წმინდა მიწა (I ნაწილი) – იერუსალიმი

წმინდა მიწა (I ნაწილი) – იერუსალიმი

2015 წლის სექტემბერში, უჩვეულო ღვთისმსახურება გადავიხადეთ მშვიდობის საკათედრო ტაძარში. შოფარის (ცხვრის რქის საკრავი) ჩაბერვით და თაფლში ამოვლებული ვაშლებით, ებრაული ახალი წელი – როშ ჰაშანა – ვიზეიმეთ. ახალგაზრდებმა ებრაული ცეკვა შეასრულეს და მრევლთან ერთად საცეკვაოდ ეპისკოპოსებიც გამოიწვიეს. მეუფე მახლაზი და მეუფე რუსუდანი ფერხულში ჩაებნენ. ორივენი მოხდენილად ცეკვავენ. ჩემი მონაწილეობა კი მხოლოდ ტაშის დაკვრით შემოიფარგლა, რადგან ცეკვა არ მეხერხება და მირჩევნია ჩემთვის წყნარად ვიჯდე, ვიდრე ხელ-ფეხი სასაცილოდ ვიქნიო:-)

კათედრალიდან ეპისკოპოსები მეუღლეებთან ერთად მდინარე მტკვარზე გავედით და ებრაული ლოცვის წაკითხვის შემდეგ წყალს პურის ნამცეცები გავაყოლეთ.

ნეტავ ოდესმე ასე ერთად ისრაელში წაგვიყვანა – ხმამაღლა იოცნება ნათელამ.

მართლა რა მაგარი იქნებოდა?! კვერი დაუკრა მეუფე რუსუდანმა.

ჰოდა, ჩვენც წავიდეთ! ისე დაბეჯითებით თქვა მეუფე მალხაზმა, თითქოს ეს მხოლოდ ჩვენს სურვილზე იყო დამოკიდებული.

რამოდენიმე თვეში ოცნება რეალობად იქცა. ჩვენმა დიდი ხნის გერმანელმა მეგობარმა, დოქტორმა როლანდ ვერნერმა იერუსალიმში მიგვიწვია.

გადავწყვიტე შთაბეჭდილებები 3 ნაწილად გაგიზიაროთ. პირველი ნაწილი იერუსალიმს, მეორე იუდას უდაბნოს, ხოლო მესამე გალილეას დაეთმობა. იერუსალიმის ნაწილი ყველაზე ვრცელია და 3 თავად არის წარმოდგენილი. პირველ თავში წმინდა ადგილების, მეორე თავში შეხვედრების, ხოლო მესამე თავში ჩვენს მიერ გოლგოთაზე, ზეთისხილის მთაზე და ძველ იერუსალიმში მდებარე კაპელაში გადახდილი ევქარისტული ლიტურგიების შესახებ მოგითხრობთ.

პილიგრიმები: მეუფე ილია ოსეფაშვილი, ნათელა ტოჩილაშვილი, მეუფე მალხაზ სონღულაშვილი, ალა ქავთარაძე, მეუფე რუსუდან გოცირიძე, მიხეილ სარალიშვილი.

წმინდა ადგილები

2016 წლის 17 იანვარს 16:00 საათისკენ ჩვენი თვითმფრინავი თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში დაეშვა. არაბმა მძღოლმა ჩვენი ბარგი მიკროავტობუსში ჩატვირთა და იერუსალიმისკენ გავემგზავრეთ. მე და ნათელა ისრაელში მეორედ ამოვედით. ჩვენი პირველი პილიგრიმაჟი 2014 წლის ოქტომბერში შედგა.


იოანელთა სასტუმრო სახლი

იერუსალიმში ჩვენი მასპინძლები, ცოლ-ქმარი ელზა და მიხაელ მორმანები დაგვხვდნენ. ისინი უკვე 5 წელია ძველი იერუსალიმის მუსლიმურ კვარტალში მდებარე იოანელთა სასტუმრო სახლს ხელმძღვანელობენ, რომელიც 1859 წლიდან ფუნქციონირებს. 2 სართულიანი შენობა კაპელას, სატრაპეზოს და სასტუმროს მოიცავს. სასტუმროს ერდოდან კლდის გუმბათი და ზეთისხილის მთა ჩანს. ძველ იერუსალიმში წმინდა ადგილების მონახულებას აქედან ფეხით მხოლოდ 25-30 წუთი სჭირდება.

ვიდრე უშუალოდ პილიგრიმაჟის შესახებ გავაგრძელებ თხრობას, მოდით ბიბლიური ეპოქის იერუსალიმთან დაკავშირებით მნიშვნელოვან თარიღებს და მოვლენებს გადავხედოთ.

იერუსალიმი ბიბლიურ ეპოქაში

იერუსალიმი არაბიბლიურ წყაროებში ყველაზე ადრე ძვ. წ. მე-19 ს.-ის ეგვიპტური რიტუალური შინაარსის მქონე თიხის ფირფიტებზეა მოხსენიებული, ბიბლიაში კი პირველად მამამთავარ აბრაამთან (ძვ. წ. მე-20 ს.) მიმართებაში გვხვდება. ყველაფერი ასე დაიწყო: შუამდინარეთის ქალაქ ურიდან (ერაყის სამხრეთი) ერთი ოჯახი აიყარა და ქანაანისკენ (ტერიტორია ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე იორდანემდე) გაუდგა გზას. ერთხანს ხარანში (სამხრეთ-აღმოსვლეთ თურქეთი) გაჩერდნენ. ოჯახის თავი იქ გარდაიცვალა და დამარხეს. გზა მისმა 75 წლის შვილმა ცოლთან, რამდენიმე ნათესავთან და მსახურებთან ერთად გააგრძელა და ქანაანამდე ჩააღწია. ეს კაცი მამამთავარი აბრაამი იყო. ღმერთმა მას და მის შთამომავლობას ქანაანი სამკვიდროდ აღუთქვა (დაბ. 12:1-7). ტერმინი “აღთქმული მიწა” სწორედ აქედან მომდინარეობს.

როცა აბრაამი თავისი ძმისშვილის გამტაცებელ მეფეებს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა, მას სალემის (იერუსალიმის) მეფე და მღვდელი მელქიცედეკი პურითა და ღვინით გამოეგება (დაბ. 14:18-20). იმ დროს იერუსალიმი ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენდა. ბიბლიის ყურადღების ცენტრში ეს ქალაქი ძვ. წ. მე-10 ს.-ის დასაწყისიდან მოექცა, როცა მეფე დავითმა ის იებუსელებთან ომის შედეგად დაიპყრო და ისრაელიანთა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. გამარჯვების მიუხედავად მეფე დავითს იებუსელები ქალაქიდან არ განუდევნია. მათი ნაწილი იერუსალიმში დარჩა და ებრაელების გვერდით გააგრძელეს ცხოვრება.

მეფე დავითის შემდეგ ტახტზე მისი შვილი სოლომონი (ძვ. წ. 990-931) ავიდა. მის დროს იერუსალიმი კვლავ ერთიანი სამეფოს დედაქალაქი იყო და ებრაელი ხალხის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. მეფე სოლომონის შვილების დროს კი სამეფო ორად გაიყო. ებრაელთა 10-მა ტომმა (რეუბენი, სიმეონი, ლევი, ზებულუნი, ისაქარი, დანი, გადი, აშერი, ნაფთალი და იოსები) ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელის სამეფო, ხოლო 2-მა ტომმა (იუდა და ბენიამინი) სამხრეთში იუდას სამეფო შექმნეს. ისრაელის სამეფოს დედაქალაქი სამარია, ხოლო იუდას სამეფოს დედაქალაქი იერუსალიმი იყო.

ჯერ კიდევ მეფე დავითს სურდა იერუსალიმში ტაძრის აგება, თუმცა ეს მხოლოდ მეფე სოლომონმა შეძლო. როცა მეფე დავითი ღმერთისთვის მსხვერპლშესაწირად ადგილს ეძებდა, საამისოდ არავნა იებუსელის კალო შეარჩია და 50 შეკელ ვერცხლად შეიძინა (2 მეფ. 24:18-25). მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს კალო მორიას მთაზე მდებარეობდა, სადაც მეფე სოლომონმა ძვ. წ. 957-951 წლებში პირველი იუდაური ტაძარი ააგო (2. ნეშ. 3:1-2). ძვ. წ. 586 წ. ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II იერუსალიმში შეიჭრა, ტაძარი გადაწვა და დაანგრია, ხოლო ებრაელები ბაბილონში გადაასახლა. ებრაელები ძვ. წ. 521-516 წწ. ბაბილონიდან დაბრუნდნენ და ტაძარი აღადგინეს. იუდაური ტრადიციის მიხედვით აღდგენილ ტაძარს „მეორე ტაძარს“უწოდებენ.

