თბილისიდან ლალიშამდე

თბილისიდან ლალიშამდე

ქორწილში დოლის ბრაგუნი, ზურნის ჭყვიტინი, მხიარული ფერხული და ფერადი ნაჭრეების ფრიალი – წლების განმავლობაში ეზიდების შესახებ მხოლოდ ეს ვიცოდი. საუკუნეზე მეტია, რაც მათი წინაპრები საქართველოში დასახლდნენ და ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ-რელიგიურ მრავალფეროვნებაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტა ვიცით მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ეთნოსის (ზოგი მათ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში შემავალ სუბეთნოსად მოიაზრებს, რომლის განმასხვავებელ ნიშანსაც რელიგია წარმოადგენს) ისტორიის, რელიგიის და კულტურის შესახებ, რომელიც სათავეს შუამდინარეთიდან იღებს.

2018 წლის ნოემბერში მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარ ფირ დიმიტრი ფირბართან და ამავე საბჭოს აღმასრულებელ დირექტორ შეიხ როსტომ ამადოვთან ერთად თურქეთსა და ერაყში ვიმყოფებოდი. ჩვენს მიზანს ეზიდების ისტორიული სამშობლოს, მათი რელიგიის, კულტურის და ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების გაცნობა წარმოადგენდა. ჩვენ შევხვდით ეზიდების უმაღლეს საერო და სასულიერო წინამძღოლებს, ეზიდური საზოგადოების წარმომადგენლებს, გავეცანით მათ პრობლემებს და გამოწვევებს, ვნახეთ დევნილთა ბანაკები და მოვილოცეთ როგორც ლალიშის (ჩრდ. ერაყი) მთავარი ეზიდური ტაძარი, ისე იუდაური და ქრისტიანული წმინდა ადგილები.


მარცხნიდან მარჯვნივ: შეიხი როსტომ ამადოვი, ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი, ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, ფირი დიმიტრი ფირბარი.

მსოფლიოში 1 მილიონამდე ეზიდი ცხოვრობს. მათი უმეტესობის მშობლიური ენა კურმანჯი, ხოლო მცირე ნაწილის კი არაბულია. ეზიდები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში არიან განსახლებული, დიასპორები კი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აქვთ.

საქართველოში ეზიდური დიასპორა მე-19 საუკუნიდან არსებობს. მათი რაოდენობა 12.000 შეადგენს.

ეზიდური სოფლები თურქეთში

შასმე

ერაყში 2018 წლის 2 ნოემბერს შეიხ როსტომ ამადოვის ავტომობილით გავემგზავრეთ. დაახლ. 1000 კმ.-ის გავლის შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ეზიდურ სოფელ შასმეში (ბატმანის პროვინცია) ჩავედით. შეიხმა როსტომმა ეს მანძილი ისე დაფარა, რომ თვალი არ მოუხუჭავს. ის ღამე ბატონ ალი ყართალის ოჯახში გავათენეთ. მამა-შვილმა ალი და ქენან ყართალებმა, ოჯახის წევრებთან ერთად შესანიშნავად გვიმასპინძლეს და ეზიდების ყოფა-ცხოვრების შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი გვიამბეს.

მარცხნივ და მარჯვნივ მამ-შვილი ალი და ქენან ყართალები.
ბ-ნი ქენან ყართალი.
მეუფე მალხაზი ყართალების ეზოში.
ყართალების ოჯახი.

ჩემდა გასაკვირად, ოჯახში კაცები ჯარასავით ტრიალებდნენ, ხოლო დიასახლისები “დედოფლებივით” ისხდნენ. მეგონა პირიქით იქნებოდა. სახლსაც და კარ-მიდამოსაც გამრჯე ადამიანების ხელი ეტყობოდა.

შასმეს სასაფლაო

დილით სოფლის ინკლუზიური სასაფლაო ვნახეთ, რომლის შესასვლელში თეთრად შეღებილი „ყობლათ ბდორის“ (ღვთის სინათლე) ნიში მდებარეობს. მასპინძლებმა ფეხზე გაიხადეს და ნიშს ისე ემთხვივნენ, შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი საფლავი გვაჩვენეს და ფირ დიმიტრის გარდაცვლილი ახლობლებისთვის ლოცვის აღვლენა სთხოვეს.

ყობლათ ბდორის ნიში.

სასაფლაოზე 1280 წელს გარდაცვლილი უცხოტომელი ქალია დაკრძალული, რომელიც შასმეში მოსულა და ეზიდებისთვის მათ გვერდით ცხოვრების ნებართვა უთხოვნია. გარდაცვალების შემდეგ მისივე ანდერძის თანახმად ეზიდების გვერდით დაუკრძალავთ. ამ ქალის ამბავს თაობები ერთმანეთს გადასცემდნენ და მის საფლავს საგანგებოდ უვლიდნენ. ცოტა ხნის წინ ალი ყართალმა ამ ქალს ახალი საფლავი გაუკეთა.

საფლავის ქვებზე გერმანული წარწერები ვნახე. ამ სოფლიდან ბევრია გერმანიაში საცხოვრებლად წასული. არიან ეზიდები, რომლებსაც გარდაცვალების შემდეგ მშობლიურ სოფელში სურთ დამარხვა და შესაბამის ანდერძსაც უტოვებენ ოჯახის წევრებს. თანასოფლელები ამ საქმეს ალი ყართალს ანდობენ.

შასმეს სასაფლაოზე მხოლოდ გერმანული წარწერები კი არა, გერმანული ტრადიციისთვის დამახასიათებელი მზის სასანთლეები და საფლავის სხვა ატრიბუტებიც ვნახეთ. ზოგიერთ საფლავს გეჯა აქვს გაკეთებული, საიდანაც ფრინველები წვიმის წყალს სვამენ.

ეზიდების რწმენით, ფრინველებზე და ზოგადად ღმერთის ქმნილებაზე ზრუნვა მათ მიცვალებულებს საიქიოში წაადგებათ.

ოღუზი

თურქეთში მცხოვრები ეზიდები წინაპრების რელიგიას და ტრადიციებს სათუთად ინახავენ, ხოლო სხვა რელიგიებს პატივისცემით ეპყრობიან. სოფელ ოღუზში ქრისტიანული (სავარაუდოდ ნესტორიანული) ეკლესიის ნანგრევები მოვილოცეთ. გვერდით ეზიდური ოჯახი ცხოვრობს და ამ ნანგრევებს საგულდაგულოდ პატრონობს.

ეკლესიის ნანგრევები.
ქ-ნი მაიანე.

ეს კიდევ ყველაფერი არ არის… იმის გამო, რომ ქრისტიანები აქ მოსვლას ვერ ახერხებენ, ოჯახის უხუცესი ქალბატონი სახელად მაიანე, ყოველ დღე ნანგრევებზე პატრუქს ანთებს (როგორც ქრისტიანები სანთელს ანთებენ) და ამით ქრისტიანული რელიგიის მიმართ პატივისცემას გამოხატავს.

