წმინდა მიწა (III ნაწილი) – გალილეა

წმინდა მიწა (III ნაწილი) – გალილეა

დილაუთენია ელზამ და მიხაელმა საუზმე გამზადებული დაგვახვედრეს. პილიგრიმები ყოველ დილით მრავალფეროვან საუზმეს შევექცეოდით, თუმცა, ტოსტერში გახუხულ პიტა-პურში ჩადებულ პომიდვრიან ყველს და ზედ გადასმულ ჰუმუსს (მუხუდოს პასტა) არაფერი ჯობდა.

იოანელთა სასტუმრო სახლის ტრადიციული საუზმე

საუზმის შემდეგ სუნელების ქუჩით კვლავ დამასკოს კარიბჭესთან გავედით. ღალები ადრე მოსულა და ილოდებოდა. მოსალმების შემდეგ საუზმეზე გვკითხა. ვუთხარით, რომ ნასაუზმები ვიყავით. ამის მიუხედავად, მიკროავტობუსი გზის პირას მიაჩერა და მაღაზიიდან ცხელ-ცხელი პურები ზატართან (ხმელი სუნელის ნაირსახეობა, რომელიც აღმოსავლურ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება) ერთად გამოიტანა. სურნელოვან პურზე უარი ვეღარ ვთქვით.

იერუსალიმს გავცდით და გეზი ნაზარეთისკენ ავიღეთ, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში – გალილეაში მდებარეობს. გალილეა პირველად იესო ნავეს ძის წიგნშია მოხსენიებული, სადაც თავშესაფარ ქალაქებზეა საუბარი (იეს. 20:2-7). მე-3 მეფეთა წიგნი კი გვაუწყებს, რომ როცა მეფე სოლომონმა იერუსალიმის ტაძრის და სასახლის მშენებლობა გაასრულა, ტვიროსის მეფე ხირამს, დახმარების სანაცვლოდ, გალილეის მხარეში 20 ქალაქი მისცა (3 მეფ. 9:10-11). როგორც პირველ ნაწილში ვთქვით, მეფე სოლომონის შვილებმა ერთიანი სამეფო 2 ნაწილად გაყვეს. გალილეა ჩრდილოეთის სამეფოს (ისრაელი) შემადგენლობაში დარჩა. ძვ. წ. 732 წ. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-მ (ძვ. წ. 745-727) ჩრდილოეთის სამეფოს ნაწილი, მათ შორის გალილეა დაიპყრო, წარჩინებული ებრაელები ტყვედ წაიყვანა და მათ ადგილზე უცხოტომელები ჩამოასახლა. ამის შემდეგ ისრაელიანებში ტერმინი “წარმართთა გალილეა” (ეს. 9:1) დამკვიდრდა. ჩრდილოეთის სამეფომ არსებობა საბოლოოდ ძვ. წ. 722 წელს შეწყვიტა.

რომაელთა ბატონობის დროს გალილეა ყველაზე დიდი პროვინცია იყო და მის შემადგენლობაში 200-მდე დიდი ქალაქი, მათ შორის ნაზარეთი, ნაინი, კანა, ტიბერია, მაგდალა, ბეთსაიდა, ქორაზინი და კაპერნაუმი შედიოდნენ. სახარებების კითხვისას აშკარად ჩანს, რომ იერუსალიმელები გალილეველებს ათვალწუნებით უყურებდნენ. მათ საუბრის კილოზე სცნობდნენ (მათ. 26:73). როცა მოციქული ფილიპე ნათანაელთან მივიდა და იესო ქრისტეს გაცნობა შესთავაზა, მისგან პასუხად მიიღო: “ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?” (იოან. 1:46). საგულისხმოა, რომ იესო ქრისტემ ბავშვობა და ყმაწვილკაცობა სწორედ “ათვალწუნებულ” გალილეაში გაატარა და საერთოდაც “ათვალწუნებული” ადამიანების სამსახურში ჩადგა.

რაც უფრო ჩრდილოეთით მივდიოდით, მით უფრო ამწვანებულ ველ-მინდვრებს ვხედავდით. ავტობანიდან პალესტინური ქალაქები და სოფლები ჩანდნენ. რამდენიმე ხანში იზრეყელის დაბლობამდე მივედით და ნაბოთის ამბავი გავიხსენეთ (3 მეფ. 21). გავიარეთ არმაგედონის ველი, რომელიც იოანე მახარებლის გამოცხადების წიგნში ესქატოლოგიური მოვლენების ეპიცენტრად არის მოხსენიებული და თაბორის მთას თვალი შევავლეთ.

თაბორის მთა

პატრიარქების ეპოქაში თაბორის მთა ისრაელიანთა სამი ტომის: ზებულონის, ისახარის და ნაფთალის საზღვარს წარმოადგენდა. ქრისტიანული ტრადიციით ამ მთაზე იესო ქრისტემ ფერი იცვალა.

