მისი ვინაობის შესახებ არაფერი იციან.

წინასწარმეტყველ ხიზრის მეჩეთი
სალოცავი დარბაზი.
მეჩეთის აივანი.

მეჩეთში ორი კაცი ლოცულობდა. ტიხრის მიღმა ქალების ხმა ისმოდა (მეჩეთებში კაცები და ქალები ცალ-ცალკე ლოცულობენ). შესასვლელის მარჯვნივ მრგვალი და კვადრატული ფორმის სალოცავი ქვები ეწყო, ხოლო მარცხნივ ხის სადგამზე ასხმული კრიალოსნები ეკიდა. სალოცავი ქვა წმინდა ქალაქ ქარბალას (ერაყი) დაპრესილ მიწას წარმოადგენს, რომელსაც შიიტი მუსლიმები ლოცვის დროს შუბლს ადებენ. ამ დროს მათ ისეთი განცდა აქვთ, თითქოს ქარბალაში ლოცულობენ (ამის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ).

ხიზრის მეჩეთის წინ ბეტონის ბაქანია. ერთხანს იქ ვსაუბრობდით და თან ღამის ყუმის ხედებს ვათვალიერებდით. საუბრის შემდეგ ძირს დავეშვით. ვიდრე ავტომობილთან მივიდოდით, გმირთა მემორიალს ჩავუარეთ, რომელიც სპარსეთის ყურის ომში (1980-1988) დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის საპატივსაცემოდ არის აღმართული. შუშის სათავსოებში დაფლეთილი სამხედრო ტანსაცმელი და ნივთები ინახებოდა. მემორიალთან შავებით შემოსილი ქალები ლოცულობდნენ. ზოგი მათგანი მდუმარედ იდგა. მძიმე განწყობაზე დავდექი, თუმცა ერთმა სანახაობამ ყველა გაგვამხიარულა… ავტოსადგომზე ორთვლიანი მოტოციკლის უკან ბიჭი და გოგო ჩახუტებულები ერთმანეთს კოცნიდნენ. ამას ირანში და თანაც ყუმში ვერაფრით წარმოვიდგენდი. ირანზე სტერეოტიპები დამემსხვრა-მეთქი, ვუთხარი აქბარს:-)

ხიზრის მეჩეთის ნახვის შემდეგ აქბარმა ჯამქარანის მეჩეთის ნახვა შემოგვთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანი იყო და საკმაოდ დაღლილები ვიყავით, ამ შემოთავაზებაზე უარი არ ვთქვით. ეს ულამაზესი მეჩეთი 994 წ. იმ ჭაზეა აგებული, სადაც გადმოცემით შეიხი ჰასან ჯამყარანი წინასწარმეტყველ ხიზრისთან ერთად მე-12 იმამს – მაჰდის შეხვდა. მეჩეთი და მის წინ მდებარე ფართო მოედანი ფერებში იყო განათებული.

ჯამქარანის მეჩეთი.
ჯამქარანის მეჩეთის მთავარი შესასვლელი.

წმინდა ჭასთან ახალგაზრდები სავედრებელ ლოცვებს ფურცლებზე წერდნენ, ჭაში აგდებნენ და შემდეგ ლოცულობდნენ. მათი რწმენით ამ ადგილზე ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ახალგაზრდები ერთმანეთს თავაზიანად აცდიდნენ ლოცვას, რაც საკმაო ხანს გრძელდებოდა.

წმინდა ჭა ჯამქარანის მეჩეთში.

სასტუმროში გვიან დავბრუნდით, ვივახშმეთ და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. აქბარმა ლოცვისთვის მზადება დაიწყო. მეუფე მალხაზმა უთხრა შემოგიერთდებიო. თავიდან მეგონა, რომ მეუფე მალხაზს ჩვეულებრივ უნდა ელოცა, ისე როგორც ქრისტიანები ეკლესიაში ან სახლებში ვლოცულობთ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მეუფემ ვუდუს (არაბ. „განბანვა“) რიტუალი შეასრულა და აქბართან ერთად შიიტური წესით ილოცა… აქამდე არასოდეს მინახავს მეუფე მალხაზს მუსლიმური წესით ელოცოს… გულახდილად უნდა ვთქვა, რომ უსიამოვნო განწყობაზე დავდექი. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ქრისტიანის მუსლიმური წესით ლოცვა, თუმცა გააზრებული არ მქონდა, რატომ იყო მიუღებელი.

                                    შეხვედრა აიათოლა შაჰრისტანისთან

დილაუთენია მუეძინის აზანმა (ლოცვისკენ მოწოდება) გამაღვიძა. აქბარმა საუზმე მოგვიტანა და ერთი სტუდენტი, სახელად რეზა გაგვაცნო, რომელსაც ჩვენი საკვებით მომარაგება ევალებოდა. გარდა ამისა, რეზას უნდა ეზრუნა თუ შემტხვევით ტელევიზორი, მადუღარა ან წყლის ონკანი მწყობრიდან გამოვიდოდა.

საუზმის შემდეგ აიათოლა შაჰრისტანისთან შესახვედრად წავედით. მის რეზიდენციაში აიათოლა დესორხი და კიდევ რამდენიმე შიიტი სასულიერო პირი მიმყოფებოდა. აიათოლა შაჰრისტანიმ გულთბილად მიგვიღო, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მოიკითხა და ბეთელში სტუმრობა გაიხსენა. საუბარი რელიგიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და მათ მშვიდობიან თანაარსებობას შეეხო. ასევე ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, რა დროსაც აიათოლამ ბაპტისტი პასტორი მარტინ ლუთერ კინგი ახსენა. მის მოღვაწეობას საკმაოდ კარგად იცნობდა.

აიათოლა შაჰრისტანი 1954 წ. ერაყში, ქალაქ ქარბალაში დაიბადა. განსხვავებული რელიგიურ-პოლიტიკური შეხედულებების გამო, სადამ ჰუსეინი მის ოჯახს სასტიკად გაუსწორდა. რეპრესიების შედეგად მან მამა, ძმები და ბიძაშვილები დაკარგა, თავად კი 1976 წ. ირანში გადაიხვეწა. დღეს ის ისლამურ სამყაროში ცნობილი ლიდერია, რომელიც რელიგიებს და კულტურებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის იღწვის და რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში (მარნეულში) მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს ახორციელებს. შაჰრისტანი ერაყელი შიიტების წინამძღოლის, დიდი სეიდი აიათოლა ალი ას-სისტანის სიძეა.

ჰაჯ-ფაიღის გვერდით აიათოლა შაჰრისტანი.

შეხვედრის ბოლოს მეუფე მალხაზმა აიათოლა შაჰრისტანის საჩუქრად „ვეფხვისტყაოსანი“ გადასცა ქართულ-სპარსულ ენებზე. აიათოლამ უგემრიელესი აღმოსავლური კეძებით გაწყობილ სუფრასთან მიგვიწვია. მინდოდა სურათი გადამეღო, მაგრამ მომერიდა. აიათოლამ თავისი შვილი მუჰამადი და შვილიშვილი რეზა გაგვაცნო. რეზა მამამისთან ერთად მოგვიანებით ნაჯაფშიც (ერაყი) ვნახეთ.

საჩუქრების მუზეუმი

სადილის შემდეგ აიათოლა შაჰრისტანის დავემშვიდობეთ და აიათოლა დესორხისთან ერთად რეზიდენციის გვერდით მდებარე ახლად აშენებულ მუზეუში შევედით. ექსპონატების სახით გამოფენილი იყო საჩუქრები, რომლებიც აიათოლა შაჰრისტანის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პოლიტიკური თუ სულიერი ლიდერებისგან ჰქონდა მიღებული.

აიათოლა შაჰრისტანის საჩუქრების მუზეუმი.

შესასვლელის მარჯვენა მხარეს ძველი თბილისის ნახატი შევნიშნე და ახლოს მივედი. აღმოჩნდა, რომ აიათოლა შაჰრისტანისთვის ეს ნახატი კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს უჩუქებია.

მარჯვენა ზედა კუთხეში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ნაჩუქარი ნახატი.

ოქროსა და ვერცხლის მავზოლეუმი

მუზეუმიდან ყუმის გარეუბანში გავემგზავრეთ, სადაც ერთ-ერთი იმამის ოქროსა და ვერცხლის მავზოლეუმს ამზადებდნენ. პროექტის მენეჯერს ამ კონსტრუქციის ღირებულება არ დაუსახელებია, თუმცა გვითხრა, რომ მასზე 4 ტონა ვერცხლი და 70 კგ. ოქრო იყო გახარჯული…

იმამის მავზოლეუმის ვერცხლის კონსტრუქცია.

კონსტრუქციის გვერდით ძვირფასი ხის ორფრთიანი კარი სუფთა ოქროთი იყო დაფარული. ხელოსანი დაზგაზე მცირე ზომის სპილენძის დეტალებს ამზადებდა. სიმბოლური მონაწილეობა შემოგვთავაზეს. ჩვენც ჩაქუჩები მოვიმარჯვეთ და დეტალის ზედაპირი დავამუშავეთ.

ოქროს ფენით დაფარული მავზოლეუმის ორფრთიანი კარი.

                                                               ყუმის ბიბლიოთეკა

აიათოლა შაჰრისტანის რეზიდენციაში შეხვედრას, ყუმის ბიბლიოთეკის დირექტორი აიათოლა ეშკევარი ესწრებოდა. მან ბიბლიოთეკაში მიგვიწვია. აქბარმა შეხვედრა შეათანხმა და რადგან ბიბლიოთეკა ჩვენი სასტუმროდან არც ისე შორს იყო, ფეხით გავისეირნეთ. ქუჩები ავტომობილებით და მოტოციკლებით იყო გადატვირთული. ირანში ძალიან პოპულარულია ჰონდას მარკის მცირე ზომის მოტოციკლი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, თითო ასეთი მოტოციკლით 3-4 ადამიანი მგზავრობს… აქბარის თქმით, ყუმში ცოტა ხნის წინ ორი ასეთი მოტოციკლის ერთმანეთთან შეჯახების შედეგად 8 მგზავრი იქნა დაშავებული…

დედა, მამა და შვილი მოტოციკლეტით გადაადგილდებიან.

ბიბლიოთეკაში აიათოლა ეშკევარი შვილთან და შვილიშვილთან ერთად დაგვხვდა. ჩაით და ორცხობილით გაგვიმასპინძლდნენ. აიათოლამ თავდაპირველად ბიბლიოთეკის სასწავლო-კვლევითი საქმიანობა გაგვაცნო, ხოლო შემდეგ წიგნთსაცავი და სამკითხველო დარბაზი გვაჩვენა.

შეხვედრა აიათოლა ეშკევარისთან ყუმის ბიბლიოთეკაში.

ძალიან შთამბეჭდავი იყო წიგნთსაცავი, სადაც 800.000-მდე წიგნია განთავსებული. პროფესიონალების გუნდი საარქივო ფონდის გაციფრულებაზე მუშაობდა. შენობის ერთი ნაწილი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ჰქონდა დათმობილი. მკითხველებისთვის, რომელთა უმრავლესობას სტუდენტები წარმოადგენენ, ყველა პირობა იყო შექმნილი მშვიდი და კომფორტული მუშაობისთვის.

სამკითხველო დარბაზი.
ძველი სპარსული გამოცემები.

მუზეუმის და სამკითხველო დარბაზის ნახვის შემდეგ კვლავ აიათოლას კაბინეტში დავბრუნდით და საუბარი იქ გავაგრძელეთ. ჰაჯ-ფაიღმა გადმოგვილაპარაკა, აიათოლა ეშკევარი თავისი კალიგრაფიით არის სახელგანთქმულიო. ეს რომ გავიგეთ, აიათოლას თავაზიანად ვთხოვეთ სპარსულად რაიმე ტექსტი დაეწერა. ისიც არ დაგვზარდა, კალამი მოიმარჯვა და სპარსული ასოები ერთმანეთზე მძივებივით აასხა. რა დაწერა არ ვიცი, მაგრამ მართლა ნატიფი კალიგრაფია ჰქონია.

შეხვედრის ბოლოს მეუფე მალხაზმა აიათოლა ეშკევარის „ვეფხვისტყაოსანი“ უსახსოვრა ქართულ-სპარსულ ენებზე. აიათოლამ საჩუქარი სიხარულით მიიღო და სტუმრობისთვის მადლობა გადაგვიხადა. ბიბლიოთეკიდან სასტუმროში დავბრუნდით და ფერეიდანში გასამგზავრებლად თადარიგი დავიჭირეთ.

ყუმის ბიბლიოთეკა.

ფერეიდანში გამგზავრება

ისპაჰანი

რეზამ საუზმე ადრიანად მოგვიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლიანი ამინდი იყო, ყველას ხალისიანი განწყობა გვქონდა. ორ ავტომობილში გავნაწილდით და ფერეიდანში გავემგზავრეთ. ულამაზესი მთების თვალიერებასა და საინტერესო საუბარში დრო სწრაფად გადიოდა. ფერეიდნამდე ისპაჰანში ვაპირებდით გაჩერებას. ძალიან მაინტერესებდა ამ ქალაქის ნახვა, რომელზეც ბევრი მსმენია. ისპაჰანში საღამოხანს ჩავედით.

ღამეს სად ვათენებთ? ვკითხე აქბარს.

სასტუმრო „აბასიში“.

რას ამბობ კაცო, კახელ კაცს შაჰ აბასის სასტუმროში რა მინდა?! გავეხუმრე აქბარს.

„აბასი“ ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა ისპაჰანში. თუ მთავრობა ან უცხოელი დიპლომატები აქეთ მოხვდნენ, ამ სასტუმროში რჩებიან – მიპასუხა აქბარმა.

სასტუმრო “აბასი”.
აქბარი სასტუმრო “აბასის” მისაღებში.

ავტომობილები სასტუმროს შესასვლელთან გავაჩერეთ, ზურგჩანთები ავიღეთ და მისაღებში შევედით. ეს შენობა მე-17 ს.-ში სეფიანთა დინასტიის წარმომადგენლებს აუგიათ. აქ სხვადასხვა დროს მედრესე (ისლამური სასულიერო სასწავლებელი), ბაზარი და ქარვასლა ფუნქციონირებდა. ფრანგი არქეოლოგის და არქიტექტორის, ანდრე გოდარის რჩევით შენობა 1957 წელს სასტუმროდ გადაუკეთებიათ. მისაღებში გერმანელი ტურისტების ჯგუფს გადავაწყდი და გამოველაპარაკე. ირანში მიღებული შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებულები იყვნენ. მხოლოდ ქალები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ქუჩაში თავსაფრის გარეშე ვერ გადიოდნენ. გიდს უთქვამს აკრძალულიაო. აქბარმა ოთახების გასაღებები ჩამოგვირიგა და გვთხოვა ნახევარ საათში რესტორანში სავახშმოდ შევკრებილიყავით.

სასტუმრო “აბასის” ძალიან მაგარი რესტორანი აქვს. მგზავრობით დაღლილები და მოშიებულები ვახშამს მადიანად შევექეცით.

სასტუმროს რესტორანი.

ვახშმის შემდეგ ქალაქში გასეირნება გადავწყვიტეთ. ნამიკი სასტუმროში დარჩა, დავისვენებო.

ულამაზესი ქალაქი ისპაჰანი ცენტრალურ ირანში მდებარეობს. 2 მლნ. მოსახლეობით თეირანისა და მეშჰედის შემდეგ სიდიდით მესამე ქალაქს წარმოადგენს. აქ დასახლება უძველესი დროიდან არსებობდა. 1598 წელს შაჰმა აბასი I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაჰანში გადმოიტანა და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი სწრაფი განვითარება. ისპაჰანი სპარსეთის იმპერიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. მე-17 ს.-ის შუა პერიოდში ისპაჰანში უკვე 600.000 ადამიანი ცხოვრობდა. აღმშენებლობით საქმიანობას თავად შაჰი ხელმძღვანელობდა. მას გვერდით ედგა ეროვნებით ქართველი ალავერდი ხანი უნდილაძე, რომლის აგებული გრანდიოზული ნაგებობები დღემდე ამშვენებენ ისპაჰანსა და ირანის სხვა ქალაქებს.

საუბარში მდინარე „ზაიანდე რუდის“ (სპარს. სიცოცხლისმომცემი მდინარე) დამშრალ კალაპოტს მივადექით. ეს მდინარე ზაგროსის მთებში იღებს სათავეს. რამდენიმე წლის წინ ისპაჰანთან ახლოს კაშხალი აუშენებიათ და ამის გამო მდინარეს კალაპოტი შეუცვლია. დამშრალ მდინარეზე გადებული უძველესი ხიდები კი თავიანთ მოვალეობას კვლავ ერთგულად ასრულებენ და ქალაქის ორივე ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებენ. უნდილაძის აშენებულ 33 თაღიან ხიდთან მივედით. ეს ხიდი ორსართულიანია თავის დროზე კაშხლის მოვალეობასაც ასრულებდა. ალავერდი ხანი უნდილაძე (1560-1613) შაჰ აბასი I-ის ჯარების სარდალი იყო და ქვეყანაში დიდი გავლენით სარგებლობდა. ერთხელ შაჰს უთქვამს: „მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანსო“. სარდლობას წარმატებით უთავსებდა აღმშენებლობით საქმიანობას. უნდილაძეს და მის ვაჟებს – იმამ ყული ხანს და დაუდ ხანს, ირანში სასახლეები, ქარვასლები, ხიდები და არხები აქვთ აშენებული, რომლებიც დღემდე ირანის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ.

ალავერდი ხანი უნდილაძის ხიდი.

უნდილაძის ხიდიდან “ფოლ ე ხაჯუს” ხიდისკენ გავისეირნეთ. “ფოლ ე ხაჯუ” იმ კვარტლის სახელია, სადაც ხიდი მდებარეობს. ეს ხიდიც ორსართულიანია და ქვემოთ ულამაზესი თაღები აქვს. იქ ახალგაზრდები იყვნენ შეყუჟულები და გიტარაზე მღეროდნენ. ვკითხეთ, ზემოთ რატომ არ მღერიხართ-თქო, მით უმეტეს ულამაზესი სკვერი იყო გაშენებული და მშვენიერი სკამებიც იდგა. გვითხრეს – აქ კარგი აკუსტიკა არისო. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ღია სივრცეში სიმღერას ერიდებოდნენ, რათა უფროსებს თვალში არ მოხვედროდნენ…

სასტუმროში გვიან დავბრუნდით და მომდევნო დღის გეგმებზე დავილაპარაკეთ. ღამის ისპაჰანში გასეირნება კარგი განტვირთვა იყო ჩვენთვის.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები სასტუმრო „აბასიში“

დილით მზის სხივმა გამაღვიძა. საუზმემდე სასტუმროს ბაღში სასეირნოდ ჩავედი.

სასტუმრო “აბასის” ბაღი.

ფოიეში ერთი ჯიღაულვაშიანი კარისკაცი იდგა. დამინახა თუ მომიახლოვდა და მთხოვა – თუ შეიძლება თქვენთან სურათს გადავიღებო.

ამ სასტუმროში სამსახურის დაწყებამდე ისეთი გრძელი ულვაში მქონდა, კინაღამ მხრებამდე მწვდებოდაო – მეუბნება სურათის გადაღების შემდეგ.

მერე? თავაზიანობის გამო ვკითხე.

პირობა წამომიყენეს, თუ ჩვენთან სამსახურის დაწყება გინდა, ულვაშები უნდა დაიმოკლოო. მეც რას ვიზამდი, დავიმოკლეო…

კარისკაცი ამ არჩევანს გულწრფელად განიცდიდა.

სასტუმრო “აბასის” კარისკაცი.