მეფე ჰეროდე დიდმა (ძვ. წ. 73 – 4) მეორე ტაძარი გააფართოვა და სხვა დამხმარე ნაგებობებიც ააშენა. იესო ქრისტე და მისი მოციქულები სწორედ ამ ტაძარში ადიოდნენ თაყვანსაცემად. იუდაში იმ დროს რომაელები ბატონობდნენ, რაც მძიმე ტვირთად ეწვათ ებრაელებს. მათ დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს რომს, რის გამოც ახ. წ. 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი ტაძართან ერთად მიწის პირად აქციეს. მათ უამრავი ადამიანი დახოცეს, ხოლო გადარჩენილები იმპერიის სახვადასხვა კუთხეებში გადაასახლეს. იუდას სამეფომ არსებობა შეწყვიტა. მანამდე 7 საუკუნით ადრე, კერძოდ ძვ. წ. 722 წელს, ისრაელის სამეფოს ასურელებმა მოუღეს ბოლო.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირველი და მეორე ტაძრები 500 წლიანი შუალედით, ერთსა და იმავე დღეს – 9 ავში (თიშა ბ’ავ) დაინგრა. ეს რიცხვი ცვალებადია და გრიგორიანული კალენდრით ივლის-აგვისტოში უწევს. ებრაელები ამ დღეს გლოვის ნიშნად მარხულობენ.

დასავლეთის (გოდების) კედელი

იერუსალიმში ასვლისთანავე ცოტა მოვისვენეთ და დასავლეთის (გოდების) კედელთან სალოცავად გავედით. უკვე ბინდდებოდა, თუმცა დასავლეთის კედელი და მიმდებარე მოედანი გაჩახჩახებული იყო. გოდების კედელი არაბებმა შეარქვეს, რადგან იქ ცრემლით მოღაღადე ებრაელებს ჰხედავდნენ. ეს ადგილი წმიდათაწმიდაა იუდეველებისთვის. ისინი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან სალოცავად.

ისინი ვინც ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, სავედრებელ ლოცვებს ბარათებზე წერენ და აგზავნიან. უძველეს ლოდებს შორის დარჩენილი ღრიჭოები ასეთი ბარათებით არის სავსე. თავდაპირველად ლოცვა ვთქვით, ხოლო შემდეგ სულიერი დების და ძმების გამოტანებული 200-მდე ბარათი კედელში ჩავდეთ.

დასავლეთის (გოდების) კედელთან.

დასავლეთის კედელი თავის დროზე ტაძრის მთის ნიადაგის გასამაგრებლად ააგეს. მეფე ჰეროდე დიდის დაწყებული მშენებლობა იუდეველთა ომის წინ (ახ. წ. 66-73) გასრულდა. როცა რომაელებმა იერუსალიმის ტაძარი დაანგრიეს, მიწის ზემოთ კედლის მხოლოდ 48 მეტრი სიგრძის მონაკვეთი გადარჩა (დიდი ნაწილი მიწის ქვეშ არის მოქცეული). აქ კაცები და ქალები განცალკევებით ლოცულობენ.

ტაძრის მთა

მომდევნო დღეს დილაუთენია იოანელთა სასტუმრო სახლის ეზოში შევიკრიბეთ და მორიას მთისკენ გავემართეთ, რომელსაც ტაძრის მთას ეძახიან. ეს ადგილი იუდეველებისთვის, ქრისტიანებისთვის და მუსლიმებისთვის წმინდაა. მუსლიმები მთაზე 11 ასასვლელით სარგებლობენ. არამუსლიმები კი მხოლოდ ერთი, დასავლეთის კედლის თავზე აღმართული ხის ხიდით ადიან.

ტაძრის მთა.

ხიდის თავში მეტალოდეტექტორი დგას და ისრაელის პოლიცია ვაქფის (ისლამური ფონდი) წარმომადგენლებთან ერთად კონტროლს ახორციელებს. ვაქფის ახალგაზრდა თანამშრომელს მეუფე რუსუდანისთვის ჩემზე უნიშნებია ებრაელიაო. როცა მეუფე რუსუდანს უთქვამს, რომ ებრაელი არ ვიყავი, დაბეჯითებით უთქვამს მის თავზე კიპა (ტრადიციული ებრაული ქუდი) დავინახეო. არადა, იმ დილით ნამდვილად არაფერი მეხურა.

კონტროლის გავლის შემდეგ ტაძრის მთაზე ავედით. მამამთავარ აბრაამიდან დაწყებული რომაელთა მიერ მეორე ტაძრის დანგრევით დამთავრებული მთელი ისტორია თვალწინ დამიდგა. იესო ჯერ მხოლოდ 8 დღის იყო, როცა აქ წინადასაცვეთად ამოიყვანეს. 12 წლის ასაკში იოსებს და მარიამს გამოეპარათ და დამოუკიდებლად ამოვიდა. ყმაწვილკაცობაში ტაძარში რეგულარულად დადიოდა და თავის ხალხთან ერთად ყველა იუდაურ დღესასწაულს იხდიდა.

მეორე ტაძრის მაკეტი (ისრაელის მუზეუმი).

იმპერატორ ადრიანეს დროს (117-138 წწ.) რომაელებმა ტაძრის მთაზე იუპიტერის ტაძარი აღმართეს.

მე-7 საუკუნეში არაბების პალესტინაში შემოსვლით ახალი ეპოქა დაიწყო. ხალიფა აბდ ალ-მალიკ იბნ მარვანმა 687-691 წწ. იმ ადგილზე, სადაც პირველი და მეორე იუდაური ტაძრები იდგა, მეჩეთი ააგო და კლდის გუმბათი უწოდა. დღეს ეს მეჩეთი თავისი მოოქროვილი გუმბათით იერუსალიმის სიმბოლოს წარმოადგენს.

კლდის გუმბათი.

იმავე ხალიფამ 706 წელს ტაძრის მთის სამხრეთით მეორე მეჩეთის, ალ-აქსას მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა 717 წელს მისმა შვილმა ხალიფა ალ ვალიდმა გაასრულა. ორივე მეჩეთი უძველესი ისლამური საკრალური არქიტექტურის შედევრია.

ალ-აქსას მეჩეთი.

მცდელობა არ დავაკელით, რომ როგორმე მეჩეთებში შევსულიყავით. განსაკუთრებით კლდის გუმბათის პლატოს (კლდოვანი ნაწილი) ნახვა მაინტერესებდა. იუდაური ტრადიციით ამ ადგილზე მამამთავარი აბრაამი თავისი შვილის, ისააკის შეწირვას აპირებდა, საბოლოოდ კი ვერძი შესწირა. ისლამური ტრადიციით კი ეს ადგილი წინასწარმეტყველ მუჰამედის ღამის მოგზაურობასთან (მიღრაჯის ღამე) არის დაკავშირებული, როცა ზეცად ამაღლდა და დაბრუნების შემდეგ მუსლიმებს ხუთგზის ლოცვა (ნამაზი) უბოძა. იმის გამო, რომ ქრისტიანები ვიყავით, არც ერთ მეჩეთში არ შეგვიშვეს.

კლდის გუმბათის მოედანი (ჩრდილოეთის მხარე).

მეუფე რუსუდანის მეუღლე, მიხეილი დაღლილი იყო, ტაძრის მთაზე ამოსვლა ვერ შეძლო და მხოლოდ მაცხოვრის საფლავის ტაძართან შემოგვიერთდა.

კლდის გუმბათსა და ალ-აქსას შორის მდებარე მოედანი.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი

ტაძრის მთიდან მაცხოვრის საფლავის ტაძრისკენ წავედით. ეს ადგილი წმიდათაწმიდაა ქრისტიანებისთვის. გადმოცემით იესო ქრისტეს ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა ამ ადგილზე მოხდა. მისი იდენტიფიცირება რომის იმპერატორის კონსტანტინეს დედის, ფლავია იულია ელენას (ახ. წ. 248/250-330) სახელს უკავშირდება. ახ. წ. მე-4 ს.-ში აქ ვენერას რომაული ტაძარი ყოფილა აღმართული. მას შემდეგ რაც დედოფალმა ელენამ ჯვარცმის და მკვდრეთით აღდგომის ადგილის ავთენტურობა დაადგინა, იმპერატორმა კონსტანტინემ ეკლესიის აშენების ბრძანება გასცა. მშენებლობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა და 335 წელს გასრულდა. საუკუნეების განმავლობაში აქ მთელი კომპლექსი გაშენდა, რომელმაც გოლგოთა, მაცხოვრის საფლავის ეკლესია და სხვა რამოდენიმე ეკლესია და მონასტერი მოიცვა.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი.