ნაზარეთი

ორსაათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ნაზარეთს მივუახლოვდით. ამჟამად ამ ქალაქში მუსლიმები და ქრისტიანები ცხოვრობენ. საინტერესოა, რომ არც ებრაულ საღვთო წერილში (ძველი აღთქმა) და არც თალმუდში, ნაზარეთი ნახსენები არ არის. სახარების მიხედვით კი ეს არის ადგილი, სადაც გაბრიელ მთავარანგელოზი ქალწულ მარიამს გამოეცხადა და იესოს შობა ახარა (ლუკ. 1:26:38).

თავდაპირველად ხარების კათოლიკური ბაზილიკა მოვილოცეთ. ეს ბაზილიკა გასული საუკუნის 50-60 წლებში იმ ადგილზე აშენდა, სადაც გადმოცემით წმ. მარიამის სახლი იდგა და ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ქრიატიანულ ტაძარს წარმოადგენს. მის ფასადზე ლათინურად წერია: “VERBUM CARO FACTUM EST, ET HABITAVIT IN NOBIS” რაც ქართულად ნიშნავს: “სიტყვა ხორციელი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის”(იოან. 1:14).

ნაზარეთის ხარების ბაზილიკის ეზო

ბაზილიკის ქვედა სართულზე უძველესი ეკლესიის კვალი ჩანს, რომელიც პირველად 570 წელს იხსენიება. აქვეა წმ. მარიამის სახლიც. ნაზართი დაახლ. 381-384 წლებში ესპანელ პილიგრიმ ქალს, სახელად ეგერიას მოულოცავს. ილიას უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის დროს “ეგერიას მოგზაურობას” გერმანულ ენაზე გავეცანი. წმინდა მიწაზე მიღებულ შთაბეჭდილებებს ის დღიურების სახით წერდა, რომლის მხოლოდ ნაწილი შემორჩა. ეგერიასთვის იმ დროს დიდი გამოქვაბული უჩვენებიათ და უთქვამთ, რომ იქ წმ. მარიამი ცხოვრობდა. არ არის გამორიცხული ეს ადგილი ეჩვენებინათ, თუმცა დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია.

ეკლესიის ფასადის წინ სვეტებია აღმართული, რომლებიც შენობას არ უერთდებიან. მეუფე მალხაზმა მშვიდობის საკათედრო ტაძარში 2 სვეტის აღმართვის შთაგონება სწორედ ხარების ეკლესიაში მიიღო.

ბაზილიკის მეორე სართული მთლიანად საღვთისმსახურებო დარბაზს უკავია, სადაც ძალიან ლამაზი საკურთხეველი დგას. კედლებს დიდრონი მოზაიკური ფრესკები ამშვენებენ.

ხარების ბაზილიკის ზედა სართული

როგორც შიდა, ისე გარე კედლებზე წმ. მარიამის და ყრმა იესოს ხატებია გამოფენილი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან არის შემოწირული. განსაკუთრებით საინტერესო იყო კორეული, ჩინური და იაპონური ხატები.

ხარების ბაზილიკის ეზოდან წმ. იოსების სახელობის კათოლიკურ (ფრანცისკულ) ეკლესიაში შევედით, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ძველი ეკლესიის საძირკველზე აშენდა. გადმოცემით აქ იოსების სახლი და სადურგლო სახელოსნო იდგა. ცენტრალურ აბსიდაზე წმინდა ოჯახის ფრესკაა გამოსახული.

საძირკველში უძველესი ნასახლარების და მიკვეების (რიტუალური საბანელი) კვალია შემორჩენილი.

ეკლესიის ეზოში კატა დასეირნობდა. ალა მაშინვე მასთან მივიდა. მეუფე მალხაზი და ალა სადაც კი კატას დაინახავდნენ, ყველას “ჯინჯერს” (ასე ჰქვია მათ კატას) ეძახდნენ და ეფერებოდნენ. გამონაკლისს არც ეს კატა წარმოადგენდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მეუფე მალხაზს და ალას სახლში 5 ძაღლი და 2 კატა ჰყავთ. ისინი ერთ ჭერქვეშ ჰარმონიულად თანაცხოვრობენ და ოჯახის წევრებს, უფრო კი სტუმრებს, თავიანთი ონავრობით ახალისებენ.

“ჯინჯერი”

წმ. იოსების ეკლესიის მოლოცვის შემდეგ, საეკლესიო მაღაზიაში შევედით. ნაზარეთში შეძენილი საეკლესიო ზეთი დღემდე მაქვს შემონახული. იქვე ახლოს მე-19 საუკუნის ანგლიკანური ეკლესია დავინახეთ. მღვდელმა თავაზიანად მიგვიღო და საეკლესიო ლიტურგია გაგვაცნო.