ბაღში გავედი და იქ მეუფე მალხაზს შევხვდი. ცოტა ხანში სასაუზმე დარბაზში ერთად ავედით. ჰაჯ-ფაიღი, გელა და ნამიკი ადგილზე დაგვხვდნენ. ულუფები ავიღეთ და მრგვალ მაგიდას შემოვუსხედით. გელამ გაიხსენა, რომ იმ დღეს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა. ამ ინფორმაციის მოსმენისას ცოტა არ იყოს დავიზაფრეთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში მძიმე წინასაარჩევნო ვითარება სუფევდა, მაგრამ მალევე გავმხიარულდით, რადგან გადავწყვიტეთ “არჩევნების” ჩვენც ჩაგვეტარებინა:-) ფურცელი და კალამი სახელდახელოდ მოვიძიეთ, “საარჩევნო ბიულეტენები” დავამზადეთ და საარჩევნო ურნის სახით, მაგიდაზე ყავის ჭიქა დავდგით. “სამართლიანი” და “გამჭვირვალე” არჩევნების ჩასატარებლად “საერთაშორისო დამკვირვებლები” გვესაჭიროებოდა. გვერდით მაგიდაზე, ერთი ახლგაზრდა ნორვეგიელი კაცი, ირანელ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საუზმეს შეექცეოდა. მივედით და არჩევნებზე „დამკვირვებლად“ მოვიწვიეთ. გაოცებული გვიყურებდა, ვერ გაეგო მისგან რას ვითხოვდით, ხოლო როცა საქმის არსში გაერკვა, ხალისიანად დაგვთანხმდა:-)

“საპრეზიდენტო არჩევნების” ხმების დათვლის პროცესი.:-)

აი, დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. ამომრჩევლები სარჩევნო ბიულეტენებზე კანდიდატების ნომრებს ვწერდით, საგულდაგულოდ ვკეცავდით და ყავის ჭიქაში ვყრიდით. 10 წამში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. ევროპელმა “დამკვირვებელმა“ ხმების დათვლა დაიწყო და ერთ წუთში საბოლოო შედეგები გამოაცხადა… “დამკვირვებელმა“ აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი, თავს ბევრი რამ გადახდენია, მაგრამ მსგავს “გაუგებრობაში” არასოდეს მოხვედრილა:-) “არჩევნების” შემდეგ კვლავ თავის ოჯახს დაუბრუნდა და საუზმე მხიარულად გავაგრძელეთ.

ნორვეგიელი “დამკვირვებელი”.

ფერეიდანი

საუზმის შემდეგ აქბართან ერთად ფერეიდანში გავემგზავრეთ. ჰაჯ-ფაიღი და ნამიკი ისპაჰანში დარჩნენ. გზაში აქბარი ფერეიდნელი ქართველების შესახებ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა. ცოტა ხნით ნაჯაფაბადის სასაფლაოსთან გავჩერდით. სასაფლაოს ქვებზე ქართულ-სპარსული წარწერები შევნიშნეთ. როგორც საქართველოში, იქაც ერთი გვარის წარმომადგენლები – მიქაიილიანები (მიქელაძეები) და ხოდციანები (ხუციშვილები) გვერდი-გვერდ იყვნენ დაკრძალული. ახალგაზრდა ქალები საფლავის ქვებზე ჰიჯაბ-ნიქაბით იყვნენ გამოსახული, ისე რომ მათი სახეები არ ჩანდა.

ნაჯაფაბადის სასაფლაო.
საფლავის ქვაზე ქართულად წერია “ჰაჯ მირზა მოჰამად ესქენდერის ძე მიქაიილიან”.

ერთი საფლავის ქვაზე ქართულად ეწერა: “ყველანი ღმერთიდან მოსულვართ და იმისთანც მივდივართ”.

საფლავის ქვა ქართული წარწერით.

სასაფლაოზე ასაკოვანი ცოლ-ქმარი ახლობლის საფლავს ასუფთავებდნენ. იქაური დაკრძალვის წესზე ვკითხეთ. ნაჯაფაბადის სასაფლაოზე ნახევარ საათს გავჩერდით და გზა გავაგრძელეთ. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ფერეიდანს, მით უფრო შთამბეჭდავი მთის მასივები იშლებოდა ჩვენს თვალწინ.

ფერეიდანი ისპაჰანის მაღალმთიან პროვინციას წარმოადგენს. ქართველები აქ ჯერ კიდევ შაჰ თამაზი I-ის (1514-1576) დროიდან ცხოვრობდნენ. ზოგი მათგანი ძალით, ზოგიც ნებაყოფლობით იქნა გადმოსახლებული. 1614-1617 წლებში შაჰმა აბასი I-მა რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში, ქართლ-კახეთიდან დაახლ. 200 000 ჩვენი თანამემამულე აყარა და ირანში გადმოასახლა. მათი უმრავლესობა ფერეიდანში, ნაწილი კი ირანის ჩრდილოეთით, მაზანდარანში დაასახლა. ფერეიდანში ქართველებმა სოფლის მეურნეობა ააღორძინეს და რაც მთავარია ისპაჰანი ბახტიარების მომთაბარე ტომებისგან დაიცვეს. შაჰის მიზანიც ეს იყო. მაზანდარანის ქართველებისგან განსხვავებით, ფერეიდნელმა ქართველებმა მშობლიური ენა შეინარჩუნეს, თუმცა ქრისტიანობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ისლამი მიიღეს.

როცა ფერეიდუნ-შაჰრს მივუახლოვდით, უკვე კარგა გვარიანად წვიმდა. ქალაქი ფერეიდუნ-შაჰრი (იგივე მარტყოფი) ისპაჰანიდან დასავლეთით დაახლ. 150 კმ.-ში მდებარეობს და ფერეიდნის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი ზაგროსის ქედზეა გაშენებული.

ფერეიდუნ შაჰრი (მარტყოფი).

თავდაპირველად მეჩეთში მივედით, სადაც ახუნდი სიაუში და ქალაქის გამგეობის წევრები დაგვხვდნენ. მათგან ერთი გვარად იოსელიანი იყო. გულთბილი დახვედრის შემდეგ ხალიჩაზე დავსხედით. მასპინძლებმა ფერეიდნელი ქართველების ყოფა-ცხოვრება გაგვაცნეს. ძალიან ლამაზ კილოზე საუბრობდნენ. ზოგიერთ სიტყვას გამღერებით წარმოთქვამდნენ. ყველას აინტერესებდა საქართველოს ამბები. მეუფე მალხაზმა ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ახუნდი სიაუში ერთხელ უკვე ყოფილა საქართველოში და პოზიტიური შთაბეჭდილებები მიუღია. მეუფემ მასპინძლებს ჩვენი ეკლესიის საქმიანობა გააცნო. როცა საუბარი ქრისტიანებსა და მსულიმებს შორის ურთიერთობებს შეეხო, მასპინძელთაგან ერთმა თქვა: „ჩვენ ერთობა და ღმერთობა გვინდაო” (იგულისხმება ქრისტიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობა და ისლამის ერთგულება). ეს გამოთქმა ისე მოგვეწონა, რომ აგვეკვიატა. ირანში ყოფნისას ხშირად ვიმეორებდით.

ფერეიდუნ-შაჰრის (მარტყოფის) მეჩეთი.

ახუნდმა სიაუშიმ კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სტუმრობა გაიხსენა, რომელიც ფერეიდანში 5-6 თვის წინ ეპისკოპოსების თანხლებით ჩასულა. მათთვის პატრიარქს ბიბლიები უჩუქებია. ამასობაში სადილი მოგვართვეს. ახუნდმა ინტერრელიგიურ და ინტერკულტურულ ურთიერთობებში აქტიურობისთვის აქბარი შეაქო და მადლობა გადაუხადა. იქ გავიგეთ, რომ აქბარის წინაპრები ქრისტიანი მღვდლები ყოფილან და მისი გვარი „მოყადასი“ (ქართ. წმინდა) აქედან მომდინარეობდა. თავად ახუნდი სიაუში დედით ქართველი და მამით ბახტიარია.

საუბარი ახუნდი სიაუშისთან და ქალაქის გამგეობის წევრებთან.

სადილის გასრულების შემდეგ მეუფე მალხაზმა ახუნდ სიაუშის უთხრა, რომ მისთვის საჩუქარი ჰქონდა. მეუფემ მას არაბულ-ქართულად წმინდა ყურანი გადასცა. ახუნდ სიაუშის სახე გაუბრწყინდა, მეუფე მალხაზს გადაეხვია და უთხრა: „ბატონო მალხაზ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი რელიგიაო“. თავდაპირველად ვერ მივხვდი ამით რისი თქმა სურდა, მერე დავასკვენი, რომ მან საჩუქრად ის მიიღო, რაც მისთვის ძვირფასი იყო და ისლამის სიყვარულს სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი.

ახუნდი სიაუში და ქალაქის გამგეობის წევრი, გვარად იოსელიანი.
ფერეიდუნ-შაჰრის (მარტყოფის) მეჩეთში შეხვედრის მონაწილეები.

ფერეიდუნ-შაჰრის უნივერსიტეტი

როცა მეჩეთიდან გამოვედით, აღარ წვიმდა. ცა მოწმენდილი იყო და ზაგროსის ქედი კარგად ჩანდა. ქალაქის გამგეობის წევრებთან ერთად ფერეიდუნ-შაჰრის უნივერსიტეტს ვესტუმრეთ. ირანში 250-ზე მეტი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია. გაცილებით მეტია დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა. ყველაზე დიდი და ცნობილი დამოუკიდებელი განათლების ცენტრებია აზადის და ფაიამე ნურის უნივერსიტეტები. მხოლოდ აზადის ისლამურ უნივერსიტეტს 1.7 მლნ. სტუდენტი და 35.000 აკადემიური პერსონალი ჰყავს. მისი ფილიალები ახლო აღმოსავლეთის და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებს. ფაიამე ნურის (სპარს. სინათლის უწყება) უნივერსიტეტს კი ქვეყნის მასშტაბით 500-მდე ადგილობრივი სასწავლო ცენტრი აქვს, სადაც 800.000 სტუდენტი იღებს განათლებას.

ფერეიდუნ-შაჰრის (მარტყოფი) უნივერსიტეტი.

ფერეიდუნ-შაჰრის უნივერსიტეტი სწორედ ფაიამე ნურის ფილიალია. აქ ძირითადად ფერეიდნელი ახალგაზრდები სწავლობენ. უნივერსიტეტს აქვს დისტანციური სწავლების ცენტრი.

უნივერსიტეტის კორიდორი.

საინტერსო შეხვედრა გვქონდა პრორექტორთან, რომელმაც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გაგვაცნო. ტუდენტები ლექციებზე იმყოფებოდნენ. ერთ აუდიტორიაში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევედით. ახალგაზრდა ქალი სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. დაფაზე ინგლისური სიტყვები და წინადადებები ეწერა.

სტუდენტები ინგლისურის ლექციაზე.

მეუფე მალხაზი მასწავლებელს ინგლისურად გამოელაპარაკა. მასწავლებელმა პასუხი არ გასცა, მხოლოდ მორცხვად გვიყურებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სამეტყველო პრაქტიკა არ ჰქონდა, თუმცა შეიძლება უცხო ადამიანებთან საუბარს მოერიდა. სტუდენტებს გავესაუბრეთ. როცა გაიგეს საქართველოდან ვიყავით, დაინტერესდნენ და კითხვებიც დაგვისვეს. ბოლოს ყველას წარმატებები ვუსურვეთ. მეუფე მალხაზმა სტუდენტებს დაფაზე „Good Luck” დაუწერა და ასე დავემშვიდობეთ.

ინგლისური ენის აუდიტორია.

უნივერსიტეტის ეზოში მსუბუქი ავტომობილი შევნიშნეთ, რომელსაც უკანა საქარე მინაზე „ღმერთს ებარებოდეთ“ ეწერა. ამ გამოთქმას ხშირად იყენებენ ქართველი პოლიტიკოსები და სასულიერო პირები. როგორც ჩანს საქართველოში ფერეიდნიდან შემოვიდა. ძალიან სხარტი და ლამაზი გამოთქმაა. ფერეიდანში ამ წარწერით ძალიან ბევრი ავტომობილი მოძრაობს[.

ავტომობილი ქართული წარწერით.

კულტურის სახლი

უნივერსიტეტიდან კულტურის სახლში გადავინაცვლეთ. პირველი სართულის ნაწილი ტურისტულ სააგენტოს ეკავა. თაროებზე გზამკვლევები შემოეწყოთ. როგორც გვითხრეს, ფერეიდანში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შენობის ზედა სართული თეატრს ეკავა. სცენა და პარტერი შესანიშნავად იყო მოწყობილი. თეატრი ძალიან პოპულარულია ფერეიდანში და შესაბამისად წარმოდგენებიც ხშირად იმართება.

ფერეიდნის კულტურის სახლი.

მასპინძლებმა ფერეიდნის კულტურული ცხოვრება ვრცლად გაგვაცნეს. ბევრი რამ გავიგეთ იქაური ნიჭიერი ადამიანების და მათი შემოქმედების შესახებ. კულტურის სახლში შეხვედრით გასრულდა ჩვენი ვიზიტი ფერეიდანში. მასპინძლებს დავემშვიდობეთ, საერთო სურათი გადავიღეთ და კვლავ ისპაჰანისკენ გავემგზავრეთ.

ფერეიდუნ-შაჰრის მთები.

                                           ვირთან გადაღებული სურათი

როცა ფერეიდუნ-შაჰრს გავცდით, აქბარმა გზიდან ძველი სომხური სოფელი დაგვანახვა. მეუფე მალხაზმა ითხოვა ცოტა ხნით გავჩერებულიყავით და სოფელი გვენახა. ამ სოფელს ხოიეგანი ჰქვია.

სომხები ირანში შაჰ აბასი I-ს, მე-17 ს.-ის საუკუნის დასაწყისში ოსმალეთთან ომის შემდეგ გადმოუსახლებია. ქართველებისგან განსხვავებით სომხებმა არა მხოლოდ ეთნიკური, არამედ რელიგიური იდენტობაც შეინარჩუნეს. დღემდე ირანში სიტყვები „სომეხი“ და „ქრისტიანი“ სინონიმებია. მათ აქვთ შესანიშნავი ტაძრები და სასულიერო განათლების ცენტრები.

ავტომობილი სოფლის განაპირას გავაჩერეთ და ტალახიან ქუჩას ფეხით გავუყევით. გზად უძველესი ალიზის ნამოსახლარები ვნახეთ. მათი ნაწილი ჩამონგრეული იყო და საცხოვრებელი ოთახები უძველესი ბუხრებიან-თახჩებიანად ჩანდა.

სომხური სოფელი ხოიეგანი.

ერთგან ბოძზე გამობმული ვირი შევნიშნეთ. მასთან სურათის გადაღება გადავწყვიტეთ და ახლოს მივედით. ვირი გაკვირვებული მოგვჩერებოდა. მეუფე მალხაზი მეუბნება – თუ ეს სურათი კახეთში გაგზავნე, მიაწერე ვინ სად ვდგავართო:-) მერე კი ხუმრობდა – ვირის დანახვამ მეუფე ილიას შინაურულ გარემოში აგრძნობინა თავიო:-) ჩემს ბავშვობაში მართლა მრავლად იყვნენ ვირები კახეთში. ბოლო წლებში მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ყვარელში, ჩვენი სკოლიდან არც თუ ისე შორს, ერთ ოჯახს ვირი ჰყავდა. მისი ყროყინის ხმა საკლასო ოთახამდე აღწევდა, რასაც ჩვენი ხარხარი მოსდევდა.:-)

სურათი ვირთან.:-)

როცა ვირთან სურათს ვიღებდით, შორიახლო სომხური ეკლესიის სამრეკლო შევნიშნეთ. ეკლესიაც და სამრეკლოც ალიზით იყო აშენებული. როცა ახლოს მივედით, დაკეტილი დაგვხვდა. კარზე დიდი ბოქლომი ჰქონდა დადებული. ოდნავ მოშორებით ორსართულიანი ალიზის სახლი იდგა და გადავწყვიტეთ გასაღები იქ მოგვეკითხა. ხის ჭიშკარს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სარაკუნი (ალაყაფის კარის ჩაქუჩი) ჰქონდა მიმაგრებული. როგორც აქბარმა აგვიხსნა, ისინი განსხვავებულ ხმებს გამოსცემდნენ. ერთი სარაკუნი ქალებისთვის, ხოლო მეორე კაცებისთვის იყო განკუთვნილი. თუ ქალი დააკაკუნებდა, ქალი მასპინძელი გამოიხედებოდა, ხოლო თუ კაცი, მაშინ კაცი მასპინძელი გააღებდა ჭიშკარს.

კარის სარაკუნები (ჩაქუჩები)

იმის გამო, რომ არ ვიცოდით სახლში ქალი იმყოფებოდა თუ კაცი, ორივე სარაკუნი ავამოქმედეთ. ორიოდე წუთში შუახნის სომეხმა ქალბატონმა (სამწუხაროდ სახელი ვერ დავიმახსოვრე) გამოგვხედა. ჩვენ დანახვაზე შეცბა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქბარმა უთხრა ვინ ვიყავით, თავაზიანად გაგვიღიმა, სახლში შებრუნდა და ეკლესიის გასაღები გამოიტანა.

სომეხი ქალბატონი.

ეკლესიაში თავად წამოგვყვა და გზაში ხოიეგანის ეკლესიის ისტორიაზე გვესაუბრებოდა. ეს უნიკალური ეკლესია სომხებს, იოანე ნათლისმცემლის სახელზე, შაჰ აბასი I-ის მმართველობის დროს (მე-17 ს.) აუშენებიათ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ეკლესიის კედლები ირანის მთავრობამ შეაკეთა. წირვები რეგულარულად აღარ ტარდება. სოფელში პერიოდულად ისპაჰანელი ეპისკოპოსი ჩამოდის და მრევლს აზიარებს. ჭერი უძველეს მუხის კოჭებს ეყრდნობა, რომლებიც თავის მხრივ სამლოცველო დარბაზში ჩასმულ მუხის ბოძებს უკავიათ. ეკლესიას სადად მოწყობილი საკურთხეველი აქვს. წინა მხარეს მარმარილოს ფილებია ჩაშენებული. მათზე ბიბლიური სცენებია გამოსახული. ეკლესია ძირიძირობამდე დავათვალიერეთ და ქალბატონს მეგზურობისთვის მადლობა გადავუხადეთ.

იმავე სოფელში კიდევ ერთი – წმ. მარიამის სახელობის სომხური ეკლესია ვნახეთ, რომელიც 1613 წელს ერთ მდიდარ სომეხ ვაჭარს აუშენებია. ეს ეკლესია უკეთესად არის მოვლილი. საკურთხეველიც და სამლოცველო დარბაზიც კარგად იყო დასუფთავებული. ამ სამუშაოს ერთი ასაკოვანი სომეხი ქალბატონი ასრულებს, რომელიც ეკლესიის ეზოში მდებარე დამხმარე შენობაში ცხოვრობს. შვილები და შვილიშვილები თეირანში ჰყავს და იშვიათად აკითხავენ. ეკლესიას ლამაზი საკურთხეველი აქვს, რომლის წინ ბიბლიური სცენების ამსახველი მარმარილოს ფილებია ჩალაგებული. კედლებს ხატები ამშვენებენ.

წმ. მარიამის ეკლესია მეუფე მალხაზს განსაკუთრებით მოეწონა და თქვა ამ ეკლესიაში სიამოვნებით ვიმსახურებდიო. „მამაო ჩვენო“-ს ლოცვის შემდეგ ქალბატონს დავემშვიდობეთ და ეკლესიიდან ქუჩაში გამოვედით.

ისევ წვიმდა. მიუხედავად იმისა, რომ გზა ატალახებული იყო, გზის ერთი მონაკვეთი ფეხით გავიარეთ. სოფლის „ბირჟაზე“ წვიმისგან გალუმპული ახალგაზრდები იდგნენ. მოუწყობელი გზებით, გაუმართავი სახლებით, ჩამონგრეული ყორეებით და ეზოებში დაყრილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, მათ შორის კარგა ხნის დაშლილი ტრაქტორებით სოფელი ხოიეგანი 90-იანი წლების კახეთის მიყრუებულ სოფლებს მაგონებდა.

  აკბარის ნათესავები ნაჯაფაბადში

ისპაჰანამდე ხოიეგანის გარდა ნაჯაფაბადში გავჩერდით. იქ აქბარის ნათესავები ცხოვრობენ. აქბარის დის ოჯახს საღამოხანს ვესტუმრეთ. მისი მეუღლე ბატონი რეზა ხოდციანი (ხუციშვილი) ჭიშკართან გამოგვეგება. ნათესავებს ერთად მოეყარათ თავი. მათ შორის იყვნენ აქბარის დედა, დები და დისშვილები. ძალიან ნიჭიერი და სტუმართმოყვარე ხალხია. ბ-ნ რეზას ქალიშვილი შესანიშნავად ხატავს და გამოფენებშიც იღებს მონაწილეობას. როცა მისი შემოქმედებით დავინტერესდით, ნამუშევრები მისაღებ ოთახში სახელდახელოდ გამოფინეს. ფერეიდნელი ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი გავიგეთ. ისინი ირანულ საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობენ. ირანელი ვაჭრები ნისიად მხოლოდ ფერეიდნელ ქართველებს აძლევენ ნებისმიერ პროდუქტს, რადგან იციან, რომ აუცილებლად გადაიხდიან.