მაცხოვრის საფლავის ტაძარზე კონტროლს 5 ქრისტიანული მიმდინარეობა ახორციელებს, ესენია: ბერძნული მართლმადიდებელი, რომის კათოლიკური, სომხური სამოციქულო, სირიის მართლმადიდებელი, კოპტური და ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიები. მთავარი კარიბჭის გასაღები საუკუნეების განმავლობაში არაბული გვარის – ნუსეიბეს – წარმომადგენლებს აქვთ და ყოველ დილით ისინი აღებენ.

ტაძრის შესასვლელთან კიბე გოლგოთაზე ადის, სადაც კომპლექსში შემავალი სალოცავია განთავსებული.

გოლგოთა.

გოლგოთას საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები (ფრანცისკელთა ორდენი) ინაწილებენ. მათ შორის ტიხარი არ არის და სივრცე ერთიანია.

ფრანცისკელთა ნაწილისგან განსხვავებით, მართლმადიდებელთა ნაწილში ჯვარია აღმართული. ჩაბნელებული სივრცე, სანთლების შუქი და საკმევლის სურნელი მედიტაციურ გარემოს ქმნიან.

გოლგოთა.

ალბათ საინტერესოა იმის ცოდნა, რომ მე-11 – მე-15 საუკუნეებში გოლგოთის ფრანცისკელთა ნაწილს ქართველები ფლობდნენ. იგი 1050 წ. მეფე ბაგრატ IV-მ ბიზანტიის იმპერატორისგან მიიღო. მეფე გიორგი ბრწყინვალეს (1314-1346) დროს კი არა მხოლოდ გოლგოთაზე, არამედ მაცხოვრის საფლავზე ლოცვის ნებართვასაც ქართველები გასცემდნენ.

გოლგოთადან მეორე კიბე გარდამოხსნის ქვასთან ჩადის. იქიდან ტაძრის დიდ მრგვალ დარბაზში გავდივართ, სადაც იესო ქრისტეს საფლავი მდებარეობდა. ამ მცირე ზომის გუმბათოვან შენობას “კუვუკლიას” ეძახიან.

კუვუკლია.

კუვუკლიაში სანთლები დავანთეთ და „მამაო ჩვენო“ ვთქვით. აღდგომის ღამეს აქ იერუსალიმის პატრიარქი და სომხური სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავარი შედიან და ღვთაებრივი სასწაულის მომლოდინე მრევლთან წმინდა ცეცხლი გამოაქვთ.

იესო ქრისტეს საფლავი კუვუკლიაში.

ტაძრის ქვემოთ სომხური სამოციქულო ეკლესიის წმ. ელენას კაპელა, ხოლო ყველაზე უფრო ღრმა ნაწილში კათოლიკური “ჯვრის პოვნის” სახელობის ეკლესია მდებარეობს. გადმოცემით დედოფალმა ელენამ იესოს ჯვარი აქ აღმოაჩინა.

ჯვრის პოვნის ეკლესია.

ტაძარს ჩინელი ტურისტების ჯგუფიც ათვალიერებდა. ერთი შუახნის კაცი ჯგუფს გამოეყო, სახით ტაძრისკენ დადგა და ორივე ხელი გულზე ისე დაიდო, ვიფიქრე შეუძლოდ გახდა.

ხომ არაფერი გიჭირთ? ვკითხეთ მე და ნათელამ.

არა, უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ. არანაირი განცდა არ მქონდა, რომ გოლგოთა და იესოს საფლავი ვნახე… – გვითხრა ჩინელმა კაცმა.

ჰურვა სინაგოგა

ტაძრის მთასთან ახლოს, ებრაულ კვარტალში, მე-18 ს.-ის აშკენაზური ჰურვა სინაგოგაა აღმართული. 1948 წელს დამოუკიდებლობის ომის დროს თითქმის ნანგრევებად იქცა. აღდგენითი სამუშაოების ჩატარება მხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში მოხერხდა.

ჰურვა სინაგოგა.

ჰურვა სინაგოგის წინ ყოველთვის ხალხმრავლობაა. აქ ხშირად ნახავთ ებრაელთა ოჯახებს, რომლებიც სინაგოგაში სალოცავად მიიჩქარიან. შენობაში შევედით, მცირე კორიდორები გავიარეთ და ზედა სართულზე ავედით. შთამბეჭდავი სანახავი იყო იმის ნახვა, თუ როგორ ისხდნენ მამები შვილებთან ერთად თორას როგორ კითხულობდნენ.

სინაგოგას, როგორც იუდაურ სალოცავს ძვ. წ. მე-4 საუკუნეში პალესტინის ტერიტორიაზე ჩაეყარა საფუძველი. თუმცა არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ფესვები ბაბილონშია საძიებელი, სადაც ძვ. წ. მე-6 საუკუნეში გადასახლებულმა ებრაელებმა თორას შესწავლას მიჰყვეს ხელი. იუდაური ტაძრისგან განსხვავებით, სადაც ღვთისმსახურების გულს მსხვერპლშეწირვა წარმოადგენდა, სინაგოგაში მთავარი ადგილი ლოცვას და თორას შესწავლას დაეთმო.

იუდაური მრწამსი

რადგან ტაძარი და სინაგოგა ვახსენეთ, სასურველია იუდაურ მრწამსსაც გავეცნოთ. ებრაელთა რელიგია – იუდაიზმი (ტერმინი იუდას ტომის სახელწოდებიდან მომდინარეობს) – ერთი ღმერთის რწმენას ეფუძნება.

ისმინე, ისრაელ! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი! და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით. და იყოს ეს სიტყვები შენს გულში, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და მუდამ ელაპარაკე მათზე შინა ხარ თუ გარეთ, წევხარ, თუ დგახარ. და ნიშნად შეიბი ისინი მაჯაზე, და შუბლსაკრავით ატარე, და დააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს. (2 რჯ. 6:4) – ამბობს უძველესი და უმთავრესი იუდაური მრწამსი.

შუა საუკუნეებში დიდმა ებრაელმა სწავლულმა, რაბი მოშე მაიმონიდმა (1135-1204) იუდაური რწმენის სიმბოლო შექმნა, რათა სხვა რელიგიების მიმდევრებს იუდაური რწმენის შინაარსი უკეთ გაეგოთ. მაიმონიდის მრწამსი 13 მუხლისგან შედგება:

1. მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, ქებული იყოს მისი სახელი, ყველა ქმნილების შემოქმედი და წარმმართველია და ყოველივე მის ნებას ემორჩილებოდა, ემორჩილება და დაემორჩილება.

2. მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, ქებული იყოს მისი სახელი, ერთადერთია და არ არსებობს მისი მსგავსი ყოველგვარი გაგებით და ის იყო, არის და იქნება ჩვენი ღმერთი.

3. მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, ქებული იყოს მისი სახელი, უსხეულოა და შეუძლებელია მისი მატერიალურად წარმოდგენა და არ არსებობს სახე რომელსაც მივამსგავსებთ.

4. მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, ქებული იყოს მისი სახელი, დასაწყისი და დასასრულია.

5. მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, ქებული იყოს მისი სახელი, ერთადერთია რომლის თაყვანისცემა გვმართებს და მის გარდა სხვა არსების თაყვანისცემა მართებული მართებული არ არის.

6. მწამს სრული რწმენით, რომ წინასწარმეტყველების ყველა სიტყვა ჭეშმარიტებაა.

7. მწამს სრული რწმენით, რომ ჩვენი მასწავლებლის – მოსეს, მშვიდობა იყოს მასთან, მოძღვრება ჭეშმარიტია და ის ადრეული და გვიანდელი წინასწარმეტყველების მამაა.

8. მწამს სრული რწმენით, რომ თორა, რა სახითაც ის გვაქვს, იგივეა რაც ჩვენს მასწავლებელს მოსეს ებოძა.

9. მწამს სრული რწმენით, რომ თორა უცვლელია და არასოდეს იქნება სხვა მოძღვრება შემოქმედთან დაკავშირებით, ქებული იყოს მისი სახელი.

10. მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედმა, ქებული იყოს მისი სახელი, ადამიანების ყველა საქმე და ზრახვები უწყის. როგორც ამბობენ: მან ვინც ადამიანების გულები შექმნა, მათი საქმეებიც იცის.

11. მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, ქებული იყოს მისი სახელი, სიკეთეს მიუზღავს მათ, ვინც მის მცნებებს იცავენ, ხოლო ბოროტს მიაგებს მათ, ვინც მის მცნებებს არღვევენ.

12. მწამს სრული რწმენით, რომ მესია მოვა და მისი მოსვლის ხანგრძლივი დაყოვნების მიუხედავად, ყოველდღე ველოდები მის მოსვლას.

13. მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, ქებული იყოს მისი სახელი და მარადიული და ამაღლებული მისი ხსენება, თავის დროზე, როცა ინებებს, მკვდრები აღდგებიან.

ზეთისხილის მთა

ერთ დილას მთელი იერუსალიმი უდაბნოს მტვერში იყო გახვეული, არადა ზეთისხილის მთაზე ვგეგმავდით ასვლას. ამის მიუხედავად დამასკოს კარიბჭესთან გავედით და ავტოსადგური მოვიკითხეთ. მცირეხნიანი ლოდინის შემდეგ ავტობუსი ზეთისხილის მთის მიმართულებით გავიდა. იმ გაჩერებაზე ჩამოვედით, საიდანაც ძველი იერუსალიმი ხელისგულივით ჩანდა.

ხედი ზეთისხილის მთიდან.

იუდაური ტრადიციის მიხედვით, როცა მესია მოვა, ის ზეთისხილის მთიდან ტაძრის მთის მიმართულებით დაეშვება და კედრონის ხევში უკანასკნელი სამსჯავრო გაიმართება. მთის ფერდობზე უზარმაზარი იუდაური სასაფლაო მდებარეობს. ზოგიერთი საფლავი ბიბლიური ეპოქისაა. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით კი ზეთისხილის მთა იესო ქრისტეს სახელს უკავშირდება, რომელიც სწორედ აქედან დაეშვა სახედარზე ამხედრებული ტაძრის მთის მიმართულებით და იერუსალიმში ზეიმით შევიდა. ქრისტიანები ამ დღეს ბზობის დღესასწაულს ვზეიმობთ.

გარდა მტვრისა, ძალიან ცივი და ქარიანი ამინდი იყო და ზეთისხილის მთაზე დიდხანს არ გავჩერებულვართ. ვიწრო ქუჩით კათოლიკურ ეკლესიას მივადექით, რომელსაც “უფალი ატირდა” (ლათ. Dominus Flevit) ეწოდება. ეს ეკლესია ფრანცისკელთა ორდენმა 1955 წ. უძველესი ბიზანტიური ეკლესიის საძირკველზე ააშენა.

კათოლიკური ეკლესია “უფალი ატირდა” (Dominus Flevit).

ეკლესიის საკურთხეველზე კრუხი და წიწილებია გამოსახული (მათ. 23:37), ხოლო საკურთხევლის ფანჯრიდან ტაძრის მთა და ძველი იერუსალიმი ჩანს.

აბა აქ მოდით, მალხაზის სურათი უნდა გაჩვენოთ – დაგვიძახა ალამ. მივედით და ვხედავთ ალა მალხაზის სურათის წინ დგას და იღიმის. ყოველ შემთხვევაში შორიდან ყველას ასე გვეგონა, ვიდრე ახლოს არ მივედით და ბერძენი პატრიარქის, ათინაგორას სურათი არ შეგვრჩა ხელში. მერე მეუფე მალხაზს ვთხოვეთ “თავის სურათთან” მისულიყო სურათის გადასაღებად…

მეუფე მალხაზი “თავის სურათთან”.

ეს ეკლესია იმითაც არის საინტერესო, რომ გათხრების შედეგად ეზოში უძველესი იუდაურ-ქრისტიანული სასაფლაო აღმოაჩინეს. ადრეულ პერიოდში მათ ერთი სასაფლაო ჰქონიათ. ეკლესიასაც და უმშვენიერეს ზეთისხილის ბაღსაც არაბი მუსლიმი კაცი უვლიდა.

ზეთისხილის მთის შუაწელზე წმ. მარიამ მაგდალელის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მდებარეობს, რომელსაც მოოქროვილი გუმბათები აქვს. ფორმის გამო მათ “ხახვის გუმბათებს” ეძახიან. ეს ეკლესია 1885-1888 წლებში რუსეთის მეფე ალექსანდრე III-ს თავისი დედის პატივსაცემად აუგია.

წმ. მარიამ მაგდალელის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია.

ეკლესია კარგად იყო მოვლილი. რუს მონაზვნებს ეზოში ნაირ-ნაირი ყვავილნარი ჰქონდათ გაშენებული. ტერასადან პირდაპირ კლდის გუმბათი ჩანდა.

წმ. მარიამ მაგდალელის ეკლესიიდან გზას გეთსემანიის ბაღისკენ ჩამოვუყევით. გზად სახალისო ამბებს ვიხსენებდით. ამასობაში მზე გამოვიდა და დათბა.

ალა და მეუფე მალხაზი.

ქრისტიანი პილიგრიმების მიერ გეთსემანიის ბაღის მოლოცვა ყველაზე ადრე მე-4 საუკუნეში ფიქსირდება. როგორც ამბობენ, ზოგიერთი ზეთისხილის ხე 1000-1500 წლისაა და იმ ხეების ამონაყარს წარმოადგენენ, რომლებიც იესოს დროს ხარობდნენ. როცა სახარებას ვკითხულობ, გეთსემანიის ბაღი სწორედ ასეთად წარმომიდგენია.

გეთსემანიის ბაღი.

ბაღში 12 ერის სახელობის ეკლესია (მშენებლობა 12 -მა ქვეყანამ დააფინანსა) დგას, რომელსაც იესოს აგონიის ეკლესიასაც ეძახიან. გადმოცემით, ჯვარცმის წინ მაცხოვარი აქ ლოცულობდა, როცა მის ოფლს სისხლის წვეთები შეერია. ეს ადგილი საკურთხევლის წინ კლდოვანი ნაწილის სახით ჩანს.

12 ერის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს ძველი იერუსალიმის კედელი და ოქროს კარიბჭე ჩანს. იუდაური რწმენით ეს კარიბჭე მაშინ გაიხსნება, როცა მესია ზეთისხილის მთიდან დაეშვება და კედრონის ხევის გავლით ტაძრის მთაზე აბრძანდება.

უკანა ხედზე ოქროს კარიბჭე.

კედრონის ხევი

გეთსემანიის ბაღიდან კედრონის ხევში ჩავედით, რომელიც ტაძრისა და ზეთისხილის მთებს შორის მდებარეობს. კედრონის ხევზე იესო და მისი მოციქულები ხშირად მიმოდიოდნენ.

კედრონის ხევი.

იქ უძველეს აკლდამებს შეხვდებით. ერთი მათგანი ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნით თარიღდება. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით თუ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ესა თუ ის აკლდამა. კონუსური ფორმის აკლდამა გადმოცემით დავით მეფის შვილს, აბესალომს ეკუთვნის, თუმცა ეს მეცნიერულად არ დასტურდება. წინა საუკუნეებში თურმე აქ გამვლელ-გამომვლელი ებრაელები აკლდამის მიმართულებით ქვებს ისროდნენ და აბესალომს მამის ღალატის გამო კიცხავდნენ.

აკლდამების გვერდით კლდეში არაბ მამა-შვილს ცეცხლი ენთოთ და თბებოდნენ. როგორც კი დაგვინახეს, გამოგვეგებნენ და მცირე თანხის სანაცვლოდ კედრონის ხევში მეგზურობა შემოგვთავაზეს. როცა გაიგეს ქრისტიანები ვიყავით, ჩვენი დაინტერესების მიზნით ხელს ზემოთ მდებარე სამარხებისკენ იშვერდნენ და ამბობდნენ იქ იესოს ძმა იაკობი მარხიაო.

ჯვრის მონასტერი

ამაღელვებელი იყო ჯვრის მონასტრის მოლოცვა, რომელიც ისრაელის ქნესეთთან (პარლამენტი) ახლოს ზეთისხილის ბაღნარში მდებარეობს. გადმოცემით იესოს ჯვარი ამ ადგილზე მოჭრილი ხისგან დაამზადეს.

ჯვრის მონასტერი.