საუბარში გვითხრა, რომ საქართველოს ნახვა ძალიან აინტერესებდა. მეუფე მალხაზმა თავისი სავიზიტო ბარათი მისცა და საქართველოში მოიწვია.

ცხრა ნეტარების მთა

ნაზარეთიდან ცხრა ნეტარების მთისკენ გავემგზავრეთ. ეს მთა გალილეის ზღვას გადაჰყურებს. გადმოცემით აქ იესო ქრისტემ ცხრა ნეტარების (მათ. 5-7) შესახებ იქადაგა. მთაზე ქალთა მონასტერი და 1937-38 წლებში აშენებული კათოლიკური ეკლესია მდებარეობს, რომელიც ფრანცისკელი ბერის – ანტონიო ბარლუცის (1884-1960) დაპროექტებულია. ამავე ბერმა იერუსალიმში, ზეთისხილის მთაზე, ფრანცისკული ეკლესია “უფალი ატირდა” (Dominus Flevit) დააპროექტა.

შესასვლელში წყარო შევნიშნეთ. წიგნის ფორმის მარმარილოს ქვაზე ეწერა: “ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას” (იოან. 7:37), ხოლო იქვე ადმინისტრაციული დაფა გვაფრთხილებდა: “წყალი დასალევად უვარგისია”:-) ამაზე ბევრი ვიცინეთ. ჯობდა ეს ორი წარწერა ერთმანეთისგან დაეშორებინათ.

წარწერები წყაროსთან

ბაღი შესანიშნავად იყო მოვლილი. მონაზვნებს ნაირ-ნაირი ხეები და ყვავილები გაუშენებიათ და აქაურობა ნამდვილ წალკოტად უქცევიათ. ეკლესიის წინ ხასხასა მწვანე ბალახი ხალიჩასავით იყო დაგებული. ცოდვა გამხელილი სჯობსო – ამკრძალავი ფირნიშის მიუხედავად ბალახზე გადავედი და მეუფეებს სურათის გადასაღებად მოვუხმე. მოშორებით ევროპელი ტურისტები იმყოფებოდნენ და გაკვირვებულები გვიყურებდნენ. ალბათ გულში ფიქრობდნენ: ანაფორიანები არ იცავენ წესრიგს და უანაფოროები რაღას იზამენო?!

ცხრა ნეტარების ეკლესია

ცხრა ნეტარების ეკლესიის შიდა სივრცე რვაკუთხა ცილინდრის ფორმისაა. საკურთხეველზე და მის ირგვლივ სპეციალური განათებებია დამონტაჟებული. შენობას კარგი აკუსტიკა აქვს.

ღვთისმსახურების დარბაზი

ეკლესიის მოლოცვის შემდეგ, კვლავ ბაღში გამოვედით და საკმაო ხანი დავყავით. დავდიოდით, ვსაუბრობდით და თან ყვავილნარს ვათვალიერებდით.

მგონი ყველაზე მეტი სურათი ცხრა ნეტარების მთაზე გადავიღეთ. იმდენად ლამაზი იყო იქაურობა, რომ ყველა კუთხის დაფიქსირება გვინდოდა. მეუფე რუსუდანს, ნათელას და ალას ყვავილები ძალიან უყვართ. ნათელა სურათების 40%-ს ყვავილებს და ზოგადად მცენარეებს უღებს. როცა მოგზაურობიდან სახლში ვბრუნდებით და ალბომზე მუშაობას ვიწყებ, განწყობის შესაქმნელად, ყოველთვის ნათელას გადაღებულ სურათებს ვიყენებ. რაც კი საოჯახო ალბომები გვაქვს, ყველას ნათელას გადაღებული სურათები ამრავალფეროვნებენ.

სეირნობისას მონასტრის მაღაზიას ჩავუარეთ და კანაში დამზადებული ღვინო შევნიშნეთ. მაშინვე დაგემოვნება გადავწყვიტეთ. მეუფე მალხაზმა დაგვპატიჟა. იქვე მაღაზიასთან მაგიდა და სკამები იყო, საიდანაც გალილეის ზღვა ჩანდა. ბოთლები გავხსენით და პლასტმასის ჭიქები შევავსეთ…

იესომ პირველი სასწაული კანაში მოახდინა და საქორწილო სუფრაზე წყალი ღვინოდ აქცია (იოან. 2:1-10). როცა წინა თაობის ბაპტისტი ღვთისმსახურები ღვინოს კრძალავდნენ და ქორწილსაც კი ხილის წვენით იხდიდნენ, მეგონა ეს სახარებაში ეწერა. თუმცა მოგვიანებით კანაში მოხდენილი სასწაული კარგად გავიაზრე, ჭიქა ღვინით შევავსე და მამა-პაპური სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე სიამოვნებით მივირთვი… ამას ეკლესიაში იუმორით “კახური რეფორმა” შეარქვეს:-)

გულახდილად უნდა ვთქვა, რომ კანას ღვინო დიდად არ მოგვეწონა. დარწმუნებული ვარ, იესოს ღვინო გაცილებით უკეთესი იქნებოდა. აკი თამადამ შეაქო კიდეც… (იოან. 2:9-10).