ბ-ნ რეზა ხოდციანი (რეზო ხუციშვილი) გვაცნობს ქალიშვილის (მარჯვნივ) ნამუშევრებს.

აქბარის თხოვნით ბ-ნ რეზას ოჯახი ცოტა ხნით დავტოვეთ და ერთი მისი მეგობარი მოვინახულეთ, რომელიც ირან-ერაყის ომის (1980-1988) დროს მძიმედ დაიჭრა და დაინვალიდდა. ცნობილი ფაქტია, რომ სადამ ჰუსეინის ბრძანებით ირაყელმა სამხედროებმა აკრძალული ქიმიური იარღი გამოიყენეს, რის შედეგად უამრავი ირანელი ჯარისკაცი დაიღუპა ან სამუდამოდ დაინვალიდდა. აქბარის მეგობარი სწორედ ქიმიური თავდასხმის მსხვერპლს წარმოადგენდა. მას შემდეგ ძირითადად სახლში უწევს ყოფნა და ოთახებში ჟანგბადის აპარატზე მიერთებული გრძელი ზონდით გადაადგილდება. საბედნიეროდ სახელმწიფო დღემდე ყველა სამედიცინო თუ საყოფაცხოვრებო ხარჯებს უნაზღაურებს. აპარატზე ზონდით შეერთებულმა ჩაი მოგვიმზადა და ტკბილეული მოგვართვა. მეუღლე ჰყავს, მაგრამ ჩვენი იქ ყოფნისას არ გამოჩენილა. მისთვის ერთგვარი ნუგეში და გამხნევება იყო ჩვენი სტუმრობა.

ერთ საათში კვლავ აქბარის ნათესავებთან დავბრუნდით, გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადეთ, დავემშვიდობეთ და ისპაჰანისკენ გავემგზავრეთ. ნაჯაფაბადი ისპაჰანთან ახლოს, 28 კმ.-ში მდებარეობს და ეს მანძილი მცირე დროში დავფარეთ.

აქბარის ნათესავებთან ამირაბადში.

ისპაჰანში გვიან ღამით დავბრუნდით. სასტუმრო “აბასიში” ჰაჯ-ფაიღი და ნამიკი დაგვხვდნენ. ერთად ვივახშმეთ. გასეირნება გვინდოდა, მაგრამ ძალიან დაღლილები ვიყავით და დასვენება ვარჩიეთ.

ვანქის საკათედრო ტაძარი

დილით სასტუმროს ბაღში ვისეირნეთ, საუზმეს შევექეცით და შემდეგ ვანქის „წმინდა მხსნელის“ საკათედრო ტაძარი მოვილოცეთ. ეს ტაძარი სომხებით დასახლებულ ჯულფას რაიონში მდებარეობს.

ვანქის საკათედრო ტაძარი.

ტაძრის ეზო.

შაჰ აბასი I-ის დროს ოსმალეთის იმპერიიდან გადმოსახლებულმა სომხებმა, ერთ-ერთი პირველი სწორედ ვანქის ტაძარი ააშენეს. მშენებლობა 1606 დაიწყო და 1664 წელს გასრულდა. ტაძარს ირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი გუმბათი ადგას. კედლები შთამბეჭდავი ფრესკებით და აღმოსავლური ორნამენტებით არის მოხატული.

ტაძრის შიდა სივრცე.
საკურთხეველი.

ტაძრის ეზოში ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული, სადაც ირანში მცხოვრები სომხების ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთებია გამოფენილი. მრავლად არის წარმოდგენილი საეკლესიო ნივთები, სასულიერო პირების შესამოსლები, მიტრები და კვერთხები.

საინტერესო ექსპონატებს შორის არის შაჰ აბასი I-ის ედიქტი, რომელიც სომხებისთვის ჯულფას ტერიტორიაზე სამოსახლო ადგილების გამოყოფას ეხება. შეიძლება თავის დროზე ჯულფა პერიფერიას წარმოადგენდა, მაგრამ ახლა ისპაჰანის პრესტიჟული და ხალხმრავალი რაიონია.

შაჰ აბასი I-ის ედიქტი.

ვანქის საკათედრო ტაძრიდან კვლავ მდინარე „ზაიანდე რუდისკენ“ გავისეირნეთ. მდინარის დამშრალ კალაპოტზე ხალხი მიმოდიოდა. მეც ჩავხტი და გავიარ-გამოვიარე. მთლად გავიმტვერე. არ მესმის რატომ უნდა იაროს ადამიანმა მტვერში, როცა ხიდით სარგებლობა შეუძლია.

მდ. ზაიანდე რუდის დამშრალი კალაპოტი.

იქვე ახლოს ასაკოვანი ისპაჰანელები ჩაის მიირთმევდნენ და ტკბილად მუსაიფობდნენ. მეუფე მალხაზი მათ ცოტა ხნით გაესაუბრა. არ ელოდნენ ქრისტიანი სასულიერო პირი თუ ასეთი უშუალო იქნებოდა. ჩაით გაუმასპინძლდნენ.

ჩაიზე ისპაჰანელებთან.

“ნაყშ ე ჯაჰანი” – ქვეყნიერების სურათი

აქბარს ვთხოვეთ შაჰ აბასი I-ის სასახლე (უფრო კი მისი შემორჩენილი ნაწილი) “ალი-ყაფუ” ეჩვენებინა. აქბარი თავაზიანად დაგვთანხმდა და ქალაქის ისტორიული ნაწილის სანახავად წავედით. ავტომობილები მოშორებით გავაჩერეთ და კარგა მანძილი ფეხით გავიარეთ. შაჰ აბასი
I-ის სასახლე “ნაყშ ე ჯაჰანის” (სპარს. ქვეყნიერების სურათი) მოედანზე მდებარეობს. 560 მეტრი სიგრძის და 160 მეტრი სიგანის უზარმაზარი მოედანი სასახლით, მეჩეთებით, ბაზრით, სკვერებით და შადრევნებით შაჰმა 1598-1629 წლებში ააშენა. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ამ მოედანს აიათოლა რუჰოლა ხომეინის საპატივსაცემოდ „იმამის მოედანი“ ეწოდა. “ნაყშ ე ჯაჰანი” მართლა შთამბეჭდავი სანახავია. ვინ იცის რა განწყობა ეუფლებოდათ გადმოსახლებულ ქართველებს ამ მოედანთან და განსაკუთრებით შაჰის სასახლესთან მიახლოვებისას… 

შაჰმა აბასი I-მა 4-ჯერ ილაშქრა ქართლ-კახეთში. ომებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ქვეყანა გაპარტახდა. მძიმე ხვედრი სამეფო ოჯახმაც გაიზიარა. თეიმურაზ I-ის დედა – ქეთევან დედოფალი და მისი ვაჟები შაჰის სისასტიკეს შეეწირნენ. თავად თეიმურაზ I-მა სიცოცხლე შაჰ აბასი II-ის დროს ასტრაბადის ციხეში დაასრულა. ერთი ციცქნა საქართველო როგორ გაუმკლავდებოდა ამ უდიდეს და უძლიერეს იმპერიას?!…

ნაყშ ე ჯაჰანი (იმამის მოედანი).

თავდაპირველად ალი ყაფუს (სპარს. მაღალი ჭიშკარი) სასახლე ვნახეთ. ასე ეძახიან შაჰ აბასი I-ის სასახლეს, სადაც ის ცხოვრობდა და საიდანაც იმპერიას მართავდა. სასახლე 5 სართულიანია, თუმცა გრანდიოზულად არ გამოიყურება. მტავარ შესასვლელში ერთი საინტერესო ოთახია. თუ ამ ოთახის რომელიმე კუთხესთან დადგებით და დაიჩურჩულებთ, თქვენს ხმას მთელ ოთახში მკაფიოდ გაიგონებენ. ზედა სართულებზე მოხვეული კიბით ავედით. კედლებს აღდგენილი ორნამენტები ამშვენებენ. ყველა სართულზე კედლებში სადა ბუხრები იყო ჩაშენებული.

შაჰ აბასი I-ის სასახლე (ალი ყაფუ).

მესამე სართულზე ღია აივანია. ამ აივანზე შაჰს წყლის აუზი ჰქონია. როგორც გვითხრეს, შაჰი აივანზე საათობით იჯდა და ფიქრობდა. ვინ იცის, იქნებ საქართველოში ლაშქრობის გეგმებსაც აქ აწყობდა… ვნახეთ შაჰის საძნებელი და მისაღები ოთახები. დარბაზი, სადაც უცხო ქვეყნის ელჩებს იღებდა. უნდა ითქვას, რომ ყველა ოთახი თუ დარბაზი ძალიან სადად გამოიყურებოდა. სასახლის შიდა სივრცე კარგად არ იყო განათებული და ხარისხიანი სურათები ვერ გადავიღეთ. აივანზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. იქაურობა სამშენებლო მასალებით იყო სავსე. მიუხედავად ამისა, მაინც გავედით აივანზე, საიდანაც არა მხოლოდ იმამის მოედანი, არამედ ისპაჰანიც ჩანდა.

შაჰის სასახლიდან მოედნის სამხრეთით, შაჰის მეჩეთისკენ გავემართეთ. მეჩეთს 52 მ. სიმაღლის გუმბათი ადგას. გარედან და შიგნიდან ფერადი მოზაიკური ფილებით არის მოპირკეთებული. კედლებს კალიგრაფიული ორნამენტული წარწერები ამშვენებენ. აქბარი მეჩეთის ცენტრში დადგა და ჩვეულებრივი ხმით დაილაპარაკა. მისი ხმა ამ უზარმაზარი მეჩეთის ყველა კუთხეში ისე ისმოდა, თითქოს გამაძლიერებლები იყო გამოყენებული. 1611 წელს ამ მეჩეთის საძირკვლის ქვა თავად შაჰმა აბასი I-მა დადო, თუმცა მის გასრულებას (1638) ვეღარ მოესწრო. შაჰის მეჩეთი ირანული ისლამური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს.

შაჰის მეჩეთი.

ალი-ყაფუს სასახლის მოპირდაპირე მხარეს, შეიხ ლოთფოლას მეჩეთი მდებარეობს. იგი 1603-1616 წლებში იქნა აგებული. შეიხი ლოთფოლა შაჰ აბასი I-ის სიმამრი იყო და სწორედ მის საპატივსაცემოდ უწოდა ეს სახელი. ვიდრე შაჰის მეჩეთი აშენდებოდა, შაჰი აბასი I და მისი ოჯახის წევრები სალოცავად შეიხ ლოთფოლას მეჩეთში დადიოდნენ. სასახლე მეჩეთთან მიწისქვეშა გვირაბით იყო დაკავშირებული. ამ გვირაბით შაჰის ცოლები და ქალიშვილები სარგებლობდნენ, რათა მათი სახეები ხალხს არ დაენახა.

შეიხ ლოთფოლას მეჩეთი.
შეიხ ლოთფოლას მეჩეთის მოედანი.

სხვათაშორის შაჰ აბასი I-ს 5 ქართველი ცოლი ჰყავდა: ფაჰრიჯაჰან ბეგუმი (ბაგრატ VII-ს ქალიშვილი), თამარ ამილახვარი (ანდუყაფარ ამილახვრის და), დარეჯან ბაგრატიონი (სიმონ I-ის და), ელენე ბაგრატიონი (დავით I-ის ქალიშვილი) და ფატმან სულთან ბეგუმი (გიორგი X-ის ქალიშვილი). ქართველები მოყვრები ვყოფილვართ და რაღას გვერჩოდა?!…:-)

აქბარის ნათესავები ისპაჰანში

საღამოხანს ისპაჰანში აქბარის ნათესავებს ვესტუმრეთ. როცა ავტომობილმა ვიწრო ქუჩისკენ გადაუხვია, მიჯრით მიწყობილი სახლების რიგში ვაზი შევნიშნე და მაშინვე მივხვდი, რომ იქ ქართველები ცხოვრობდნენ. ირანში ყურძენს მხოლოდ ხილად მიირთმევენ ან მისგან ბაქმაზს ამზადებენ. გარდა ამისა, ვაზი ფერეიდნელი ქართველებისთვის წინაპრების სამშობლოს სიმბოლოს წარმოადგენს და ამიტომ ხშირად ეზოებში აქვთ გაშენებული.

ალი ჰუსეინ მოყადასის სახლი.

ამჯერად აქბარის ძმამ, ალი ჰუსეინ მოყადასიმ გვიმასპინძლა. საუბრის მთავარი თემა საქართველო იყო. ფერეიდნელ ქართველებს უზომოდ უყვართ თავიანთი ისტორიული სამშობლო. აქბარის სიძემ (უმცროსი დის მეუღლემ) თავისი დაწერილი ქართული ენის სახელმძღვანელოს “მემეშელე” (მომეშველე, დამეხმარე) ციფრული ვერსია წარმოგვიდგინა, რომლითაც ახლობლების ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის.

მეუფე მალხაზმა ალი ჰუსეინ მოყადასის ოჯახს და მათ ნათესავებს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა: „ბავშვობიდან ჩვენ გვესმოდა ფერეიდნის შესახებ, ფერეიდნელი ქართველების შესახებ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩამოვიდოდით აქ. რაც ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ულამაზესი მხარე, ლამაზი მთები, ძალიან თბილი მიღება უნივერსიტეტში, მეჩეთის ოფისში, ხალხთან ურთიერთობა… რაც ყველაზე მთავარია, ტურისტებისგან განსხვავებით ჩვენ ვხვდებით ხალხს ოჯახებში. ეს ძალიან განსხვავებულია. სულ სხვანაირად ჰხედავ ადამიანის ცხოვრებას, ფიქრს, კულტურას, ადამიანურ ურთიერთობებს“.

სტუმარ-მასპინძლები.

ამ თბილი შეხვედრის შემდეგ კვლავ სასტუმრო „აბასიში“ დავბრუნდით. ჰაჯ-ფაიღი და ნამიკი იქ გველოდებოდნენ. ერთად ვივახშმეთ და შემდეგ კვლავ მდინარე „ზაიანდე რუდი“-ზე გავისეირნეთ. დილით ისპაჰანიდან ყუმში დავბრუნდით. ორ დღეში ერაყში მივემგზავრებოდით. მხოლოდ ნამიკი რჩებოდა ყუმში, რადგან ორივე თვალზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

ერაყი

ნაჯაფი

29 ოქტომბერს დილით ადრე ვისაუზმეთ და თეირანში გავემგზავრეთ. აეროპორტში VIP დარბაზში მოგვათავსეს. იქ ირანის დელეგაცია იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ მაღალი თანამდებობების მქონე საერო და სასულიერო პირები. ირანში ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა სასულიერო პირები სახელმწიფო თანამდებობეს იკავებენ. აიათოლა შაჰრისტანის ერაყში ვიზიტზე ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას უსაუბრია მეუფე მალხაზთან. ირანის დელეგაციას პროფესიით ექიმი ბ-ნი ჰადი ანსარი ხელმძღვანელობდა. ბ-ნი ჰადი ვერცხლისწყალივით იყო, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ზედმეტსახელად „ორგანიზატორი“ შევარქვით.

ჩვენს მიმართ ყველაზე დიდი ყურადღება 92 წლის აიათოლა მურთაზა მუსტაჯაბი ისპაჰანიმ გამოიჩინა. რამდენიმე წელი გერმანიაში უცხოვრია და გერმანულად შესანიშნავად საუბრობდა. ღრმა ასაკის მიუხედავად ხალისიანად გვესაუბრებოდა და ჩვენი იქ ყოფნის გამო სიხარულს გამოხატავდა.

თეირანის აეროპორტის VIP დარბაზში აიათოლა მურთაზა მუსტაჯაბი ისპაჰანისთან ერთად.

რამდენიმე ხანში ჩასხდომა გამოაცხადეს. თვითმფრინავის ბორტზე სიხალვათე იყო და ილუმინატორთან თავისუფალი ადგილი დავიკავე. ასე უფრო მარჯვედ გადავიღებდი სურათებს. ფრენისას აიათოლები ერთმანეთს შეუსვენებლად ესაუბრებოდნენ. დაახლ. 3 საათში თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო. მდინარე ევფრატს და მის ირგვლივ ულამაზეს ფინიკის ჭალას დაბალ სიმაღლეზე გადავუფრინეთ.

მდინარე ევფრატი.

ჩვენი თვითმფრინავი ნაჯაფის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა. ტრაპთან სამხედროები დაგვხვდნენ და VIP დარბაზამდე მიგვაცილეს. მოოქროვილ სავარძლებთან ჩაი, ტკბილეული, წყალი და გამაგრილებელი სასმელები მოგვართვეს.

ნაჯაფის აეროპორტის VIP დარბაზი.

დაცვის უფროსი შემოვიდა, მოგვესალმა და გვითხრა, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის 10.000-მდე სამხედრო იყო მობილიზებული… თავდაპირველად გვეგონა, ეს ციფრი გაბერილი იყო, მაგრამ მერე დავრწმუნდით, რომ მისი ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდა. ბარგის მიღების შემდეგ, ჯიპებში ჩავსხედით და სამხედრო პიკაპების თანხლებით, ნაჯაფის ცენტრისკენ დავიძარით. როგორც პიკაპებზე მყოფი, ისე გზებზე გამწკრივებული კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები, საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ.

აეროპორტიდან ნაჯაფის ცენტრში გამგზავრება.
სამხედროების ექსკორტი.

ქალაქი ნაჯაფი ბაღდადის სამხრეთით დაახლ. 160 კმ.-ში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე მდებარეობს. ეს ქალაქი მე-8 ს.-ში აბასიანმა ხალიფამ ჰარუნ არ-რაშიდიმ იმ ადგილზე ააშენა, სადაც იმამი ალი იყო დაკრძალული. მე-16 ს.-ში ნაჯაფი ოსმალეთმა დაიპყრო, თუმცა ირანს მასზე გავლენა არ დაუკარგავს. ოსმალეთის იმპერიის მმართველები ქალაქს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, რითაც არაბული ტომები სარგებლობდნენ და ქალაქს სისტემატურად არბევდნენ. მე-18 ს.-ში ირანის გავლენა საგრძნობლად გაიზარდა. 1915 წელს ნაჯაფი ოსმალეთის უღლისგან გათავისუფლდა და ბრიტანულ მანდატს დაექვემდებარა. 1918 წელს ნაჯაფელებმა ბრიტანელების წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს, მაგრამ ეს აჯანყება ჩახშობილ იქნა. ამ აჯანყების შემდეგ მრავალმა შიიტმა სწავლულმა დატოვა ნაჯაფი და თავი ირანს შეაფარეს. მათ შორის იყო აიათოლა აბდოლქარიმ ჰაერი იაზდი, რომელმაც ყუმი შიიტური განათლების ცენტრად აქცია.

ნაჯაფში ჩვენი ჯიპი სკმაოდ დაბალი კლასის სასტუმროს წინ გაჩერდა. ჩვენი ბარგი ავტომობილში არ აღმოჩნდა. მძღოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ადმინისტრაციაში პასპორტები მოგვთხოვეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენთვის ნომრები დაჯავშნული არ იყო… კიდევ კარგი სასტუმროს თავისუფალი ნომრები მაინც ჰქონდა. თანხა გადავიხადეთ და ოთახებში გავნაწილდით. ოთახში ზურგჩანთა მოვიხსენი და ფანჯრის გამოსახსნელად ფარდა გავწიე, მაგრამ სად იყო ფანჯარა…?! ფარდა სიმბოლურად ეკიდა კედელზე… ახლა მეორე ფარდასთან მივედი იმ იმედით, რომ იქ მაინც დამხვდებოდა ფანჯარა, მაგრამ ამაოდ… თურმე ოთახებს ფანჯრები სნაიპერების შიშის გამო არ ჰქონდა. ამ უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ სასტუმროში ჰიგიენის საშუალებები სრულად არ იყო.

