წმინდა მიწა (II ნაწილი) – იუდას უდაბნო

წმინდა მიწა (II ნაწილი) – იუდას უდაბნო

იუდას (ებრ. იეჰუდა) უდაბნოს მოსალოცად საგანგებოდ მოვემზადეთ და დილაუთენია დამასკოს კარიბჭისკენ გავემართეთ. ვიწრო ქუჩა, რომელიც ვია დოლოროზას მე-7 სადგურიდან, დამასკოს კარიბჭემდე მიდის, თითქმის ცარიელი იყო და მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ძლიერი ექოს გამო ხმადაბლა ვლაპარაკობდით, რომ მუსლიმი ოჯახებისთვის ძილი არ დაგვეფრთხო. ამ ქუჩაზე ცნობილი სუნელების მაღაზია მდებარეობს. დაკეტილი იყო, მაგრამ ახლო-მახლო მაინც გამაბრუებელი სურნელი იდგა.

რამდენიმე წუთში ჩვენი მიკროავტობუსიც გამოჩნდა, რომელიც ორი დღით ადრე ტურისტულ სააგენტოში შევუკვეთეთ. მძღოლი მკვირცხლად ჩამოხტა მიკროავტობუსიდან და გაგვეცნო – ღალები მქვიაო. მამა პალესტინელი არაბი, ხოლო დედა იტალიელი ჰყოლია. ინგლისურად შესანიშნავად ლაპარაკობდა. მიკროავტობუსში ჩავსხედით და იუდას უდაბნოსკენ გავემგზავრეთ. ავტობანზე ჯერ კიდევ განათება იყო ჩართული. მოთეთრო ფერის უდაბნოს ბორცვებზე არაბი ბედუინების ცხვრის ფარეხები ჩანდა. იმ ადგილს მივუახლოვდით, სადაც ზღვის ნულოვანი დონეა მონიშნული.

ზღვის დონის ნულოვანი ნიშნული.

საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ მკვდარ ზღვასთან ახლოს ერთ ოაზისში გავჩერდით და წვიხემსეთ. ოაზისიდან მკვდარი ზღვა ჩანდა.

ოაზისი მკვდარ ზღასთან ახლოს.

ჩვენი გეგმა ასეთი იყო: თავდაპირველად მასადას ციხესიმაგრეზე უნდა ავსულიყავით, შემდეგ ყუმრანი და მკვდარი ზღვა გვენახა, მდინარე იორდანე მოგველოცა და დღის ბოლოს პილიგრიმაჟი იერიქოთი გაგვესრულებინა.

მასადას ციხესიმაგრე

იუდას უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეზე ერთი კლდოვანი პლატოა აღმართული, რომელიც მკვდარ ზღას გადაჰყურებს. ამ პლატოზე მასადას ციხესიმაგრე მდებარეობდა. ღალებმა საბაგიროსთან ახლოს მიგვიყვანა. ერთხანს ფეხით ასვლაზეც ვიფიქრეთ, მაგრამ საათზე მეტი დრო დასჭირდებოდა და ისევ საბაგიროთი ასვლა გადავწყვიტეთ. რაც უფრო მაღლა ადიოდა საბაგირო, მით უფრო შორს სწვდებოდა თვალი იუდას უდაბნოში.

ხედი მასადას ციხესიმაგრის ფერდობიდან.

მეფე ჰეროდემ (ძვ. წ. 73 – ახ. წ. 4) მასადას ციხესიმაგრე ძვ. წ. 37-31 წლებში ააგო. ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში ეს ადგილი მეფისთვის თავშესაფარი უნდა ყოფილიყო. ციხესიმაგრე იარაღით, საკვებით და წყლით იყო მომარაგებული. ძვირფასეულობაც აქვე ინახებოდა.

მასადას კომენდანტი ედგა სათავეში. ის ოჯახთან ერთად მისთვის განკუთვნილ რეზიდენციაში ცხოვრობდა. ტერიტორიაზე საგუშაგო კოშკები, საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო შენობა-ნაგებობები, წყლის ავზები, სატრაპეზოები და რიტუალური საბანელები – მიკვეები იყო განთავსებული. მოშორებით სინაგოგაც იდგა.

კომენდანტის რეზიდენცია.