ქალბატონ მაიანეს გულწრფელად გაუხარდა ჩვენი სტუმრობა და ამ წმინდა ადგილზე, ქრისტიანული წესით ლოცვა შემოგვთავაზა.

ფაყირა

ბატმანის პროვინციაში, კიდევ ერთი ეზიდური სოფელი ვნახეთ, რომელსაც ფაყირას ეძახიან. სოფლის შესასვლელში, ერთი მოხუცი კაცი, შვილიშვილთან ერთად ხილის ბაღში მუშაობდა. როგორც კი დაგვინახა, მუშაობას მაშინვე თავი დაანება და ოჯახში ჩაიზე მიგვიპატიჟა. მალე მეზობლებიც შემოგვიერთდნენ. რამდენიმე მათგანს გერმანიაში უცხოვრია, თუმცა ფაყირაში ფისტების ბაღები აქვთ გაშენებული და მშობლიურ სოფელში ხშირად უწევთ ჩამოსვლა.

სოფ. ფაყირა.

მასპინძლის ერდოდან თვალი სადამდეც სწვდებოდა, ყველგან ფისტების დახუნძლულ ბაღებს და საგულდაგულოდ დამუშავებულ მიწის ნაკვეთებს ვხედავდით.

გერმანიაში მცხოვრები ფაყირელები, რომლებიც სეზონურად ჩამოდიან სოფლის მეურნეობის სამუშაოების ჩასატარებლად.

ჰასანქეიფი

ფაყირასთან ალი და ქენან ყართალებს დავემშვიდობეთ და გეზი ერაყისკენ ავიღეთ. საზღვრამდე კიდევ 200 კმ. იყო დარჩენილი. გზად ჰასანქეიფში გავჩერდით. მდინარე ტიგროსის ნაპირზე გაშენებული ეს ულამაზესი ანტიკური ციხე-ქალაქი, მეტად შთამბეჭდავი სანახავია.

ჰასანქეიფის მღვიმეები.
მდ. ტიგროსი და ჰასანქეიფის მაღლობი.

როგორც გვითხრეს, თურქეთის მთავრობას ჰასანქეიფში, ილისუს წყალსატევის მშენებლობა ჰქონია გადაწყვეტილი, ხოლო ხალხი დატბორვის საფრთხის გამო ამ წყალსატევის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა.

ჩრდილოეთ ერაყი

ჰასანქეიფიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე საათში, ერაყის საზღვარს მივუახლოვდით. მეგონა დიდხანს გაგრძელდებოდა ჩვენი ავტომობილის და საბუთების შემოწმების პროცესი, თუმცა ყველაფერი ძალიან მალე გასრულდა და ერაყის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უპრობლემოდ გადავკვეთეთ. იქ ეზიდი სასულიერო პირები – ბაბა ჩავიში (ლალიშის ტაძრის წინამძღოლი) და პეშ იმამი ნუმანი (მთავარი ლიტურგისტი) საერო პირებთან ერთად გულთბილად დაგვხვდნენ.

თეთრ შესამოსელში მარცხნივ ბაბა ჩავიში, მარჯვნივ პეშ იმამი ნუმანი.

გაგვიკვირდა, როცა მასპინძლების დელეგაციიდან ერთი ახალგაზრდა, სახელად ბარზანი, ქართულად გამოგველაპარაკა. საქართველოში ყოფილა დაბადებული და გაზრდილი. ბავშვობა კურდღელაურში (თელავის რაიონი) გაუტარებია. ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და მეუღლესთან ერთად ლალიშში მოსალოცად იყო ჩამოსული. ეს კიდევ არაფერი, საბაჟოს უფროსმა ჩვენთან საუბრისას ვინმე გივის დაუძახა. მეგონა მომესმა. ცოტა ხანში შუახნის კაცი მოვიდა და ქართულად მოგვესალმა. გივი ბათუმელი ყოფილა და უკვე 10 წელია ერაყის საბაჟოზე მუშაობს. ჩვენებურებს სად არ გადააწყდები…

ქალაქი დოჰუკი

სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ქალაქ დოჰუკში გავემგზავრეთ, რომელიც ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლ. 500.000 შეადგენს. სასტუმროში დაბინავებამდე, მასპინძლებმა ვახშმად თევზის რესტორანში დაგვპატიჟეს. პირველად ვნახე, რომ თევზს ზურგიდან ჭრიდნენ და ისე ასუფთავებდნენ, შემდეგ ცხაურზე ამაგრებდნენ და ცეცხლზე წვავდნენ. როგორც ჩანს, მასპინძლებმა ფირ დიმიტრისგან გაიგეს, რომ მეუფე მალხაზი მხოლოდ თევზეულს და ბოსტნეულს მიირთმევდა და დოჰუკიდან დაწყებული, სადაც კი მივედით, ყველგან ცეცხლზე შემწვარი თევზითა და ბოსტნეულით გვიმასპინძლდებოდნენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ მასპინძლები სუფრას არც სხვა გემრიელ კერძებს აკლებდნენ.

დოჰუკის თევზის რესტორანი.

თავდაპირველად ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ პატარა სასტუმროში გავჩერდით. ის ღამე თეთრად გავათენეთ, რადგან კოღოებმა დაგვგლიჯეს. მომდევნო დღეს მასპინძლებმა გაცილებით უკეთესი სასტუმრო შემოგვთავაზეს. გარდა კომფორტისა, ზედა სართულებიდან ქალაქი ხელისგულივით ჩანდა.

სასტუმროს მისაღები.
ხედი სასტუმროდან.


ახალ სასტუმროში უკეთ მოვისვენეთ. ერთი სული მქონდა ლალიშის ტაძარს როდის ვნახავდით. ვიდრე ლალიშის შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, ალბათ მიზანშეწონილი იქნება ეზიდური რელიგიის შესახებ მოკლედ ვთქვათ.

ეზიდური რელიგია

ეზიდური რელიგია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და იგი მონოთეისტური რელიგიების ოჯახს მიეკუთვნება. მოძღვრება წმინდა ტექსტებს, ყავლებს (სიტყვა) ეფუძნება. წერილობითი სახით ყავლები მხოლოდ მე-20 საუკუნიდან არსებობს, მანამდე კი თაობიდან-თაობას ზეპირად გადაეცემოდა. ეზიდების რწმენით შემოქმედი ღმერთი ერთია, რომელმაც ხილული და უხილავი სამყარო მარგალიტისგან შექმნა. ღმერთის ბრძანებით სამყაროს მართვა 7 ანგელოზს აქვს დავალებული, რომელთაგან ტაუსი მალაკი მთავარანგელოზია. თავდაპირველად დედამიწა მარგალიტიდან გადმომსკდარი წყლით იყო დაფარული. ანგელოზებმა ჯერ ხმელეთი, ხოლო შემდეგ ადამი და ევა შექმნეს.