მეუფე მალხაზი, ჰაჯ-ფაიღი და გელაც უკმაყოფილოები იყვნენ სასტუმროთი, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მშვიდად შეხვდნენ არსებულ სიტუაციას. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯიპის მძღოლს მისამართი შეეშალა და სხვა სასტუმროში მოგვიყვანა. მართალი აღმოვჩნდი. ერთ საათში მოვიდნენ, ბოდიში მოგვიხადეს და მაღალი კლასის სასტუმრო „Qassr al Arabi“-ში (არაბების სასახლე) გადაგვიყვანეს. ჩვენი ბარგი იქ დაგვხვდა. სასტუმროდან იმამ ალის მეჩეთი 5-10 წუთის სავალზე მდებარეობდა. წინა სასტუმროსგან განსხვავებით ოთახში ფარდის უკან ფანჯარა ნამდვილად იყო, მაგრამ ტანსაცმლის კარადა ისე ჰქონდა მიდგმული, გარეთ ძლივს ვიხედებოდი. სასტუმროს გვერდით ავტობუსების გაჩერება იყო, სადაც უამრავი მომლოცველი მიმოდიოდა. ნაჯაფელი მტვირთავები მგზავრებს ბარგის გადატანას ხის ურიკებით სთავაზობდნენ. შედარებით მოკლე ურიკებით მოხუცები და ბავშვებიც გადაჰყავდათ.

სასტუმრო “არაბების სასახლე” (Qassr al Arabi).
ხედი სასტუმროს ფანჯრიდან.
ავტობუსების გაჩერება.
სატვირთე ხის ურიკა.

სასტუმროში კარგად დავისვენეთ, ვივახშმეთ და იმამ ალის მეჩეთში წასასვლელად მოვემზადეთ. ამასობაში მოსაღამოვდა. სასტუმროს გასასვლელში დაცვა დაგვხვდა. ისინი იქ 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ და შენობის დატოვების შემთხვევაში გვერდიდან არ გვშორდებოდნენ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო მათ ხშირად ვუქმნიდი პრობლემებს:-) ერთთავად ფოტოაპარატი მქონდა მომარჯვებული და აქეთ-იქით დავქროდი:-) იარაღასხმული სამხედროები აქოშინებულები დამდევდნენ და ჩემს გამო საყვედურებს მეუფე მალხაზთან გამოთქვამდნენ:-)

დაცვის წევრები.

იმამ ალის მეჩეთი

როგორ უკვე ვთქვი, ჩვენი საასტუმრო იმამ ალის მეჩეთთან ძალიან ახლოს იყო. იქამდე ფეხით 5-7 წუთი გვჭირდებოდა. სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს დიდი სამშენებლო მოედანი მდებარეობდა. როგორც გვითხრეს, იქ მეჩეთები, მედრესეები და საოფისე ფართები შენდებოდა. გზის ორივე მხარეს, საყოფაცხოვრებო ნივთების, ვერცხლეულის, ძვირფასი ქვების და სუვენირების მაღაზიები ერთმანეთზე იყვნენ მიწყობილი. ყველაზე მეტად რამაც გამაოცა ის იყო, რომ მომლოცველებისთვის ხალიჩები პირდაპირ გზებზე ეფინა. ზოგი იჯდა, ზოგიც იწვა და ეძინა. მომლოცველები ფაქტიურად ღია ცის ქვეშ ხალიჩებზე ცხოვრობდნენ. მათ თან ჰქონდათ ჭურჭელი და ელექტრო-ჩაიდნები.

მომლოცველები იმამ ალის მეჩეთის ახლოს ქუჩაში.

და აი, ოქროსფრად მოელვარე იმამ ალის ულამაზესი მეჩეთი გამოჩნდა. თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ადამიანი ამ სილამაზით მოხიბლულიყო. მეჩეთის ეზოს სესასვლელში ფეხსაცმელები გავიხადეთ და სპეციალურ თაროებზე შემოვაწყვეთ. მეჩეთის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ყველას საგულდაგულოდ ამოწმებდნენ, მაგრამ ჩვენ შემოწმების გარეშე გაგვატარეს. როცა ეზოში შევედით, ისეთი განცდა მქონდა თითქოს ზღაპრულ სამყაროში შევაბიჯე. ოქროთი დაფარული მეჩეთის ფასადი, გუმბათი და მინარეთები შუქზე ბრწყინავდნენ. კედლები ლურჯი, მწვანე და ყვითელი კალიგრაფიული და ორნამენტურლი ფილებით იყო მოპირკეთებული. ძირს უძვირფასესი ხალიჩები ეფინა.

იმამ ალის მეჩეთი.
მთავარი შესასვლელი.

ეზო ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთ მხარეს ქალები იყვნენ, მეორე მხარეს კაცები. ქალების მხარეს ქალი-ზედამხედველები მიმოდიოდნენ და თუ ვინმე უხერხულად იჯდა, ან ჰიჯაბი ჰქონდა გასასწორებელი, მხარზე მტვრის საწმენდ ფაფუკ ჯოხს არტყამდნენ. კაცების მხარესაც მსგავსი ჯოხებით “შეიარაღებული” კაცი-ზედამხედველები მიმოდიოდნენ. ისინი ძირითადად ხმამაღალი ლაპარაკისთვის იღებდნენ შენიშვნებს.

საერთო ეზო.
ქალების ეზო.

უეცრად აიათოლა შაჰრისტანის შვილიშვილს, რეზას მოვკარი თვალი და ვანიშნე ჩვენთან მოსულიყო. რეზა გახარებული ჩვენსკენ გამოიქცა. გვითხრა, მამაჩემიც აქ არისო. ვიდრე ერაყში ვიყავით, სულ თან დაგვყვებოდა. გამორჩეული ინტონაციით ეძახდა ჰაჯ-ფაიღს. ვცდილობდი მიმებაძა, მაგრამ არ გამომდიოდა:-)

რეზასთან ერთად.

ჯერ მეჩეთში არ ვიყავით შესულები, როცა ეზოში შუახნის კაცმა პატარა გოგონა გულზე მიხუტებული შემოიყვანა. გოგონას სავარაუდოდ ცერებრალური დამბლა ჰქონდა და დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლო. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მამას ავადმყოფი შვილი ჰყავდა მოყვანილი. მეჩეთის მთავარ შესასვლელთან მამამ გოგონა ორივე ხელით მაღლა ასწია და თვალცრემლიანი ღმერთს მისი ჯანმრთელობისთვის ევედრებოდა. მსგავსი ლოცვა მანამდე არსად მინახავს. ადამიანი დიდი რწმენით, სიყვარულით და იმედით აღავლენდა ლოცვას. როცა აბრაამულ რელიგიებზე და კონკრეტულად ისლამზე მიწევს საუბარი, ხშირად ვიხსენებ ამ ღვთისმოსავი შიიტი კაცის და მისი ქალიშვილის ამბავს.

კაცების ეზო.

მეჩეთში შევედით. სალოცავი დარბაზი სარკეებით იყო მოპირკეთებული. მარმარილოს სვეტების თავებს ლურჯი ფერის წარწერებიანი (ყურანის აიები) ფილები ამშვენებდნენ. სარკეები განათებას ირეკლავდნენ და იქაურობას ზღაპრულ ელფერს აძლევდნენ. ადამიანს თავი ზღაპარში ეგონებოდა…

სალოცავი დარბაზი.

მომლოცველების ნაკადი იმამ ალის მავზოლეუმისკენ მიემართებოდა. შესასვლელთან პოლიციელები იდგნენ და მომლოცველებს ფოტოაპარატის გამოყენებას უკრძალავდნენ. ულამაზესი სარკეებიანი დარბაზის შუაგულში ოქროს მავზოლეუმი იდგა, რომლის ერთ მხარეს კაცები, ხოლო მეორე მხარეს ქალები მოცულობდნენ. შესაბამისად ორივე მხარეს ჰქონდა შესასვლელ-გასასვლელები. მომლოცველების სიმრავლის გამო მავზოლეუმთან მიახლოვება არც ისე ადვილი იყო, თუმცა ჩვენ მაინც შევძელით ახლოს მისვლა. ყველა ცდილობდა მავზოლეუმის ვერცხლის ცხაურისთვის ხელი ჩაეჭიდა და ისე ელოცა. ქალების მხრიდან გოდების ხმა ისმოდა. ისინი იმამ ალის დასტიროდნენ. კაცებიც ტიროდნენ. რადგან ფოტოს გადაღება მკაცრად იყო აკრძალული, იმამ ალის მავზოლეუმის ინტერნეტით მოძიებულ სურათს გთავაზობთ.

იმამ ალის მავზოლეუმი.
https://en.abna24.com/service/pictorial/archive/2016/05/05/752232/story.html

მავზოლეუმიდან სალოცავ დარბაზში გამოვედით. მომლოცველების ჯგუფი მოგვიახლოვდა და თავაზიანად იკითხეს ჩვენთან გასაუბრება თუ შეიძლებოდა. ხალიჩაზე დავსხედით. წრე თანდათან ფართოვდებოდა. ქრისტიანებისთვის მეჩეთში ლოცვა შეიძლება? იმამ ალის პატივს სცემთ? ქრისტიანებს სამი ღმერთი სწამთ? იესო მართლა გააკრეს ჯვარზე? – გვეკითხებოდნენ მომლოცველები და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როცა მეუფე მალხაზი პასუხის გაცემისას ბიბლიის გარდა ყურანის მუხლების ციტირებასაც ახდენდა.

შეხვედრა მომლოცველებთან იმამ ალის მეჩეთში.

როცა იმამ ალის მეჩეთში წასასვლელად ვემზადებოდით, მეგონა ჩვენი ანაფორებით გამოჩენა მომლოცველთა მხრიდან აგრესიას გამოიწვევდა, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, პირიქით, ყველგან კეთილგანწყობას ვგრძნობდით. მომლოცველები პატივისცემის ნიშნად გულზე ხელს იდებდნენ, თავს ხრიდნენ და ისე გვესალმებოდნენ. გულწრფელად ვიტყვი, რომ ვერ წარმომიდგენია ეკლესია, სადაც მუსლიმი სასულიერო პირი შევა და მრევლი მას ასეთი ყურადღებით და პატივისცემით მოეპყრობა. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ იმ ისტორიულ მტრობაში, რაც ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებობს, მხოლოდ ერთ მხარეს არ მიუძღვით ბრალი. ისლამურ სამყაროსაც ბევრი სისასტიკე ახსოვს ქრისტიანების მხრივ ჩადენილი. რა ასოციაციასაც ისლამის და მუსლიმების სახელის ხსენება იწვევს ქრისტიანულ კულტურაში, იმავე ასოციაციას იწვევს ქრისტიანობის და ქრისტიანების სახელი ხსენება ისლამურ კულტურაში.

საუბარი მომლოცველებთან იმამ ალის მეჩეთში.

მომლოცველებთან შეხვედრის შემდეგ რეზამ გვთხოვა მისი ნათესავების საფლავებიც გვენახა, რომლებიც იმამ ალის მეჩეთში არიან დაკრძალულნი. ყველა მათგანი სადამ ჰუსეინის რეჟიმს შეეწირა და მოწამეებად არიან შერაცხულნი. რეზა ამაყად გაგვიძღვა იმ დარბაზისკენ, სადაც მისი დიდი პაპის და პაპის (აიათოლა შაჰრისტანის) ძმების საფლავები მდებარეობს.

სასტუმროში გვიან საღამოს დავბრუნდით და ფოიეში დავსხედით, რაღა ერთმანეთისთვის იმამ ალის მეჩეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა.

ამ წმინდა ადგილის ისტორია მე-8 საუკუნიდან იწყება. თავდაპირველად იმამ ალის საფლავზე გუმბათიანი მავზოლეუმი აბასიანმა ხალიფამ ჰარუნ ალ რაშიდიმ 786 წელს აღმართა. 977 წელს ირანის ბუყიდების დინასტიის წარმომადგენელმა ადუდ ად დაულამ კი მეჩეთი ააშენა. საუკუნეების განმავლობაში მეჩეთს სარეკონსტრუქციო სამუშაოები არაერთხელ ჩაუტარდა. 1742 წელს ნადერ შაჰმა მეჩეთის გუმბათი და მინარეთები მოაოქროვებინა. საუკუნეების განმავლობაში იმამ ალის მეჩეთს მილიონობით შიიტი და არა მომლოცველი სტუმრობს. სამწუხაროდ ამ წმინდა ადგილს მხოლოდ მშვიდობიანი მომლოცველობა არ უკავშირდება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2006 წლამდე აქ არაერთ სისხლიან დაპირისპირებას და ტერორისტულ აქტს ჰქონდა ადგილი, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.   

ალ-ღადირის ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა

დილით მეუფე მალხაზისთვის უნდა გამევლო და საუზმეზე რესტორანში ერთად ავსულიყავით. ლიფტში სამ ახალგაზრდა მუსლიმს შევეჩეხე. მათგან ერთი ქალი იყო და ორი მამაკაცი. აშკარად ევროპული იერი ჰქონდათ. დამტვრეული ინგლისურით გამოველაპარაკე. ისლამზე მოქცეული ესპანელები აღმოჩნდნენ. ნაჯაფში ალ-ღადირის ფესტივალზე დასასწრებად ჩამოსულან. გულმა ვერ მომითმინა და ისლამზე მოქცევის მიზეზებზე ვკითხე. ქალმა მკაცრი გამომეტყველებით მიპასუხა, რომ მათი ეს ნაბიჯი ქრისტიანების არასწორი ცხოვრების წესმა განაპირობა, რადგან ქრისტიანების უმრავლესობას მხოლოდ სიტყვით სწამს და არა საქმით. საუბარში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო და დაამატა – მუსლიმები ქრისტიანებისგან განსხვავებით თავიანთი რწმენის ერთგულები არიან და მორალურ-ზნეობრივი ცხოვრებით, ქრისტიანებზე მაღლა დგანანო.

რესტორანი სასტუმროს ბოლო, მე-5 სართულზე მდებარეობდა. იქიდან მდინარე ევფრატი ხელისგულივით ჩანდა. შორს, მდინარის მარჯვენა ნაპირთან ვადი ას-სალამის სასაფლაოს დანახვაც შეიძლებოდა, სადაც 2 მლნ.-ზე (ზოგიერთი წყაროთი 5 მლნ.) მეტი ადამიანია დაკრძალული. მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ შიიტ მუსლიმებს სურთ იმამ ალის საფლავთან ახლოს ჰპოვონ განსასვენებელი, რათა აღდგომისას მასთან ერთად აღდგნენ მკვდრეთით. უამრავი შიიტი ტოვებს ვადი ას-სალამის სასაფლაოზე დაკრძალვის ანდერძს. სამწუხაროდ დაცვამ ამ სასაფლაოს ნახვაზე კატეგორიული უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ იქ უამრავი შეიარაღებული ტერორისტი აფარებდა თავს.

მდინარე ევფრატი.

საუზმის შემდეგ სასტუმროს ფოიეში დავსხედით. იქვე აიათოლა შაჰრისტანის ძმა იჯდა და ირანელ აიათოლებს ელოდებოდა. თავად გაგვეცნო და ერთხანს ვისაუბრეთ. მისგან უფრო მეტი გავიგეთ სადამ ჰუსეინის მიერ შაჰრისტანების ოჯახის დევნასთან დაკავშირებით. ამასობაში აიათოლებიც მოვიდნენ. მათ ერთი ერაყელი აიათოლა მოჰყვათ, რომელიც იმით დავიმახსოვრეთ, რომ ჩალმის ნაცვლად განსხვავებული ქუდი ეხურა, რომელიც მჭიდროდ ჰქონდა თავზე მორგებული. სახელიც შესაფერისი შევარქვით ” ქუდი რო უჭერს ის კაცი”:-) აიათოლები სასაუბროდ ცალკე დასხდნენ. ჩვენ კი ერთმანეთთან საუბარი გავაგრძელეთ. ჰაჯ-ფაიღმა წვერის გაშვების სურვილი გამოთქვა.

მინდა თქვენნაირი წვერი მქონდეს, მაგრამ შავი წვერი მაქვს და არ მომიხდებაო – ეუბნება ჰაჯ-ფაიღი მეუფე მალხაზს.

მეც შავი წვერით დავიწყეო – უპასუხა მეუფემ:-)

მალევე აიათოლებთან ერთად ალ-ღადირის ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე წავედით. ალ-ღადირი მექასა და მედინას შორის მდებარე ტერიტორიაა, სადაც გადმოცემით წინასწარმეტყველმა მუჰამედმა იმამ ალის ხელი ჩასჭიდა, მაღლა შემართა და თემის წინაშე თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ალ-ღადირის სიმბოლოს სწორედ ორი შემართული ხელი წარმოადგენს. ეს ამბავი 632 წლის 16 მარტით თარიღდება.

ფესტივალის ჩატარება მეჩეთის ეზოში იყო დაგეგმილი. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ქააბას (კუბის ფორმის შენობა, რომელიც ისლამური გადმოცემით აბრაამმა და მისმა ძემ, ისმაელმა ააგეს) და ალ-ღადირის (ორი შემართული ხელი) დეკორაციები იდგა. სცენაზე სხვა ქვეყნების მინიატურულ დროშებთან ერთად საქართველოს დროშაც იყო გამოფენილი.

საორგანიზაციო კომისიის შეხვედრის მონაწილეები.
საქართველოს დროშა ფესტივალის სცენაზე.

საორგანიზაციო კომისიის წევრები საორგანიზაციო საკითხებზე საგულდაგულოდ მსჯელობდნენ. შეხვედრას იმამ ალის მეჩეთის სამდივნოს წევრი ალი ალ-ჰაჯი უძღვებოდა. როგორც მან განაცხადა, სტუმრები 34 ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები. მათ უმრავლესობას მეცნიერები და სასულიერო პირები შეადგენდნენ. 2 დღიან ფესტივალზე სულ 8 შეხვედრა იყო დაგეგმილი. ამ შეხვედრებზე 160-მდე სამეცნიერო მოხსენება უნდა გაკეთებულიყო. ცხადია ეს შეხვედრები იმამ ალის მეჩეთის გარდა სხვა ლოკაციებზეც იყო გადანაწილებული.

საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა იმამ ალის მეჩეთში.

ბ-ნმა ალი ალ-ჰაჯიმ მადლობა გადაგვიხადა ფესტივალში მონაწილეობისთვის. ამ შეხვედრას ჩვენს გარდა ერთი სირიელი არაბი პასტორიც (თეთრ პერანგში) ესწრებოდა. სამწუხაროდ მასთან გასაუბრება ვერ შევძელით, რადგან ჩვენთან პრესის წარმომადგენლები მოვიდნენ. შეხვედრის შემდეგ მეჩეთის ერთ დარბაზში ჩაიზე და ხილზე მიგვიპატიჟეს. იქ ჰაჯ-ფაიღის მეგობარი მუჰამადი გავიცანით, რომელიც ნაჯაფის ძველი ბიბლიოთეკის დირექტორია და რომელსაც ბიბლიოთეკა არაერთხელ აქვს დარბევას გადარჩენილი.

მუჰამადთან (ჰაჯ-ფაიღის მარცხნივ) ერთად იმამ ალის მეჩეთში.

იესო მარიამი ძე

იმამ ალის მეჩეთში წახემსების შემდეგ რესტორანში დაგვპატიჟეს. აღმოსავლური კერძების სურნელი შორიდანვე იგრძნობოდა. დარბაზი ხალხით იყო სავსე. ყველა მზად იყო ჩვენთვის რიგი დაეთმო, მაგრამ კატეგორიულ უარს ვამბობდით. ვიდრე რიგი მოგვიწევდა, დარბაზი შემოვიარე. როცა დავბრუნდი, მეუფე მალხაზი მეუბნება:

მოდი ვინ უნდა გაგაცნო, ეს იესოა, მარიამის ძე!

რაო?! –  გამიფართოვდა თვალები.

ჰო, იესო მარიამის ძე! (არაბულად ისა ბინ მარიამ)

ამ დროს ვხედავ მეუფის გვერდით ერთი არაბი კაცი დგას და იღიმის.

დიახ, მე ვარ იესო მარიამი ძე – ამბობს ინგლისურად.

მამამისს რა ჰქვია? უნებლიედ ვიკითხე.

