შეიხა და დერვიშები

შეიხა და დერვიშები

2018 წლის თებერვალში, ეპისკოპოსების შეხვედრაზე, მეუფე მალხაზ სონღულაშვილმა გვითხრა, რომ მშვიდობის საკათედრო ტაძარში მუსლიმი შეიხა აპირებდა სტუმრობას.

კაცი შეიხი გამიგია, მაგრამ ქალი შეიხი? ერიჰა, ისლამშიც ყველაფერი თავდაყირა დაუყენებიათ და ეგ არის! – გავიხუმრე და მეუფეს ვთხოვე, ვიზიტის დეტალებზე უფრო ვრცლად ესაუბრა.

ერთი თვის შემდეგ, თურქეთის მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლი, შეიხა ნური ართირანი თარჯიმანთან, დერვიშ (სპარს. “მოხეტიალე”, “უპოვარი”. ასე იწოდებიან სუფიური ასკეტური ორდენის წევრები) სელჩუკ ჯანთან ერთად, მშვიდობის საკათედრო ტაძარში გვესტუმრა. ღვთისმსახურების წიაღში შეიხამ შესანიშნავი ქადაგება თქვა და მრევლი შთამბეჭდავად დალოცა. მეუფე მალხაზ სონღულაშვილისგან მან საჩუქრად სამწყემსო კვერთხი მიიღო. ეს ვიზიტი ტელეკომპანია პირველმა არხმა ფართოდ გააშუქა (https://1tv.ge/video/sheikha-nuri-tbilisshi/).

ვიდრე შეიხა და დერვიში სამშობლოში გაემგზავრებოდნენ, მეუფე მალხაზმა და მისმა მეუღლემ, ქ-ნმა ალა ქავთარაძემ სტუმრების საპატივსაცემოდ ოჯახში ვახშამი გამართეს. არაფორმალურ გარემოში შეხვედრამ, ერთმანეთის ახლოს გაცნობის და დამეგობრების საშუალება მოგვცა. შეიხამ საპასუხო ვიზიტად თურქეთში მიგვიწვია. ვიზიტის მიზანს, ინტერრელიგიური დიალოგის ფარგლებში, მევლანიტების სუფიურ ორდენთან მეგობრობის გაღრმავება, სტამბოლის და იზნიქის (ძველი ნიკეა) ღირსშესანიშნაობების ნახვა და წმინდა ადგილების მოლოცვა წარმოადგენდა.

დელეგაციის წევრები: მეუფე მალხაზ სონღულაშვილი, მეუფე ილია ოსეფაშვილი, ქ-ნი ალა ქავთარაძე, ქ-ნი ნათელა ტოჩილაშვილი, ბ-ნი ალექსანდრე ქავთარაძე.

რეზიდენციაში დახვედრა

ჩვენი თვითმფრინავი, მარმარილოს ზღვის თავზე რამდენიმე წრის შემოხაზვის შემდეგ, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაეშვა, უფრო სწორედ კი “დაეხეთქა”. შენ ესღა გინდოდაო…? – მითხრა ჩემმა მეუღლემ ნათელამ, რომელიც თვითმფრინავის აფრენა-დაფრენის დროს ჩემს დაძაბულ გამომეტყველებაზე ყოველთვის ხალისობს და მერე ჩვენს შვილებს უყვება.

სელჩუკ ჯანი დერვიშ ძმებთან ერთად აეროპორტში დაგვხვდა და ორდენის რეზიდენციაში წაგვიყვანა. შეიხა ნური და დერვიში დები გარეთ გამოგვეგებნენ და გულთბილად მიგვიღეს. შეიხამ სტუმრობისთვის მადლობა გადაგვიხადა და მოკითხვის შემდეგ სუფრასთან მიგვიწვია. დერვიშები შემოსვლა-გასვლისას მოკრძალების ნიშნად გულზე ხელს იდებდნენ და თავს ხრიდნენ. მათ შორის ბაჰარ ჯანი და თიულინ ოზგურიც იყვნენ, რომლებიც მთელი ვიზიტის განმავლობაში მეგზურობას გვიწევდნენ. ისინი შვეიცარიაში ცხოვრობენ და სტამბოლში სპეციალურად ჩვენი ვიზიტისთვის ჩამოვიდნენ.

შუაში შეიხა ნური. მარჯვნივ თავსა და ბოლოში დერვიშები ბაჰარ ჯანი და თიულინ ოზგური.

მევლანიტების რეზიდენცია, სტამბოლის მწვანეში ჩაფლულ რაიონში, ბეიკოზში მდებარეობს. შენობა 4 სართულიანია და გემოვნებით არის მოწყობილი. მისაღების, ოფისის და სასტუმრო ოთახების გარდა, შენობის ბოლო სართულზე, ლოცვის დარბაზი მდებარეობს. ეზო რამდენიმე ტერასად არის დაყოფილი. ერთ ტერასაზე სათამაშო სახლი დგას, ხოლო მეორეზე საკურდღლეა აშენებული. კვირის ბოლოს აქ საპატიმროებში დაბადებული ბავშვები მოჰყავთ, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ხალისიანად თამაშობენ და კურდღლებს ბალახით კვებავენ.

შეიხა ნური გვაცნობს შენობის და ბაღის ისტორიას.
შეიხა ნურის რეზიდენცია ტერასებიანი ბაღით.

შენობას და ეზოს ყველა კუთხე-კუნჭულს მზრუნველი ხელი ეტყობა.