ეზიდების რწმენით ისინი მხოლოდ ადამის შთამომავლები არიან, რადგან მისი ნერწყვიდან შექმნილი ემბრიონიდან წარმოიშვნენ. დანარჩენი კაცობრიობა კი ადამის და ევას შთამომავლობას წარმოადგენს. მათ სულის უკვდავების სჯერათ და ამბობენ, რომ ცოდვილი ადამიანი ჯოჯოხეთში, ხოლო მართალი სამოთხეში მიდის. ღვთისმოსავი ეზიდი ყოველდღიურად 72 ერისთვის (პლანეტის მოსახლეობის სიმბოლური ციფრი) ლოცულობს და ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, სიკეთის კეთებას ესწრაფვის. ეზიდები მოელიან მკვდრეთით აღდგომას და მხსნელის მოსვლას.  

ეზიდური რელიგიის და ზოგადად ეზიდური თემის ფორმირება შეიხ ადი იბნ მუსაფირის (ახ. წ. 1074-1162) სახელს უკავშირდება, რომელიც ცნობილი სუფი დერვიში იყო და ლალიშში ბაალბექიდან (ლიბანი) ჩავიდა. ეზიდურ რელიგიაში მიიჩნევა, რომ შეიხი ადი ღმერთის რეინკარნაცია იყო და ლალიშის ტაძრიდან ზეცად ამაღლდა. ტაუსი მალაკი, სულთან ეზიდი და შეიხი ადი ღმერთის გამოვლინებას წარმოადგენენ. ეზიდების რწმენით ღმერთს შეუძლია ნებისმიერ დროს განკაცდეს და ქვეყნიერებას ადამიანის სახით მოევლინოს. ეზიდურ რელიგიაში ანგელოზების სიმბოლოს ფარშევანგი განასახიერებს.

ლალიშის ტაძარი

დილაუთენია ლალიშში წასასვლელად მოვემზადეთ. წვიმიანი ამინდი იყო. ეზიდებისთვის ლალიში იმდენად წმინდაა, რომ ნებისმიერ ამინდში არა მხოლოდ ტაძარში, არამედ მიმდებარე ხეობაშიც კი ფეხშიშველები დადიან. ცხადია ჩვენც ფეხშიშველებს უნდა გვევლო. წვიმიან და გრილ ამინდში ამის გაკეთება ადვილი არ არის.

როცა ლალიშის ხეობას მივუახლოვდით, ფირმა დიმიტრიმ შორიდან ტაძრის გუმბათები დაგვანახვა. მალე ჩვენი ავტომობილი ტაძრის ეზოს შესავლელთან გაჩერდა. ახალი კომუნიკაციების გასაყვანად სამუშაოები მიმდინარეობდა და იქაურობა ათხრილ-დათხრილი იყო. ფეხსაცმელები გავიხადეთ და პირდაპირ ატალახებულ მიწაზე გავაგრძელეთ სიარული. დამხმარე ნაგებობების გავლის შემდეგ ულამაზესი ეზიდური ტაძრის წინ აღმოვჩნდით. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იგი ქრისტემდე მრავალი საუკუნით ადრე მზის კულტის თაყვანისმცემლებმა ააგეს. ზედა ნაწილში წმინდანების სახელზე 3 სხვადასხვა ზომის გუმბათია აღმართული. ეზიდების რწმენით დიდი გუმბათის ქვეშ ის ადგილი მდებარეობს, საიდანაც შეიხი ადი ზეცად ამაღლდა. მცირე გუმბათი შეიხ მუსის, ხოლო საშუალო გუმბათი შეიხ ჰასანის სახელებზეა აგებული.

ლალიშის ტაძრის გუმბათები.
შეიხ ადის ცად ამაღლების ადგილი.
შეიხ ადის დარბაზი.

ტაძარს ქვემოთა მხარეს ეზო და ცენტრალური შესასვლელი აქვს, სადაც წარწერების და ორნამენტების გვერდით ფარშევანგის (ტაუსი მალაკის სიმბოლო) და გველის სიმბოლოებს ვხვდებით. ეზიდურ რელიგიაში შავი გველი დაცულობის და ნაყოფიერების სიმბოლოა.

ტაძრის შესასვლელი.
ტაძრის ეზო.

კარიბჭედან ტაძარში ისე უნდა შევიდეს ადამიანი, რომ ზღურბლს ფეხი არ დააბიჯოს, რადგან იგი ორ განზომილებას შორის საზღვარს წარმოადგენს. ეზიდები ზღურბლს ეამბორებიან და ტაძარში მხოლოდ ამის შემდეგ შედიან. შიდა სივრცეში დიდი სალოცავი დარბაზი მომლოცველების მიერ შემოწირული ფერად-ფერადი ნაჭრეებით არის მორთული. იქიდან შეიხ ადის დარბაზში გავდივართ, საიდანაც ის ზეცად ამაღლდა. დარბაზის ქვეშ ზამზამის და თეთრი წმინდა წყაროები ერთმანეთს უერთდებიან. იქ მხოლოდ ეზიდებს შეუძლიათ შესვლა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ზეთის ჭურჭლის უძველესმა საცავმა მოახდინა.

სალოცავი დარბაზი.
ზეთის ჭურჭლის საცავი.

ტაძარში ყავალები (მქადაგებლები და მგალობლები) მოღვაწეობენ, რომლებიც წმინდა ტექსტებს ქადაგებენ და ჰიმნებს გალობენ. ჩვენი ლალიშში ყოფნის დროს შესაძლებლობა მოგვეცა ყავალების გალობისთვის მოგვესმინა. სასურველი ხმოვანების მისაღებად მათ თავდაპირველად ცხვრის ტყავის დაირები ცეცხლზე შეათბეს.

მსახურს ტაძრიდან პატრუქი გამოაქვს.
ყავალები.

ტაძარში ბერები და მონაზვნებიც ვნახეთ. ისინი ქრისტიანი ბერ-მონაზვნების მსგავსად უქორწინობის აღთქმას დებენ და მთელი ცხოვრება ღმერთს ემსახურებიან. მას შემდეგ რაც წმინდანების სახელზე პატრუქი აანთეს, მონაზონმა დაე (დედა) ერომ საკმეველი ტაძრიდან ეზოში გამოიტანა და აკმია. ირგვლივ სასიამოვნო სურნელი დადგა. 

სინჯარელი ბერი.
მონაზონი დედა ერო.

სასულიერო პირები და ბერ-მონაზვნები წელიწადში ორჯერ 40 დღიან მშრალ მარხვას იცავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში საკვებს არ იღებენ. 