კომენდანტის რეზიდენციაში და ასევე სხვა რამდენიმე შენობაში, მოხატული კედლების და მოზაიკური იატაკის ფრაგმენტები კარგად არის შემორჩენილი.

კომენდანტის რეზიდენციის მოხატული კედლის ფრაგმენტი.

პლატოს ცენტრში მდებარე საგუშაგო კოშკის გვერდით გრძელი დარბაზების ნანგრევებია. აქ სასმელი წყლის ჭურჭლები ინახებოდა.

სასმელი წყლის ჭურჭლის დარბაზები.

კლდეებში ამოკვეთილ რამოდენიმე ათასი ტონის ტევადობის წყალსაცავებში წვიმის წყალი გროვდებოდა. არ დავიზარეთ და ერთ ასეთ წყალსაცავში ბოლომდე ჩავედით.

მეფე ჰეროდეს გარდაცვალების შემდეგ მასადას ციხესიმაგრე აქტუალურ ლოკაციად 66 წელს დაწყებული იუდეველთა ომის დროს იქცა. აქ რომის იმპერიის წინააღმდეგ ამბოხებულებმა იწყეს შეკრება. მას შემდეგ, რაც რომაელებმა 70 წელს იერუსალიმი აიღეს და ტაძარი დაანგრიეს, მასადაზე მეომრები და მათი ოჯახის წევრები, სულ 960 კაცი გამაგრდა. 73-74 წლებში მტრის ლეგიონი ციხესიმაგრეს მოადგა და ალყა შემოარტყა. რომაელმა ინჟინრებმა ციხესიმაგრეში შესაჭრელად მიწაყრილის პანდუსის აშენება დაიწყეს. იმ დროს მასადას კომენდანტი ელეაზარ ბენ იაიროსი იყო. როცა ებრაელები მიხვდნენ, რომ მტერს ვერ გაუმკლავდებოდნენ, წილისყრით 10 მეომარი აირჩიეს, რომლებსაც ჯერ ყველა, ხოლო შემდეგ ერთმანეთი უნდა დაეხოცათ. ებრაელებმა მონობას სიკვდილი არჩიეს. როცა რომაელები მასადაში ყიჟინით შეიჭრნენ, თავზარი დაეცათ. არავინ ცოცხალი აღარ დახვდათ. რამოდენიმე ხანში მხოლოდ ორი ქალი და ხუთი ბავშვი გამოვიდნენ სამალავიდან და ეს ამბავი რომაელებს მათ აცნობეს.

მეფე ჰეროდეს სასახლის ნაშთი.

ამ ტრაგედიიდან რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში მასადა მიტოვებული იყო. მე-5 – მე-6 საუკუნეებში აქ ქრისტიანი ბერები ამოვიდნენ და ეკლესია ააშენეს, რომლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.

ეკლესია.

ასევე შემორჩენილია სინაგოგის ნანგრევები. ამჟამად მის გვერდით ოთახია მოწყობილი, სადაც თორას ხელით გადაწერის პროცესი მიმდინარეობს. ეს უზომოდ შრომატევადი საქმეა და წელიწადი ან უფრო მეტი დრო სჭირდება.

სინაგოგა.

მასადას ციხესიმაგრეზე ებრაელების ჯგუფს შევხვდით. რაბინთან ერთად ბარ-მიცვას (ვაჟის ებრაულ თემში მიღება) ზეიმობდნენ. სიმბოლური იყო მასადაზე მოზეიმე ებრაელების ნახვა. სიცოცხლე გრძელდება…

ბარ-მიცვას ზეიმი.

ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ რამოდენიმე წლის განმავლობაში აქ ჯარისკაცები სამხედრო ფიცს დებდნენ. “მასადა აღარასდროს დაეცემა” – ასე ჟღერდა ფიცი.

ყუმრანი

მასადას ციხესიმაგრედან ყუმრანში გავემგზავრეთ. ამასობაში საგრძნობლად დათბა. ჩირბეთ-ყუმრანი მკვდარი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს. მეცნიერების აზრით აქ დასახლება ჯერ კიდევ ძვ. წ. მე-8 საუკუნეში არსებობდა.

ყუმრანი.