მე-4 საუკუნეში დაარსებული მონასტერი ასწლეულების მანძილზე ქართველთა რელიგიურ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. ეკლესიის სვეტებსა და კედლებზე უძველესი ქართული ფრესკები და წარწერები გვხვდება. სამწუხაროდ რამოდენიმე მათგანი ჩვენი თანამემამულეების მიერ არის დაკაწრული. ფრესკებზე ქართული სახელები და გვარები წერია… ფინანსური სიდუხჭირის გამო მონასტერი მე-18 საუკუნიდან საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ჯვრის ეკლესიის შესასვლელი.

ცენტრალური საკურთხევლის უკან ფოსოა გაკეთებული. გადმოცემით სწორედ ამ ადგილზე იდგა იესოს ჯვრის ხე. მომლოცველები აქ საგანგებო ლოცვებს ამბობენ.

ჯვრის ფოსო და საკურთხეველი.

ჯვრის მონასტერში მრავალ თვალსაჩინო პიროვნებებს შორის შოთა რუსთაველიც მოღვაწეობდა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ის აქვე უნდა იყოს დაკრძალული. ეკლესიის შესასვლელთან სვეტზე შოთა რუსთაველის ფრესკაა გამოსახული. ეს უნიკალური ფრესკა 2004 წელს ვანდალური ქმედების შედეგად დაზიანებულა, თუმცა მალევე აღუდგენიათ.

შოთა რუსთაველის ფრესკასთან.

მშვიდობის საკათედრო ტაძრის ევქარისტულ ლიტურგიაში, რომელიც მეუფე მალხაზის შედგენილია, „ვეფხვისტყაოსნიდან“ 2 სტრიქონია ჩართული. როგორც შინაარსის, ისე ჟღერადობის მხრივ ეს სტრიქონები ლიტურგიას განსაკუთრებულ ელფერს სძენენ.

ჯვრის მონასტრიდან ზეთისხილის ბაღნარით ქნესეთისკენ ავედით. იქვე ისრაელის და ბიბლიის მუზეუმებია. ისრაელის მუზეუმი სპეციალურ სამუშაოებთან დაკავშირებით დაკეტილი დაგვხვდა, ბიბლიის მუზეუმში კი მხოლოდ ჯგუფის ნაწილი შევიდა.

მე და ნათელას ორივე მუზეუმი 2014 წელს გვქონდა ნანახი. გადავწყვიტეთ გარეთ დავრჩენილიყავით და ცოტა დაგვესვენა.

ბაღის საფლავი

დამასკოს კარიბჭესთან ახლოს ე. წ. “ბაღის საფლავი” მდებარეობს, რომელიც 1867 წელს იქნა აღმოჩენილი. ანგლიკანური და პროტესტანტული ეკლესიების ნაწილის აზრით იესო ქრისტე სწორედ ამ სამარხში იყო დასვენებული.

ბაღის საფლავი.

მიუხედავად იმისა, რომ “ბაღის საფლავის” ავთენტურობა მეცნიერულად არ დასტურდება, მაინც საინტერესო სანახავია. თხემის ფორმის მთასთან ახლოს კლდეში გამოკვეთილი ჩვეულებრივი სამარხი მართლა მიემსგავსება სახარებებში აღწერილ იესოს სამარხს.

შიდა სივრცე.

ბაღის საფლავის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის მცენარეებია გაშენებული და შესანიშნავად მოვლილი. ეს ადგილი ნამდვილი ოაზისია.

ბაღის საფლავის შესასვლელი.

მარიამ ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი

ძველი იერუსალიმის კედელთან ახლოს სიონის მთაზე (ამ სახელით ბიბლიაში მორიას/ტაძრის მთა მოიხსენიება), მარიამ ღვთისმშობლის მიძინების (ლათ. Dormitio) გერმანული კათოლიკური ტაძარი მოვილოცეთ. ეს ტაძარი მე-19 ს.-ის დასაწყისში ძველი ბიზანტიური ეკლესიის ადგილზე აუშენებიათ.

ღვთისმშობლის მიძინების გერმანული კათლიკური ტაძარი.

ქვედა სართულიდან, სადაც წმ. მარიამის ქანდაკებაა დასვენებული, ქართული გალობის ხმა შემოგვესმა. ერთ ქართველ ბერს მრევლი ახლდა და ისინი გალობდნენ.

ოსკარ შინდლერის საფლავი

სიონის მთის ფერდობზე კათოლიკური სასაფლაო მდებარეობს, სადაც ოსკარ შინდლერია (1908-1978) დაკრძალული. მორავიაში (ამჟამად ჩეხეთის ნაწილი) დაბადებულმა და გაზრდილმა გერმანელმა ინდუსტრიალისტმა, მეორე მსოფლიო ომის დროს თავის საწარმოში დასაქმებული 1200 ებრაელის სიცოცხლე იხსნა.

ოსკარ შინდლერის გადარჩენილი ებრაელები და მათი შთამომავლები ამ სიკეთეს დღემდე არ ივიწყებენ და მის საფლავთან პატივის მისაგებად ყოველწლიურად მოდიან. ოსკარ შინდლერის ხსოვნას ცნობილმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა ფილმი სათაურით „შინდლერის სია“ მიუძღვნა. 

ჰოლოკოსტის მუზეუმი

კათოლიკური სასაფლაოდან კვლავ სიონის მთას ავუყევით და ჰოლოკოსტის მუზეუმში შევედით. ეზოში დეპორტაციის მოლოდინში მყოფი ებრაელი გოგონას ქანდაკება დგას, რომელსაც ხელში სათამაშო დათუნია აქვს ჩამოკონწიალებული და გვერდით ჩაბარგებული ჩემოდანი უდგას. მუზეუმი, თავისი ექსპონატებით ძალიან მძიმე სანახავია, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

მესამე რაიხის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელი მარტოოდენ მათი ეთნიკური და რელიგიური იდენტობის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ ხალხმა წარმოუდგენელი ტრაგედია გადაიტანა. ნაცისტურ იდეოლოგიას და პროპაგანდას ებრაელების გარდა ასიათასობით სხვა უმცირესობების წარმომადგენლების – ბოშების, იეჰოვას მოწმეების და ჰომოსექსუალების სიცოცხლეც შეეწირა.

მეფე დავითის საფლავი

ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან ახლოს მეფე დავითის საფლავი მდებარეობს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ეს მხოლოდ სიმბოლური საფლავია, თუმცა საუკუნეებია რაც იუდეველები ამ წმინდა ადგილის მოსალოცად მოდიან. იქ მისულებს ორთოდოქსი ებრაელების ჯგუფი დაგვხვდა, რომლებიც ლოცულობდნენ და გალობდნენ. მეუფე მალხაზმა ებრაული ლოცვა აიღო და სამარხთან მივიდა. ამ დროს უკან ვიდექი და ის მომენტი დავაფიქსირე, როცა ორთოდოქსი ებრაელი მეუფე მალხაზს ცნობისმოყვარეობით უყურებდა, ვერ გაეგო ვინ იყო…

მეფე დავითის საფლავი.

მეფე დავითის საფლავის ზემოთ საიდუმლო სერობის დარბაზი მდებარეობს, სადაც გადმოცემით იესო ქრისტემ ჯვარცმის წინ პასექის დღესასწაული გადაიხადა და ევქარისტია დააწესა. სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო და ამ დარბაზის ნახვა ვეღარ მოვახერხეთ.

წმ. ანას ეკლესია და ბეთეზდას აუზი

ერთ საღამოს ძველი იერუსალიმის ჩრდილოეთით წმ. ანას კათოლიკური ეკლესიის (მე-12 ს.) მოსალოცად წავედით. ეკლესიაში იმ დროს მივედით, როცა მღვდელი კარს კეტავდა. მეუფე მალხაზის თხოვნით კარი კვლავ გააღო, განათება ჩართო და ჩვენთვის თვალყურის სადევნებლად იქვე ჩამოჯდა.

წმ. ანას ეკლესია.

გადმოცემით ამ ადგილზე წმ. მარიამის მშობლები – იოაკიმე და ანა ცხოვრობდნენ. საკურთხეველთან „კირიე ელეისონ“ და „ჯვარსა შენსა უფალო“ ვიგალობეთ. მსგავსი აკუსტიკის მქონე ეკლესია არსად მინახავს. კათოლიკე მღვდელი ჩვენს გალობას სიამოვნებით უსმენდა.