ლალიშში ყოველ წელს ჩამოდიან მომლოცველები როგორც ერაყიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. დიდ სატრაპეზო დარბაზში მათ თავაზიანად უმასპინძლდებიან.

მომლოცველების ჯგუფი.
დერვიშები.

ახლო-მახლო სოფლებიდან ეზიდი მოხალისეები მოდიან და ყველა სახის სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ზოგი მშენებლობაზე ეხმარება, ზოგს მომლოცველებთან ჩაი და ყავა მიაქვს, ზოგიც ეზოს ასუფთავებს ან ჭურჭელს რეცხავს და ა.შ.

  ჰაქიმ ფერესის სახელობის ტაძარი

შეიხანთან არც თუ ისე შორს, სოფელ ხატარაში, ჰაქიმ ფერესის (მკურნალი წმინდანი) სახელობის ტაძარი მოვინახულეთ. უკვე საღამოხანი იყო, როცა მზის გამოსახულების მქონე ტაძრის კარიბჭეს მივადექით. ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა გაგონილი, რომ ეზიდები მზეს სცემდნენ თაყვანს, რაც რაღა თქმა უნდა მცდარია. ეზიდები მხოლოდ სამყაროს შემოქმედ ღმერთს სცემენ თაყვანს, ხოლო მზე მათთვის ღვთაებრივი სინათლის სიმბოლოს წარმოადგენს.

ჰაქიმ ფერესის ტაძრის შესასვლელი.

კარიბჭის შიგნით სასაფლაოა. ჩვენი ყურადღება ერთი ქალბატონის საფლავმა მიიპყრო, რომელზეც ყვავილია გამოსახული. როცა ვიკითხე ამ ყვავილს რა დატვირთვა ჰქონდა, ფირმა დიმიტრიმ მითხრა, რომ მხოლოდ სილამაზისთვის იყო.

ტაძართან მდებარე სასაფლაო.

სასაფლაოდან კიდევ ერთი კარიბჭის მეშვეობით ტაძრის ეზოში შევედით. მიუხედავად იმისა, რომ იქ რამდენიმე ადამიანი მიმოდიოდა, სრული სიჩუმე იდგა. ლოცვისთვის და მედიტაციისთვის მყუდრო გარემო იყო შექმნილი.

ტაძრის ეზო.

მჯევრმა (მსახური) სახელად ლოყმანმა თავაზიანად მიგვიღო. ტაძრის კართან გაშლილ ხალიჩაზე ჩამოვსხედით და მასპინძლებთან ერთად ჩაი მივირთვით. ეზოში ბავშვები ჯგუფად შემოვიდნენ და წმინდანების ნიშები მოილოცეს. უფროსი არავინ ახლდათ. როგორც ჩანს ახლო-მახლო ერთად თამაშობდნენ და ტაძრის მოლოცვა გადაწყვიტეს. სულ ბოლოს ტაძრის ზღურბლს ეამბორნენ და ეზოდან უხმოდ გაიკრიფნენ. ბავშვების მოკრძალებამ გამაოცა.

ტაძრის შესასვლელი.

ბაბა ჩავიში ეზიდ სასულიერო პირებთან ერთად ტაძარში სალოცავად შევიდა და ჩვენც მიგვიწვია. ეზიდურ ტაძარში სასულიერო პირების აღვლენილ ლოცვას პირველად დავესწარი, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. სამწუხაროდ ლოცვის ამსახველ ფოტომასალას ვერ წარმოგიდგენთ, რადგან ბაბა ჩავიშმა თავაზიანად გვთხოვა სურათი არ გადაგვეღო.

ეზიდური საზოგადოება

საინტერესოა ეზიდური საზოგადოების სტრუქტურა. ისინი შეიხების, ფირების და მურიდების კასტებად იყოფიან. თითოეულ კასტას თავისი განშტოებები აქვს. შეიხები და ფირები სასულიერო, ხოლო მურიდები საერო კასტას წარმოადგენენ. მურიდებს შორის ღვთისმოსაობით გამორჩეულ ეზიდებს სასულიერო წოდების ტარების უფლება ეძლევათ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მურიდების კასტის წიაღში არის განშტოება ქოჩაკების ტომის სახით, რომლებიც ე. წ. გლოსალალიას (ენებზე ლაპარაკი, რომლის დროსაც ღრმა ემოციაში მყოფი მლოცველი გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამს) მისდევენ, რაც ზოგიერთი ქრიატიანული-პროტესტანტული თემისთვის არის დამახასიათებელი.

ეზიდებში ქორწინება ენდოგამიურია და კასტებს შორის ქორწინების წესები მკაცრად არის დადგენილი. თუ ეზიდი სხვა რელიგიის აღმსარებელთან შეუღლდება, ის ეზიდობას დაკარგავს. ასევე ეზიდი ვერ გახდება ადამიანი თუ დედა და მამა ეზიდები არ ჰყავს.

მსოფლიო ეზიდებს ორი წინამძღოლი – ემირი (მირი) და ბაბა შეიხი (შეიხების მამა) ჰყავთ. ემირი ეზიდების საერო და რელიგიური წინამძღოლია, ხოლო ბაბა შეიხი ეზიდების სულერი მამა. ორივე წინამძღოლის რეზიდენციები მოსულის ჩერდილოეთით, ქალაქ შეიხანში მდებარეობს.

მთავარი ეზიდური დღესასწაულებია: აიდა სარსალე (ახალი წელი) აპრილში, ჯამაია შიხადი (შეიხ ადისთან შეკრება ანუ მომლოცველობა ლალიშში) ოქტომბერში და აიდა ეზიდი (სულთან ეზიდის დღესასწაული) დეკემბერში.

ემირის რეზიდენცია

ემირის რეზიდენცია ქალაქ შეიხანში მდებარეობს. ჩვენი ვიზიტისას ემირი ჯანმრთელობის პრობლემების გამო უცხოეთში იმყოფებოდა და ამიტომ მისმა აღმატებულებამ, უფლისწულმა ესმათ თაჰსინ საიდმა მიგვიღო. შეხვედრას შეიხებიც ესწრებოდნენ. უფლისწულმა ესმათმა ჩრდილოეთ ერაყში ეზიდების მძიმე ხვედრზე ისაუბრა. 2014 წლის 3 აგვისტოს ისლამურმა სახელმწიფომ სინჯარის რეგიონში ეზიდი ხალხის მასობრივი განადგურება დაიწყო, რომელსაც 7.000-მდე ადამიანი შეეწირა. ომის მსვლელობისას ათასობით ქალი და ბავშვი იქნა გატაცებული. უკვე 4 წელია მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან აყრილი ეზიდები, რომელთა რაოდენობა დაახლ. 300.000 აღწევს, ნინევეს დაბლობზე განთავსებულ დევნილთა ბანაკებში ცხოვრობენ. ისლამური სახელმწიფოს ტყვეობაში დღემდე 3.000-მდე ეზიდი ქალი რჩება.