1947 წელს ამ ადგილებში ერთი არაბი ბედუინი თხებს მწყემსავდა. ერთი თხა ფარას ჩამოშორდა და დაიკარგა. მის ძებნაში მწყემსი სულის მოსათქმელად გამოქვაბულში გაჩერდა და თავს ქვის სროლით ირთობდა. უეცრად მსხვრევის ხმა გაიგონა. მივიდა და გატეხილი თიხის ქილა ნახა, საიდანაც უძველესი გრაგნილი ამოიღო. მოგვიანებით ბაზარში მისი სარფიანად გაყიდვა სცადა და შემთხვევით იმ ადამიანს მიჰყიდა, ვინც მისი ფასი ნამდვილად იცოდა.

ტექსტების გადამწერთა დარბაზის კედელი.

არქეოლოგებმა ამ ადგილის შესწავლა დაიწყეს. 1947-1956 წლებში 11 გამოქვაბულში ანტიკური იუდაიზმის დროინდელი 900-ზე მეტი გრაგნილი აღმოაჩინეს. ეს გრაგნილები ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ახ. წ. პირველი საუკუნის მე-2 ნახევრამდე პერიოდით თარიღდებიან. მათ მკვდარი ზღვის გრაგნილებს უწოდებენ.

მე-4 გამოქვაბული, სადაც 600-ზე მეტი გრაგნილი აღმოჩნდა.

გრაგნილების ნაწილი თიხის ქილებში იყო განთავსებული და შესაბამისად კარგად შენახული. ტექსტების ნაწილი თხის და ცხვრის ტყავებზე, ნაწილი კი თიხის ფირფიტებზე და პაპირუსის ქაღალდებზეა დაწერილი. ერთი ტექსტი სპილენძის ფირფიტაზეც არის შესრულებული.

მათი დიდი ნაწილი ძველებრაულ, არამეულ და ძველბერძნულ ენებზე შედგენილ სხვადასხვა ჟანრის ტექსტებს შეიცავს. მათ შორის არის ესაია წინასწარმეტყველის 7,3 მეტრი სიგრძის გრაგნილი, რომელიც ამჟამად ისრაელის მუზეუმშია დაცული. ყუმრანში უძველეს წყლის ავზებს, მარცვლეულის საცავებს, მიკვეებს და სატრაპეზო ოთახებს ვხვდებით. ოდნავ მოშორებით სასაფლაოც მდებარეობს.

არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ყუმრანში ესსელთა ასკეტური თემი ცხოვრობდა. ზოგიერთი იოანე ნათლისმცემელს სწორედ ამ თემს აკუთვნებს. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ყუმრანში ტაძრის ბიბლიოთეკა მდებარეობდა და გადამწერები ებრაული საღვთო წერილის, ჰიმნების, თემის განაწესის, ლიტურგიული თუ სხვა შინაარსის ტექსტებზე მუშაობდნენ. იერუსალიმის დაცემამდე კი ტაძრის გრაგნილები აქ გადამალეს და მათი სიმრავლე სწორედ ამით აიხსნება.

ყუმრანი.

აქ ცხოვრება ჩქეფდა, ვიდრე იუდეველებმა ახ. წ. 66 წელს რომს დაუმორჩილებლობა არ გამოუცხადეს. ახ. წ. 68 წელს რომაელთა ლეგიონმა მთელი დასახლება გაანადგურა. ეს ადგილი მრავალი საუკუნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ხელახალი სიცოცხლე გრაგნილების აღმოჩენის შემდეგ შეიძინა.

მკვდარი ზღვის გრაგნილების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბიბლიური სამყაროს სწორად აღქმის თვალსაზრისით.

ყუმრანი.

90-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩვენს თემში საბაზისო თეოლოგიური განათლება დღის წესრიგში დადგა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა გურჯაანის ბაპტისტურ ეკლესიას აღმოაჩნდა და ჩვენი თაობისთვის განათლების კერად იქცა. მკვდარი ზღვის გრაგნილების შესახებ პირველად სწორედ გურჯაანის თეოლოგიურ სემინარიაში მოვისმინეთ, სადაც მე, ნათელა, მეუფე რუსუდანი და მიხეილი (ალა მოგვიანებით ელია წინასწარმეტყველის სკოლაში შემოგვიერთდა) ვსწავლობდით. ებრაულ საღვთო წერილს (ძველ აღთქმას) და ძველებრაულ ენას მეუფე მალხაზი გვასწავლიდა, რომელიც იმავდროულად სემინარიის რექტორიც იყო. ყუმრანთან დაკავშირებით საინტერესო ლექცია მან წაგვიკითხა და თვალსაჩინოებისთვის თორას გრაგნილიც მოგვიტანა.

