ქაშანური ხალიჩები

ქაშანური ხალიჩები

2019 წლის ქრისტეშობამდე რამდენიმე დღით ადრე, ლიტურგიული ჯგუფის წევრებთან ერთად მშვიდობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასაგეგმად შევიკრიბეთ. 23 დეკემბერს მე და ნათელას ყვარელში მოგვიწია გამგზავრება. ყვარელში კი ჩავედით, მაგრამ მომდევნო დღეს თბილისამდე ძლივს ჩამოვაღწიეთ. გზაში ავტომობილის მართვა ძალიან გამიჭირდა. სახლში რომ მოვედით, ორივეს 39 გრადუსი სიცხე გვქონდა…

ვერც საშობაო ღვთისმსახურებას დავესწარით და ახალმა წელმაც ტრადიციული სამზადისის გარეშე ჩაიარა ჩვენს ოჯახში. იმ დღეებში მაღალი სიცხეების გარდა, სხვა პრობლემა და საფიქრალიც მქონდა. 4 იანვარს მეუფე მალხაზთან ერთად ირანში მიწევდა წასვლა და ვშიშობდი, რომ მგზავრობას ვერ შევძლებდი.

ახალი წლის შემდეგ, ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ირანში გამგზავრების იმედიც გაჩნდა. თადარიგის დაჭერას შევუდექი. ფრენის წინა დღეს, ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებას ვუსმენდი, როცა მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ ირანში სახალხო მღელვარება დაიწყო… 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, “ყუდსის” მეთაური ყასემ სოლეიმანი თანმხლებ სამხედრო პირებთან ერთად ააფეთქეს. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად, თეირანსა და სხვა ქალაქებში ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

არ გინდა, ახლა ასეთ ვითარებაში ირანში ჩახვიდე?!:-) არადა “ჩემოდანი” ჩაბარგებული მაქვს:-) მომდევნო დღეს, 4 იანვარს, მეუფე მალხაზთან ერთად ირანში გავფრინდი. თეირანის აეროპორტში გენერალ ყასემ სოლეიმანის უზარმაზარი პოსტერი გამოეფინათ და მიმდინარე საპროტესტო აქციებს მონიტორებზე აჩვენებდნენ. აეროპორტში აქბარ მოყადასი (ზუპიტაშვილი) ძმასთან ერთად დაგვხვდა და ყუმში გავემგზავრეთ. გზად ყველგან ყასემ სოლეიმანის სურათები იყო გამოფენილი. გამონაკლისს არც სასტუმრო “მაჰსანი” წარმოადგენდა, სადაც აქბარმა ნომრები დაგვიჯავშნა.

სასტუმროში დავბინავდით და ვახშმის დრო დავთქვით. აქბარმა ვახშამზე მეუღლე, ქ-ნი მარზიე და შვილები – მოჰამად-ჰოსეინი და მოჰამად-მაჰდი მოიყვანა. ბიჭებს ქართული სახელებიც აქვთ – ბექა და ლაშა. ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა. სუფრასთან ჩვენს ვიზიტზე ვილაპარაკეთ და დეტალებზე შევჯერდით.

ვიზიტის მიზანი

ეს ვიზიტი მეუფე მალხაზის ინიციატივით და ძალისხმევით შედგა. ამჯერად მთავარ მიზანს ინტერრელიგიური საქველმოქმედო საქმიანობა წარმოადგენდა. 2019 წლის მარტში ბუნებრივმა სტიქიამ ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მაზანდარანის და გოლესტანის, ხოლო სამხრეთში ფარსის, ხუზისტანის და ლორესტანის პროვინციები დააზარალა. წყალდიდობას 70 ადამიანი ემსხვერპლა და 86.000 უსახლკაროდ დარჩა. მეუფე მალხაზის ინიციატივით ჩვენმა ეკლესიამ დაზარალებულების დასახმარებლად ტანსაცმლის და საბავშვო ნივთების შეგროვება დაიწყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ტვირთს ირანში არსებული საბაჟო კანონების გამო ვერ გავაგზავნიდით. ირანელი მეგობრების აზრით, კარგი იქნებოდა დაზარალებულებისთვის ხალიჩების შეძენა, რადგან ირანულ ოჯახში ხალიჩა ყველაზე მოთხოვნად ნივთს წარმოადგენს. ცხადია ხალიჩები ადგილზე უნდა შეძენილიყო. მეუფე მალხაზმა გერმანიის ბაპტისტური ეკლესიის დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ქაშანში 100 ხალიჩა შეუკვეთა. ხალიჩების საწარმოსთან მოლაპარაკებას აქბარი აწარმოებდა.