იოსები ნამდვილად არ ჰქვია! – სიცილით მიპასუხა მეუფემ და თან დასძინა – ისე, დედამიწის ამ ნაწილში ხანდახან უმამოდაც ხდება ეგეთი რაღაცეებიო:-)

როგორც იესო მარიამის ძემ გვითხრა, შიიტი მუსლიმები განსაკუთრებულ პატივს სცემენ იესოს და დედამის მარიამს, რომელიც სხვათაშორის ერთადერთი ქალია, რომელიც ყურანში იხსენიება. ერაყში ორივე სახელი მეტად პოპულარული ყოფილა. რას არ გაიგებს კაცი…

ალ-ღადირის საერთაშორისო ფესტივალი

მომდევნო დღეს საღამოხანს, იმამ ალის მეჩეთში ალ-ღადირის ფესტივალის გახსნაზე მივედით და ადგილები სცენის შორიახლო დავიკავეთ. ყველას მწვანე ფერის კაშნეები ჩამოგვირიგეს. ისლამში მწვანე ფერი წინასწარმეტყველ მუჰამედის და სამოთხის ფერად არის მიჩნეული. მალე ჩვენს ირგვლივ სკამები შეივსო. ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე მოვიდნენ და მე და მეუფე მალხაზს საპატიო სტუმრების რიგში გვთხოვეს გადასვლა. იქ ყველა სავარძლის წინ სკამ-მაგიდები ედგა, რომელზეც ყურსასმენები, სველი ხელსახოცების შეკვრები, წყლის ბოთლები და ტკბილეულის კონტეინერები ეწყო. ჩაი კი დრო და დრო დამხმარე პერსონალს მოჰქონდა. ძალიან მაგარია, როცა მოხსენებებს უსმენ და თან ჩაის და ტკბილეულს შეექცევი…:-)

ფესტივალის გახსნის ცერემონიალი ის იყო იწყებოდა, როცა მეუფე მალხაზი საპატიო სტუმრების რიგიდან სცენაზე მიიწვიეს, სადაც მომხსენებლები და საგანგებო სტუმრები ისხდნენ. უნდა ითქვას, რომ გელამ იმარჯვა და შესანიშნავი ფოტოსურათები გადაიღო. ფესტივალის ფოტოებს შორის, რასაც ქვემოთ გთავაზობთ, ნაწილი გელას გადაღებულია, ხოლო ნაწილი “Bilad News”-ის გავრცელებული.

მომხსენებლები იმამ ალის პიროვნებას და მის ღვაწლს ფართოდ აშუქებდნენ. საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ ალ-ღადირის მნიშვნელობაზე. მოხსენებით სირიელი პასტორიც გამოვიდა და ის ესპანელი მუსლიმი ქალიც, რომელიც სასტუმროს ლიფტში თავის სულიერ ძმებთან ერთად გავიცანი.

ფესტივალი 4 საათს გაგრძელდა. საერთოდ არ დავღლილვარ, რადგან ჯერ ერთი ულამაზეს გარემოში ვიმყოფებოდი, მერე საინტერესო მოხსენებებს ვისმენდი და იმავდოულად ჩაის და ტკბილეულს შევექცეოდი. გამაოცა ფესტივალის მონაწილეების მოსმენის მაღალმა კულტურამ. მოხსენებების მსვლელობისას გადალაპარაკების ხმას ვერ გაიგებდით.

ირანელ და სირიელ სტუმრებს შორის.

ფესტივალის მსვლელობისას მეჩეთის მთელი პერიმეტრი, ასევე კედლები და გუმბათის ძირი შეიარაღებული სამხედროებით იყო სავსე. ეს ჩვენთვის ჩანდა უცხოდ, თორემ არაბული სამყაროსთვის ჩვეულებრივი ამბავია.

ფესტივალის ბოლოს მეუფე მალხაზთან 14 სხვადასხვა სატელევიზიო არხის ჟურნალისტები მოვიდნენ და ინტერვიუები აიღეს. მეუფემ იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის საერთო ძირებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამივე აბრაამული რელიგია ერთი ოჯახიდან იღებს სათავეს და ამიტომ მათ შორის მტრობის ნაცვლად მშვიდობა და მეგობრობა უნდა სუფევდეს. მომდევნო დღეს ჟურნალისტებმა გვითხრეს, რომ მეუფე მალხაზის ინტერვიუ დაახლ. 20-მა მილიონმა მუსლიმმა ნახა…

ფესტივალის მეორე დღეს იმამ ალის მეჩეთში მოხსენებები დილიდანვე დაიწყო. წინა საღამოსგან განსხვავებით წამყვანი მომხსენებლებს საშუალებას არ აძლევდა მოხსენებები ბოლომდე წაეკითხათ. ამასობაში სადილის დროც მოვიდა და ხანგრძლივი შესვენება გამოცხადდა. განრიგის მიხედვით შეხვედრა საღამოხანს პოეტების გამოსვლით უნდა განახლებულიყო. საკმაო დრო გვქონდა იმისათვის, რომ ქალაქში გაგვესეირნა. თუ სად გავისეირნეთ, ამის შესახებ ქვემოთ მოგიყვებით. მანამდე კი გეტყვით, რომ პოეზიის საღამო მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. მგოსნები დიდი პათოსით კითხულობდნენ ლექსებს იმამ ალიზე, მის ღვთისმოსაობაზე და მოწამეობრივ აღსასრულზე. ლექსების შინაარსი არ მესმოდა. სამაგიეროდ არაბული ლექსის რითმა იყო სასიამოვნო მოსასმენი. ალ-ღადირის ფესტივალი გვიან საღამოს გასრულდა. სასტუმროში მეტად პოზიტიური შთაბეჭდილებებით დავბრუნდით.

„ძია ლენინი“

როგორც უკვე ვთქვი, ფესტივალზე ხანგრძლივი შესვენება გამოცხადდა. პროგრამა საღამოხანს უნდა განახლებულიყო. სადილის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით. ფოიეში ჰაჯ-ფაიღის მეგობარი მუჰამადი დაგვხვდა და ბიბლიოთეკის ნახვა შემოგვთავაზა. დაცვის წევრებს ვუთხარით, რომ სასტუმროსთან ახლოს საქმე გვქონდა და მათი წამოსვლა საჭირო არ იყო. გამოვედით თუ არა, მცირე მანძილი გავიარეთ და მარჯვნივ ერთ ვიწრო და მტვრიან ქუჩას დავადექით. დაბალი და სანახევროდ გამართული ბეტონის სახლები ერთმანეთზე იყო მიდგმული. ზოგიერთი სახლის წინ წყლის რეზერვუარები იდგა და დიასახლისები ჭურჭელს ეზოში რეცხავდნენ. გზაზე მტვერში ამოსვრილი ბავშვები თამაშობდნენ. ჩემი ყურადღება დენის ბოძებზე ახლართულმა სადენებმა მიიქციეს. საკვირველია ერთმანეთისგან როგორ არჩევდნენ, რომელი სადენი ვისი იყო…:-) 90-იანი წლების თბილისი გამახსენდა…

ხალხმრავალი ქუჩა ჩვენს სასტუმროსთან ახლოს.
ელექტროსადენების ბოძი.
ელექტროსადენებით დაქსელილი ქუჩა.

ერთ ქუჩაზე ორი ნახევრად დანგრეული სახლი ერთმანეთის გვერდით იდგა. მოჩუქურთმებული შუშაბანდები ჰქონდათ. მუჰამადმა გვითხრა, ეს სახლები ფერეიდნელი ქართველების აშენებულიაო. იმამ ალის მეჩეთიც ფერეიდნელ ქართველებს მოუპირკეთებიათ.

გზაში მუჰამადის ნაცნობები გვხვდებოდნენ და ჩვენს შესახებ ეკითხებოდნენ. ერთი სეიდი შეგვხვდა და მუჰამადს გამოელაპარაკა. როცა გაიგო ვინ ვიყავით და სად მივდიოდით, ჩვენთან ერთად წამოსვლა გადაწყვიტა.

ბიბლიოთეკის გზა.

რამდენიმე წუთში სამსართულიან შენობას მივადექით. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს შენობა ბიბლიოთეკა იქნებოდა. ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი მეგონა. სეიდი ბიბლიოთეკასთან დაგვემშვიდობა და გზა გააგრძელა. მუჰამადი ხის ვიწრო კარით ბნელ შენობაში შეგვიძღვა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ჭერიდან ორი სართულის ქვემოთ დაშვებული ძველის-ძველი ჭაღი აანთო. სამკითხველო დარბაზში ავედით.

ნაჯაფის ძველი ბიბლიოთეკა.

მუჰამადს ქართულენოვანი წიგნების შესახებ ვკითხე და მიპასუხა არ გვაქვსო. ვიდრე მეუფე მალხაზთან საუბრობდა, მე და გელამ მტვრიან თაროებს ჩამოვუარეთ და წიგნები დავათვალიერეთ. უეცრად ქართული წარწერას მოვკარი თვალი. წიგნს ეწერა: „ვ. ი. ლენინის ბიოგრაფია“… მაშინვე არ გავამხილე ეს “საიდუმლო” და წიგნების დათვალიერება გავაგრძელე. ამჯერად ქართული ლექსების კრებულს გადავაწყდი, რომელიც ასევე ვ. ი. ლენინს ეძღვნებოდა…

ამ ორი ქართული წიგნით ხელდამშვენებული დავბრუნდი მეგობრებთან. მეუფე მალხაზმა წიგნებს დახედა, გაიღიმა და კრებულიდან “დიდ ბელადზე” ლექსი ყელმოღერებულმა გამოთქმით წაიკითხა:

„ვინ გვიცქერის სურათიდან, მშობლიური ალერსით,

ვის მივაჩნდით მეგობრად, ვის ვუმღერით ხალისით,

ლენინს ძიას საყვარელს, ლენინს მუდამ სანატრელს“!…

ხმამაღლა ვხარხარებდით. მუჰამადი გაკვირვებული გვიყურებდა. ვერ გაეგო მეუფე მალხაზი რას კითხულობდა და რატომ ვხარხარებდით. ჩემი ბავშვობა გამახსენდა, როცა ყვარლის მე-2 საშუალო სკოლის მოწაფეებს ლენინზე ლექსებს გვასწავლიდნენ. შემდეგ თეთრ პერანგებზე პიონერის ყელსახვევებს გავიკეთებდით და ამ ლექსებს სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოთქმით ვამბობდით. ნაჯაფის ბიბლიოთეკაში კიდევ 9 ქართული წიგნი აღმოვაჩინე, მათ შორის – გრიგოლ აბაშიძის „დიდი ღამე“, დიმიტრი თუმანიშვილის ლექსების კრებული, ჯიმშერ მუჯირის „მუსიკის სახელმძღვანელო“, „რუდაქი 1100“ და სხვ. როგორც ჩანს ბიბლიოთეკას ეს წიგნები საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა მიღებული და მუჰამადმა ეს არ იცოდა.

ბიბლიოთეკიდან კვლავ სასტუმროში დავბრუნდით, დავისვენეთ და ალ-ღადირის ფესტივალის დახურვაზე იმამ ალის მეჩეთისკენ კვლავ დაცვის თანხლებით გავემართეთ. ამჯერად დაცვა აქეთ-იქით სირბილით აღარ გამიწვალებია:-)

იმამ ალის მეჩეთისკენ მიმავალი გზა.

შეხვედრები ნაჯაფში

ნაჯაფში რამდენიმე საინტერესო შეხვედრაში მივიღეთ მონაწილეობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დიდ აიათოლასთან, სეიდ მუჰამად ზაიდ ალ-ჰაქიმთან შეხვედრა, რომელიც 24 ავტორიტეტულ სწავლულთან ერთად ფატვას (ისლამური რელიგიურ-სამართლებრივი კანონი) გამოსცემს. აიათოლა ალ-ჰაქიმი იმითაც არის ცნობილი, რომ მას 2004 წელს ამანის დეკლარაციაზე აქვს ხელი მოწერილი. ეს დეკლარაცია იორდანიის მეფემ აბდულა II-მ გამოსცა. მასში ტერორიზმი მკაცრად არის დაგმობილი და რელიგიებს და კულტურებს შორის ტოლერანტული ურთიერთობების შენების აუცილებლობაზეა საუბარი.

სეიდი აიათოლა მუჰამად ზაიდ ალ-ჰაქიმი.
Source: https://en.wikipedia.org/wiki/File:Muhammed_Saied_Al-Hakeem.JPG#filelinks

აიათოლას სახლში ვესტუმრეთ. შესასვლელშივე გაგვაფრთხილეს ფოტოსურათი არ გადაგვეღო. მსახურები ვიწროფანჯრებიან გრძელ თეთრ დარბაზში შეგვიძღვნენ. აიათოლასთან შეხვედრის მოლოდინში ხალიჩაზე დავსხედით. ჩაი და ტკბილეული მოგვართვეს. რამდენიმე წუთში მოხუცი აიათოლა ხელჯოხით დინჯად შემოვიდა, თავაზიანად მოგვესალმა და ხალიჩაზე დაბრძანდა. ნახევარი საათის განმავლობაში მშვიდობის თემაზე და ერაყში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს აიათოლამ სტუმრობისთვის მადლობა გადაგვიხადა და გულთბილად დაგვემშვიდობა.

იმავე ქუჩაზე, ცოტა მოშორებით, აიათოლა მუჰამად იშაქ ალ-ფაიაზს ვესტუმრეთ. უაღრესად განათლებული და იუმორით სავსე აიათოლა ავღანეთში დაიბადა და გაიზარდა. ის შიიტურ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. აიათოლა ალ-ფაიაზიც იმ 24 სწავლულს შორის არის, რომლებიც ფატვას გამოსცემენ და მასაც აქვს ამანის დეკლარაციაზე ხელი მოწერილი.

აიათოლა მუჰამად იშაქ ალ-ფაიაზი.

აიათოლამ გულთბილად მიგვიღო. ძალიან გახსნილი და სტუმართმოყვარე ადამიანია. რელიგიურ თემებზე ხუმრობდა და სტუმრებს ახარხარებდა. წესით ჩვენს უნდა გვეხარხარა, მაგრამ იმ ანეგდოტების კონტექსტს არ ვიცნობდით და ამიტომ არ გვეცინებოდა:-) რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მან რელიგიის და სახელმწიფოს გამიჯვნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრას ერთი მგოსანი ესწრებოდა. მის მოვალეობას დრო და დრო იმამ ალიზე სამგლოვიარო შინაარსის ლექსების თქმა შეადგენდა. ამ დროს ყველა მდუმარედ ხრიდა თავს. ზოგს თვალზე ცრემლი ადგებოდა. ოდნავ ღიმილისმომგვრელი იყო “ორგანიზატორის” ქცევა, რომელიც ლექსის კითხვისას აქეთ-იქით იყურებოდა და იქ მყოფების რეაქციებს აკვირდებოდა, ხოლო შემდეგ მეყსეულად იწყებდა ქვითინს. ლექსის გასრულებისთანავე კი ასევე მეყსეულად კვლავ მხიარულ განწყობაზე დგებოდა.

აიათოლა ალ-ფაიაზთან ერთი საათი გავჩერდით. მან უფროსი ვაჟი გაგვაცნო. ისიც სასულიერო პირია. შეხვედრის შემდეგ სურათები გადავიღეთ. აიათოლა და მისი ვაჟი გულთბილად დაგვემშვიდობნენ. ავტომანქანებში ჩავსხედით და კიდევ ერთ შეხვედრაზე გავემგზავრეთ.

შუაში აიათოლა მუჰამად იშაქ ალ-ფაიადის უფროსი შვილი.

შემდეგი შეხვედრა ერაყის უმაღლესი ისლამური საბჭოს წევრთან, ჰაქიმთა ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელთან სეიდ ამარ ალ-ჰაქიმთან გვქონდა. მამამისი – აბდულ აზიზ ალ-ჰაქიმი და ბიძამისი – მუჰამად ბაქირ ალ-ჰაქიმი, სადამ ჰუსეინის დევნის გამო გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ირანში გაიქცნენ. მათ თან ახლდათ ყმაწვილი ამარ ალ-ჰაქიმიც. 2003 წელს სადამ ჰუსინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისინი კვლავ ერაყში დაბრუნდნენ.

ამარ ალ-ჰაქიმმა განათლება თეირანსა და ყუმში მიიღო. ყუმის უნივერსიტეტში არაბულ ენას და ისლამურ სამართალსაც ასწავლიდა. მან დააარსა ალ-ჰაქიმთა ფონდი, რომელიც ამ დროისთვის ერაყის უდიდეს სამოქალაქო ორგანიზაციას წრმოადგენს. ეს ორგანიზაცია ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს, სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს აწყობს და რელიგიურ დიალოგში აქტიურად არის ჩართული. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ამარ ალ-ჰაქიმი დიდი ავტორიტეტის სარგებლობს ერაყში.

შავი ჩალმით სეიდი ამარ ალ-ჰაქიმი.

შეხვედრაზე ამარ ალ-ჰაქიმმა ერაყში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოკლედ ისაუბრა, ხოლო შემდეგ დრო კითხვა-პასუხებს დაეთმო. შეხვედრას ბ-ნი ჰადი ანსარი უძღვებოდა. საუბრისას ამარ ალ-ჰაქიმმა კედლის საათს გაჰხედა და თქვა ლოცვის დრო მოსულაო. აიათოლები წამოიშალნენ და სალოცავი დარბაზისკენ გაემართნენ. ჩვენს მათთან ერთად წავედით. ის იყო სალოცავად მოეწყვნენ, რომ აიათოლებმა თავიანთ რიგებში მეუფე მალხაზი შენიშნეს. არასოდეს დამავიწყდება მათი გაკვირვებული სახეები. რას წარმოიდგენდნენ, რომ ქრისტიანი ეპისკოპოსი შიიტური წესით ილოცებდა. ლოცვისას მეუფე მალხაზის ყურებაში წინა რიგში მდგომ ერთ აიათოლას კინაღამ თავიდან ჩალმა ჩამოუვარდა. მეუფე მალხაზი მის მიმართ გამოვლენილ ცნობისმოყვარეობას არ იმჩნევდა. მე ამ დროს კართან ვიდექი და ცოტა არ იყოს უხერხულად ვგრძნობდი თავს, რადგან ჩემს გარდა ყველა შიიტური წესით ლოცულობდა. ლოცვის გასრულების შემდეგ კვლავ მისაღებ დარბაზში დავბრუნდით და სეიდ ამარ ალ-ჰაქიმს დავემშვიდობეთ.

მეტად საინტერესო შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერთან აიათოლა ალი ას-სისტანისთან, მაგრამ ჩვენი იქ ყოფნისას აიათოლა შეუძლოდ გახდა და ეს შეხვედრა აღარ შედგა.

აითოლა მუჰამად ბაქირ ალ-ჰაქიმის საფლავი

ირანელ აიათოლებს ნაჯაფში აიათოლა მუჰამად ბაქირ ალ-ჰაქიმის საფლავის მოლოცვა ჰქონდათ დაგეგმილი. ბ-ნმა ჰადი ანსარიმ ჩვენც შემოგვთავაზა აიათოლებთან ერთად წასვლა.

აიათოლა მუჰამად ბაქირ ალ ჰაქიმი (1939-2003) სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიან სასულიერო პირს წარმოადგენდა ერაყში. როგორც ზემოთ ვთქვი, ის ამარ ალ-ჰაქიმის ბიძა იყო. მან დევნილობაში თითქმის 20 წელი გაატარა. სადამ ჰუსეინის რეჟიმს მისი 5 ძმა და ნათესავები შეეწირნენ. მუჰამად ბაქირ ალ-ჰაქიმმა ერაყის ისლამური რევოლუციის უმაღლესი საბჭო დააარსა, რომელიც დიქტატორულ რეჟიმს წინააღმდეგობას უწევდა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაემხობის შემდეგ (2003) ის ერაყში დაბრუნდა, თუმცა მალევე ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა. მის ახლოს დანაღმული ავტომანქანა იმ დროს აფეთქდა, როცა პარასკევის ლოცვის შემდეგ იმამ ალის მეჩეთიდან თანმხლებ პირებთან ერთად გამოვიდა.

აიათოლა მუჰამად ბაქირ ალ-ჰაქიმის საფლავი.