ცხადია სადღეგრძელოს გარეშე არც ერთი ჭიქა არ შეგვისვამს. როგორ შეიძლებოდა წმინდა მიწაზე მშვიდობის სადღეგრძელო არ გვეთქვა. 1948 წლიდან მოყოლებული, რაც პალესტინაში ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, ებრაელებსა და არაბებს შორის დაუსრულებელ კონფლიქტს აქვს ადგილი. ებრაელებს და პალესტინელ არაბებს მშვიდობიანი თანაარსებობა და სიკეთე ვუსურვეთ.

ასევე შევსვით იუდეველების, ქრისტიანების, მუსლიმების და ზოგადად რელიგიებს შორის მშვიდობის სადღეგრძელო. თანამედროვე შვეიცარიელმა თეოლოგმა ჰანს ქიუნგმა (დაბ. 1928) თქვა: “ვერასოდეს იარსებებს მშვიდობა ერებსა და ქვეყნებს შორის, თუ არ იქნება მშვიდობა რელიგიებს შორის და ვერასოდეს იარსებებენ რელიგიები მშვიდობიანად ერთმანეთის გვერდით, თუ მათ შორის დიალოგი არ იქნება”.

კიდევ რამდენიმე სადღეგრძელო ვთქვით და კარგად მოვილხინეთ. ვიდრე ცხრა ნეტარების მთას დავტოვებდით, მათეს სახარება გადავშალეთ და მეუფე რუსუდანს ცხრა ნეტარების (მათ. 5: 1-11) წაკითხვა ვთხოვეთ.

ცხრა ნეტარების კითხვა, ცხრა ნეტარების მთაზე

ამის შემდეგ “მამო ჩვენო” ვილოცეთ და კაპერნაუმისკენ დავიძარით.

კაპერნაუმი

კაპერნაუმი გალილეის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს და მას იესოს ქალაქს ეძახიან. სახარებაში წერია, რომ როცა იესომ გაიგო იოანე ნათლისმცემლი საპყრობილეში იყო, გალილეაში დაბრუნდა და ნაზარეთიდან საცხოვრებლად კაპერნაუმში გადავიდა (მათ. 4:12-13). იესომ პირველად ამ ადგილებში დაიწყო ქადაგება: “მოინანიეთ, რადგან მოახლოვებულია ცათა სასუფეველი” (მათ. 4:17), განკურნების სასწაულები მოახდინა და სინაგოგის წინამძღოლის გარდაცვლილი ქალიშვილიც გააცოცხლა (მათ. 9, მარკ. 5:21-43). კაპერნაუმში იესოს მოციქულები სიმონ-პეტრე და მისი ძმა ანდრეა, იაკობი და იოანე (მათ. 4:18-22), ასევე მებაჟე ლევი (მათ. 9:9-13) ცხოვრობდნენ. იგი ეგვიპტესა და შუამდინარეთის დამაკავშირებელ დიდ სავაჭრო გზასთან ახლოს მდებარეობდა და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

კაპერნაუმის ნასახლარები

გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნასახლარების მიხედვით დგინდება, რომ კაპენრაუმში ებრაელების დასახლება ძვ. წ. მე-2 საუკუნეში გაჩნდა, სადაც ძირითადად მეთევზეები ცხოვრობდნენ. ზოგიერთის აზრით კაპერნაუმი (ებრ. ქფარ ნაჰუმ – ნაუმის სოფელი) ნაუმ წინასწარმეტყველის (ძვ. წ. მე-7 ს.) სახელთან არის დაკავშირებული, რომელიც შესაძლოა აქ იყო დაბადებული. ჩვ. წ. 746 წელს ქალაქი მიწისძვრამ დაანგრია და ხელახლა აღდგინეს.

ტერიტორიის დიდი ნაწილი, სადაც გათხრებია ჩატარებული, ფრანცისკელებს ეკუთვნით, ნაწილი კი ბერძნულ-მართლმადიდებელ ეკლესიას. ძალიან შთამბეჭდავი სანახავია ძველი სინაგოგა, რომლის მოჩუქურთმებული ფასადი იერუსალიმისკენ არის მიმართული.

კაპერნაუმის სინაგოგის ფასადი

თავდაპირველად არქეოლოგებს ეგონათ, რომ ეს სინაგოგა იესოს დროინდელი იყო. თუმცა მოგვიანებით დაადგინეს, რომ იგი მე-3 – მე-4 საუკუნეებში იყო აშენებული. როდესაც საძირკველს სწავლობდნენ, პირველი საუკუნის სინაგოგის ფენა აღმოაჩინეს. სავარაუდოდ სწორედ ეს იყო იმ სინაგოგის შემორჩენილი ნაწილი, სადაც იესო ქადაგებდა (მარკ. 1:21).