უფლისწულმა ესმათმა და შეიხებმა მეუფე მალხაზს ეზიდების მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ქვეყნების საერო და სასულიერო წრეების საქმის კურსში ჩაყენება სთხოვეს.

უფლისწული ესმათ თაჰსიმ საიდი.

ერთმა შეიხმა მეუფე მალხაზს მიმართა, რომ ეზიდების სახელით ხმა რუსეთის მთავრობისთვისაც მიეწვდინა. ამაზე მეუფემ თავაზიანად უპასუხა: “რუსეთთან ელჩად მე ვერ გამოგადგებით, რადგან ჩვენი სამშობლოს 20%-ი ოკუპირებული აქვსო”.

საუბარი პროზელიტიზმის თემასაც შეეხო. ეზიდები ძალიან განიცდიან იმას, რომ მუსლიმები და ქრისტიანები “ურწმუნოებს” ეძახიან და მათ მოქცევას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. ხშირია შემთხვევები, როცა ქრისტიანი მისიონერები ეზიდი ოჯახების ფინანსური გაჭირვებით სარგებლობენ და დახმარების სანაცვლოდ გაქრისტიანებისკენ მოუწოდებენ. ეზიდებს უყვართ თავიანთი რელიგია და მიუღებლად მიაჩნიათ სხვა სარწმუნოებაზე გადაბირების ნებისმიერი მცდელობა. ჩვენ სრულად გავიზიარეთ მათი გულის ტკივილი.

შეხვედრა ემირის რეზიდენციაში.

უნდა ითქვას, რომ უფლისწულ ესმათს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს. როცა საუბარი ეზიდურ რელიგიას შეეხო, მეუფე მალხაზმა მის აღმატებულებას უთხრა: “არ არსებობს ეზიდური რელიგიის მსგავსი სხვა რელიგია, სადაც პლანეტის ყველა ხალხის სიკეთისთვის ყოველდღე ლოცულობდნენო”. ამაზე უფლისწულმა მიუგო: “ეს სულაც არ არის კარგი, რადგან სხვების სიკეთისთვის იმდენი ვილოცეთ, ჩვენთვის აღარაფერი დაგვრჩაო”.

შეხვედრის შემდეგ ემირის რეზიდენციაში ოფიციალური სადილი გაიმართა. სუფრასთან შეიხებიც ისხდნენ. როგორც ჩანს უფლისწულმა შეგვატყო, რომ მასპინძლებს ჭამის ტემპში ავყეთ და გვითხრა: “ჩვენ არ გვიყუროთ, ნელა მიირთვით, ხშირი თავდასხმებით დაშინებულები, სწრაფად ჭამას მივეჩვიეთ, რომ გაქცევამდე დანაყრება მოვასწროთო”.

სადილის გასრულების შემდეგ უფლისწულმა და მისმა მხლებლებმა ჭიკრამდე მიგვაცილეს. მათ მადლობა გადაგვიხადეს სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ის ურთიერთობები, რასაც ჩვენი ვიზიტით ჩაეყარა საფუძველი, მომავალაში უფრო გაღრმავდებოდა და ადამიანთან საკეთილდღეოდ თანამშრომლობას შევძლებდით.

ესიანის დევნილთა ბანაკი

შეიხანთან ახლოს, ნინევეს დაბლობზე, ესიანის დევნილთა ბანაკი მოვინახულეთ. ერთ კარავში მიგვიპატიჟეს, სადაც შუახანს გადაცილებული ეზიდი ქალბატონი 4 ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად შემოვიდა. ის იყო სალმის შემდეგ ხალიჩაზე სხდებოდნენ, როცა მისმა ერთმა ქალიშვილმა გონება დაკარგა და ჩვენს ფერხთით მოწყვეტით დაეცა. მეგონა ეპილეპტური შეტევა დაემართა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ საბრალო გოგო 15 წლის ასაკში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ტყვედ წაუყვანიათ და მასზე 3 წლის განმავლობაში ძალადობდნენ. ამის შემდეგ გონებას ჰკარგავს. ამჟამად 18 წლისაა…

ამ ქალბატონის კიდევ ერთი შვილი – 9 წლის გოგონა, კვლავ ისლამური სახელწიფოს ტყვეობაში იმყოფება და თანაც მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის…

შეხვედრა ესიანის დევნილთა ბანაკში.
დევნილი ეზიდების ოჯახი.

მოგვიანებით კარავში 6 წლის გოგონა, სახელად რამა შემოვიდა, თავისუფალი ადგილი მოათვალიერა და გვერდით მომისკუპდა. აღმოჩნდა, რომ ეს ერთი ციდა ბავშვი გერმანულად შესანიშნავად ლაპარაკობდა. 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს თავდასხმის შემდეგ მისი დიდი ოჯახის ნაწილი 3 წლით საცხოვრებლად გერმანიაში წასულა. ოჯახის სხვა წევრების წაყვანაც უნდოდათ, მაგრამ გერმანიის მხარემ მათზე ნებართვა არ გასცა. ამის შემდეგ გერმანიაში მყოფებმა ერაყში დაბრუნება და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად დევნილთა ბანაკში ცხოვრება არჩიეს.

რამას კი სურს ექიმი გამოვიდეს და ადამიანებს დაეხმაროს. პატარა ბავშვი ამ მძიმე ყოფის ნაწილია და მისი გული ადამიანების მიმართ თანაგრძნობით არის გამსჭვალული.

რამა.
ეზიდი ბავშვები ესიანის ბანაკში.

შეხვედრის ბოლოს მეუფე მალხაზმა სანუგეშო სიტყვა უთხრა ამ ადამიანებს. როცა ბანაკის გასასვლელს მივუახლოვდით, ერთი ფარდული შევნიშნეთ, სადაც სიყვარულის სიმბოლო – ისარგაყრილი გული იყო მიხატული…

ესიანის დევნილთა ბანაკიდან შეიხანში წავედით, სადაც ბაბა შეიხთან შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. იმდენად მძიმე განწყობა გვქონდა, რომ ავტომობილში ერთხანს ხმას ვერ ვიღებდით.

შეხვედრა ბაბა შეიხთან

ეზიდების სულიერმა მამამ, მისმა უწმინდესობამ მარგაჰის ახტიარმა, ბაბა შეიხმა ხატო ხაჯიმ შეიხანის რეზიდენციაში გულთბილად მიგვიღო. თანაგრძნობისთვის და ეზიდი დევნილების დახმარებისთვის მან მეუფე მალხაზს მადლობა გადაუხადა. ბაბა შეიხი საქართველოში ორჯერ არის ჩამობრძანებული. 2011 წელს იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდა, ხოლო 2012 წელს თბილისში ეზიდური ტაძრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ბაბა შეიხის რეზიდენციის კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვინც რჩევას ან დახმარებას საჭიროებს. მის რეზიდენციას მსოფლიოს ეზიდები “ჩვენს სახლს” ეძახიან.