ჩვენი ვიზიტი ასევე მოიცავდა კულტურულ პროგრამას, რაც ირანის ისლამური და პრეისლამური რელიგიური, ისტორიული და კულტურული ძეგლების ნახვას ითვალისწინებდა. ამ პროგრამის ფარგლებში ვიმოგზაურეთ ხორამაბადში, ისპაჰანსა და შირაზში. გავიარეთ 3.000 კმ.-მდე და გავიცანით საინტერესო ადამიანები, მოვილოცეთ ულამაზესი ძველი მეჩეთები და ვნახეთ დიდი ირანელი პოეტების, ჰაფეზის და საადის მავზოლეუმები. განსაკუთრებით საინტერესო იყო აქემენიანელთა და სასანიანთა დინასტიების დროინდელი უძველესი ძეგლების: პერსეპოლისის, ფასარგადის, და ნაყშ ე როსტამის ნახვა და მათი რელიგიის, ზოროასტრიზმის (მაზდეანობის) გაცნობა.

ქაშანი

დილით აქბარმა სასტუმროში გამოგვიარა და ყუმიდან ქაშანში გავემგზავრეთ. ეს ქალაქი ირანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ხალიჩების წარმოებით არის სახელგანთქმული. აქბარმა ავტომობილი ერთი დიდი საწარმოს ეზოში შეაგელვა, სადაც ხალიჩები ჰქონდა შეკვეთილი. დირექტორმა, ბ-ნმა ალი აქბარ ფურ იბრაჰიმმა გულთბილად მიგვიღო. მას თან ძმებიც ახლდა. სულ 5 ძმა ჰყავს და ყველა მათგანი ხალიჩების ბიზნესშია ჩართული. თავდაპირველად სადემონსტრაციო დარბაზი მოგვატარეს და ხალიჩები დაგვათვალიერებინეს. ბ-ნმა ალი აქბარმა აგვიხსნა, თუ როგორ უნდა გამოგვეცნო ხალიჩის ხარისხი. როგორც აქბარმა გვითხრა, ერთი ხალიჩის ხელით მოქსოვას რამდენიმე თვე და ზოგჯერ წელიწადზე მეტიც სჭირდება. სპეციალური დანადგარებით კი მცირე დროში მზადდება.

სადემონსტრაციო დარბაზი

სადემონსტრაციო დარბაზის ნახვის შემდეგ ბ-ნმა ალი აქბარმა თავის ოფისში მიგვიწვია. ჩაი და ტკბილეული მოგვართვეს. მან საწარმოს ისტორია გაგვაცნო. ხალიჩების წარმოება მამამისს დაუწყია, ხოლო შემდეგ შვილებმა წარმატებით გააგრძელეს. საუბარში მისი ძმებიც შემოგვიერთდნენ. ბ-ნმა ალი აქბარმა აღფრთოვანება და მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ გულთან მივიტანეთ წყალდიდობით დაზარალებული ირანელების მდგომარობა და ჩვენს შეკვეთილ 100 ხალიჩას, საწარმოს სახელით კიდევ 125 ხალიჩა დაამატა…