გურჯაანის სემინარიაში ჩვენი მასწავლებლები იყვნენ: ლევან ახალმოსულიშვილი (გურჯაანის ეკლესიის წინამძღოლი), ლუხუმ მაისურაძე, ნინო ნაკუდაშვილი, დავით ჯუღელი, ხათუნა სონღულაშვილი და რამაზ ფარესაშვილი. მათ გარდა ლექციებს ევროპელი და ამერიკელი თეოლოგები: კარლ-ჰაინც ვალტერი, როლანდ ვერნერი, ვერნერ ბადერშნაიდერი (გერმანია), პიტერ ვან კამპენი, კრაიან ვან დერ იახტი, პოპე იცმა (ჰოლანდია), საიმონ კრისპი, ჰილდე სეიერსი (დიდი ბრიტანეთი), როჯერ და მერი-რუთ კრუკები, მაიკლ როშაკი, ტომ პრივოდტი და ჯეიმს სმიტი (აშშ) გვიკითხავდნენ. მათგან ბიბლიას იუდაურ კონტექსტში ვსწავლობდით და ჩვენთვის ბიბლიის სამყარო ნელ-ნელა გასაგები ხდებოდა. მაშინ, როცა მკვდარი ზღვის გრაგნილების შესახებ ლექციას ვისმენდით, ყუმრანის და ზოგადად წმინდა მიწის მოლოცვაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ამ ყველაფერს ჩვენი თვალით ვნახავდით.

მკვდარი ზღვა

ყუმრანიდან მკვდარი ზღვის სანაპიროზე ჩავედით, რომელიც ზღვის დონიდან 428 მეტრით დაბლა მდებარეობს და შესაბამისად მსოფლიოში ყველაზე დაბალ წერტილს წარმოადგენს.

მკვდარი ზღვა.

მკვდარი ზღვა ბიბლიაში მარილოვანი (რიცხ. 34:2; 12) და დასავლეთის
(ეზ. 47:18) ზღვის სახელებით არის ცნობილი. მისი ერთადერთი კვების წყარო მდინარე იორდანეა, რომელიც მკვდარ ზღვაში ჩაედინება. მარილის ძალიან მაღალი შემცველობის გამო მასში ვერანაირი ცოცხალი ორგანიზმი ვერ ძლებს. სანაპიროზე წყლის წვეთოვნების (სპეციალური სარწყავი სისტემა) გამოყენებით ოაზისია გაშენებული. ამ სისტემის მეშვეობით უდაბნოს ბაღნარად აქცევენ.

მკვდარი ზღვის ოაზისი.

მარილის მაღალი კონცენტრაცია სხვა მხრივ იმით არის კარგი, რომ მკვდარ ზღვაში ადამიანი არ იძირება. ერთხანს შესვლა დავაპირეთ, მაგრამ წყალი ცივი იყო და გადავიფიქრეთ.

ბიბლიის მიხედვით, მკვდარი ზღვის სანაპიროზე ქალაქები სოდომი და გომორა მდებარეობდნენ. არქეოლოგების აზრით ეს ადგილი იორდანიის მხარეს არის და გათხრებიც ტარდება. მკვდარ ზღვას ლოტის ცოლის მარილის სვეტად გადაქცევის ამბავიც უკავშირდება (დაბ. 19:26).

მარილის ქვა.

ეს ადგილი მიმზიდველია ტურისტებისთვის და ასევე კანის დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

მდინარე იორდანე

მკვდარი ზღვიდან მდინარე იორდანესკენ გავემგზავრეთ, სადაც ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იოანე ნათლისმცემელი ხალხს ნათლავდა. ეს ადგილი იერიქოსთან ახლოს მდებარეობს. ის ადგილი, სადაც გადმოცემით იესო ქრისტე მოინათლა, აქედან დაახლ. ერთ კილომეტრში მდებარეობს. იუდაური ტრადიციით კი ეს ის ადგილია, საიდანაც ისრაელიანები იესო ნავეს ძის წინამძღოლობით ქანაანში შემოვიდნენ (იეს. 3:11-17) და საიდანაც ელია წინასწარმეტყველი ზეცაში იქნა აყვანილი (4 მეფ. 2:4-8).

მდინარე იორდანე.