შეიხა ნური

ჩვენი მასპინძელი შეიხა ნური ართირანი, მეტად განათლებული, გულთბილი და სტუმართმოყვარე ქალბატონია. ორდენის წინამძღოლობა თავისი მასწავლებლის, ცნობილი სუფი სწავლულის, ნეტარ შეფიკ ჯანისგან (1909-2005) გადაიბარა, რომელმაც თავის მოწაფეზე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა: „ნური ართირანი 21-ე საუკუნისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოა… წინამძღოლობა იმიტომ არ გადაეცა, რომ ქალია, არამედ სიყვარულს გრძნობს ღმერთის მიმართ და ამ სიყვარულს, ღმერთის ქმნილებას ულამაზესი გზით უზიარებს, თანაც თავისი უპირატესობის სანაცვლოდ არც მატერიალურს და არც სულიერს არავისგან ელის“ (ჟურნალი „ზამანი“ 2005).

შეიხა ნური ართირანი.

ჯალალ ედ-დინ რუმი

მევლანიტების ორდენი შუა საუკუნის სპარსელი სუფი მისტიკოსის, სწავლულის და პოეტის ჯალალ ედ-დინ რუმის (1207-1273) იგივე მევლანას (სპარს. მაულანა „ჩვენი ბატონი“) სახელს ატარებს. რუმი წარმოშობით ავღანეთის ქალაქ ბალხიდან იყო, მოგვიანებით მისი ოჯახი თურქეთის ქალაქ კონიაში დასახლდა. მასზე უდიდესი გავლენა, მოხეტიალე დერვიშმა შამსე თაბრიზმა (1185-1248) მოახდინა. რუმი სუფიზმის (არაბ. „სუფ“, უხეში მატყლის ქსოვილი, რითაც მუსლიმი ბერები იმოსებოდნენ) მიმდევარი იყო, რომელიც ისლამის წიაღში მისტიკური მიმდინარეობის სახით მე-8 ს.-ში ჩაისახა. სუფიზმის მთავარ პრინციპს წუთისოფლის ყოველგვარი საცდურისგან გათავისუფლება და ღვთაებრივი სიყვარულის გზით, შემოქმედთან შერწყმა წარმოადგენს. „მე შემიძლია სამყაროს ყველა გამოცანა ამოვხსნა, რადგან ყველა გამოცანის გასაღები მხოლოდ ერთი – სიყვარულია“ – ამბობდა რუმი. თუ ღვთაებრივი სიყვარული გვექნება, მაშინ მხოლოდ ადამიანებს კი არა, არამედ ღმერთის მიერ შექმნილ მთელ სამყაროს შევიყვარებთ. იმისათვის, რომ დერვიში ყოველგვარი საცდურისგან გათავისუფლდეს და ღმერთს მთელი გულით სცეს თაყვანი, საჭიროა: 

  1. რწმენა
  2. ლოცვა
  3. მარხვა
  4. მოწყალების გაღება
  5. მომლოცველობა წმინდა სახლში (იგულისხმება როგორც პილიგრიმაჟი მექაში, ისე საკუთარ თავში ჩაღრმავება)

მევლანას თავად ორდენი არ დაურსებია. ეს ინიციატივა მის უფროს ვაჟს, სულთან ვალადს (1226-1312) ეკუთვნის. ახლადშექმნილი ორდენის წინამძღოლად მან ჰუსამ ჩელები დაადგინა, ხოლო მოგვიანებით წინამძღლის პასუხისმგებლობა თავად აიღო და ორდენს 28 წლის განმავლობაში მართავდა.

გურჯი ხათუნი

მევლანას უახლოეს მოწაფეთა შორის თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული თამარიც (1237-1286) იყო. ისტორიულ წყაროებში იგი “გურჯი ხათუნის” სახელით არის ცნობილი. თამარი თავდაპირველად რუმის სულთანზე, ყიას ედ-დინ ქეიხოსროვზე იყო გათხოვილი, ხოლო როცა დაქვრივდა, რუმის მომდევნო სულთანმა, მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანემ შეირთო ცოლად. გურჯი ხათუნი სავარაუდოდ მეორე ქორწინების შემდეგ მოექცა ისლამზე და მევლანას ერთგული მოწაფე გახდა. 

მევლანას გარდაცვალების შემდეგ გურჯი ხათუნი იმ ადამიანებს შორის იყო, რომლებმაც მოძღვრის აკლდამის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანეს. გურჯი ხათუნის ძალისხმევით აკლდამაზე აღმართული მწვანე გუმბათი, დღემდე ქალაქ კონიას სიმბოლოს წარმოადგენს. სელჩუკურ  არქიტექტურაში მას ანალოგი არ მოეძებნება. როცა შეიხა ნური თბილისში ჩამოვიდა, ამ „არქიტექტურულ საიდუმლოს“ ფარდა აეხადა. საითაც კი გაიხედა, ყველაგან მსგავსი გუმბათები დაინახა.

მევლანას აკლდამა ცნობილი მწვანე გუმბათით.

მოძღვარ-მოწაფის მეგობრობა, მათმა შთამომავლებმა გააგრძელეს. თურქულ წყაროებში არსებობს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ გურჯი ხათუნის ასულმა აინ-ულ-ჰაიათმა ერზრუმში მევლანას შვილს, სულთან ვალადს  უმასპინძლა.  