ვიდრე ეკლესიაში შევიდოდით, იქვე ახლოს უძველეს ნანგრევებს მოვკარ თვალი. ჩვენები ჯერ კიდევ ეკლესიაში იყვნენ, როცა დრო ვიხელთე და ნანგრევების სანახავად გარეთ გამოვედი. თვალებს არ დავუჯერე, როცა მოულოდნელად “ბეთეზდას აუზი” წინ აღმოვჩნდი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული ლოკაციის შესახებ არაფერი ვიცოდი.

ბეთეზდას აუზი.

როცა წმ. ანას ეკლესიის საძირკველს ჭრიდნენ, შემთხვევით ნანგრევებს მიაკვლიეს. უფრო ღრმად ამოთხარეს და ბეთეზდას აუზი აღმოაჩინეს, რომლის ავთენტურობა მეცნიერებმა ერთხმად დაადასტურეს. აქედან მეორე ტაძარი წყლით მარაგდებოდა. ეს ის ადგილია, სადაც იესო ქრისტემ 38 წლის დავრდომილი განკურნა (იოან. 5:1-15).

უკვე შებინდებული იყო როცა ბეთეზდას აუზიდან ლომთა კარიბჭით მუსლიმურ სასაფლაოზე გავედით და იქიდან წმ. მარიამ მაგდალელის და 12 ერის ეკლესიების შუქით გაჩახჩახებულ ზეთისხილის მთას თვალი შევავლეთ. 

ზეთისხილის მთა ღამით.

ტაძრის მთის საძირკვლის მუზეუმი

მეტად საინტერესოა ტაძრის მთის საძირკვლის მუზეუმის ნახვა. როგორც უკვე ვთქვით, დასავლეთის (გოდების) კედლის სიგრძე მიწის ზემოთ 48 მეტრია. ტაძრის მთის საძირკველში კედელი გრძელდება და მისი საერთო სიგრძე 485 მეტრს შეადგენს. აქ ჰეროდეს აშენებული გზის და კედლის ფრაგმენტების, წყალსაცავის და სხვა უძველესი ნაშთების ნახვა არის შესაძლებელი. 46 მეტრის სიღრმეზე მცირე სინაგოგაა მოწყობილი, რომელიც მეორე ტაძრის წმიდათა-წმიდასთან ყველაზე ახლოსაა.

საძირკველში 600 ტონიანი ქვაც დევს. მეცნიერების აზრით იგი ტაძრამდელი ეპოქის დროინდელია და ისევე როგორც პირამიდების შემთხვევაში, ვერაფრით ხსნიან აქამდე როგორ მოიტანეს.

ტაძრის მთის საძირკვლის 600 ტონიანი ქვა.

მე და ნათელამ ტაძრის მთის საძირკველი 2014 წელს ვნახეთ და ამიტომ ამჯერად აღარ ჩავსულვართ.

შეხვედრები

ებრაული კოლეჯი

პილიგრიმაჟის დროს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გვქონდა იერუსალიმის იუდაური და ქრისტიანული თემების წარმომადგენლებთან. პირველი ასეთი შეხვედრა იაფოს კარიბჭესთან ახლოს, ებრაული კოლეჯში შედგა, სადაც მომავალი რაბინები, კანტორები და კაპელანები სწავლობენ. თადარიგი დროულად დავიჭირეთ და კოლეჯში მანამდე მივედით, ვიდრე სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დილის ლოცვას შეუდგებოდნენ.

კოლეჯის დირექტორმა, რაბინმა ნაამა კელმანმა თბილად მოგვიღო და სინაგოგაში შეგვიძღვა. კოლეჯის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად რამდენიმე ებრაული საგალობელი ვიგალობეთ.

მეუფე რუსუდანი და რაბინი ნაამა კელმანი.

ლოცვის გასრულების შემდეგ სტუდენტებს და მასწავლებლებს გავესაუბრეთ. ქალბატონმა ნაამამ თავის ოფისში მიგვიწვია და ჩაი/ყავა შემოგვთავაზა. მამამისიც რაბინი ყოფილა და ცნობილ ბაპტისტ პასტორთან, მარტინ ლუთერ კინგთან ახლო მეგობრობა ჰქონია. რაბი ჰერშელთან ერთად გადაღებული მათი ფოტოსურათი თაროზე გამოსაჩენ ადგილზე უდევს.

ქალბატონმა ნაამამ კოლეჯის ისტორია და სასწავლო პროგრამები გაგვაცნო და პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი. შეხვედრის ბოლოს ასისტენტს სთხოვა ჩვენთვის კოლეჯი ეჩვენებინა.

რაბი ნაამა კელმანთან ერთად.

შენობის გაცნობა სინაგოგით დავიწყეთ. ასისტენტმა არონ ჰაკოდეში (ადგილი სადაც თორა ინახება) გახსნა და თორას გრაგნილი გადმოიღო. იუდაიზმის უმთავრეს წმინდა წიგნს მოსე წინასწარმეტყველის (ძვ. წ. მე-13 ს.) მიერ გამოცხადების გზით მიღებული თორა (მოსეს ხუთწიგნეული) წარმოადგენს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სხვა წიგნებიც მიემატა  და საბოლოოდ ებრაული საღვთო წერილი თანახი შეადგინა. თანახი შემდეგი სიტყვების: თორა (მითითება, მოძღვრება), ნებიიმ (წინასწარმეტყველები) და ხეთუბიმ (წერილები) აბრევიატურას წარმოადგენს. ქრისტიანები მას “ძველ აღთქმას” ვუწოდებთ, რაც გაუმართლებელია. თანახში სულ 613 მიცვა (მცნება/კანონი) არის მოცემული. ქრისტიანებისთვის კარგად ცნობილი 10 მცნება თანახის მცნებების გულის-გულს წარმოადგენს.

იუდაური ტრადიციით მოსე წინასწარმეტყველმა არა მხოლოდ წერილობითი თორა გადასცა ისრაელიანებს, არამედ სინას მთიდან ზეპირი თორაც ჩამოიტანა. მისი დანიშნულება წერილობითი თორას (მოსეს ხუთწიგნეული) განმარტება იყო. იუდეველები ზეპირ თორას თაობებს გადასცემდნენ. ახ. წ. მე-3 საუკუნის დასაწყისში რაბინმა იეჰუდა ჰანასიმ ზეპირი თორა ჩაწერა, რასაც მიშნა (გამეორება) ეწოდა. მოგვიანებით რაბინებმა მიშნას დამატებით განმარტებები დაურთეს და გემარა (გასრულება) უწოდეს. მიშნამ და გემარამ კი მეორე უდიდესი მნიშვნელობის საღვთისმეტყველო წიგნი თალმუდი (მოძღვრება) შეადგინეს.

თორას გრაგნილი.

კოლეჯი ისრაელის ტერიტორიაზე აქტიურ არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებს. შენობის მეორე სართულზე მუზეუმი აქვთ მოწყობილი. ასისტენტმა გვითხრა, რომ იქ მრავალ საინტერესო ექსპონატს შორის “მეფე დავითის ბეჭედიც” იყო გამოფენილი. მუზეუმი უკვე დაკეტილი იყო. ვერ მოვისვენე, ვიდრე კარი არ გავაღებინე. ჩემდა გასაოცრად მეფე დავითის ბეჭედს თურმე ძვ. წ. მე-9 საუკუნით დათარიღებულ ქვის სტელას ეძახიან, რომელიც ბიბლიური ამბის განსხვავებულ ვერსიას გვიყვება. კერძოდ, მეფეთა წიგნში (4 მეფ. 9) ნათქვამია, რომ ისრაელის მეფე იორამი და იუდას მეფე ახაზია სარდალმა იეჰუმ დახოცა. მეფე დავითის ბეჭედზე კი წერია, რომ ისინი არამის მეფე ხაზაელმა გამოასალმა სიცოცხლეს.

მეფე დავითის ბეჭედი.

მუზეუმში მეორე ტაძრის დროინდელ სამსხვერპლოს და სხვა უძველეს იუდაურ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც ვხვდებით. როცა სამსხვერპლო აღმოუჩენიათ, მის ორმოში შეწირული ცხოველების ძვლები ყოფილა ჩაყრილი.

მეორე ტაძრის დროინდელი სამსხვერპლო.

მუზეუმის ნახვის შემდეგ ასისტენტს გულითადი მადლობა გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ. უაღრესად საინტერესო იყო ებრაული კოლეჯის და მისი მრავალმხრივი საქმიანიანობის გაცნობა.