მდინარე იორდანეს გადაღმა იორდანიის სახელმწიფო მდებარეობს, ხოლო სახელმწიფო საზღვარი წყალზე ტივტივებს. მდინარის გაღმა-გამოღმა ორი სახელმწიფოს ტურისტები და პილიგრიმები ერთმანეთს თავაზიანად ესალმებიან და ესაუბრებიან.

ღალებს ეგონა მდ. იორდანეში ჩასვლას ვაპირებდით და გაგვაფრთხილა, რომ მდინარის ამ მონაკვეთზე წყალი დაბინძურებული იყო და ჩასვლა კი არა, წყლის სახეზე შესხმაც კი არ იყო რეკომენდირებული. თუმცა ღალების რეკომენდაციაში ეჭვი შეგვეპარა, რადგან იორდანიის მხრიდან ერთმა ბიჭმა მდინარეში ისკუპა და კარგა ხანს იჭყუპალავა.

ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ნათლობას საგანგებო ადგილი უკავია და ის წყალში სრული შთაფვლით სრულდება. ბაპტისტებს სწორედ ამიტომ გვეძახიან (ბერძნ. “ბაპტიძო” წყალში შთაფვლით მონათვლა). მიგვაჩნია, რომ ქრისტიანად არავინ იბადება, არამედ ქრისტიანობა არჩევანია, რაც ნათლობით დასტურდება. აქედან გამომდინარე ნათლობა მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ადამიანის ცხოვრებაში, რისთვისაც ჯეროვნად უნდა მოემზადოს. ნათლობის რიტუალის შესრულებისას სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც იესო ქრისტეს ნათლობის ამბავია აღწერილი. ადვილი წარმოსადგენია რას გრძნობს ქრისტიანი, როცა მდინარე იორდანესთან იმყოფება…

მეუფე რუსუდანმა ტრადიციას არ უღალატა და “სელფი” მდინარე იორდანეშიც გადაიღო. თუკი სადმე ჯგუფი ვართ და ფოტოს გადასაღებად უცხო არავინ არის, სელფს ყოველთვის მეუფე რუსუდანი იღებს. ჯერ ერთი ფოტოგრაფიის ნიჭი აქვს და თანაც ობიექტივში ისე გვტევს, სელფის ჯოხი არ სჭირდება…

მდინარე იორდანესთან ლოცვა ვთქვით, იქვე საეკლესიო მაღაზიაში ზეთი შევიძინეთ და მიკროავტობუსთან მივედით.

იერიქო

შემდეგი ლოკაცია იერიქო იყო, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში, პალესტინის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს და მსოფლიოს უძველესი ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება.

იერიქო.

იერიქო ბიბლიის ორივე ნაწილშია მოხსენიებული. პირველად იესო ნავეს ძის წიგნში გვხვდება, სადაც მისი კედლების დანგრევის ამბავია აღწერილი (იეს. 1-20). მარკოზის სახარების მიხედვით აქ იესო ქრისტემ ბრმა კაცი, სახელად ბარტიმეოსი განკურნა (მარკ. 10:46-52). ლუკა მახარებელი კი იერიქოში მცხოვრებ მებაჟე ზაქეს ახსენებს, რომელიც ტანმორჩილი იყო და ხალხისგან გარშემორტყმული იესოს დასანახად ლეღვის ხეზე აძვრა (ლუკ. 19:1-10). თავდაპირველად სწორედ ზაქეს ხესთან მივედით. ეს არის სიკომოროს ხე (ლეღვსულელი), რომელიც ლეღვის მსგავს ნაყოფს ისხამს. ჩვენიდან იქ არავინ ამძვრალა…

ზაქეს ხესთან.

ზაქეს ხის წინ არაბ გარემოვაჭრეებს დახლები ჰქონდათ გაშლილი. მეუფე მალხაზმა ღალები გაიყოლა და მათგან სირიული ქეფიე შეიძინა. ღალებს აშკარად გაუკვირდა, ქრისტიანმა ეპისკოპოსმა ქეფიე რატომ შეიძინა, თუმცა მეუფისთვის არაფერი უკითხავს.

ღალები და მეუფე მალხაზი.

ზაქეს ხის ნახვის შემდეგ თელ-ეს-სულთნისკენ გავემართეთ, სადაც ძვ. წ. მე-13 საუკუნის უძველესი დასახლების კვალია აღმოჩენილი.