სულთან აჰმედის (ლურჯი) მეჩეთი

სტამბოლის ღირსშესანიშნაობების გაცნობა სულთან აჰმედის მეჩეთით დავიწყეთ, რომელიც მე-17 საუკუნეშია აგებული და მოლურჯო ფერის ფილების სიმრავლის გამო ლურჯ მეჩეთსაც ეძახიან. მეჩეთს 6 მინარეთი აქვს. მსოფლიოში მხოლოდ მექას და მედინას მთავარ მეჩეთებს აქვთ მეტი მინარეთი. სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ამ გრანდიოზული მეჩეთის შიდა სივრცე სამშენებლო ბადით იყო შეფუთული და მისი მხოლოდ მცირე ნაწილის ნახვა შეიძლებოდა.

სულთან აჰმედის (ლურჯი) მეჩეთი.
მეჩეთის სალოცავი დარბაზი.

რამოდენიმე წუთი გავჩერდით სულთან აჰმედის მეჩეთში, სურათები გადავიღეთ და აია-სოფიასკენ დავიძარით, რომლიც მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

აია სოფიას ტაძარი 

აია სოფიას (ბერძნ. წმინდა სიბრძნე) გრანდიოზული ტაძარი რა სახითაც დღემდეა შემორჩენილი, იმპერატორ იუსტინიანე I-ის (482-565) დროს იქნა აგებული. იგი გვიანდელი ანტიკური ეპოქის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ძეგლს წარმოადგენს, რომელსაც მერვე საოცრებადაც მოიხსენიებენ. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აქ ოსმალების მთავარი მეჩეთი განთავსდა. თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით 1934 წელს მეჩეთი აია სოფიას მუზეუმად გადაკეთდა.
აია სოფია ძირი-ძირობამდე მოვიარეთ და ყველა საინტერესო დეტალს გავეცანით. მეუფე მალხაზი ტაძრის ისტორიის პარალელურად ბიზანტიური ეკლესიის მნიშვნელოვან პერიოდებზე გვესაუბრებოდა. მეუფეს ბაჰარი და თიულინიც ინტერესით უსმენდნენ.

სულთან აჰმედის მეჩეთსა და აია სოფიას ტაძარს შორის მდებარე გზის მონაკვეთი.
ხედი ტაძრის მეორე სართულიდან.
იოანე ნათლისმცემლის, იესო ქრისტეს და წმ. მარიამის მოზაიკური ფრესკები.

ტაძრის ცენტრალურ შესასვლელთან არქეოლოგიურ სიძველეებს შორის უძველესი მარმარილოს ამბიონი შევნიშნეთ. მეუფე მალხაზმა საინტერესო იდეა გაგვიზიარა, რაც მსგავსი ფორმის და ზომის ამბიონის მშვიდობის საკათედრო ტაძრისთვის გამზადებას გულისხმობს. 

აია სოფიას ამბიონი.

ხალხი გაოცებული მიყურებდა, როცა ამბიონზე ავედი და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს ვქადაგებდი. მშვიდობის საკათედრო ტაძარს მსგავსი ამბიონი მართლაც დაამშვენებდა.

არქეოლოგიური მუზეუმი

აია სოფიასთან ახლოს ექსპონატებით მდიდარი არქეოლოგიური მუზეუმი მდებარეობს. ამ მუზეუმის მიმართ საგანგებო ინტერესს ორი ექსპონატი განაპირობებდა, რომლებიც ბიბლიურ ამბებთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. პირველი ექსპონატი გახლავთ იუდას მეფის ხიზკიას (ძვ. წ. 715-686) დროს კლდეში გაჭრილი გვირაბის ძველებრაული წარწერა, რომელიც სილოამის წარწერის სახელით არის ცნობილი, ხოლო მეორე, მეფე ჰეროდეს გამშვენებული იერუსალიმის ტაძრის (ძვ. წ. 23 – ახ. წ. 70) მარმარილოს ქვა, რომელიც არაებრაელებისთვის გამაფრთხილებელ წარწერას შეიცავს. ამ ექსპონატებს კარგა ხანს ვეძებდით, რადგან მუზეუმის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა დგას და ექსპონატების მიკვლევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელს ვკითხეთ, მაგრამ ზუსტი პასუხი ვერ გაგვცეს. ბოლოს ორივე ექსპონატი ერთ შენობაში ერთმანეთის გვერდით ვნახეთ.

იერუსალიმის ტაძრის კაპიტელები (ძვ. წ. I ს.).
აფროდიტას ქანდაკება (ძვ. წ. მე-3 ს.).
ალექსანდრფე მაკედონელის ბიუსტი (ძვ. წ. მე-2 ს.).

მეფე ხიზკიამ ასურეთიდან მომდინარე საფრთხის გამო, იერუსალიმის წყლით უზრუნველყოფა გადაწყვიტა და ძვ. წ. 701 წელს კლდეში გვირაბი გაჭრა, საიდანაც გიჰონის წყალი ქალაქში შეიყვანა. მუშები გვირაბს ორი მხრიდან ჭრიდნენ და შეერთების ადგილზე ძველებრაულ ენაზე შემდეგი შინაარსის წარწერა დატოვეს. „… გაჭრა. ეს არის გვირაბის გაჭრის ამბავი. როცა ჯერ კიდევ […] წერაქვები […] თავის ხელის ურიკასთან და როცა მხოლოდ სამი წყრთა იყო გვირაბის შესაერთებლად დარჩენილი, […] ერთი კაცის ხმა, რომელიც სხვებს ეძახდა, რადგან იქ მარჯვნივ ერთი ნაპრალი იყო დარჩენილი […]. გვირაბის გაჭრის დღეს მუშები ერთმანეთს შეხვდნენ, კაცი კაცის პირისპირ, წერაქვი წერაქვის პირისპირ და წყალი წამოვიდა ხევში“.