აიათოლა მუჰამად ბაქირ ალ-ჰაქიმის საფლავი მშენებარე მეჩეთში მდებარეობს. აიათოლებმა საფლავთან სიტყვა თქვეს და აიათოლა ალ-ჰაქიმის ღვაწლი გაიხსენეს. მეჩეთში რამდენიმე მლოცველიც იმყოფებოდა. ისინი ჩვენს ჯგუფს შემოუერთდნენ და აიათოლებს უსმენდნენ.

ნაჯაფის უძველესი მედრესე

კვლავ ნაჯაფის ცენტრისკენ გავემგზავრეთ და უძველესი მედრესე ვნახეთ, რომელიც მე-10 საუკუნეში იქნა დაარსებული. ამ მედრესეში თავის დროზე აიათოლა რუჰოლა ხომეინი და აიათოლა მუჰამად ბაქირ ალ-ჰაქიმიც სწავლობდნენ. თავდაპირველად მედრესეები მხოლოდ მეჩეთებთან ფუნქციონირებდნენ და წმინდა ყურანი, ისლამური სამართალი ჰადისები ისწავლებოდა. მოგვიანებით საერო მედრესეებსაც ჩაეყარა საფუძველი, სადაც საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნების სწავლება დაიწყეს. მედრესეები ირანში, ერაყში და მთელს ახლო აღმოსავლეთში განათლების უმნიშვნელოვანეს კერებს წარმოადგენდნენ.

ნაჯაფის უძველესი მედრესე (მე-10 ს.).

უძველეს მედრესეში სასწავლო პროცესი იმგვარად მიმდინარეობდა, როგორც მე წარმომედგინა. მოძღვარ-მოწაფეები ხალიჩაზე ჯგუფებად ისხდნენ და წმინდა ყურანს ისე სწავლობდნენ. მოძღვარი აიებს კითხულობდა და შემდეგ განმარტავდა. მოწაფეები მოძღვარს შეკითხვებს უსვამდნენ და პასუხებს ყურადღებით ისმენდნენ.

ყურანის შესწავლა ნაჯაფის უძველეს მედრესეში.

რამდენიმე ჯგუფში დისკუსია მიმდინარეობდა. მოძღვარ-მოწაფეები იმდენად იყვნენ დისკუსიაში ჩართულები, რომ ჩვენთვის ყურადღება საერთოდ არ მოუქცევიათ.

                                                                  ქუფა

ერთ დილით ქუფაში ავტობუსით გავემგზავრეთ. ეს ქალაქი ნაჯაფიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ.-ში მდინარე ევფრატის ნაპირზე მდებარეობს და მთელი ისლამური სამყაროსთვის წმინდა ქალაქს წარმოადგენს. აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ძველი მეჩეთი, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდება და მას დიდ მეჩეთს უწოდებენ. 661 წლის 26 იანვარს იმამი ალი სწორედ ამ მეჩეთში ლოცვისას მოკლეს. მას ხარიჯიტი (არაბ. მეამბოხე. მიმდინარეობა ისლამში) აბდ ალ-რახმან იბნ მულიამი დაესხა თავს და მოწამლული მახვილით მოკლა. მას შემდეგ ქუფა წმინდა ქალაქად გამოცხადდა და ყოველ წელს აქ მილიონობით მომლოცველი ჩამოდის.

ნაჯაფიდან ქუფამდე მოღრუბლული ამინდი იყო. ქუფაში გაწვიმდა კიდეც. ქალაქში ძალიან ბევრი მომლოცველი იმყოფებოდა. გვერდით ჩავუარეთ დიდ მეჩეთს, სადაც იმამი ალი იქნა მოკლული. სამწუხაროდ ჩვენი პროგრამა მეჩეთის ნახვას არ ითვალისწინებდა და ამიტომ ავტობუსი იქ არ გაჩერებულა. მაღალი გალავნის გამო მეჩეთის გუმბათის მხოლოდ ნაწილი დავინახე და როგორც შევძელი სურათი გადავუღე.

ქუფა.
ქუფას დიდი მეჩეთი (მე-7 ს.).

ჩვენი ავტობუსი, ქუფას სპორტული დარბაზის შესასვლელთან გაჩერდა, სადაც ალ-ღადირის დღესასწაულთან დაკავშირებით კონფერენცია იმართებოდა. უსაფრთხოების მიზნით მონაწილეებს დეტექტორებში უნდა გაევლოთ. ჩვენ შემოწმების გარეშე გაგვატარეს. სპორტული დარბაზი თეთრი ჩალმებით ბამბასავით იყო გადაპენტილი. ქალები ცალკე ისხდნენ. წინა რიგში დაგვაბრძანეს და ჩაი და ტკბილეული მოგვართვეს.

კონფერენცია სპორტულ დარბაზში.

მოხსენებით სეიდი აიათოლა მუჰამად ზაიდ ალ-ჰაქიმის ვაჟი გამოდიოდა. მამამისისგან განსხვავებით ქარიზმატული პიროვნება ჩანდა. კონფერენციაზე თარჯიმანი არ ჰყავდათ. ჰაჯ-ფაიღი ცდილობდა ჩვენთვის გადაეთარგმნა, მაგრამ დარბაზში ძლიერი ექო იყო და მისი ხმა მომხსენებელს ხელს უშლიდა. ისევე როგორც ნაჯაფში, მოსმენის კულტურა აქაც მაღალი იყო.

მომხსენებლის გამოსვლა.

ქუფაში ამ კონფერენციის გარდა მუსლიმი სასულიერო პირების კონგრესი იმართებოდა, სადაც მეუფე მალხაზი მოხსენებით უნდა გამოსულიყო. სპორტულ დარბაზში ორი “ბეიჯიკიანი” კაცი შემოვიდა და გვთხოვეს გავყოლოდით. მათ კონგრესის შენობამდე უნდა მივეყვანეთ.

სასულიერო პირების კონგრესი ქუფაში.

დარბაზში, სადაც კონგრესი ტარდებოდა, 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მეუფე მალხაზი მონაწილეებს არაბულად მიესალმა და შესავალი სიტყვაც არაბულად წარმოთქვა. როცა ყურანის პირველი სურა – ალ ფათიჰა – არაბულად თქვა, დარბაზში ოვაციები გაისმა. მეუფემ მოხსენება ინგლისურად გააგრძელა. მან რელიგიებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. “წინათ რელიგიებს შორის ურთიერთობა ფუფუნება იყო, ახლა ეს აუცილებლობაა მშვიდობიანი მომავლისთვისო” – თქვა მეუფემ თავის მოხსენებაში.

მეუფე მალხაზის გამოსვლა ქუფას კონგრესზე.

კონგრესის მონაწილეები აღფრთოვანებით უსმენდნენ მეუფე მალხაზს, რომელიც რელიგიებს შორის მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრობდა და დრო და ყურანიდან აიები მოჰყავდა. ისევე როგორც ნაჯაფში, ქუფაშიც მრავლად იყვნენ სატელევიზიო არხების ჟურნალისტები, რომლებმაც მეუფე მალხაზის გამოსვლა ფართოდ გააშუქეს. ქუფაში გაჟღერებულმა სამშვიდობო გზავნილმაც რამდენიმე მილიონი შიიტი მუსლიმის ყურამდე მიაღწია.

სადილი კონგრესის მონაწილეებთან ერთად.

კონგრესის გასრულების შემდეგ სადილად რესტორან “ყატარში” დაგვპატიჟეს. სუფრასთან ორი ბრიტანელი იმყოფებოდა. ერთი მათგანი პასტორი იყო და მეუფე მალხაზს ჩვენი ეკლესიის შესახებ კითხვებს უსვამდა. სადილის გასრულების შემდეგ გარეთ გამოვედით. შორიახლო სირიელი დედა-შვილი მათხოვრობდა. დაგვინახეს თუ არა ჩვენსკენ წამოვიდნენ. ერაყული დინარები აქ გვქონდა და მეუფე მალხაზმა მათ 20 ევრო აჩუქა. მადლობის თქმის ნაცვლად იკითხეს ეს რა ფულიაო.

                                                                  ქარბალა

იმამ ჰუსეინის და ალ-აბასის მეჩეთები

ერთ საღამოს, იმამ ალის მეჩეთში ყოფნისას, სრულიად მოულოდნელად გვითხრეს, რომ ქარბალაში მივდიოდით. მეჩეთის წინ ჯიპები და სამხედრო მანქანები დაგვახვედრეს. ჩვენს ჯიპებს ამჯერად სამხედრო პიკაპების გარდა ჯავშანტრანსპორტიორები მიაცილებდნენ. პიკაპებზე მყოფი ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული სამხედროები, ღამის ხედვის ხელსაწყოებით იყვნენ აღჭურვილი. ნაჯაფიდან ქარბალამდე კი გზის ორივე მხარეს სამხედროები იდგნენ. ჩვენი ექსკორტი ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა, რაც მეტად უცნაური იყო. მძღოლმა აგვიხსნა, რომ სისწრაფეც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობდა.

ქარბალა ნაჯაფიდან 80 კმ.-ში მდებარეობს და შიიტების წმინდა ქალაქს წარმოადგენს. 680 წელს, მუჰარამის თვის (გრეგორიანული კალენდრით ოქტომბერი) მე-10 დღეს, ქარბალაში ხალიფა იაზიდ I-ის მებრძოლებმა ძალაუფლების გამო იმამ ალის და ფატიმას უმცროსი შვილი იმამი ჰუსეინი (626-680) ოჯახის წევრებთან, ნახევარ ძმასთან ალ-აბასისთან (647-680) და მომხრეებთან ერთად (სულ 72 ადამიანი) სიცოცხლეს გამოასალმეს. მოწამეებად შერაცხული იმამი ჰუსეინი და ალ-აბასი ქარბალაში დაკრძალეს. მას შემდეგ ქარბალამ წმინდა ქალაქის სტატუსი შეიძინა. სწორედ ქარბალას დაპრესილი მიწის ქვებს იყენებენ სალოცავად შიიტები მსოფლიოს ყველა კუთხეში და მათ შორის საქართველოში.

აშურას (მუჰარამის თვის მე-10 დღე) სამგლოვიარო პერიოდის მე-40 დღეს, არბაინის (არაბ. „ალ არბა“-ორმოცი) დღესასწაული იმართება, რომლის დროსაც მომლოცველები ერაყის სხვადასხვა ქალაქებიდან ქარბალამდე მსვლელობას აწყობენ. მომლოცველები ქარბალას მოსალოცად ზოგჯერ ფეხით 100 კმ.-ზე მეტს გადიან.

იმამ ჰუსეინის და ალ-აბასის მეჩეთები ერთმანეთს ფართე მოედნით უკავშირდებიან. სწორედ ამ მოედანზე იმართება სამგლოვიარო წესი “შაჰსეი-ვაჰსეი” (შაჰ ჰუსეინ, ვაჰ ჰუსეინ), როცა მომლოცველები იმამ ჰუსეინის მოწამეობრივ სიკვდილს გლოვობენ და მწუხარებას თვითგვემით გამოხატავენ. ყოველწლიურად აქ 20 მილიონამდე მომლოცველი ჩამოდის, რომელთა შორის სუნიტები, ეზიდები და ქრისტიანებიც არიან.

მეჩეთების გარედან გადაღება ვერ შევძელით და ამიტომ ინტერნეტით მოძიებულ ფოტოს გთავაზობთ. სპეციალურად შევარჩიე ღამის ფოტო, რადგან ორივე მეჩეთი სწორედ ღამით ვნახეთ.

იმამ ჰუსეინის და ალ-აბასის მეჩეთები
https://www.middleeastmonitor.com/20161012-aerial-view-of-imam-hussein-shrine-and-imam-abbas-shrine/#jp-carousel-193829

თავდაპირველად იმამ ჰუსეინის მეჩეთში შევედით. მოოქროვილი ფასადი, გუმბათი და მინარეთები თვალისმომჭრელად ბრწყინავდნენ. იმამ ჰუსეინის მავზოლეუმს 684 წელს გუმბათოვანი სახურავი დაადგეს. მას შემდეგ მავზოლეუმი რამდენჯერმე იქნა დანგრეული და კვლავ აღდგენილი. პირველი გრანდიოზული მშენებლობა ამ ადგილზე მე-8 ს.-ში აბასიანთა პირველმა ხალიფამ, აბულ აბას ალ-საფაჰიმ წამოიწყო. 893 წელს მავზოლეუმთან 2 მინარეთი აღმართეს, ხოლო მე-10 ს.-ის ბოლოს მეჩეთი ააშენეს. მე-14 ს.-იდან მინარეთების მოოქროვება დაიწყეს. ეს ულამაზესი მეჩეთი 1991 წელს სადამ ჰუსეინის მებრძოლებმა საგრძნობლად დააზიანეს. მის აღდგენას 4 წელი დასჭირდა. 2004 წლიდან 2012 წლამდე აქ თითქმის 20-მდე ტერაქტი მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

იმამ ჰუსეინის მავზოლეუმის შესასვლელი.
სალოცავი დარბაზი.

მეჩეთში შევედით თუ არა, მაშინვე მომლოცველების ყურადღება მივიქციეთ. ჩვენს შესახებ ხმა ელვის სისწრაფით გავრცელდა. დარბაზში ისმოდა სიტყვა „მასიჰი“, რაც არაბულ ენაზე ქრისტიანს ნიშნავს. იქ გავიგეთ, რომ ირანელ აიათოლებს მთელი 25 წლის განმავლობაში ფეხი არ ჰქონდათ დადგმული ამ წმინდა ადგილზე. მათთვის სადამ ჰუსეინის აუკრძალავს ქარბალას მოლოცვა. ამჯერად ოცნება აუსრულდათ და მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრიღა აშორებდათ იმამ ჰუსეინის აკლდამისგან.

ეს მომენტი განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა 92 წლის აიათოლა მურთაზა მუსტაჯაბი ისპაჰანისთვის, რომელმაც მეჩეთში ფეხი დადგა თუ არა, მაშინვე ატირდა. ძალაგამოცლილმა სიარული ვეღარ შეძლო და სკამი მოითხოვა. ამ დროს მეუფე მალხაზი მის გვერდით აღმოჩნდა, მე კი ორიოდე მეტრის მოშორებით გავჩერდი. აიათოლა ისპაჰანიმ მომლოცველებს თვალი მოავლო, თითქოს მათგან თანაგრძნობას ელოდა, მაგრამ მომლოცველებს მისი განცდები საერთოდ არ აინტერესებდათ. აიათოლამ შენიშნა, რომ მისი მხოლოდ ერთ ადამიანს და ისიც ქრისტიანს ესმოდა… ნელ-ნელა ფეხზე წამოიმართა და აქვითინებული მეუფე მალხაზს გადაეხვია. ამის შემდეგ მეუფე მალხაზისთვის ხელი აღარ გაუშვია. მთელი მეჩეთი მეუფესთან ხელჩაკიდებულმა შემოიარა. ადვილი წარმოსადგენია მუსლიმი მომლოცველების რეაქცია, როცა ჰხედავდნენ თუ როგორც დაატარებდა ქრისტიანი ეპისკოპოსი მხცოვან აიათოლას ხელჩაკიდებული.

აიათოლა მურთზა მუსტაჯაბი ისპაჰანი მეუფე მალხაზთან ერთად.

იმამ ჰუსეინის მავზოლეუმთან მივედით. იქ უამრავი მომლოცველი იმყოფებოდა და არც თუ ისე ადვილი იყო მავზოლეუმთან მისვლა. ყველა ცდილობდა მავზოლეუმის ცხაურისთვის ხელი შეეხო და ისე ელოცა. განსაკუთრებით ემოციური იყო ირანელი აიათოლების ლოცვა. არასოდეს დამავიწყდება მათი სახეები. მოულოდნელად ერთი ახალგაზრდა მივიდა მეუფე მალხაზთან და დალოცვა სთხოვა. მეუფემ ის ხელდადებით დალოცა. სახტად დავრჩი. იმამ ჰუსეინის მავზოლეუმთან შიიტმა მუსლიმმა ქრისტიან ეპისკოპოსს დალოცვა სთხოვა… ეს მომენტი ფოტოაპარატით ვერ დავაფიქსირე, რადგან მავზოლეუმთან ფოტოს გადაღება მკაცრად იყო აკრძალული.

იმამ ჰუსეინის მავზოლეუმი.

მავზოლეუმიდან გამოვედით და მეჩეთის სასადილო დარბაზში შევედით. იქ სავახშმოდ მიგვიწვიეს. აიათოლა ისპაჰანი ჩვენს გვერდით დაბრძანდა. დაცვა სასადილოს კართან დადგა. ვახშამს ერთად შევექეცით. აიათოლა ისპაჰანი აღფრთოვანებული და მადლიერო იყო იმამ ჰუსეინის აკლდამის მოლოცვით. მას დიდი ხნის ოცნება აუსრულდა. სასადილო დარბაზის კარს ერთი ახალგაზრდა კაცი მოადგა და დაცვას შემოშვებას სთხოვდა. ის კაცი ირანიდან ჩამოსული მომლოცველი ყოფილა და აიათოლა ისპაჰანისგან დალოცვას ითხოვდა. დაცვამ შემოწმების შემდეგ შემოუშვა და აიათოლამაც დალოცა.

იმამ ჰუსეინის მეჩეთში ეპისკოპოსები მუსლიმ მრევლს ლოცავენ

ვახშმის შემდეგ კვლავ მეჩეთის მთავარ სალოცავ დარბაზში გამოვედით. ოცამდე მომლოცველი ჩვენსკენ წამოვიდა. დაცვის წევრებმა მათ უსწრაფესად გადაუკეტეს გზა. მოლაპარაკება რამდენიმე წამს გაგრძელდა. დაცვა განზე გადგა და მომლოცველები ჩვენსკენ გამოუშვეს. მათ დალოცვა გვთხოვეს… ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ ორი ადამიანის დალოცვის შემდეგ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და სურათების გადაღება დავიწყე. მეუფე მალხაზი კი ლოცავდა შიიტ მუსლიმებს იმამ ჰუსეინის მეჩეთში ისე, როგორც მშვიდობის საკათედრო ტაძარში ლოცავს მრევლს…

ეს კიდევ არ არის ყველაფერი… დასალოცად ახლა ჰიჯაბ-ნიქაბიანი ქალები მოვიდნენ. საკვირველია, მათ ეს როგორ მოახერხეს, რადგან მეჩეთში ქალებისთვის უმკაცრი წესებია დადგენილი. აშკარად ჩანდა, რომ მომლოცველი მამაკაცებიც არანაკლებ გაკვირვებულები იყვნენ ქალების გაბედულებით.

ქალის დალოცვა.

ის რაც იმამ ჰუსეინის მეჩეთში ვნახე, რადიკალურად განსხვავდებოდა მუსლიმებზე ჩემი წარმოდგენებისგან. განსხვავებული რელიგიის ღვთისმსახურთა მიმართ მსგავს კეთილგანწყობას ვერც საქართველოში და ვერც სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში ვერ ნახავთ. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, ეკლესიაში შემოსულ მუსლიმ სასულიერო პირთან მრევლი დასალოცად მივიდეს.

ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა: რამდენიმე წლის წინ მეუფე მალხაზთან და მეუფე რუსუდანთან ერთად სოლოლაკში ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის სამძიმარზე ვიმყოფებოდი. სამძიმრიდან გამოსული ავტომობილისკენ მივემართებოდი. ერთი ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა და მთხოვა – მამაო დამლოცეო. მეც თავზე ხელი დავადე და დავლოცე. მოშორებით მეუფე მალხაზს მოჰკრა თვალი და მეკითხება:

ის ვინ არის?

მეუფე მალხაზ სონღულაშვილი.

ბაპტისტი როა ისა?

კი.

შენ ვინა ხარ?

მე ვარ მეუფე ილია ოსეფაშვილი.

შენც ბაპტისტი ხარ?

დიახ – თავაზიანი ღიმილით ვუპასუხე.

ამის გაგონებაზე ზურგი შემაქცია და ორივე ხელით თავი ჩამოიბერტყა, თითქოს დალოცვის ნაცვლად მისთვის თავზე ქვიშა დამეყაროს:-)

შეხვედრა იმამ ჰუსეინის მეჩეთის წინამძღოლთან

ხალხის დალოცვის შემდეგ იმამ ჰუსეინის მეჩეთის წინამძღოლს შევხვდით. იმამმა მუჰარამის თვის მნიშვნელობაზე და რელიგიებს შორის მშვიდობაზე ისაუბრა.