სინაგოგის შიდა სივრცე

დარბაზს დიდრონი სვეტები ამშვენებენ. ლამაზ ჩუქურთმებს როგორც ფასადზე, ისე კაპიტელებზე ვხვდებით. სინაგოგის რამოდენიმე ფრაგმენტი გვერდით ეზოშია განთავსებული. ერთ-ერთ კაპიტელზე მენორაც არის გამოსახული. კაპერნაუმელებს დახვეწილი გემოვნება ჰქონიათ.

კაპერნაუმის სინაგოგა მე-7 ს.-ში დაინგრა. მას შემდეგ აღარ აღუდგენიათ. მე-4 ს.-ში აქ ჩვენთვის ნაცნობი ესპანელი პილიგრიმი ეგერიაც ყოფილა და მხოლოდ ნანგრევები დახვედრია.

კაპერნაუმის სინაგოგა

კაპერნაუმში სინაგოგასთან ახლოს, პეტრე მოციქულის სახელობის კათოლიკური ეკლესია მდებარეობს, რომელიც 1980 წელს იმ ადგილზე აშენდა, სადაც გადმოცემით პეტრე მოციქულის სახლი იდგა. მარკოზის სახარების მიხედვით, პეტრე მოციქული კაპერნაუმის სინაგოგასთან ახლოს ცხოვრობდა. ქადაგების შემდეგ მან იესო სახლში მიიწვია და სიდედრის ცხელებისგან განკურნება სთხოვა (მარკ. 1:29-31). სინაგოგასა და ეკლესიას შორის უძველესი ნასახლარებია. მე-5 ს.-ში პეტრე მოციქულის სახლის საძირკველზე ბიზანტიური რვაკუთხა ეკლესია ააშენეს.

პეტრე მოციქულის სახელობის ეკლესია

თანამედროვე კათოლიკური ეკლესიის ცენტრში შუშის იატაკია, რომლის ქვემოთ უძველესი ბიზანტიური ეკლესიის ნანგრევები ჩანს. ამ ადგილზე ქრისტიანი მომლოცველები უკვე პირველი საუკუნის ბოლოდან ფიქსირდებიან.

ეკლესიის შიდა სივრცე

ეზოში პეტრე მოციქულის ქანდაკება დგას, რომელსაც ერთ ხელში კვერთხი (მწყემსობის სიმბოლო), ხოლო მეორეში გასაღები (საკრამენტული ძალაუფლების სიმბოლო) უპყრია. ამ ადგილებში ხშირად უნახავთ იესო და მის ირგვლივ შემოკრებილი მოწაფეები.

პეტრე მოციქულის ქანდაკება

ეკლესიის ეზოს ეს ნაწილი გალილეის ზღვას გადაჰყურებს. აქედან სინაგოგაც კარგად ჩანს. ულამაზესი ადგილია. კაპერნაუმმა, როგორც ებრაულმა ქალაქმა არსებობა მე-11 საუკუნეში შეწყვიტა.

საკმაო დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ იესო ებრაულ ოჯახში დაიბადა და მისი რელიგია იუდაიზმი იყო. მოციქულებიც ებრაელები იყვნენ და იუდაურ რელიგიას და ტრადიციებს მთელი ცხოვრება ერთგულებდნენ. ისინი აბრაამის, ისაკის და იაკობის ღმერთს სცემდნენ თაყვანს, ერთთავად იუდაურ ტაძარსა და სინაგოგებში იკრიბებოდნენ, ყველა იუდაურ დღესასწაულს ზეიმობდნენ და თანამოძმეებს მოსეს რჯულით მოძღვრავდნენ (მათ. 5:17; მათ. 19:16-22; მარკ. 12:28-30; რომ. 3:21 ფილ. 3:5; საქ. 2:46; 3:1; საქ. 24:12; 14; 18).

ამ “აღმოჩენამ” იუდაიზმის და ებრაელების მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. ქრისტიანულ ეკლესიებში ქადაგებისას ხშირად გაიგონებთ ერთი შეხედვით უწყინარ ფრაზებს: “იესო ებრაელებმა გააკრეს ჯვარზე”, “ძველი აღთქმა (ებრაული საღვთო წერილი) გაუქმებულია”, “ებრაელები უგულებელყო ღმერთმა და ახლა ჩვენ ვართ მისი რჩეული ერი” და ა.შ. ამ დროს ადამიანი ვერც კი აცნობიერებს ებრაელების და იუდაიზმის მიმართ მტრული დამოკიდებულება როგორ უყალიბდება. საუკუნეების მანძილზე ეთნიკური და რელიგიური იდენტობის გამო ქრისტიანებს მრავალი ტკივილი და ზიანი აქვთ ებრაელებისთვის მიყენებული. გავიხსენოთ თუნდაც შუა საუკუნეები, ჰოლოკოსტზე აღარაფერს ვამბობ. ეკლესიებში ანტისემიტურ და ანტიიუდაურ სულისკვეთებას სამწუხაროდ დღემდე ვაწყდებით.