ხიზკიას გვიარაბის (სილოამის) ქვა.
წარწერა.

იქვე იყო იერუსალიმის ტაძრიდან შემორჩენილი დიდი ზომის ორიგინალი მარმარილოს ქვა, რომელზეც ბერძნულ ენაზე გამაფრთხილებელი წარწერა არის ამოკვეთილი: „უცხო ტომელს ტაძრის გისოსებთან მიახლოვების უფლება არ აქვს. ვისაც დაიჭერენ, შედეგებზე თავად აგებს პასუხს“. ეს ქვა ტაძრის ეზოს ნაწილში იყო განთავსებული და ამის იქით არაებრაელებს წასვლა მკაცრად ეკრძალებოდათ.

იერუსლიმის ტაძრის მარმარილოს ქვა.

ეს უნიკალური ქვა დიდი ალბათობით იესო ქრისტეს და მის მოციქულებს აუცილებლად ექნებოდათ ნანახი.

ხორას ეკლესია

ძალიან საინტერესო სანახავია სტამბოლის ფათიჰის რაიონში მდებარე ხორას ეკლესია (მე-4 საუკუნე). ეს ეკლესია ბიზანტიური არქიტექტურის მარგალიტს წარმოადგენს. სარესტავრაციო სამუშაოების გამო შენობა გარედან სამშენებლო ბადით იყო შეფუთული. ამ ადგილას მე-6 საუკუნეში მცირე ზომის ეკლესია იდგა, ხოლო მე-12 საუკუნეში ერთნავიანი ბაზილიკა აშენდა. 1315-1323 წლებში ბაზილიკა იმპერატორ ანდრონიკოს II პალაილოგოსის კანცლერმა და პირადმა მრჩეველმა თეოდორე მეტოხიტემ ჯერ შეაკეთა, ხოლო შემდეგ ფრესკებით და მოზაიკით გაამშვენა. 

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლის და მკვდრეთით აღდგომის ფრესკა, რომელიც 1315 წელს საკურთხევლის აბსიდაზე მოუხატავთ. იგი ქრისტეს კოსმიური ცეკვის ფრესკის სახელითაც არის ცნობილი.

მე-16 საუკუნეში ხორას ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს, ხოლო 1948 წელს შენობას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

ბაზილიკის წყალსაცავი

ვნახეთ ე. წ. ბაზილიკის წყალსაცავი, სადაც 100 000 ტონა წყლის მარაგი ინახებოდა. 138 მეტრი სიგრძის, 65 მეტრი სიგანის და 336 სვეტის მქონე წყალსაცავი ახ. წ. 532-542 წლებში იმპერატორმა იუსტინიანემ ააშენა. აქედან სასახლე წყლით მარაგდებოდა. ერთი ვერსიის მიხედვით, წყალსაცავის ზემოთ რომაული ბაზილიკა იდგა, მეორე ვერსიით კი სვეტებიანი წყალსაცავი თავად ჰგავდა ბაზილიკას და მისი სახელოწოდება აქედან მომდინარეობს. რამოდენიმე სვეტი თავდაყირა განთავსებულ მედუზას ქვის თავებზე დგას. სავარაუდოდ ეს “მედუზას თავები” იმპერიის სხვადასხვა კუთხეებიდან მეორადი სამშენებლო მასალის სახით შეაგროვეს და გამოიყენეს.

ბაზილიკის წყალსაცავი (მე-6 ს.).
ქვის მედუზას თავი.

კარგად განათებულ ადგილზე სურათის გადასაღებად გავჩერდით. ერთ პოლონელ ქალბატონს ახალგაზრდა ფოტოგრაფი ახლდა და კამერის წინ პოზიორობდა. ფოტოგრაფმა უხერხულად იგრძნო თავი იმის გამო, რომ მოცდა გვიწევდა და ფოტოგადაღება შეწყვიტა. განრისხებული ქალის ყვირილი და შესაბამისად საბრალო ფოტოგრაფის სახელი – ალექსი – წყალსაცავის ბოლომდე ისმოდა…

თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი

სულთან აჰმედის მეჩეთის გვერდით თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს. ეს შენობა მე-16 საუკუნეში დიდვეზირის, ჰალილ იბრაჰიმ ფაშას სასახლე ყოფილა, რომელსაც სულეიმან კანონმდებლის/ბრწყინვალეს და ჰყავდა ცოლად. სხვადასხვა ეპოქაში იქ მთავრობის სასახლე, სამხედრო ყაზარმა და ციხე იყო განთავსებული.

თურქული ისლამური ხელოვნების მუზეუმი.

1983 წელს რესტავრაციის შემდეგ შენობა თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმს გადაეცა. ვნახეთ სელჩუკების და ოსმანების დროინდელი ხელნაწერები, ხალიჩები, სამკაული, კერამიკის და შუშის ნაწარმი. ყველაზე ადრეული ნიმუშები მე-7 საუკუნით თარიღდება.

იესო ნავეს ძის გორა

ისლამური ტრადიციით ბეიკოზში წინასწარმეტყველ იესო ნავეს ძის საფლავი მდებარეობს, რომელიც 17 მეტრი სიგრძისაა. ამის მიზეზი ის არის, რომ ზუსტად არ იცოდნენ თუ სად იყო წინასწარმეტყველი დაკრძალული. გვერდით იესო ნავეს ძის სახელობის მეჩეთი დგას. ამ ადგილს განკურნების ძალას მიაწერენ და ყოველდღიურად მრავალი მუსლიმი სტუმრობს.

იესო ნავეს ძის საფლავი.