შეხვედრა იმამ ჰუსეინის მეჩეთის წინამძღლთან.

ისევე როგორც სხვა აიათოლებს, მასაც შუბლზე ნაჭდევი ეტყობოდა. ზოგიერთ აიათოლას 2 ნაჭდევიც კი ჰქონდა. ეს იმის ნიშანია, რომ მუჰარამის თვეში შიიტები განსაკუთრებული სიბეჯითით ლოცულობენ, ხოლო ლოცვისას შუბლს ხალიჩის ნაცვლად ქარბალას ქვას ადებენ, რაც ნაჭდევს ტოვებს.

შუაში იმამ ჰუსეინის მეჩეთის წინამძღოლი.

შეხვედრის შემდეგ იმამთან სურათები გადავიღეთ, დავემშვიდობეთ და ალ-აბასის მეჩეთისკენ გავემართეთ.

მეჩეთების დამაკავშირებელი მოედანი

იმამ ჰუსეინის და ალ-აბასის მეჩეთებს ერთმანეთთან ფართო მოედანი აკავშირებს. მოედნის ნახევარზე მომლოცველებისთვის ხალიჩები იყო გაფენილი. აქ ისინი ღამეს ათევენ. სწორედ ამ მოედანზე იმართება ცნობილი შიიტური თვითგვემის რიტუალი, როდესაც მორწმუნეები იმამ ჰუსეინის გლოვის ნიშნად სხეულზე ჯაჭვს იცემენ, ჭრილობებს იყენებენ და ამბობენ “შაჰ ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ!”.

იმამ ჰუსეინის და ალ-აბასის მეჩეთების დამაკავშირებელი მოედანი. მოედნის ბოლოში ჩანს ალ-აბასის მეჩეთი.

მოედანი ლამაზად იყო განათებული. მოედნის ბოლოს ალ-აბასის ოქროსფერი მეჩეთი ჩანდა. მისი ოქროთი დაფარული გუმბათი და მინარეთები შთამბეჭდავად ბრწყინავდნენ. ეს იყო ზღაპრული სილამაზე.

ალ-აბასის მეჩეთი

მოედნი გავიარეთ და მეჩეთში შევედით. იქაურობა მომლოცველებით იყო სავსე. ალ-აბასის ოქროს მავზოლეუმთან მივედით. სარკეებით მოპირკეთებული დარბაზი განათებას ირეკლავდა და იქაურობას ზღაპრულ ელფერს აძლევდა.

ალ-აბასის მეჩეთი (მოედნიდან გადაღებული ფოტო).
მეჩეთის მთავარი შესასვლელი.

ალ-აბასის საფლავზე მცირე ზომის მავზოლეუმი და მეჩეთი მისი გარდაცვალებიდან (680 წ.) მალევე ააშენეს და მომლოცველებმაც ამ დროიდან დაიწყეს მისი მოლოცვა. 1622 წელს შაჰმა აბასი I-მა მეჩეთი გააფართოვა და მავზოლეუმის ირგვლივ ძვირფასი ირანული ხალიჩები გაფინა. მეჩეთის მოხატვა-მოჩუქურთმებაში დიდი წვლილი შეიტანა ნადერ შაჰმა (1688-1747). საუკუნეების განმავლობაში ალ-აბასის მეჩეთი მრავალჯერ დაინგრა და აღადგინეს. 2007 წელს გუმბათი ოქროს ფენით დაფარეს. 2012 წლიდან აქ გრანდიოზული სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწარმოება. 1991 წელს მეჩეთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი სადამ ჰუსეინის რეჟიმს დაუპირისპირდა, რომლის დროსაც მეჩეთი საგრძნობლად დაზიანდა. ამ ადგილს არაერთი ტერორისტული აქტი ახსოვს, მათ შორის აშურას დღეებში, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა.

ალ-აბასის მავზოლეუმში შესასვლელი.
ალ-აბასის მავზოლეუმი.

ალ-აბასის მავზოლეუმიდან გამოვედით და მეჩეთის წინამძღოლთან შესახვედრად წავედით. ამ შეხვედრაზე სირიელი პასტორიც იმყოფებოდა, რომელიც ნაჯაფში მოხსენებით გამოვიდა. ამჯერად საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით. ძალიან დიდი ინტერესი გამოხატა ჩვენი ეკლესიის მიმართ. აინტერესებდა რატომ გვემოსა ანაფორები, რატომ ეკავა კვერთხი მეუფე მალხაზს და საერთოდ რატომ არ ვგავდით სხვა ბაპტისტებს, რომლებიც ამ ყველაფერს უარყოფენ.

შეხვედრა ალ-აბასის მეჩეთში.

ალ-აბასის მეჩეთის წინამძღოლთან დიდხანს არ გაგრძელებულა. მთავარი აქცენტი კვლავ რელიგიებს შორის მშვიდობაზე გაკეთდა. შეხვედრის შემდეგ მეჩეთი დავტოვეთ და ნაჯაფში დავბრუნდით. სასტუმროს მისაღებში როცა შევედით, უკვე დილის 03:40 სთ-ი იყო. მეორე დღეს ჰაჯ ფაიღმა გვითხრა, რომ როგორც მექას მოლოცვის შემდეგ მუსლიმი „ჰაჯ“-ის საპატიო წოდებას იღებს, ისე ნაჯაფის და ქარბალას მოლოცვის შემდეგ „ნაჯაფის“ და „ქარბალაის“ წოდებებს იღებენო და მოგვილოცა.

გასრულდა ჩვენი ვიზიტი ერაყში და ირანში დასაბრუნებლად მოვემზადეთ. ნაჯაფის აეროპორტამდე კვლავ სამხედროებმა მიგვაცილეს, VIP დარბაზში მოგვათავსეს და ჩაი და ტკბილეული მოგვართვეს. წვიმიანი ამინდი იყო. თვითმფრინავში ჩასხდომა გამოაცხადეს. ავტობუსით ტრაპისკენ გავემართეთ. ვხედავთ მგზავრების (მათ შორის ჩვენი) ბარგი შენობიდან ექსკალატორით გამოდის და სატვირთოს ნაცვლად წვიმიან ასფალტზე ტყაპა-ტყუპით იყრება:-) წვიმისგან გაჟღენთილი ბარგი სატვირთოზე ხელით დაუდეს და თვითმფრინავამდე ისე მოიტანეს:-) სამაგიეროდ, როცა თეირანში ჩავფრინდით, ბარგი გამომშრალი მივიღეთ:-)

ირანი

ყუმი

თეირანის აეროპორტში აიათოლები გულთბილად დაგვემშვიდობნენ. აიათოლა მურთაზა მუსტაჯაბი ისპაჰანიმ ყველა სათითაოდ ჩაგვიკრა გულში. ასეთი თბილი ადამიანი იშვიათი სანახავია.

დამშვიდობება აიათოლა მურთაზა მუსტაჯაბი ისპაჰანისთან.

აეროპორტში აქბარი დაგვხვდა და ყუმში წაგვიყვანა. ჩასვლისთანავე ნამიკი მოვიკითხეთ. ოპერაციას წარმატებით ჩაუვლია და შედეგით კმაყოფილი იყო. რამდენიმე დღე მედიკამენტები მიეღო და მუქშუშებიანი მზის სათვალე ეტარებინა, ხოლო შემდეგ სარეაბილიტაციო კურსი გაევლო ყუმის კლინიკაში.

ნამიკი ოპერაციის შემდეგ.

აიათოლა დესორხის ოჯახში სამძიმარზე მისვლა

ჩვენი ერაყში ყოფნისას, აიათოლა დესორხის ძმისშვილი გარდაცვლილა. მასთან სამძიმრის სათქმელად მივედით. ხალხმრავალ უბანში უცხოვრია. სამძიმარზე მისი ახლობლებიც იმყოფებოდნენ. აიათოლას გაუხარდა ჩვენი დანახვა. მეუფე მალხაზმა ოჯახს სანუგეშო სიტყვა უთხრა. ცოტა ხნით ხალიჩაზე დავსხედით და საუბარი გავაგრძელეთ.

სამძიმარზე აიათოლა სადეგ დესორხის ოჯახში.

აიათოლას და მის ვაჟებს ჩვენი ერაყში მოგზაურობის ამბები აინტერესებდათ. განსაკუთრებით უმცროსი ვაჟი გვეკითხებოდა შთაბეჭდილებების შესახებ. თავად ერაყშ არასოდეს ყოფილა. აიათოლა დესორხის მამა სასულიერო პირი ყოფილა და სიცოცხლის ბოლომდე ყუმში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. როგორც აიათოლამ გვითხრა, იმ ოთახში სადაც ვისხედით, მამამისს ახუნდების რამდენიმე თაობა ჰყავდა აღზრდილი.

აიათოლა დესორხის ოჯახში დიდხანს არ გავჩერებულვართ. დამშვიდობების შემდეგ აიათოლას ვაჟებმა ავტომობილამდე მიგვაცილეს.

                                                       ფატიმა მასუმას მეჩეთი

სამძიმრიდან სასტუმროში დავბრუნდით, ვივახშმეთ და დავისვენეთ. საღამოხანს ფატიმა მასუმას მეჩეთში წავედით. როგორც ზემოთ ვთქვი, ფატიმა მასუმა მეშვიდე იმამის – მუსაი ქაზიმის ქალიშვილი და მერვე იმამის – ალი რეზას და იყო. 817 წელს ის ძმის მოსანახულებლად მიდიოდა, როცა ყუმში ავად გახდა და გარდაიცვალა. „მასუმა“ უმანკოს ნიშნავს. შიიტურ ისლამში ფატიმა მასუმა წმინდანად არის შერაცხული და მის აკლდამასთან ყოველ წელს მილიონობით ადამიანი ლოცულობს. ოქროს მავზოლეუმი გრანდიოზულ მეჩეთშია მოთავსებული, რომელსაც სამი გუმბათი და ექვსი მინარეთი აქვს. მავზოლეუმიც და მეჩეთიც შაჰ აბასი I-ის აშენებულია. მთავარი გუმბათი მოოქროვილია. მეჩეთში ყველაზე დიდი შიიტური სასულიერო განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.

იმის გამო, რომ ვერც მე და ვერც გელამ ვერ შევძელით მთელი მეჩეთის გარედან გადაღება, ეს ფოტო ინტერნეტით მოვიძიე. იმ საღამოს ყუმის ულამაზესი მეჩეთი სწორედ ასე იყო განათებული.

ფატიმა მასუმას მეჩეთი.
https://en.wikipedia.org/wiki/File:Fatima-Masuma-HS2.JPG

ფატიმა მასუმას მეჩეთში უამრავი მომლოცველი იმყოფებოდა. მეჩეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გამოგვეგება და მთელი მეჩეთი მოგვატარა. გარდა იმისა, რომ ისტორია გაგვაცნო, ისლამის მრწამსზე, ლოცვებზე და შიიტურ ტრადიციებზე გვესაუბრებოდა.

ფატიმა მასუმას მეჩეთში.

ფატიმა მასუმას მავზოლეუმთან მივედით. ზღაპრული სანახავია მავზოლეუმი და დარბაზი, სადაც მავზოლეუმის განთავსებული. ისევე როგორც სხვა შიიტურ მეჩეთებში, კედლების აქაც მწვანე და ლურჯი ფილებით და სარკეები არის მოპირკეთებული.

ფატიმა მასუმას მავზოლეუმი.

ჩვენთან მომლოცველები მოვიდნენ. ქრისტიანულ სარწმუნოებასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ. აინტერესებდათ ქრისტიანებს ერთი ღმერთი სწამდათ თუ სამი, ქრისტიანებს მათი სარწმუნოება აძლევდა თუ არა უფლებას მეჩეთში ელოცათ და ა.შ. მათ პასუხს მეუფე მალხაზი სცემდა. მომლოცველები ინტერესით უსმენდნენ მეუფეს, რომელიც თეოლოგიური საკითხების გარდა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ საუბრობდა. ქრისტიანი ღვთისმსახურის მხრივ ისლამის და მუსლიმების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

მეუფე მალხაზის საუბარი მომლოცველებთან ფატიმა მასუმას მეჩეთში.

მეუფე მალხაზმა ფატიმა მასუმას მეჩთში ახალგაზრდა კაცი დალოცა. იქ მყოფ მომლოცველებს ეს ამბავი საერთოდ არ გაჰკვირვებიათ. ირანშიც და ერაყშიც წარმოუდგენელ კეთილგანწყობას და პატივისცემას ვგრძნობდით შიიტი მუსლიმების მხრივ.

დალოცვა ფატიმა მასუმას მეჩეთში.

მეჩეთიდან განათებულ მოედანზე გამოვედით და მაღაზიების რიგს ჩამოვუყევით. ძალიან მინდოდა ამ ვიზიტის სამახსოვროდ ვერცხლის ბეჭედი შემეძინა. აქბარი თარჯიმნად გავიყოლე. რამდენიმე მაღაზიის მოვლის შემდეგ ბეჭედი შევიძინე.

ინტერვიუები მეუფე მალხაზთან

მომდევნო დღეს ყუმის ტელე-რადიო სამაუწყებლო არხების წარმომადგენლებს შევხვდით. ერთმა ჟურნალისტმა მეუფე მალხაზს ინტერვიუ სთხოვა. ჟურნალისტმა დიქტოფონი მოიმარჯვა და მეუფეს მოულოდნელად ამერიკელი ევანგელისტი პასტორის – ტერი ჯონსის შესახებ ჰკითხა, რომელმაც 2011 წელს წმინდა ყურანი საჯაროდ დაწვა. ამ ფაქტს ჩრდილოეთ ავღანეთში მუსლიმების საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რასაც სამწუხაროდ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. 2013 წლის 11 სექტემბერს “პასტორი” ტერი ჯონსი იმ დროს დააკავეს, როცა 3000-მდე ბენზინგადასხმული ყურანის წიგნები პარკში დასაწვავად მიჰქონდა. ცხადია მეუფემ ამის გამო მწუხარება გამოთქვა და საპირისპირო მაგალითი მოიყვანა, კერძდ: როცა ტერი ჯონსმა ყურანი დაწვა, ჩრდილოეთ კაროლინის ფულემის მემორიალური ბაპტისტური ეკლესიის პასტორმა ნენსი პეტიმ ეს ფაქტი მკაცრად დაგმო და სოლიდარობის ნიშნად ეკლესიაში მუსლიმებთან ერთად ყურანის საჯარო კითხვა დაიწყო. ჟურნალისტმა მეუფე მალხაზს სთხოვა, რომ მომდევნო დღეს ამავე თემაზე მისთვის სატელევიზიო ინტერვიუ მიეცა.

დილით იმ სასტუმროში მივედით, სადაც მეუფე მალხაზის სატელევიზიო ინტერვიუ უნდა ჩაეწერათ. ჟურნალისტი და ოპერატორები ადგილზე დაგვხვდნენ. გასაუბრების შემდეგ კამერები მომართეს, თუმცა ინტერვიუს აგვიანებდნენ. ჟურნალისტმა ბოდიში მოიხადა და გვითხრა, რომ თეირანიდან ნებართვას ელოდებოდა… ლოდინით დავიღალეთ და ქალაქში სასეირნოდ გავედით. ამასობაში ჟურნალისტს ნებართვა მიუღია და დავბრუნდით თუ არა ინტერვიუს ჩაწერას შეუდგნენ.

ინტერვიუ მეუფე მალხაზთან.

ამ ინტერვიუში მთავარი გზავნილი ის იყო, რომ პასტორ ტერი ჯონსის საქციელს ქრისტიანი ღვთისმსახურები ემიჯნებოდნენ და მუსლიმების მიმართ სოლიდარობის ნიშნად ზოგიერთ ეკლესიაში წმინდა ყურანს კითხულობდნენ. მეუფე მალხაზმა ვრცლად ისაუბრა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. ჟურნალისტი აშკარად ცდილობდა ქრისტიანობა და ქრისტიანები ირანში პოზიტიური კუთხით წარმოეჩინა, რაც დასაფასებელი იყო.

შეხვედრების გაგრძელება ყუმში

დიდი აიათოლა ჰაშემი ჰოსეინი ბუშერი

ყუმში გავლენიან სასულიერო პირს, სეიდ აიათოლა ჰაშემი ჰოსეინი ბუშერის შევხვდით, რომელიც ირანში სასულიერო განათლების სისტემას ხელმძღვანელობს. გრძელი კაბინეტის კართან თავად გამოგვეგება და დიდი პატივით მიგვიღო. აიათოლა ბუშერიმ ირანში სასულიერო განათლების შესახებ ისაუბრა და სტატისტიკაც გაგვაცნო.

მეუფე მალხაზის გვერდით აიათოლა ჰაშემი ჰოსეინი ბუშერი.

მშვიდობის საკითხსაც შევეხეთ. აიათოლა ბუშერიმ თქვა: „მილიარდობით ადამიანი თავ-თავიანთ რელიგიას რომ ერთგულებდეს, მსოფლიოში ომი, ძარცვა და სისხლისღვრა აღარ იქნებოდაო“. მისივე თქმით, მსოფლიოს რელიგიური წინამძღლები რაც უფრო მეტად იქნებიან ერთმანეთთან დაახლოვებული, მით უფრო გარანტირებული იქნება მშვიდობა მსოფლიოში.

შეხვედრის მონაწილეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მეუფე მალხაზს, რომელიც ჩვენი ეკლესიის ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ საუბრობდა. მეუფემ აიათოლა ბუშერის თეოლოგიური დიალოგის გამართვის იდეა შესთავაზა. აიათოლა ბუშერიმ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. შეხვედრის გასრულების შემდეგ მან სტუმრობისთვის მადლობა გადაგვიხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის ორივე მხარე აქტიურად ვიღვაწებდით.

სასტუმროში ვბრუნდებოდით, როცა დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ აიათოლა ბუშერი თეოლოგიური დიალოგის გამართვაზე თანახმა იყო.

                                                   აიათოლა შეიხ მუსტაფა ჰარანდის სტუმრობა

ერთ საღამოს აიათოლა დესორხი თავის მასწავლებელთან – აიათოლა შეიხ მუსტაფა ჰარანდისთან ერთად გვესტუმრა. აიათოლა ჰარანდი ნაჯაფში იყო დაბადებულ-გაზრდილი. მისი წინაპრები ერაყში ისპაჰანიდან ჩასულან. წინდაწინ ვიცოდით, რომ აიათოლა მეტად განათლებული ადამიანი იყო. საუბარი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობებს შეეხო. აიათოლა შესანიშნავად იცნობდა ქრისტიანულ თეოლოგიას და ეკლესიის ისტორიას.

მარჯვნივ აიათოლა ჰარანდი.

თავდაპირველად ანაბაპტისტებზე, ხოლო შემდეგ ბაპტისტებზე ისაუბრა. ჩვენდა გასაკვირად მე-17 ს.-ში პირველი ბაპტისტური ეკლესიის დამაარსებლის, ჯონ სმაისიც სახელიც ახსენა. შესანიშნავად იცნობდა ევროპულ რეფორმაციას. შესწავლილი ჰქონდა მარტინ ლუთერის, ფილიპ მელანხტონის და სხვა რეფორმატორების მოღვაწეობა. საუბრისას არც მარტინ ლუთერ კინგი გამორჩენია. საკმაოდ საღი დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიებს შორის ურთიერთობების საკითხთან მიმართებაში: “ჩვენ უნდა დავივიწყოთ წარსული, რაც იყო ჩვენს შორის წარსულში და მომავალს ვუყუროთ. ქრისტიანებს დღემდე ვერ დაუვიწყებიათ, რომ ქრისტე ებრაელებმა გააკრეს ქრისტე და არ პატიობენ მათ”- თქვა აიათოლა ჰარანდიმ. მან ყურანიდან რამდენიმე აიაც წაგვიკითხა და გვითხრა, რომ შიიტების რწმენით იესო ქრისტე და მე-12 იმამი – მაჰდი, ერთად მოვლენ იერუსალიმში და ერთად ილოცებენო.

საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა, ისე, რომ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებსაც შევეხეთ. აიათოლა მუდმივად თავდახრილი საუბრობდა და თანამოსაუბრეებს იშვიათად ამოგვხედავდა-ხოლმე. ის კი არა, საერთო სურათის გადაღების დროსაც კი თავდახრილი იდგა. ამასობაში ვახშმის დროც მოვიდა და აიათოლასთან ერთად ვივახშმეთ. აიათოლა ჰარანდის სახით პირველად შევხვდი მუსლიმ სასულიერო პირს, რომელსაც ასე ღრმად ესმოდა ქრიტიანობა და რელიგიებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებლობაზე გულწრფელად პალარაკობდა.

ჩვენი თანამემამულე მუსლიმები

საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს თანამემამულე ახალგაზრდებთან, რომლებიც ყუმში მარნეულიდან და რუსთავიდან იყვნენ ჩასულები ისლამური თეოლოგიის შესასწავლად. ფარიზ რაჯაბოვი, სამირ გასანოვი, რაშად გასანოვი, ფარიზ ისმაილოვი, ფუად მამედოვი, ქამრან მამედოვი და ემილი თომაევი უკვე რამდენიმე წელია ყუმში იმყოფებიან და ბეჯითად სწავლობენ.

ფარიზ რაჯაბოვი მეუფე მალხაზს ხელით დაწერილ ლოცვას გადასცემს საჩუქრად.

ახალგაზრდებმა იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რაც მათ წინაშე დგას. ძალიან საღად და პროგრესულად აზროვნებდნენ. როგორც ფარიზ რაჯაბოვმა გვითხრა, სწავლის გასრულების შემდეგ ისინი საქართველოში დაბრუნებას და სასულიერო მოღვაწეობის გაგრძელებას აპირებდნენ.

ჩვენი თანამემამულე სტუდენტები.

ფარიზმა სტუდენტების ჯგუფის სახელით საჩუქრად ხელით გადაწერილი ლოცვა, სალოცავი ხალიჩები და კრიალოსნები გადმოგვცა. მეუფე მალხაზმა მათ წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდნენ როგორც შიიტური თემის, ისე მთელი ქვეყნის ცხოვრებაში.

პროექტები ყუმში

აიათოლა სადეგ დესორხიმ ყუმში ალულ-ბეითის საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული პროექტები გაგვაცნო. თავდაპირველად თვალის ცენტრში მივედით, რომელიც არა მხოლოდ ირანში, არამედ მთელს ახლო აღმოსავლეთში არის სახელგანთქმული. ნამიკმა ამ კლინიკაში გაიკეთა ოპერაცია და როგორც უკვე ვთქვი, შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო. კლინიკას სეიდი მამა-შვილი ხელმძღვანელობდა. როგორც მათ გვითხრეს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს მკურნალობა და ოპერაციები უფასოდ უტარდებათ. კლინიკა აღჭურვილი იყო თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო კაბინეტებიც თანამედროვედ იყო მოწყობილი.

ვნახეთ საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლია კომპიუტერული პროგრამების და ევროპული ენების შესწავლა.

კომპიუტერის კურსები.

განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუდიების და ფილმის გადასაღები პავილიონების ნახვა. ყუმსა და მთელს ირანში პოლულარულია “ალულ-ბეითის” საბავშვო არხი, რომელსაც რამდენიმე მილიონი მაყურებელი ჰყავს. ამ არხს შესანიშნავი სტუდია აქვს, საიდანაც პოპულარული წამყვანები ბავშვებისთვის გადაცემებს ამზადებენ.

საბავშვო გადაცემის სტუდია.

ვნახეთ ფილმის გადასაღები პავილიონი თავისი დეკორაციებით და რეკვიზიტებით. ამჟამად ამ პავილიონში იმამ ალის ცხოვრებაზე სერიალს იღებენ. როგორც გვითხრეს, ეს სერიალი ძალიან პოპულარულია და მრავალმილიონიანი მაყურებელი ჰყავს.

ფილმის გადასაღები პავილიონი.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროექტებისა, რასაც ალულ-ბეითი ყუმსა და ირანის სხვადასხვა ქალაქებში ახორციელებს.

შეხვედრა აიათოლა შაჰრისტანისთან

საქართველოში დაბრუნებამდე თეირანიც უნდა გვენახა. აქბარს თადარიგი დაჭერილი ჰქონდა. ვიდრე თეირანში გავემგზავრებოდით, აიათოლა შაჰრისტანის შევხვდით და მთელი ჩვენი ვიზიტი შევაჯამეთ. საუბრისას აიათოლა შაჰრისტანისთან ერაყის ნავთობის მინისტრი აბდულ ქარიმ ბადეჰი მოვიდა. ჩვენი ერაყში ყოფნის შესახებ გაიგო და შთაბეჭდილებების შესახებ გვკითხა. მინისტრი დიდ ხანს არ გაჩერებულა. მეუფე მალხაზმა აიათოლა შაჰრისტანის უთხრა, რომ მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ ერაყში გავიგეთ და ყველას სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა. აიათოლა ამ სიტყვებს მდუმარედ ისმენდა და თანაგრძნობისთვის მადლობა გადაგვიხადა.

მეუფე მალხაზის გვერდით ერაყის ნავთობის მინისტრი აბდულ ქარიმ ბადეჰი.

შეხვედრის შემდეგ აიათოლამ სადილზე დაგვპატიჟა. რამდენიმე დღით ადრე ჰაჯ-ფაიღს შეატყობინეს, რომ აიათოლა შაჰრისტანი მზად იყო საქართველოში ახალი სოციალური პროექტი დაეფინანსებინა. ჰაჯ-ფაიღმა მარნეულში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კლინიკის აშენება შესთავაზა. აიათოლა შაჰრისტანის ეს იდეა ძალიან მოეწონდა და დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა. მეუფე მალხაზმა აიათოლა შაჰრისტანის ჩენი დელეგაციის სახელით მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი მეგობრობა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობას და მეგობრობას შეუწყობდა ხელს.

აიათოლა შაჰრისტანისთან დამშვიდობება.

აიათოლა შაჰრისტანის დავემშვიდობეთ, სასტუმროში დავბრუნდით და თეირანში გასამგზავრებლად მოვემზადეთ.

თეირანი

აიათოლა ხომეინის მავზოლეუმი

დილით ადრე ვისაუზმეთ და თეირანში გასამგზავრებლად 2 ავტომობილში გავნაწილდით. შესანიშნავი ამინდი იყო. გზად აიათოლა ხომეინის მავზოლეუმთან გავჩერდით, რომელიც თეირანთან ახლოს მდებარეობს.

აიათოლა ხომეინის მავზოლეუმი და მშენებარე მეჩეთი შორიდან.

მავზოლეუმს ლამაზი ბაღი და დიდი ავტოსადგომი აქვს. მის უკან ულამაზესი მეჩეთი და მინარეთები შენდებოდა. გარდა ამისა, უზარმაზარი კომპლექსს აშენებენ, სადაც მედრესეები, სასტუმროები და საოფისე ფართები უნდა განთავსდეს.

მავზოლეუმში რამდენიმე ათეული მომლოცველი იმყოფებოდა. აიათოლა ხომეინის და მისი ვაჟის, ახმადის საფლავებს მწვანე ხავერდი ჰქონდათ გადაფარებული. საფლავებზე წმინდა ყურანის წიგნები და თაიგულები ეწყო. საფლავებთან მომლოცველები შენაწირის სახით რიალებს და დინარებს (ირანის ეროვნული ვალუტა; 100 დინარი 1 რიალს შეადგენს) ყრიდნენ. მავზოლეუმის ორი თანამშრომელი კი ძირს დაყრილ ფულს ხის ნიჩბებით აგროვებდნენ.

იქვე ყიბლა (მექას მიმართულების მაჩვენებელი ნიშა) და ჰუსეინიაც (აშურას რიტუალის შესასრულებელი ადგილი) იყო. ყიბლასთან რამდენიმე ადამიანი ლოცულობდა.

აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინი (1902-1989) ისლამური რევოლუციის (1979) სულისჩამდგმელი და წინამძღოლი იყო. ამ რევოლუციის შედეგად ირანის ბოლო შაჰის, მოჰამად რეზა ფეჰლევის კონსტიტუციური მონარქია დაემხო  და ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ჩემს ბავშვობაში საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ ბ-ნი აბონ ციციაშვილი ხშირად ახსენებდა აიათოლა ხომეინის სახელს. რატომღაც მეგონა, რომ სიტყვა აიათოლა „ფუმფულას“ ნიშნავდა და მიკვირდა ამ გამხდარ, შავჩალმიან კაცს „ფუმფულას“ რატომ ეძახდა:-)

მავზოლეუმში მომლოცველები შემოგვეხვივნენ. აინტერესებდათ ვინ ვიყავით. ერთმა რადიო-ჟურნალისტმა მეუფე მალხაზისგან ინტერვიუ აიღო. მეუფემ ჩვენი ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

ინტერვიუ მეუფე მალხაზთან აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში.

ინტერვიუს შემდეგ ადმინისტრაციაში მიგვიწვიეს და მავზოლეუმის ისტორია გაგვაცნეს. რა თქმა უნდა აქაც ჩაით და ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ.

თეირანი

მავზოლეუმის ბაღიდან თეირანი ჩანდა. ნახევარ საათში ქალაქში შევედით. თეირანი თავისი 14 მლნ. მოსახლეობით არა მხოლოდ ირანის, არამედ აზიის უდიდეს ქალაქს წარმოადგენს. აქ უძველეს დროში ხილის ბაღები ყოფილა გაშენებული და შემოგარენში მცირერიცხოვანი მოსახლეობა ნახევრად გამოქვაბულებში ცხოვრობდა. შაჰმა თამაზ I-მა და შაჰმა აბასი I-მა თეირანში თავდაცვითი ნაგებობები და გზები ააგეს. მე-18 საუკუნის ბოლოს ყაჯარების მამამთავარმა აღა-მაჰმად ხანმა (1742-1797) თეირანი სატახტო ქალაქად გამოაცხადა. შაჰმა რეზა ფეჰლევიმ (1878-1944) და მისმა შვილმა, ირანის ბოლო შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ (1919-1980) თეირანი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად განავითარეს. ეს ქალაქი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 1943 წლის ნოემბრის ბოლოს მოექცა, როცა სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ჩამოვიდნენ და მეორე ფრონტის გახსნაზე იმსჯელეს.

თავდაპირველად ქალაქის ცენტრში მდებარე სატელევიზიო ანძასთან მივედით, რომელსაც “ბურჯი მილადს” (სპარს. შობის კოშკი) ეძახიან. 435 მეტრიანი ანძა სიგრძით მსოფლიოში მეექვსეა. ლიფტით ზედა ნაწილში ავედით, სადაც პანორამული რესტორანი და საკონფერენციო-საგამოფენო დარბაზები მდებარეობს. თავდაპირველად ღია აივანზე გავედით. ამ აივნით ანძას შემოვუარეთ და თეირანის ხედები დავათვალიერეთ. თან ერთი ახალგაზრდა ქალბატონი გვახლდა, რომელიც გიდი იყო და შესანიშნავად საუბრობდა ინგლისურად და რუსულად. აივანი უსაფრთხოების მიზნით რკინის ცხაურშია ჩასმული.

აივნიდან წრიულ ფოიეში შევედით, სადაც მსოფლიოს უდიდესი ტელეანძების და მავზოლიუმების კოშკების მაკეტები სიმაღლის მიხედვით იყვნენ ჩამწკრივებული. ერთი კუთხე სამაგიდე დროშებს ჰქონდა დათმობილი. თუ სწორად მახსოვს, დაფებზე იმ ქვეყნების დროშები იდგა, ვისთანაც ირანს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. ნამიკი მივიდა და დაიძახა – საქართველოს დროშა ვნახეო. სამაგიეროდ აზერბაიჯანის დროშა მოინაკლისა და ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. აზერბაიჯანის დროშა მეორე მხარეს აღმოჩნდა. ამ ფაქტმა ნამიკი ძალიან გაახარა. გელამ და ნამიკმა დროშებთან სურათები გადაიღეს.

ხელოვნების დარბაზში მხატვრების ნამუშევრები დავათვალიერეთ. მოულოდნელად ერთ საინტერესო ნახატს გადავწყდი. ამ ნახატს ინგლისურად ეწერა “იესო” და მასზე იესო ქრისტე ეკლის გვირგვინით იყო გამოსახული. ირანელი მხატვრის ნამუშევარს წარმოადგენდა.

ანძის ზედა ნაწილიდან ლიფტით კვლავ ძირს დავეშვით. სხვათაშორის ფეხითაც შეიძლება ასვლა-ჩასვლა, თუკი 1866 საფეხურის დაძლევა ვინმესთვის პრობლემას არ წარმოადგენს:-) ანძის წინ ყვავილნარით და შადრევნებით გამშვენებული მოედანი მდებარეობს. ერთხანს ამ მოედანზე ვისეირნეთ. ქალაქი აქედანაც კარგად ჩანდა. შორიახლო ერთი ახალგაზრდა წყვილი შევნიშნეთ. ქალი ქმარს რაღაცას ეჩურჩულებოდა და თან ჩვენ გვიყურებდა. თურმე ჩემთან და მეუფე მალხაზთან სურათის გადაღება უნდოდა და ქმარს სთხოვდა ჩვენგან ნებართვა აეღო. ქმარიც ნაძალადევი ღიმილით მოგვიახლოვდა და გვთხოვა – თუ შეიძლება მე და ჩემი მეუღლე თქვენთან სურათს გადავიღებთო:-) უარს ხომ არ ვეტყოდით.

სატელევიზიო ანძის წინ მდებარე მოედანი.

ამასობაში სადილის დრო მოვიდა. აქბარმა შემოგვთავაზა თეირანის ჩრდილოეთით, ე. წ. რესტორნების ხეობაში გვესადილა. ამ ადგილს დერბენტს ეძახიან. აქბარის იდეა ძალიან მოგვეწონა. გზად თეირანის ქუჩები დავათვალიერეთ. შაჰის სასახლეს გვერდით ჩავუარეთ. სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. რამდენიმე წუთში ვიწრო ხეობის შესასვლელთან მივედით და ავტოსადგომზე გავჩერდით. იქიდან მხოლოდ საფეხმავლო გზა იწყებოდა, რომლის ორივე მხარეს რესტორნები, ჩაიხანები და ჩილიმ-ბარები მდებარეობდა. მათი არქიტექტურა კარგად ერწყმოდა ლანდშაფტს.

დერბენტის ხეობაში შესასვლელი.
რესტორანი ხეობაში.

ერთ რესტორანთან ხურჯინგადაკიდებული ვირი შევნიშნეთ, თუმცა ამჯერად მასთან სურათი აღარ გადაგვიღია:-) ვიწრო ხეობაში რესტორნის მეპატრონე პროდუქტებს ვირის დახმარებით იმარაგებდა. აქბარმა ისეთი რესტორანი შეარჩია, სადაც ევროპული და აღმოსავლური კერძების დაგემოვნება შეიძლებოდა. სადილს ღია აივანზე შევექეცით. გრილოდა და გარე გათბობა ჩაგვირთეს.

სადილის შემდეგ ხეობაში გასეირნება გადავწყვიტეთ. აქბარი და მეუფე მალხაზი რესტორნების რიგს შეუყვნენ, ხოლო გელა, ჰაჯ-ფაიღი და ნამიკი ჩილიმ-ბარში მოკალათდნენ. მე ხეობის შესასვლელთან მდებარე კლდის რესტორნის აივანზე ლიფტით ავედი და ხეობის ხედები დავათვალიერე. ერთ საათში კვლავ ავტოსადგომზე შევიკრიბეთ. აქბარს და მეუფე მალხაზს სეირნობისას ერთ რესტორანთან აუვლიათ, რომლის აივნიდან თურმე რიტმული მუსიკის ხმა ისმოდა. მუსიკოსებს როგორც კი მეუფე მალხაზი დაუნახავთ, მაშინვე გაჩუმებულან:-) თუ რატომ, ამას ქვემოთ შეიტყობთ:-)

მშრალი ხილის დახლი რესტორნების რიგში.

ხეობის შესასვლელში კლდის ფერდობზე ღიააივნიანი რესტორანია, რომელსაც ლიფტით აქვს ასასვლელი. დრო გვქონდა და ამ რესტორნის აივანზე ავედი. იქიდან მთელი ხეობა კარგად ჩანდა. ამასობაში მეგობრები ავტომობილთან შეგროვდნენ. აქბარს მეგზურობისთვის მადლობა გადავუხადეთ. ის შესანიშნავად იცნობს თეირანს, რადგან კარგა ხანს აქ სწავლობდა და მუშაობდა. ყუმში საღამოხანს დავბრუნდით.

                                       საცეკვაოდ ყუმიდან თბილისში

ჩვენი ვიზიტი დასასრულს მიუახლოვდა. თბილისში გამომგზავრების წინ აქბარს ვთხოვეთ ტკბილეულის შესაძენად საკონდიტრო მაღაზიაში მივეყვანეთ. აქბარის ერთი მეგობარი კონდიტერი ყოფილა და საკუთარი მაღაზიების ქსელიც ჰქონია. აქბარმა მასთან მიგვიყვანა. კონდიტერმა იქვე ჩაიზე და საკუთარი ხელით გამომცხვარ ნამცხვარზე დაგვპატიჟა.

საქართველოში თუ ყოფილხართ? ჰკითხა მეუფე მალხაზმა.

კი, ბევრჯერ – უპასუხა კონდიტერმა.

თბილისის გარდა ალბათ ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც იქნები ნამყოფი.

მხოლოდ თბილისში ჩამოვდივარ-ხოლმე.

რატომ, ბიზნესი გაქვთ?

არა, ცეკვა მიყვარს…

ეს როგორც გავიგოთ?

აქ ცეკვა აკრძალულია. ცეკვა კი არა, თანამედროვე მუსიკაც კი იკრძალება და ამიტომ საცეკვაოდ თბილისში დავდივარ-ხოლმე – ღიმილით თქვა კონდიტერმა.

აი, თურმე რატომ გაჩუმდნენ რესტორნის მუსიკოსები მეუფე მალხაზის დანახვაზე. როგორც ჩანს, ანაფორით მოსეირნე მეუფე, მუსლიმი სასულიერო პირი ეგონათ:-)

აქბარის მეგობრისგან საკმაოდ ბევრი ტკბილეული შევიძინეთ. ამის ინიციატორი მე ვიყავი. ჯერ ერთი, ძალიან კარგი ტკბილეული საკმაოდ იაფი ღირდა და თანაც შეგვეძლო ოჯახის წევრების გარდა, ახლობლები და მეგობრები გაგვეხარებინა. პატივისცემის ნიშნად, მცირე შეკვრა ტკბილეულიც კი გაცილებით დიდი ზომის სასაჩუქრე ყუთებში მოათავსეს და ფერად-ფერადი ლენტებით შეკრეს. მაღაზიიდან იმდენი ყუთი გამოვიტანეთ, აქბარის ავტომობილში ძლივს ჩავტიეთ:-)

სასტურმოში საღამოხანს დავბრუნდით და ჩანთების ჩალაგება დავიწყეთ. მომდევნო დღეს სამშობლოში ვბრუნდებოდით. ნამიკი ყუმში რჩებოდა, რადგან ოპერაციის შემდგომ თვალის კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსი უნდა გაევლო.

სამშობლოში დაბრუნება

5 ნოემბერს თეირანიდან თბილისში დავბრუნდით. ასე გასრულდა “აღმოსავლური ზღაპარი”. უნდა ითქვას, რომ ჩვენს ვიზიტს მეტად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა შიიტურ სამყაროში. სამწუხაროდ ამის შესახებ არაფერი იციან საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ბეთელში გამართულ პრეზენტაციას, რომელსაც საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი დაესწრო. ვფიქრობ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობის საქმეში. მსოფლიოში, სადაც ქრისტიანები მოსახლეობის 31,4 %-ს, ხოლო მუსლიმები 23,2 %-ს შეადგენენ, რელიგიებს შორის მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ამისათვის კი საჭიროა ისტორიული მტრობის დავიწყება და მშვიდობის ხიდების შენება, რაშიც ინტერრელიგიურ ურთიერთობებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ჩვენი ვიზიტი ირანსა და ერაყში სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და მოხარული ვარ, რომ ამ დიდ საქმეში მოკრძალებული წვლილი შევიტანე.

Leave a Reply