გალილეის ზღვა

კაპერნაუმიდან გალილეის ზღვის ნაპირზე ჩავედით. ერთხანს ნისლის გამო თვალი შორს ვერ სწვდებოდა, თუმცა ნელ-ნელა ნისლი გაიფანტა და ხილვადობა გაიზარდა.

გალილეის ზღვა

ბიბლიაში გალილეის ზღვა სხვადასხვა სახელებით გვხვდება. ებრაულ საღვთო წერილში (ძველი აღთქმა) ქინერეთის ზღვად (რიცხ. 34:11), მათეს და მარკოზის სახარებებში გალილეის ზღვად (მათ. 4:18; მარკ. 1:16; 7:31), ლუკას სახარებაში გენესარეთის ტბად (ლუკ. 5:1), ხოლო იოანეს სახარებაში როგორც გალილეის, ისე ტიბერიის ზღვად (იოან. 6:1) არის მოხსენიებული. მისი სიგრძე 21კმ., ხოლო სიგანე 12 კმ.-ია. ზღვაში მდინარე იორდანე გაედინება.

იესო ქრისტემ კაპერნაუმელი სიმონ-პეტრე და ანდრეა, იაკობი და იოანე გალილეის ზღვის ნაპირზე ნახა და დაიმოწაფა (მათ. 4:18-22). ამ ზღვაზე მას არაერთი სასწაული აქვს მოხდენილი. ერთხელ სიმონ-პეტრე წარუმატებელი თევზაობის შემდეგ ნაპირისკენ აპირებდა გამოსვლას. იესომ უთხრა, რომ ნავი პირიქით ზღვაში ღრმად შეეცურებინა. ამის შემდეგ იმდენი თევზი დაიჭირა, რომ კინაღამ ბადეები დაეგლიჯა (ლუკ. 5:4-7). მოგვიანებით, როცა იესო მოციქულებთან ერთად ნავში იმყოფებოდა, უეცრად ქარიშხალი ამოვარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. იესომ ქარიშხალი დააცხრო და ზღვა დაამშვიდა (მარკ. 4:35-41). ერთხელ მოციქულებმა თვალებს არ დაუჯერეს, როცა იესო გალილეის ზღვაზე ფეხით მოსიარულე ნახეს (იოან. 6:16-21). მას შემდეგ, რაც იგი მკვდრეთით აღდგა, მოციქულებს სწორედ აქ გამოეცხადა და საუზმის სახით თევზი და პური შესთავაზა (იოან. 21:1, 4-19).

გალილეის ზღვის ნაპირი კაპერნაუმთან

90-იან წლებში, ჯერ კიდევ სტუდენტი ყვარლის რამოდენიმე სოფელში მცირე საევანგელიზაციო ჯგუფებს ვუძღვებოდი. ხალხი დიდ გაჭრვებასა და სასოწარკვეთლებაში იმყოფებოდა. ქადაგების მოსასმენად გვიან საღამოს იკრიბებოდნენ. ოჯახის უფროსი მაგიდაზე ნავთის ლამპას შემოდგამდა და სახარებას ისე ვკითხულობდით. იმ დროს ყველაზე უფრო ხშირად სწორედ გალილეის ზღვაზე მოხდენილი სასწაულების შესახებ ვქადაგებდი, რაც მსმენელებს იმედით ავსებდა.

კაპერნაუმიც და გალილეის ზღვაც იესოს და მისი მოციქულების ცხოვრებაში დიდი როლს თამაშობდნენ. როცა გალილეის ზღვასთან დგახარ, სახარებებში წაკითხულ ამბებს უფრო მკაფიოდ აღიქვამ, თითქოს ყველაფერი შენს თვალწინ ხდებოდეს.

სიამოვნებით გავჩერდებოდით მეტ ხანს, მაგრამ დროში შეზღუდულები ვიყავით და ამიტომ კვლავ კაპერნაუმში ავედით, სადაც ღალები ილოდებოდა.

მაგდალა

კაპერნაუმიდან მაგდალაში გავემგზავრეთ, რომელიც გალილეას ზღვის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. მაგდალადან იესოს ყველაზე ერთგული მოწაფე ქალი, მარიამ მაგდალელი იყო. მაგდალაში გათხრებს იერუსალიმის ღვთისმშობლის სახელობის (ნოტრ-დამი) ინსტიტუტი აწარმოებს. 2005 წ. კათოლიკურმა ორგანიზაციამ ისრაელის ქალაქ მაგდალთან ახლოს, პილიგრიმებისთვის სასტუმროს ასაშენებლად მიწის ნაკვეთი შეიძინა. 2009 წ. პაპმა ბენედიქტ XIV-მ მაგდალას ცენტრის საძირკველში პირველი ქვა ჩადო. მშენებლობისას უძველესი ნანგრევებს გადააწყდნენ. მალე გათხრები დაიწყო და მეთევზეთა უძველესი ნასახლარები, მიკვეები, სავაჭრო ოთახები, თევზის დასამუშავებელი დარბაზი და ბაზრის ნაშთები აღმოაჩინეს. მაგდალას ცენტრმა სასტუმროს აშენებაზე უარი თქვა და მის ნაცვლად არქეოლოგიურ მუზეუმს ჩაუყარეს საფუძველი.