ქვემოთ ტერასა მდებარეობს, სადაც მომლოცველებს და ტურისტებს მოსვენება შეუძლიათ. გარდა ამისა, ტერასადან ხედი ბოსფორის სრუტეზე იშლება.

წახემსება დავაპირეთ. ბაჰარი გაიქცა და ხაჭოს ხვეულები ცივ წყალთან ერთად მოგვიტანა. ის იყო ხვეულები უნდა მიგვერთვა, რომ დაცვის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მოვიდა და ქართულად გვითხრა: „გარეთ მაგიდებია, აქ არ შეიძლებაო.“ გურჯი ყოფილა…

სემას რიტუალი (დერვიშების ბრუნვა)

ერთ საღამოს რეზიდენციაში 30-მდე დერვიში მოვიდა. წინდა დღეს შეიხა ნურმა გვითხრა, რომ დერვიშებთან ერთად ვისადილებდით, ხოლო სადილის შემდეგ მეუფე მალხაზთან შეხვედრა და სემას რიტუალი (დერვიშების ბრუნვა) გაიმართებოდა. რეზიდენციაში საკმევლის სუნი იდგა. ყველას უხაროდა ერთად ყოფნა. მორიგე დერვიშები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. ყველა შეხვედრაზე კერძებს თავად ამზადებენ.

როცა მე და მეუფე მალხაზი შეიხა ნურთან ერთად დარბაზში შევედით, დერვიშები და მათთან ერთად სანდრო, ალა და ნათელა სუფრასთან ისხდნენ. ყველა ფეხზე წამოდგა. მისალმების შემდეგ კვლავ დასხდნენ. ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. მორიგე დერვიშებიც კი კერძებს ჩურჩულით გვთავაზობდნენ და თეფშზე საკუთარი ხელით გვიღებდნენ. ისე არავინ შემოგვხედავდა მოკრძალების ნიშნად ხელი გულზე არ დაედო და თავი არ დაეხარა.

პურობის შემდეგ სამადლობელი ლოცვა ვთქვით და მე-4 სართულზე სალოცავად ავედით. ძლიერ სამშვიდობო იმპულსს იღებს ადამიანი, როცა ჰხედავს ქრისტიანები და მუსლიმები თავ-თავიანთი წესით ერთ ჭერქვეშ როგორ ლოცულობენ.

ლოცვის შემდეგ მეუფე მალხაზთან გაიმართა შეხვედრა. მეუფემ ერებს და კულტურებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობის საქმეში რელიგიის როლზე ისაუბრა. დერვიშები მეუფეს დიდი ინტერესით უსმენდნენ და რამდენიმე კითხვაც დაუსვეს.

შეხვედრის შემდეგ კვლავ დარბაზში ჩავედით, სადაც მუსიკოსი და სემას შემსრულებელი დერვიშები სპეციალური შესამოსელით დაგვხვდნენ. თავზე მუქი ფერის მაღალი მატყლის ქუდები ეხურათ, ხოლო ტანზე თეთრი პერანგები ეცვათ, რომელზეც შავი მოსასხამი ჰქონდათ მოხურული. დერვიშებისთვის შავი მოსასხამი საფლავის, მაღალი ქუდი საფლავის ქვის, ხოლო თეთრი პერანგი “ეგოს” სუდარის სიმბოლოებია. ამ სიმბოლოებში ღრმა აზრი დევს, კერძოდ ის, რომ ნამდვილი დერვიში ცოდვისთვის და წუთისოფლის საცდურისთვის მკვდარი უნდა იყოს.

სემას რიტუალის წინ ისინი შავ მოსასხამს იხდიან, რაც ხელახლა დაბადებას განასახიერებს და სიმბოლურად ღმერთის შექმნილ სამყაროს გულში იხუტებენ. ბრუნვისას მარცხენა ფეხის ტერფს იატაკს არ აშორებენ, ხოლო მარჯვენა ფეხის მოძრაობით მთელ სხეულს ადგილზე აბრუნებენ. ღმერთისგან სიკეთის მიღების სიმბოლოდ მარჯვენა ხელი ზეცისკენ აქვთ შემართული, ხოლო მარცხენა მიწისკენ დახრილი, რაც ღვთაებრივი სიკეთის ადამიანებისთვის გაზიარებას გულისხმობს. დერვიშების ბრუნვა იგივე რწმენის დამოწმებაა. ეს რიტუალი მათ ძალას და შთაგონებას აძლევს იმისათვის, რომ ღმერთის ქმნილებას სიყვარულით, სიხარულით და ერთგულებით ემსახურონ.

სემას რიტუალი (დერვიშების ბრუნვა).

სემას რიტუალის შესრულების დროს დერვიშებმა გვთხოვეს, რომ სურათები არ გადაგვეღო, ამიტომ რასაც ამ და მომდევნო გვერდზე ჰხედავთ, ინტერნეტით მოძიებული სურათებია.

სემას შემსრულებელი ქალები

მე-20 საუკუნიდან სემას რიტუალში ქალებიც აქტიურად მონაწილეობენ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში შეიხა ნურის მასწავლებელი, ნეტარი შეფიკ ჯანი ამბობს: „როგორც ვიცით სიტყა ‘სემა’ არაბული ენიდან მომდინარეობს და მოსმენას ნიშნავს. სემა მხოლოდ ბრუნვა არ არის, როგორც ეს მრავალს ჰგონია, არამედ უფრო მეტად ბრუნვისას ღვთაებრივი ხმის მოსმენით ექსტაზში (ან გონების სხვა მდგომარეობაში) შესვლას. ქალიც ადამიანია. ცხადია ქალიც ისმენს ამ ლამაზ ხმებს, ისიც გრძნობს მუსიკას და სემას ასრულებს. ამასთანავე ქალი გაცილებით უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მამაკაცი. ამიტომ არ შეგვიძლია ქალებს ვუთხრათ: არ მოისმინო ლამაზი ხმა, არ ჩავარდე ექსტაზში, არ შეასრულო სემა“ (ჟურნალი „ზამანი“ 25.01.2005).