ღვთისმშობლის სახელობის (ნოტრ-დამი) კათოლიკური ინსტიტუტის ცენტრი

ახალი კარიბჭის (დამასკოსა და იაფოს კარიბჭეებს შორის) მოპირდაპირე მხარეს ღვთისმშობლის სახელობის (ნოტრ-დამი) კათოლიკური ინსტიტუტის ცენტრს ვესტუმრეთ. კლასიკური და მოდერნისტული აქრიტექტურის მქონე ეს ულამაზესი შენობა 1880-წლებშია აშენებული. საინტერესო იყო შენობაში განთავსებული კაპელის, მუზეუმის და სასტუმროს ნახვა. ცენტრი არქეოლოგიურ გათხრებს გალილეაში, კერძოდ კი მაგდალაში აწარმოებს (ამის შესახებ მე-3 ნაწილში მოგითხრობთ).

ღვთისმშობლის (ნოტრ-დამი) კათოლიკური ინსტიტუტის ცენტრი ახალ იერუსალიმში.

ჩვენი მასპინძელი, ცენტრის დირექტორის მოადგილე, კათოლიკე მღვდელი აიმან კელი იყო, რომელმაც გულთბილად მიგვიღო. იგი წარმოშობით ირლანდიელია და შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს. მეუფე მალხაზმა ჯგუფის წევრები წარგვადგინა. მამა აიმანი ყველას სათითაოდ მოგვესალმა და ბოლოს თქვა: 3 მიზეზი მაქვს იმისათვის, რომ ინფარქტი მივიღო: პირველი ის, რომ სტუმრად ბაპტისტი ეპისკოპოსები მყავს, მეორე – ეს ეპისკოპოსები ცოლიანები არიან და მესამე – მათგან ერთი ეპისკოპოსი ქალია და თან ქმარი ახლავსო…! ამაზე ბევრი ვიცინეთ.

შეხვედრა მამა აიმან კელისთან.

მამა აიმანმა ჯერ სასტუმრო მოგვატარა და ის ოთახი გავჩვენა, სადაც 2000 წელს პაპი იოანე-პავლე II იმყოფებოდა, შემდეგ კაპელაში წაგვიძღვა და ბოლოს მუზეუმი გვაჩვენა, სადაც ტურინის სუდარის და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სხვადასხვა ნივთების ასლები იყო გამოფენილი. მსგავსი ეკლის გვირგვინი, ლურსმნები და მათრახი შესაძლოა იესოს ჯვარცმისას ყოფილიყო გამოყენებული.

ცენტრს ფართო აივანი აქვს, საიდანაც კლდის გუმბათი და ზეთისხილის მთა კარგად ჩანს. ერთ რამედა ღირს ამ აივანზე ყოფნა და ძველი იერუსალიმის ხედებით ტკბობა.

სასტუმროს აივანი.

მას შემდეგ რაც მამა აიმანმა შენობა ძირი-ძირობამდე მოგვატარა, ეზომდე გამოგვაცილა და გულთბილად დაგვემშვიდობა.

ფრანგული ჰოსპისი

ჯერ კიდევ ისრაელში გამგზავრებამდე მეუფე მალხაზმა მიმოწერა გამართა რამოდენიმე რაბინთან. ერთ-ერთი მათგანი რაბინი ქალბატონი ანაბელა იყო, რომელიც იერუსალიმის ფრანგული ჰოსპისის მოძღვარია. ჰოსპისი ნოტრ-დამის ცენტრის უკან მდებარეობს. ადგილზე მისულები რაბინმა ანაბელამ თავის ოფისში მიგვიწვია. თავდაპირველად პაციენტების და მედპერსონალის შესახებ გვესაუბრა, მერე სადღაც გაქრა და ყავით სავსე ჭიქებით დაბრუნდა. იქვე ახლოს კაფე ყოფილა და იქ შეუკვეთია.

ჰოსპისში იუდეველი, ქრისტიანი და მუსლიმი მომაკვდავი პაციენტები იმყოფებიან, რომლებსაც ქალბატონი ანაბელა და მისი ქრისტიანი დები მზრუნველობას არ აკლებენ.

პირველ სართულზე ერთი ციმბირელი კაცი ვნახეთ, რომელსაც ბოლო სტადიის სიმსივნე ჰქონდა. ეს კაცი ისრაელში 16 წლის წინ ამოსულა და დროის უმეტესი ნაწილი ქუჩაში უცხოვრია. ბოლოს მძიმე ავადმყოფობის გამო ჰოსპისისს მიაკითხა. ქუჩაში ცხოვრებას მიჩვეულმა პალატაში ვერ გაძლო და ამიტომ ჰოსპისის ადმინისტრაციამ პირველ სართულზე საგანგებოდ მისთვის ბომჟის ტიპის საცხოვრებელი მოაწყო.

რაბინმა ანაბელამ ერთი უცნაური ამბავი გვიამბო: იორდანიული ოკუპაციისას საზღვარი თურმე ჰოსპისის კედელთან გადიოდა. ექვსდღიანი ომის (5-10 ივნისი 1967 წ.) დროს ერთი მოხუცი მედდა ფანჯარასთან მდგარა და ისე ძლიერ დაუცემინებია, რომ კბილის პროთეზები საზღვარს იქით გადაცვენილა. მეომარ მხარეებს ცეცხლი შეუწყვეტიათ, რომ მედდისთვის პროთეზები დაებრუნებინათ. მას შემდეგ რაც მედდამ პროთეზები მოირგო, ბრძოლა კვლავ განახლებულა. რას არ გაიგებს კაცი…

სტუმრად რაბინ ქალბატონთან

ახალ იერუსალიმში რეფორმატორული სინაგოგის რაბინს ვესტუმრეთ. ქალბატონმა რაბინმა ქრისტიანული თეოლოგიის ცოდნით გაგვაოცა. სახარებებს და მოციქულთა წერილებს საკმაოდ ღრმად იცნობდა. საუბარი იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობებს შეეხო. მანვე ისაუბრა ორთოდოქსი რაბინების მკაცრ კანონებზე.

ქალბატონი რაბინის სახლიდან შინ ფეხით დავბრუნდით. გზად ნათელამ თბილისიდან წამოღებული შოკოლადები ჩამოგვირიგა. ვიდრე იოანელთა სასტუმრო სახლში მივიდოდით, მეუფე მალხაზმა და ალამ იქვე ახლოს პატარა არაბულ რესტორანში დაგვპატიჟეს, სადაც მზარეულებადაც და მიმტანებადაც ერთი ასაკოვანი კაცი და მისი ვაჟი მუშაობდნენ. ჩვენდა გასაკვირად არაბი მამ-შვილი ქრისტიანები აღმოჩნდნენ.

მოხსენება იოანელთა სასტუმრო სახლში

ხუთშაბათობით იოანელთა სასტუმრო სახლი შეხვედრებს მასპინძლობს,
რომელსაც იერუსალიმში მყოფი უცხოელები ესწრებიან. მიხაელი და ელზა თემატიკის მიხედვით სპიკერებს იწვევენ. ერთ ხუთშაბათს მეუფე მალხაზს შესთავზეს საქართველოზე და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ისტორიაზე მოხსენების გაკეთება.

მეუფე მალხაზის მოხსენება იოანელთა სასტუმრო სახლში.

შეხვედრის მონაწილეებმა მეუფეს ინტერესით მოუსმინეს და შეკითხვებიც დაუსვეს. მერე პატარა ჯგუფებად დავიყავით და საუბრები ჩაის/ყავის თანხლებით გავაგრძელეთ.

იმ საღამოს ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

“ჰავა ნაგილა” და სუპის გარეშე დარჩენილი პილიგრიმები

იოანელთა სასტუმრო სახლში მყოფ პილიგრიმებს შორის ორი ასაკოვანი გერმანელი კაცი – პასტორი მიხაელი და ჰაიკო გამოირჩეოდნენ. ისინი ყოველ დილით წმინდა ადგილების მოსალოცად მიდიოდნენ, საღამოს კი ბიბლიას ერთად კითხულობდნენ და ლოცულობდნენ. პასტორი მიხაელი ყველა პილიგრიმს საუზმეზე წმინდა ადგილებიდან წამოღებულ მცირე საჩუქრებს გვახვედრებდა და მათ მნიშვნელობაზე გვესაუბრებოდა. გერმანიაში ძალიან ბევრი ადამიანი ჰყოლია ქრისტიანობაზე მოქცეული.