მარგაჰის ახტიარი ბაბა შეიხი ხატო ხაჯი.
შეხვედრა ბაბა შეიხის რეზიდენციაში.

ბაბა შეიხის რეზიდენციაში 2 ქალბატონი შემოვიდა. ერთი მათგანი კართან ახლოს დადგა, ხოლო მეორე – სახელად მალუქა, ბაბა შეიხთან დასალოცად მივიდა. გვითხრეს, რომ მალუქა ისლამური სახელმწიფოს ტყვეობაში 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ორიოდე დღის წინ მის სულიერ დას (რომელიც კართან იდგა) რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ გაუთავისუფლებია. მალუქა ცოტა ხნით ჩვენს გვერდით ჩამოჯდა. ფირი დიმიტრის დახმარებით ვკითხე ტყვეობის შემდეგ თავის მომავალს როგორ ჰხედავდა. „მე არ მაქვს მომავალი“ – მოკლედ და ცივად მიპასუხა მალუქამ.

ქ-ნი მალუქა.

ჩვენი ვიზიტისას ბაბა შეიხს სულ ორჯერ ვესტუმრეთ. მეორე სტუმრობისას მის ოჯახურ გარემოს გავეცანით. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მისმა უმცროსმა ვაჟმა ფარჰადმა დატოვა, რომელიც სუფრასთან არც კი დამჯდარა და სტუმრებს თავმდაბლურად გვემსახურებოდა.

შეიხანის ობოლ ბავშვთა სახლი

შეიხანში ობოლ ბავშვთა სახლიც მოვინახულეთ. იქ მცხოვრებმა ბავშვებმა მშობლები სინჯარის ტრაგიკული მოვლენების დროს დაკარგეს. სახლის დირექტორმა და თანამშრომლებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თავიანთი საქმიანობა გაგვაცნეს.

შეხვედრა შეიხანის ობოლ ბავშვთა სახლში.
ობოლ ბავშვთა სახლის თანამშრომლები.

ლალიშის კულტურული და სოციალური ცენტრი

ქურთისტანის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, შეიხ შამოს მიწვევით დოჰუკში მდებარე ლალიშის კულტურულ-სოციალურ ცენტრს ვესტუმრეთ. შეიხმა შამომ, რომელიც ამჟამად ცენტრს ხელმძღვანელობს, შეხვედრაზე ეზიდების კულტურული ცხოვრების და განათლების შესახებ ისაუბრა.

ეზიდების ოჯახებში სტუმრობა

სოფელი შარია

გაოცებული და აღფრთოვანებული ვრჩებოდი იმ სტუმართმოყვარეობით, რასაც ეზიდები ჩვენს მიმართ იჩენდნენ. შეიხანში და მიმდებარე სოფლებში რამოდენიმე ოჯახს ვესტუმრეთ. სოფელ შარიაში შეიხ ნადრის ოჯახმა გვიმასპინძლა და ჩვენთან პურის გასატეხად ნათესავები და მეგობრები დაპატიჟა. ყველა სახლს მისაღები დარბაზი აქვს, სადაც სტუმრებს ჩაით უმასპინძლდებიან. ამასობაში დიასახლისი სასადილო ოთახში სუფრას შლის. ყველა ოთახში ხალიჩებია დაგებული და ზედ ფეხსაცმლით არასოდეს დადიან.

სტუმრად შეიხ ნადრის ოჯახში.

შეიხ ნადრის ოჯახში სტუმრობა ნამდვილი ზეიმი იყო. ვიდრე სტუმარ-მასპინძლები პურს გავტეხდით, სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. ერთმა კაცმა მეუფე მალხაზს ჰკითხა: “ვიცით, რომ ქრისტიანობის სიმბოლო ჯვარია და ზოგიერთი ეკლესიის თავზე მამალი რატომ არის აღმართულიო”. ჩვენ მათ ქრისტიანობას ვაცნობდით და მათგან ეზიდობას ვეცნობოდით. ამ ერთგვარ ინტერრელიგიურ დიალოგს ისე არაფერი უწყობს ხელს, როგორც მშვიდობიანი ურთიერთობები და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა.

შეიხი ნადრი და დედამისი.

წამოსვლის წინ დასალოცად ჩვილი მოგვიყვანეს. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ქრისტიანებს სხვა აღმსარებლობის ღვთისმსახურისთვის დალოცვა ეთხოვოთ. ის კი არა, რამოდენიმე ხნის წინ თბილისში ანაფორით შემოსილი მივდიოდი. ერთი ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა და დალოცვა მთხოვა. რა თქმა უნდა დავლოცე. როცა გაიგო ბაპტისტი ეპისკოპოსი ვიყავი, კურთხევა ორივე ხელით “ჩამოიბერტყა” თავიდან:-)

ჩვილის დალოცვა.

იმავე სოფელში სხვა ოჯახშიც მიგვიწვიეს, სადაც და-ძმამ ექიმის შეცდომის  გამო მხედველობა დაკარგა. ოჯახის წევრებმა მათი დალოცვა გვთხოვეს.

დედა შვილების ავადმყოფობის ამბავს სევდიანად გვიყვებოდა. რა აღარ უცდია, რომ შვილებს მხედველობა დაბრუნებოდათ, მაგრამ სულ ამაოდ. დალოცვის შემდეგ მეუფე მალხაზი ოჯახს და-ძმის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპელ ექიმებთან კონსულტაციის გავლას შეპირდა.

სოფელი ესიანი

სოფელ ესიანში პეშ იმამ ნუმანის ოჯახს იმ დროს ვესტუმრეთ, როცა დევნილთა ბანაკიდან შეიხანში ბაბა შეიხთან შესახვედრად მივდიოდით. პეშ იმამის ოჯახში გაჩერებამ და მის ახლობლებთან ჩაიზე საუბარმა ჩვენზე პოზიტიურად იმოქმედა.

სტუმრად პეშ იმამ ნუმანის ოჯახში.

სოფელი ყასრ ეზ-დინი

დოჰუკთან ახლოს სოფელ ყასრ ეზ-დინში ქურთული ტომის, დოსკის ბელადმა ბ-ნმა სარბასტ დევალი აღამ მიგვიწვია, რომელიც მუსლიმია და ისლამს მშვიდობის და სიკეთის რელიგიად მოიაზრებს. ჩაუშესკუს დროს რუმინეთში უსწავლია და იქ გატარებულ წლებს თბილად იხსენებდა. ვახშამი კარავში გაშალა. მოწვეულ სტუმრებს შორის ბაბა შეიხის უფროსი ვაჟიც იყო. შესანიშნავი განათლების და იუმორის მქონე სარბასტ დევალი აღას მუსიკა ძალიან ჰყვარებია. ვახშმის მსვლელობისას მასპინძელს პულტები გვერდით ეწყო და ფართოეკრანიან ტელევიზორში პოპულარულ ერაყულ სიმღერებს გვასმენინებდა. თითქმის ყველა ჰიტი ზეპირად იცოდა და ღიღინებდა.