დერვიშები ქალები.

იზნიქში (ნიკეა) გამგზავრება

12 აგვისტოს შეიხა ნურთან და დერვიშ დებთან ერთად სტამბოლიდან იზნიქში მიკროავტობუსით გავემგზავრეთ. შეიხა ნურის, ბაჰარის და თიულინის გარდა ორი დერვიში ქალბატონი შემოგიერთდა, ესენი იყვნენ ეზგი ოზთემელი და დედამისი ქ-ნი მუალა ილდიზი. დროის დაზოგვის მიზნით მარმარილოს ზღვაზე სატრანსპორტო ბორნით გადავედით. ერთად მგზავრობამ უფრო მეტად დაგვაახლოვა. თითქოს ერთი ოჯახის წევრები ვიყავით.

ბორანზე მარმარილოს ზღვაში. თავსა და ბოლოში ეზგი ოზთემელი და დედამისი ქ-ნი მუალა ილდიზი.
მარმარილოს ზღვა.

როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავდი, შეიხა ნურს უამრავ შეკითხვას ვუსვამდი. მაინტერესებდა ორდენის წესდება, მიღება-გარიცხვის წესები, ორთოდოქს მუსლიმებთან თუ სხვა სუფიურ ორდენებთან მათი ურთიერთობები  და ა. შ. შეიხა ნური ყველა ჩემს შეკითხვას თავაზიანად პასუხობდა.

კერამეთის თერმული ტბა

ვიდრე იზნიქში ჩავიდოდით, გზად ორჰანღაზთან ახლოს კერამეთის თერმული ტბა ვნახეთ, სადაც კანის დაავადებების მქონე პაციენტები მკურნალობის კურსს გადიან.

კერამეთის თერმული ტბა.

ზამთარ-ზაფხულ +30° ტემპერატურის მქონე თერმულ ტბას როგორც თურქეთის სხვადასხვა პროვინციებიდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მრავალი პაციენტი სტუმრობს და როგორც გვითხრეს, შედეგითაც კმაყოფილები არიან.

იზნიქი (ნიკეა)

იზნიქში ნაშუადღევს ჩავედით და ტბის პირას ერთ ლამაზ სასტუმროში დავბინავდით, რომელსაც გარე საცურაო აუზი და ლამაზი ზეთისხილის ბაღი აქვს. ერთ რამედ ღირდა ამ ბაღში შეიხასთან და დერვიშ დებთან ერთად პურობის გაწევა და საუბარი.

ხედი სასტუმროს ნომრიდან.

იზნიქი დიდი და საინტერესო ისტორიის მქონე ქალაქია ბურსას პროვინციაში. 325 და 787 წლებში აქ პირველი და მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებები ჩატარდა. პირველ კრებაში ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილეც მონაწილეობდა. ქალაქში მრავალი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეიძლება. ჩვენი მეგზურობა ეზგიმ და ქ-ნმა მუალამ ითავეს, რომლებიც აქაურობას კარგად იცნობენ.

ეშრეფზადეს მეჩეთი

იზნიქში პირველად ეშრეფზადეს მეჩეთი ვნახეთ. მეჩეთის გვერდით მე-15 საუკუნის დიდი სუფი მისტიკოსის, ეშფეროღლუ აბდულა რუმის საფლავი მდებარეობს. შეიხა ნურმა გვითხრა, რომ ნეტარ შეფიკ ჯანს ეს ადგილი ძალიან უყვარდა და სალოცავად ხშირად მოდიოდა. შეიხასთვის სიკვდილის წინაც უთხოვნია ამ ადგილზე მოყვანა. მოწაფესაც დაუყოვნებლივ შეუსრულებია მისი სურვილი. შეიხამ და დერვიშებმა მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს და შემდეგ მეჩეთი დავათვალიერეთ.

ეშრეფზადეს მეჩეთი.
სალოცავი დარბაზი.
ეშფეროღლუ აბდულა რუმის საფლავთან.

ანტიკური ქალაქის კედელი

საინტერესო იყო ქალაქის ძველ ნაწილში გასეირნება, რომელიც ანტიკური გალავნით არის გარშემორტყმული. გალავანს ქალაქში შესასვლელი 4 კარიბჭე აქვს. ძველ ქალაქში ნახავთ უძველესი ეკლესიების ნაშთებს, მეჩეთებს, მედრესეებს, კერამიკის საამქროებს, ჰამამს (აბანო)  და ა.შ.

გალავნის ერთი მონაკვეთი.

2014 წელს იზნიქის ტბის ფსკერზე მე-4 საუკუნის უძველესი ბაზილიკის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ იმ ადგილზე აშენდა, სადაც იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305) დროს წმინდა მოწამე ნეოფიტე აღესრულა. აქ წყალქვეშა მუზეუმის აგება იგეგმება. 

იზნიქის კერამიკა

იზნიქი კერამიკის ნაწარმით არის სახელგანთქმული. კერამიკის საყოფაცხოვრებო ნივთებს და სამშენებლო მოსაპირკეთებელ ფილებს მე-15 საუკუნიდან აწარმოებენ. იზნიქის ფილებით უამრავი მეჩეთია მოპირკეთებული, მათ შორის სულთან აჰმედის მეჩეთი და იერუსალიმის კლდის გუმბათი.