როცა ნასახლარებს ვათვალიერებდით, წვიმა წამოვიდა. მუზეუმის თანამშრომლებმა ქოლგები მოგვაშველეს.

მაგდალას არქეოლოგიური მუზეუმი

მაგდალაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იესოს დროინდელი სინაგოგაა, სადაც მოზაიკური იატაკის და მოხატული კედლის ფრაგმენტები კარგად არის შენახული. სინაგოგის ნანგრევებში ახ. წ. 29 წელს გამოშვებული მონეტაც იპოვნეს. არქეოლოგების აზრით, მაგდალას სინაგოგა ძვ. წ. 20 – ახ. წ. 60 წლებში ფუნქციონირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო აქ აუცილებლად იქნებოდა ნამყოფი.

მაგდალას უძველესი სინაგოგა

სინაგოგის ცენტრში ერთი ლოდი ნახეს, რომელზეც მენორა, ამფორები და სვეტებია ამოკვეთილი. როგორც არქეოლოგები ამბობენ, აქამდე აღმოჩენილ მენორებს შორის მაგდალას ქვაზე ამოკვეთილი მენორა უძველესია, ხოლო ამფორები და სვეტების ფორმები იმაზე მიანიშნებენ, რომ ქვისმთლელი მეორე ტაძარს კარგად იცნობდა. როგორც ჩანს ამ ქვაზე თორას გრაგნილს კითხულობდნენ. ვინ იცის აქ იესოსაც ჰქონდა თორა წაკითხული…

მაგდალას ქვა

მაგდალას სინაგოგიდან არც თუ ისე შორს, თანამედროვე კათოლიკური ეკლესია დგას, რომელიც გალილეის ზღვის ლანდშაფტში კარგად ჯდება. ეკლესიას “ღრმად შეცურე” (ლათ. Duc in Altum) ეწოდება. ეს ფრაზა ლუკას სახარებიდან არის აღებული, როცა იესო წარუმატებელი თევზაობით იმედგაცრუებულ სიმონ-პეტრეს მიმართავს, ნავი ზღვაში ღრმად შეაცუროს (ლუკ. 5:4).

მაგდალას კათოლიკური ეკლესია

ეკლესიას რვაკუთხა ცენტრალური ნაწილი (ატრიუმი) აქვს, სადაც სახარებებში მოხსენიებული მოწაფე ქალების სახელებზე 7 სვეტია აღმართული. მე-8 სვეტი კი ყველა დროის ღვთისმოსავი ქალის სახელზე დგას.

მთავარი შესასვლელი სვეტებით

მსგავსი საკურთხეველი, რაც ამ ეკლესიაში ვნახე, სხვაგან არსად მინახავს. ეს არის ლიბანის კედრისგან დამზადებული ნავი, რომელსაც ზუსტად იგივე ფორმა და ზომა აქვს, რაც იესოს დროს გალილეის ზღვაზე მოცურავე ნავებს ჰქონდათ.

ეკლესიის საკურთხეველი

საკურთხევლიდან ხედი პირდაპირ გალილეის ზღვაზე იშლება. წარმოიდგინეთ რა განცდა ეუფლება ადამიანს, როცა მაგდალაში ქადაგებას ისმენს, ეზიარება და იმავდროულად ნავის საკურთხევლის მიღმა გალილეის ზღვას ჰხედავს…

ხედი საკურთხევლიდან გალილეის ზღვაზე

დიდი დარბაზის გარდა, მაგდალას ცენტრს ოთხი მცირე ზომის კაპელაც აქვს, სადაც კედლები მოზაიკური ფრესკებით არის გამშვენებული. ქვედა სართულზე ეკუმენური კრიპტა მდებარეობს. იატაკი და საკურთხეველი მაგდალას ქვისგან არის გაკეთებული. ლოცვისთვის და მედიტაციისთვის მეტად მყუდრო ადგილია.

ეკუმენური კრიპტა

ეკლესიის ეზოში კარგა ხანს ვისეირნეთ და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ. ვინ იცის ეს ადგილი კიდევ რამდენ საიდუმლოს მალავს. არქეოლოგიური გათხრები გრძელდება და იმედია მნიშვნელოვან აღმოჩენებს მომავალშიც ექნება ადგილი.