ერთ საღამოს სხვა პილიგრიმებთან ერთად დარბაზში ვისხედით. ნათელა ამ დროს სამზარეულოში სუპს ამზადებდა. საუბარი ებრაულ მუსიკას შეეხო. პასტორ მიხაელს ებრაული სიმღერები ძალიან ჰყვარებია. როცა ეს გავიგეთ, თავაზიანად ვთხოვეთ ემღერა. ისიც წამოდგა, ხმა დაიყენა, ხელები გაშალა და იმ დროს როცა ნათელას სამზარეულოდან ცხელ-ცხელი სუპით სავსე ქვაბი გამოჰქონდა, ხმამაღლა “ჰავა ნაგილა” შემოსძახა. ნათელას ქვაბი ხელიდან გაუვარდა და მთელი სუპი იატაკზე დაიქცა. პასტორმა მიხაელმა სიმღერა ისე გააგრძელა, თითქოს იქ არაფერი მომხდარიყოს. დავრჩით სუპის გარეშე… ხარხარისგან თავი ძლივს შევიკავეთ.

ჩემთვის მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ თურმე პასტორი მიხაელი და ჰაიკო ერთმანეთთან სამოქალაქო პარტნიორობაში იმყოფებოდნენ. ამ ამბავმა მრავალი კითხვა გააჩინა, რაც მარტივად პასუხგასაცემი არ არის. ამჟამად ისინი ათენში ცხოვრობენ, სადაც პასტორი მიხაელი ევანგელურ ეკლესიას წინამძღოლობს.

შაბათის დაყენება ებრაულ ოჯახში

იერუსალიმში ყოფნისას კიდევ ერთი შესანიშნავი რაბინი ქალბატონი მირიამ ბერკოვიცი გავიცანით. პარასკევ საღამოს ახალ იერუსალიმში მდებარე რეფორმირებულ სინაგოგაში მიგვიწვია. გამჭვირვალე ფარდით გატიხრული დარბაზის ერთ მხარეს კაცი კანტორი, ხოლო მეორე მხარეს ქალი კანტორი ლოცვას და გალობას მონაცვლეობით უძღვებოდნენ.

ლოცვის შემდეგ შაბათის დასაყენებლად რაბი მირიამმა ოჯახში დაგვპატიჟა. მისი სახლი სინაგოგიდან არც ისე შორს იყო და ამიტომ ფეხით წავედით. რაბინს უმცროსი ქალიშვილები რეიჩელი და შირა ახლდნენ. რეიჩელმა მეუფე მალხაზს ხელი ჩასჭიდა და ეპისკოპოსობასთან დაკავშირებით საკმაოდ ღრმა შეკითხვებს უსვამდა.

სახლში რაბი მირიამის მეუღლე (თავადაც რაბინი) და უფროსი ვაჟი ადირი დაგვხვდნენ. სუფრა ლამაზად გაეშალათ. ადირს ჩვენს საპატივსაცემოდ ნამცხვარიც კი გამოეცხო. მაგიდაზე ორი სასანთლე იდგა. ჯერ ღვინო აკურთხეს, შემდეგ ბავშვები დალოცეს. ბოლოსკენ შირას კურთხევის ლოცვა წააკითხეს. ჩვენი იქ ყოფნის გამო რეიჩელი და შირა სიხარულს იმით გამოხატავდნენ, რომ ყირა-ყირა გადადიოდნენ. რეიჩელმა მეუფე მალხაზის კუნკულ-ბარტყულს ხელი დაავლო და თავზე წამოიდგა.

გვიან ღამით რაბი მირიამმა და ბავშვებმა გარეთ გამოგვაცილეს. ტაქსი გავაჩერეთ. არაბ მძღოლს ეგონა უმეტესობა მასპინძლები ვიყავით და ერთ-ორ სტუმარს ვაცილებდით. როცა მის ავტომობილში 6 ადამიანი ძლივს “ჩავიპრესეთ”, მერეღა მიხვდა ვინ სტუმარი იყო და ვინ მასპინძელი… რაღას იზამდა, ავტომობილი დამასკოს კარიბჭისკენ დაძრა.

წმინდა ადგილებზე გადახდილი ლიტურგიები

გოლგოთა

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე იერუსალიმში, გოლგოთასა და ზეთისხილის მთაზე ეპისკოპოსის რანგში ევქარისტულ ლიტურგიას გადავიხდიდი და თანაც ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. მეუფე მალხაზმა წმინდა ადგილებზე წირვის ჩატარების სპეციალური ნებართვა მიიღო და საამისოდ წინასწარ საგანგებოდ მოვემზადეთ.

კვირა დილით უთენია ავდექით და მაცხოვრის საფლავის ტაძრისკენ გავემართეთ. კოკისპირულად წვიმდა. ტაძარში შესვლისთანავე მე და მეუფე მალხაზმა სადიაკვნეს მივაშურეთ, სადაც ანაფორები და გამზადებული ბარძიმ-ფეშხუმი დაგვახვედრეს. ჩვენები ამ დროს გოლგოთაზე (ფრანცისკელთა ნაწილი) ავიდნენ. ძალიან სწრაფად შევიმოსეთ და გოლგოთის კიბეს ბარძიმ-ფეშხუმით ხელში ავუყევით. სამწუხაროდ ქალი ღვთისმსახურისთვის წირვა აკრძალული იყო და ამიტომ მეუფე რუსუდანმა და ალამ, რომელიც მშვიდობის საკათედრო ტაძრის დიაკვანია, ვერ სწირეს.

გოლგოთა (ფრანცისკელთა ნაწილი)

გოლგოთაზე ვდგევართ, პურს ვტეხთ და ვამბობთ – ეს იესოს სხეულია ჩვენთვის დამტვრეული, შემდეგ ღვინით სავსე ბარძიმს შევმართავთ და ვაკურთხებთ სიტყვებით – ეს იესოს სისხლია ჩვენი ცოდვებისთვის დაღვრილი… ამ გრძნობას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

სავარაუდოდ 5 საუკუნის მერე გოლგოთის ამ ნაწილში ქართულ ენაზე ლიტურგია პირველად გაჟღერდა.

ზეთისხილის მთა

მაცხოვრის საფლავის ტაძრიდან კვლავ იოანელთა სასტუმრო სახლში დავბრუნდით, მოვისვენეთ, ვისაუზმეთ და 11:00 საათისთვის კედრონის ხევით ზეთისხილის მთაზე ავედით. კათოლიკური ეკლესიის “უფალი ატირდა” (Dominus Flevit) ჭიშკარი არაბმა მუსლიმმა კაცმა გაგვიღო და ეკლესიისკენ გაგვიძღვა. კარადიდან სასულიერო შესამოსლები გამოიღო, წინ დაგვიწყო და გვანიშნა შეიმოსეთო. ბარძიმ-ფეშხუმიც გამზადებული ჰქონდა. შევიმოსეთ და ევქარისტულ ლიტურგიას შევუდექით. როგორც ზემოთ ვთქვი, ამ ეკლესიის საკურთხევლიდან ტაძრის მთა და ძველი იერუსალიმი ხელისგულივით ჩანს.

კათოლიკური ეკლესია “უფალი ატირდა” (Dominus Flevit).

ევქარისტული ლიტურგიის გადახდის დროს პირდაპირ ტაძრის მთას ვუყურებდით. ვილოცეთ და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სახელები ვახსენეთ.

წირვის შემდეგ კვლავ კედრონის ხევისკენ დავეშვით და იოანელთა სასტუმრო სახლში წვიმისგან გალუმპულები დავბრუნდით. მისვლისთანავე მეუფე რუსუდანმა აღმოაჩინა, რომ ზეთისხილის მთაზე ხელით გადაწერილი ლიტურგიების წიგნი დარჩენია და თავსხმა წვიმაში მყისვე უკან გაბრუნდა.

იოანელთა სასტუმრო სახლის კაპელა

ევქარისტული ლიტურგია იოანელთა სასტუმრო სახლის კაპელაშიც გადავიხადეთ. იმის გამო, რომ ევქარისტიაში მონაწილეობის სურვილი სხვა პილიგრიმებმაც გამოთქვეს, ლიტურგია ქართულ-ინგლისურად გადავიხადეთ (გერმანული თარგმანი მოგვიანებით გაკეთდა). ამჯერად წირვას მეუფე რუსუდანი გაუძღვა.

იოანელთა სასტუმრო სახლის კაპელა

პილიგრიმებისთვის ლიტურგიის ტექსტი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მეუფე მალხაზს მისი თავ-თავიანთ ეკლესიებში გამოყენების ნებართვა სთხოვეს.

იერუსალიმში ჩვენი პილიგრიმაჟი გასრულდა. როგორც შეგპირდით, იუდას უდაბნოსა და გალილეაში მიღებულ შთაბეჭდილებებს მომდევნო თავებში გაგიზიარებთ.

Leave a Reply