კერამიკის საამქრო.
კერამიკის მაღაზია.

აია სოფიას ეკლესია/მეჩეთი

შეიხასთან და დერვიშებთან ერთად იზნიქის აია სოფიას ეკლესია მოვილოცეთ, რომელიც მე-6 საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს დროს აშენდა. ამ ეკლესიაში 787 წელს მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელმაც ბიზანტიის იმპერიაში ხატთმებრძოლეობის ეპოქა დაასრულა.

იზნიქის აია სოფიას ეკლესია (ამჟამად მეჩეთი).

ოსმანების იმპერიის დროს აია სოფიას ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა. მუსტაფა ქემალ ათათურქმა 1935 წელს მეჩეთი გააუქმა და შენობა აია სოფიას მუზეუმად აქცია. ეს ნაბიჯი მან ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გადადგა. 2011 წელს შენობაზე მინარეთი იქნა მიშენებული და აია-სოფიას მუზეუმი კვლავ მეჩეთად გამოცხადდა.

საკურთხეველთან „მამაო ჩვენო“ ვილოცეთ და „კირიე ელეისონ“ ვიგალობეთ. შეიხა ნურიც ჩვენს გვერდით იყო და ლოცვაში შემოგვიერთდა. როგორც ქრისტიანს, ყოველთვის პოზიტიური განცდა მეუფლება, როცა იუდეველები, მუსლიმები ან ნებისმიერი სხვა სარწმუნოების მიმდევრები მშვიდობის საკათედრო ტაძარში ჩვენს გვერდით ლოცულობენ და ჩვენი სიწმინდეების მიმართ პატივისცემას ავლენენ. რელიგიებს და კულტურებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების თვალსაზრისით ამაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გზავნილი ძნელად წარმომოდგენია. „ამიტომ ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ – წერია სახარებაში (მათ. 7:12). საინტერესოა, რომ ეს ოქროს წესი ქრისტიანობის გარდა თითქმის ყველა სხვა რელიგიაში გვხვდება. თუ ოდესმე დადგა დრო და ადამიანებმა ამ წესს ვუერთგულეთ, მაშინ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.

ლოცვა აია სოფიას საკურთხეველთან.

ეს შენობა 1922 წელს თურქეთის განმათავისუფლებელი ომის მსვლელობისას  ბერძნებთან შეტაკების დროს გადამწვარა. იზნიქელების თქმით ტაძარი თავად ბერძნებმა გადაწვეს. გადარჩენილი ფრესკები, საკურთხევლის ნაწილი და მოზაიკური იატაკი დაკონსერევებულია და კარგად არის დაცული. საკურთხევლის მარჯვნივ ყიბლაა (მექის მიმართულება) გამართული და ყოველ პარასკევს მუსლიმი სასულიერო პირები იქიდან ლოცვას უძღვებიან.

აია სოფიას საკურთხეველი.
სალოცავი დარბაზი.

როცა ვლოცულობდით, მეჩეთის დამლაგებელმა ქალმა ხელის შეშლის მიზნით ტელეფონზე ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყო. შეიხა ნური და დერვიში დები ამაოდ ცდილობდნენ მის დამშვიდებას. ჯერ კიდევ „კირიე ელეისონ“-ს ვგალობდით, როცა მეჩეთში შუახნის კაცი შემოვიდა. როცა მასთან მივედით, ჩვენდა გასაკვირად ქართულად გამოგველაპარაკა. ეს კაცი, სახელად აჰმადი, აია-სოფიას მეჩეთის იმამი ყოფილა. სწორედ მასთან დაურეკავს დამლაგებელ ქალს და სასწრაფოდ მოსვლა უთხოვნია. იმამ აჰმედის წინაპრები დიდი ხნის წინ იზნიკში აჭარიდან გადმოსახლებულან.

იმამმა სტუმართმოყვარეობა გამოიჩნა და იქვე ახლოს ჩაიზე დაგვპატიჟა. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად საქართველოში არასოდეს იყო ნამყოფი.

იმამი აჰმედი.
საუბარი ჩაიზე აია სოფიას მეჩეთთან.

მეუფე მალხაზმა ის ოჯახთან ერთად საქართველოში დაპატიჟა და შეჰპირდა, რომ მეგზურობას თავად გაუწევს. იმამის ოჯახი სავარაუდოდ ამ ზაფხულს გვეწვევა.  

მწვანე მეჩეთი

ქალაქის ცენტრთან ახლოს 1378-1391 წლებში აგებული ცნობილი მწვანე მეჩეთი მდებარეობს. ეს მეჩეთი 1922 წელს ბერძნულ ჯართან შეტაკებისას ძალიან დაზიანებულა და 50-60-იან წლებში აღუდგენიათ. მეჩეთს ძალიან ლამაზი მინარეთი აქვს.

მწვანე მეჩეთი (მე-14 ს.).

მეჩეთის დარბაზში ერთი ახალგაზრდა კაცი მოწაფეებს ყურანის კითხვას ასწავლიდა. მეუფე მალხაზმა ერთ მოწაფეს სთხოვა ყურანი ხმამაღლა წაეკითხა. მოწაფემაც მკვირცხლად შეასრულა მეუფის თხოვნა და ყურანი არაბულად ხმამაღლა წაიკითხა. 

სალოცავი დარბაზი.
ყურანის გაკვეთილი.