შუაში ბ-ნი სარბასტ დევალი აღა.

როცა ქართული სახასიათო მუსიკის მოსმენა მოისურვა, მეუფე მალხაზმა ერისიონის „შატილის ასულო“ ურჩია. მასპინძელმა იმწამსვე პულტი მოიმარჯვა და კლიპი ჩართო.

დოჰუკი

ქალაქ დოჰუკში ცნობილ ბიზნესმენს, ბ-ნ ალის ვესტუმრეთ, რომელსაც სადამ ჰუსეინის დროს ყველაფერი ჩამოართვეს და ბიზნესის ხელახლა დაწყება მოუწია. ბ-ნმა ალიმ ჯერ ოჯახში გვიმასპინძლა, ხოლო შემდეგ მეგობრებთან ერთად რესტორანში დაგვპატიჟა. მის მეგობრებს შორის უფლისწული ესმათ თაჰსინ საიდი და ეზიდური საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ.

სტუმრად ბ-ნ ალისთან.

სუფრაზე ჩვენს წინ ერთი მოსამართლე იჯდა, რომელმაც გვითხრა, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მისი ათობით უდანაშაულო ნათესავი მოკლეს. ისე მოხდა, რომ დამნაშავეების ვინაობა დადგინდა და მათ ახლა თავად ასამართლებს. რამოდენიმე მათგანი სასამართლო პროცესის დროს შეუძლოდ გახდა, შემეცოდნენ და სასწრაფო დახმარება თავად გამოვიძახეო – გვითხრა მოსამართლემ.

საერთო ფოტოსურათი რესტორნის შესასვლელთან.

ვახშმის გასრულების შემდეგ საერთო ფოტოსურათი გადავიღეთ. ბ-ნ ალის რესტორანში დაპატიჟებისთვის და მეგობრების გაცნობისთვის მადლობა გადავუხადეთ.

  შეიხანი

შეიხანში ბ-ნმა მაზენ ფირხანმა მიგვიწვია. ძალიან მდიდრული სუფრა გაშალა. ხალიჩაზე ვისხედით და უგემრიელეს კერძებს ისე შევექცეოდით. იქ იყო ბაბა შეიხის უმცროსი ვაჟი ფარჰადი. როცა მათთან სახლში სტუმრად ვიყავით, მაშინ არ ეცალა და ახლაღა გამოგველაპარაკა.

მარცხნივ პირველი ფარჰადი. სუფრის თავში ბ-ნი მაზენ ფირხანი.

რითი განსხვავდებით სხვა ქრისტიანებისგან? ჰკითხა ფარჰადმა მეუფე მალხაზს.

ჩვენ გვწამს, რომ ყველა ადამიანი ღმერთისაგან არის შექმნილი და ყველას ვღებულობთ მათი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნის მიუხედავად – უპასუხა მეუფე მალხაზმა.

თქვენ მურიდები (მრევლი) არ გაგიჩერდებიანო – მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ღიმილით თქვა ფარჰადმა.

ერბილი

ერთი დღით ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქს ერბილს ვესტუმრეთ. ქრისტემდე მე-3 ათასწლეულში აქ დასახლება არსებობდა, რომელიც შუმერულ წყაროებში ურბილად არის მოხსენიებული. ერბილში ქურთისტანის პარლამენტი და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული. ცოტა ხნით ბაბა შეიხის ძმის, ბატონ აიდოს სახლში გავჩედით და შემდეგ ქალაქში გავისეირნეთ.

იმავე საღამოს ბაბა ჩავიშმა სავახშმოდ ერბილთან ახლოს სოფ. სალაჰ ედ დინში (ფირმამი) ბარზანის ქურთული ტომის წარმომადგენლის ოჯახში წაგვიყვანა, სადაც გულთბილი მასპინძლობა გაგვიწიეს.

ქრისტიანული ეკლესიები და მონასტრები

ერბილის წმ. იოანეს ეკლესია

დილით ერბილის წმ. იოანეს აღმოსავლეთის ასურულ ეკლესიაში წირვას დავესწარით. მანამდე ეკლესიის წინამძღვართან, მღვდელ იშაია დაუდთან გვქონდა შეხვედრა, რომელმაც ერაყში რელიგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მღვდელმა ეზიდურ თემთან ახლო ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და ეზიდები „ბიძაშვილებად“ მოიხსენია.

ერბილის წმ. იოანეს ეკლესია.
წირვაზე.
შეხვედრა მღვდელ იშაია დაუდთან.

დოჰუკის წმ. მარიამის ეკლესია

ერბილის გარდა ქრისტიანული ეკლესიები და მონასტრები სხვა ქალაქებშიც მოვილოცეთ. დოჰუკში წმ. მარიამის აღმოსავლეთის ასურულ ეკლესიას ვესტუმრეთ. წინამძღვარმა ქრისტიანებს, მუსლიმებს და ეზიდებს შორის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, შემდეგ ეკლესია ძირი-ძირობამდე მოგვატარა და ასურული ლიტურგია გაგვაცნო.

დოჰუკის წმ.მარიამის ეკლესია.
სამლოცველო დარბაზი.
საუბარი წმ. მარიამის ეკლესიის წინამძღოლთან.

წმ. მარიამის ეკლესიას ძალიან ლამაზი მდებარეობა აქვს. მისი ეზო ქალაქის ცენტრს გადაჰყურებს.

ალყუში (ელკოში)
რაბან ორმუზდის მონასტერი

ალყუში (ელკოში) უძველესი ასურული ქალაქია, რომელიც ქალაქ მოსულიდან (ძველი ნინევე) ჩრდილოეთით 30 კმ.-ში მდებარეობს. აქ თავდაპირველად მთის ფერდობზე მდებარე რაბან ორმუზდის ასირიული სამონასტრო კომპლექსი (მე-7 ს.) ვნახეთ, რომელიც ნინევეს დაბლობს გადაჰყურებს. გვიანდელ პერიოდში აქ სელევკია-კტესიფონის კათოლიკოს-პატრიარქების რეზიდენცია იყო. ეკლესიაში ჯვრის უძველეს გამოსახულებებს ვხვდებით. გვერდით პატრიარქების საფლავებია განთავსებული. მონასტერში შუა საუკუნეების უნიკალური ხელნაწერები ინახებოდა, რომელიც ნადირ შაჰის (მე-18 ს.) ლაშქრობისას განადგურებულა.

რაბან ორმუზდის მონასტერი.
ხედი მონასტრიდან ნინევიას ველზე.