მაგდალას არქეოლოგიურ მუზეუმთან ახლოს, გალილეის ზღვის ნაპირზე რამოდენიმე საკემპინგე ადგილია მოწყობილი. იქვე რესტორანია, სადაც “პეტრეს თევზის” დაგემოვნებაა შესაძლებელი. აქ წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის, რაც თავისთავად კარგია.

ამასობაში მოსაღამოვდა. ერთხელ კიდევ გავედით გალილეის ზღვის ნაპირზე და შემდეგ მიკროავტობუსისკენ წავედით. ღალებმა ამასობაში დასვენება მოასწრო, რაც მძღოლისთვის აუცილებელია. ადგილები დავიკავეთ და იერუსალიმისკენ გავემგზავრეთ.

გალილეის ზღვის ნაპირთან მაგდალას მხრიდან

გზად ტიბერია გავიარეთ, რომელიც მაგდალასთან ძალიან ახლოს არის და იუდეველთა წმინდა ქალაქად არის შერაცხული. ტიბერია ჰეროდე დიდის შვილმა, ჰეროდე ანტიპამ (ძვ. წ. 20 – ახ. წ. 39) დააარსა და სახელი რომის იმერატორის, ტიბერიუსის პატივსაცემად უწოდა. ახ. წ. 70 წ. იერუსალიმის დანგრევის შემდეგ ეს ქალაქი იუდაური რელიგიის ცენტრი გახდა. აქ მოიყარეს თავი დიდმა ებრაელმა სწავლულებმა და მე-3 – მე-5 საუკუნეებში მიშნა, გემარა და პალესტინური თალმუდი (ამის შესახებ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ) შეადგინეს. ტიბერიაში განისვენებენ I-II საუკუნეებში მოღვაწე დიდი რაბინები, მათ შორის რაბი აკიბა და მისი მოწაფე რაბი მეირი, ასევე რაბი მოშე ბენ მაიმონი (მე-12 ს.). გზიდან მხოლოდ რაბი მეირის სამარხი ჩანდა. სამწუხაროდ დრო არ გვეყო იმისათვის, რომ ტიბერია გვენახა.

იერუსალიმში გვიან საღამოს დავბრუნდით. ელზამ და მიხაელმა გემრიელი ვახშამი დაგვახვედრეს. ეს ადამიანები საოცარ სტუმართმოყვარეობას იჩენენ ყველა პილიგრიმის მიმართ და იოანელთა სასტუმრო სახლში თბილ გარემოს ქმნიან. ვახშმის შემდეგ დაღლილებმა ოთახებს მივაშურეთ. მალე ჩანთების ჩაბარგებასა და საქართველოში გამომგზავრებაზე უნდა დაგვეჭირა თადარიგი.

ელზა და მიხაელ მორმანები

გასრულდა ჩვენი პილიგრიმაჟი წმინდა მიწაზე. სიამოვნებით დავრჩებოდით მეტ ხანს, მაგრამ ამ ცისქვეშეთში ყველაფერს თავისი დრო აქვს…

იერუსალიმში, იუდეას უდაბნოსა და გალილეაში წმინდა ადგილები მოვილოცეთ, მრავალი საინტერესო ისტორიულ-კულტურული ძეგლი ვნახეთ და როგორც ქრისტიანი, ისე იუდეველი მეგობრები შევიძინეთ.

რაბი მირიამი, ვის ოჯახშიც შაბათი დავიყენეთ, 2017 წლის დეკემბერში თავისი ორ ქალიშვილთან, რახელთან და შირასთან ერთად საქართველოში გვესტუმრა. ერთად მოვიარეთ თბილისი, მცხეთა, გუდაური და მშვიდობის საკათედრო ტაძარში ხანუქას დღესასწაული გადავიხადეთ (იხ. https://www.facebook.com/ebcGeorgia/photos/pcb.1589009467832343/1589007781165845/?type=3&theater ). ამ ვიზიტმა ჩვენი მეგობრობა უფრო მეტად გაამყარა.

სამშობლოში დაბრუნება

2016 წლის 27 იანვარს სამშობლოში დავბრუნდით. ერთი სული გვქონდა პილიგრიმაჟის შთაბეჭდილებები სულიერი დებისთვის და ძმებისთვის გაგვეზიარებინა. კვირა დღეს მეუფე რუსუდანი, ნათელა და ალა მშვიდობის საკათედრო ტაძარში პალესტინური სამოსელით მობრძანდნენ.

პრეზენტაცია მშვიდობის საკათედრო ტაძარში

პრეზენტაციაზე პილიგრიმაჟის შესახებ დაწვრილებით ვისაუბრეთ. სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ფოტომასალაც წარმოვადგინეთ.

პილიგრიმაჟიდან 2 წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა წმინდა მიწაზე მიღებულ შთაბეჭდილებებს ხშირად ვიხსენებთ.

Leave a Reply