მწვანე მეჩეთის ეზოში მცირე ხანს შევისვენეთ და მთაზე ასასვლელად მოვემზადეთ.

იზნიქის მთა

იზნიქს ჩრდილოეთით სამანლის ქედი აკრავს. აქ ერთ-ერთ მთაზე მე-8 საუკუნის გმირის, აბდულვაჰაპ სანჯაკტარის საფლავი და მისივე სახელობის მეჩეთი მდებარეობს. მუსლიმი მომლოცველები აქ ხშირად ამოდიან. მწვანე მეჩეთის ნახვის შემდეგ ჩვენც ამოვედით მთაზე, საიდანაც ულამაზესი ხედი გადაგვეშალა.   

აბდულვაჰაპ სანჯაკტარის მეჩეთი.
აბდულვაჰაპ სანჯაკტარის საფლავი.

ამ მთიდან იზნიქი თავისი ტბით ხელისგულივით ჩანს. ეს ისეთი ადგილია, სადაც შეიძლება საათობით იჯდე და ულამაზესი ხედით ტკბებოდე. ყველა ისტორიული ძეგლის გეოგრაფიული განლაგება ადვილად არის აღსაქმელი. უნდა ითქვას, რომ ეკლესიის მამებს მსოფლიო კრებების ჩასატარებლად მშვენიერი ადგილი შეურჩევიათ. შესვენებების დროს ალბათ ტბაზეც გადიოდნენ და სალოცავად ამ მთაზეც ამოდიოდნენ.

ხედი იზნიქის მთიდან.

სიამოვნებით დავრჩებოდით უფრო მეტ ხანს, მაგრამ დროში შეზღუდულები ვიყავით და პროგრამის გაგრძელება ვარჩიეთ.

სოფელი ინიკლი

ქალბატონმა მუალამ, რომელიც პროფესიით არქიტექტორია და სტამბოლის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის, იზნიქთან ახლოს სოფელ ინიკლის და მისი არქიტექტურის ნახვა შემოგვთავაზა. ეს სოფელი თურქულ წყაროებში პირველად მე-16 საუკუნეში იხსენიება.

სოფელი ინიკლი.

ამჟამად სახლების უმეტესობა მიტოვებულია. სოფელში მხოლოდ რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მიტოვებული ხის და ალიზის სახლები კი დანგრევის პირასაა. სოფელს ლამაზი მეჩეთი აქვს.

ვიზიტის გასრულება

სასტუმროში ვახშმის სუფრას ყოველთვის ზეთისხილის ბაღში ვუკვეთავდით. იქ ერთი დიდი თეთრი ფერის ძაღლი და წაბლისფერი კატა მეგობრულად ცხოვრობდნენ. ახლოს ისე არ ჩაგვივლიდნენ შეიხა არ მოფერებოდა. ერთ გრილ საღამოს შეიხამ კატა უბეში ჩაისვა და ვახშამს ისე შეექცეოდა. ვაფასებ ადამიანს, ვისაც შინაური ცხოველები უყვარს.

გაგვაოცა ახალგზრდა დერვიშის, ეზგი ოზთემელის სიმარდემ და სიყოჩაღემ. თუკი სადმე სასადილოდ ან სავახშმოდ გავჩერდებოდით, ყველგან ჯარასავით ტრიალებდა და თან უზარმაზარი ფოტოაპარატით სურათებს გვიღებდა. გამონაკლისი არც იზნიქის სასტუმრო იყო, სადაც მომსახურე პერსონალს სუფრის გაშლა-ალაგებაში ეხმარებოდა.

ეზგი ოზთემელი და ბაჰარ ჯანი.

ეზგის ვუთხარი, რომ როცა საქართველოში ჩამოვიდოდა ხელს არაფერზე დავაკარებინებდით, ის დედოფალივით იჯდებოდა და ჩვენ მოვემსახურებოდით. მეგონა კომპლიმენტს ვეუბნებოდი. შეიხა ნური მომიბრუნდა და მეუბნება: „თუ რომელიმე დერვიშმა ორდენის განაწესი დაარღვია, დისციპლინის სახით საქმის კეთებას ვუკრძალავთ. ასეთ დროს ‘დასჯილი’ მაგიდასთან ზის და სხვა დერვიშები ემსახურებიანო“. აღმოჩნდა, რომ ეზგისთვის კომპლიმენტი კი არ მითქვამს, არამედ „სასჯელით“ დავმუქრებულვარ…

თურქეთში ჩვენი ვიზიტი დასასრულს მიუახლოვდა. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ შეიხასთან და დერვიშებთან ერთად გატარებული ყოველი დღე ნამდვილი ზეიმი იყო. შესანიშნავი მასპინძლობისთვის ყველას გულითადი მადლობა გადავუხადეთ და გაფართოვებული შემადგენლობით საქართველოში მოვიწვიეთ.

ვახშამი სასტუმროს ზეთისხილის ბაღში.

მევლანიტების ორდენის წინამძღოლის და დერვიშების სახით სუფი მსულიმი დები და ძმები შევიძინეთ, რომლებიც უზომოდ მშვიდობიანი და მოსიყვარულე ადამიანები არიან. მათ უყვართ ღმერთი და ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი. სამშობლოში დაბრუნებისას ყველას ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს ოჯახის წევრები ერთმანეთს ვემშვიდობებოდით.

ამაზე მეტი სიმდიდრე არაფერია, როცა განსხვავებული ეროვნების, რელიგიის და კულტურის ადამიანებს ერთად ყოფნა უხარიათ.

Leave a Reply