თელ-ეს-სულთანი.

თელ-ეს-სულთანი იერიქოს ცენტრთან ახლოს ბორცვზე მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ უძველესი ქვის ნაგებობები აღმოჩნდა. ნასახლარების და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობის ნაშთების გვერდით, უძველესი კოშკის და კიბის ნაწილია შემორჩენილი. მათი ასაკი დაახლ. 8050 წელს ითვლის.

ვინ იცის, იქნებ ბრმა ბარტიმეოსი აქ სადმე იჯდა, როცა იესო მასთან მივიდა და მხედველობა აღუდგინა…

თელ-ეს-სულთანი. უკანა ხედზე გამოცდის მთა.

ცხადია ზუსტად არავინ იცის ის ხე სად იდგა, რომელზეც მებაჟე ზაქე აძვრა, ან ის ქუჩა სად მდებარეობდა, სადაც ბარტიმეოსი იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. სამაგიეროდ ლანდშაფტი არ შეცვლილა.

თელ-ეს-სულთანი. აქედან საბაგირო გზა გამოცდის მთაზე ადის.

თელ-ეს-სულთნის ბორცვიდან ელისე წინასწარმეტყველის წყარო გამოედინება. ბიბლიაში წერია, რომ იერიქოელებმა ელისე წინასწარმეტყველს ცუდი წყლის გამო შესჩივლეს. ელისემ მათ მარილით სავსე უხმარი ჯამი მოატანინა და წყლის სათავეში ჩაყარა (4 მეფ. 2:19-22). მას შემდეგ იერიქოელებს ჯანსაღი სასმელი წყალი აქვთ.

ელისე წინასწარმეტყველის წყაროსთან.

იერიქოს ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოცდის მთა მდებარეობს, რომელიც თელ-ეს-სულთნის ბორცვიდან კარგად ჩანს. ქრისტიანული ტრადიციით იესო ქრისტე მდინარე იორდანეში ნათლობის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ამ მთაზე მარხულობდა. მე-6 საუკუნეში მთაზე მონასტერი არსებობდა, რომლის საძირკველზეც ბერძნულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი მონასტერი ააგო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის მთაზე საბაგირო გზა ადიოდა, აღარ ავედით, არამედ მხოლოდ შორიდან შევავლეთ თვალი.

გამოცდის მთა.

ეს აქლემი გამოცდის მთის ფირნიშზე გამობმული ვნახეთ, გასეირნების მსურველ ტურისტებს მოთმინებით ელოდებოდა.

იუდას უდაბნოში მოგზაურობა იერიქოთი გავასრულეთ და იერუსალიმისკენ გამოვემგზავრეთ.

გამყოფი კედელი

გზად რამოდენიმე ადგილას გამყოფ კედელთან გავიარეთ, რომელიც ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას (მდ. იორდანეს დასავლეთი სანაპირო და ღაზას სექტორი) შორის არის გავლებული. მისი საერთო სიგრძე 759 კილომეტრია. გამყოფი კედლები ზოგან დაანგრიეს, ზოგან ჯერ კიდევ დგას და ზოგან კიდევ აშენებას აპირებენ…

გამყოფი კედელი.

დამასკოს კარიბჭე

ღალებმა იერუსალიმში დამასკოს კარიბჭემდე მიგვიყვანა. ეს ადგილი ძალიან ხალხმრავალი და ხმაურიანია. ისრაელის პოლიცია 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს. ხშირია ინციდენტები.

დამასკოს კარიბჭე.

აქ ძირითადად არაბი მოსახლეობა და ტურისტები გადაადგილდებიან, თუმცა ორთოდოქსი ებრაელებიც არაერთხელ შემინიშნავს.

იოანელთა სახლის სასტუმროში კვლავ სუნელების ქუჩით დავბრუნდით. სუნელების მაღაზიაში ყველა კარ-ფანჯარა ღია იყო და იქიდან გამაბრუებელი სურნელი იფრქვეოდა.

სუნელების მაღაზია.

სახლში მისულებმა ვახშმის თადარიგი დავიჭირეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დავიღალეთ, იუდას უდაბნოდან შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდით.

მომლოცველობა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, გალილეაში გავაგრძელეთ, რის შესახებაც მესამე ნაწილში მოგითხრობთ.

Leave a Reply