ვიყავით მონასტრის დამაარსებლის, რაბან ორმუზდის კელიაში და ვნახეთ უძველესი ეკლესია, რომელიც სამონასტრო კომპლექსშია განთავსებული.

მარცხნივ პირველი მამა ადამი, შუაში მამა ჰერმესი.

მეგზურობას ალყუშის მარცვალთა ღვთისმშობლის ასირიულ-ქალდეური სააბატოს სასულიერო პირები მამა ადამი და მამა ჰერმასი გვიწევდნენ. 

ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო ამ უძველესი მონასტრის ნახვა. იქიდან მარცვალთა ღვთისმშობლის მონასტერში ჩავედით, რომელიც ვაკე ადგილზე მდებარეობს.

მარცვალთა ღვთისმშობლის მონასტერი

მარცვალთა ღვთისმშობლის ასირიულ-ქალდეური მონასტერი 1858 წელს პატრიარქ იოსებ IV აუდოს დავალებით აშენდა და მიზნად ახლოს მდებარე რაბან ორმუზდის მონასტრიდან ბერების უკეთეს საცხოვრებელ პირობებში გადმოყვანას ისახავდა. მონასტრის შუაგულში ულამაზესი ეკლესია დგას, რომელიც მოსულის მარმარილოთი არის მოპირკეთებული. აქ წმ. მარიამი მთესველების/მიწათმოქმედების მფარველად ითვლება და მონასტრის სახელწოდება სწორედ აქედან მომდინარეობს.

მარცვალთა ღვთისმშობლის მონასტერი.
მონასტრის შესასვლელი.
მარცვალთა ღვთისმშობლის ეკლესია.

სხვათაშორის ქრისტიანმა სასულიერო პირებმა ჩაი მხოლოდ ამ ეკლესიაში შემოგვთავაზეს, მაშინ როდესაც ყველა ეზიდურ სალოცავში პირველ რიგში ჩაის გვთავაზობდნენ. ამაზე პეშ იმამი ნუმანი ბევრს ხალისობდა.

ნაუმ წინასწარმეტყველის საფლავი

ალყუში (ელკოში) იმითაც არის ცნობილი, რომ აქ ნაუმ წინასწარმეტყველის (ძვ. წ. მე-7 ს.) საფლავი მდებარეობს. ეს საფლავი მე-16 საუკუნის მავზოლეუმშია განთავსებული. არსებობს მოსაზრება, რომ ნაუმ წინასწარმეტყველის მშობლიური ქალაქი ელკოში, რომელსაც იგი წიგნის დასაწყისში ახსენებს, არა ნინევეს დაბლობზე, არამედ გალილეაში მდებარეობდა. თუმცა ფაქტია, რომ საუკუნეების განმავლობაში ალყუშს მიიჩნევენ წინასწარმეტყველის მშობლიურ ქალაქად და მის საფლავს აქ მიუთითებენ. დიდი ინგლისელი არქეოლოგი ოსტინ ჰენრი ლეიარდი (1817-1894), რაბან ორმუზდის მონასტრის არსებობას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. მისი აზრით მონასტერი ალყუშში მიტომ დაარსდა, რომ მის ახლოს წმინდა ადგილის სახით ნაუმ წინასწარმეტყველის საფლავი მდებარეობდა.

ნაუმ წინასწარმეტყველის მავზოლეუმი.
ნაუმ წინასწარმეტყველის საფლავთან.

ნაუმ წინასწარმეტყველის საფლავის მოსალოცად მხოლოდ მამა ადამი წამოგვყვა. მავზოლეუმის შიდა სივრცეში თაღები და ებრაული წარწერები კარგად არის შემონახული. ამჟამად შენობა კონსერვირებულია და მისი რესტავრაცია იგეგმება. 

როგორც მამა ადამმა გვითხრა, ალყუშელების წინაპრების გადმოცემით, მავზოლეუმის ეზოში ნაუმ წინასწარმეტყველის დის – სარას – საფლავიც მდებარეობს, თუმცა არც ბიბილიური და არც სხვა წყაროები ამის შესახებ არაფერს ამბობენ.  

ხნისი/ბავიანი

ლალიშთან ახლოს ხნისი (ბავიანი) მდებარეობს. აქ ასურეთის მეფის, სინახერიბის (ძვ. წ. 705-681) ბარელიეფები ვნახეთ, რომლებიც მდ. გომლის ნაპირზე აღმართულ კლდეებზეა გამოსახული. ბარელიეფები ძირითადად სინახერიბის სამხედრო და ეკონომიკურ ძლიერებას ასახავენ. მეფე სინახერიბის იუდას სამეფოზე გალაშქრების ამბავი ბიბლიის რამდენიმე წიგნშია აღწერილი (4 მეფ. 18-19; 2 ნეშ. 32; ეს. 36-37).

ქ. მოსულში ჩასვლა და ძველი ნინევეს ნახვაც გვინდოდა, მით უმეტეს ჩვენგან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე იყო, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით მასპინძლებმა გვთხოვეს იქ არ წავსულიყავით.

სამშობლოში დაბრუნება

ერაყიდან საქართველოში 9 ნოემბერს გამოვემგზავრეთ. გზად თურქეთში ქალაქი ურფა (შანლიურფა) დავათვალიერეთ. აქ პირველი ქრისტიანული ქალაქ-სახელმწიფო ედესა მდებარეობდა. ურფასთან ახლოს ხარანის ნახვაც გვინდოდა, სადაც მამამთავარი აბრაამი ქანაანში ასვლამდე ცხოვრობდა (დაბ. 11:31), თუმცა ვეღარ შევძელით.

უკვე შეღამებული იყო, როცა ურფადან ბინგოლში ჩავედით. იქ მეუფე მალხაზის მეგობრები იაკუბ და ემინე ბედლეკები დაგვხვდნენ და მათ გვიმასპინძლეს. ბინგოლი 10 ნოემბერს საუზმის შემდეგ დავტოვეთ და გვიან ღამით თბილისში დავბრუნდით.

საუზმე იაკუბ და ემინე ბედლეკებთან და მათ ქალიშვილთან ერთად.

თურქეთსა და ერაყში მოგზაურობამ სულიერად და ინტელექტუალურად გაგვამდიდრა. ეზიდურ რელიგიას და კულტურას გაცილებით ღრმად გავეცანით და ეზიდების სახით შესანიშნავი მეგობრები შევიძინეთ. ეზიდებს უყვართ თავიანთი რელიგია და პატივს სცემენ სხვა რელიგიებს. მტკივნეულად განიცდიან, როცა მუსლიმები და ქრისტიანები “ურწმუნოებად“ მოიხსენიებენ და მათ მოქცევას ცდილობენ. ეზიდური რელიგია და კულტურა მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს, რომელსაც უნდა ვაფასებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ.

Leave a Reply