შეხვედრა ბ-ნ ალი აქბარის ოფისში
მეუფე მალხაზი საჩუქარს გადასცემს ბ-ნ ალი აქბარს


საჩუქრებიც მოუმზადებიათ ჩვენთვის… მისმა უმცროსმა ძმამ ჩემი და მეუფე მალხაზის პორტრეტული ხალიჩები შემოიტანა… ეს კიდევ არ იყო ყველაფერი. ცოტა ხანში ხალიჩები მოგვართვეს უკანასკნელი სერობის გამოსახულებით… აი, ასე გამოხატეს ჩვენს მიმართ პატივისცემა. არ მოველოდი, რომ ირანში ქრისტიან ღვთისმსახურებს ასეთ ძვირფას საჩუქარს გაგვიკეთებდნენ.

პორტრეტული ხალიჩები
ხალიჩები უკანასკნელი სერობის გამოსახულებით

ბ-ნი ალი აქბარის ოფისიდან კვლავ სადემონსტრაციო დარბაზში გამოვედით. საწარმოს თანამშრომლებთან ერთად ბ-ნი ალი აქბარის ქალიშვილი და სიძე იმყოფებოდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა და მეუფე მალხაზს თავაზიანად სთხოვა მისთვის რამდენიმე წუთი დაეთმო. მეუფემ ეს თხოვნა შეუსრულა. მათ საუბარს ოჯახის სხვა წევრებიც ინტერესით უსმენდნენ.

საუბარი ქრისტიანულ რელიგიაზე

საწარმოს თანამშრომლებმა თხოვნა შემოგვითვალეს, რომ ჩვენთან სურათის გადაღება სურდათ. გაწეული შრომისთვის მეუფე მალხაზმა ყველას მადლობა გადაუხადა. საერთო სურათი გადავიღეთ, დავემშვიდობეთ და ეზოში გამოვედით.

ხალიჩების საწარმოს თანამშრომლები

ვიდრე ავტომობილში ჩავსხდებოდით, ბ-ნი ალი აქბარი ძმებს გამოეყო, მოვიდა და მეუფე მეუფე მალხაზს ეუბნება:

თქვენი სტუმრობით ოცნება ამიხდა…

რას გულისხმობთ? ჰკითხა მეუფე მალხაზმა.

ფილმი ვნახე თქვენს შესახებ და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ ჩემზე, რომ ვიოცნებე, ოდესმე თქვენი გაცნობის და ხელზე მთხვევის შესაძლებლობა მომცემოდა. ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ ეს ოცნება ამიხდებოდა…

ბ-ნ ალი აქბარს მხედველობაში ჰქონდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “ერთობის სიმბოლო” (ინგლ. Symbol of Unity), რომელიც მეუფე მალხაზის ერაყში მომლოცველობას ეხება. ემოციური დამშვიდობების შემდეგ ქაშანიდან პირდაპირ ლორესტანის პროვინციაში, კერძოდ ქალაქ ხორამაბადში გავემგზავრეთ, სადაც წყალდიდობით დაზარალებული ოჯახები უნდა მოგვენახულებინა.

ხორამაბადი

უკვე ბინდდებოდა, როცა ფერეიდანი გავიარეთ. ძალიან ციოდა. აქბარმა გვითხრა, რომ ამ დროს ფერეიდნის ავტომაგისტრალის ახლოს ფეხით გადაადგილება უსაფრთხო არ იყო, რადგან ადამიანი შეიძლება მგლების ხროვას გადაყროდა. მერე თავისი ბავშვობის ამბავი გაიხსენა, როგორ გადაურჩნენ მგლებს ის და დედამისი, ვიდრე ავტობუსის გაჩერებიდან მინდორს გადაივლიდნენ და სახლამდე მივიდოდნენ.

ხორამაბადში გვიან ჩავედით. ქალაქის ცენტრში თეირანის კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი ბ-ნი ფარსა მძღოლთან ერთად დაგვხვდა და ვახშამზე მიგვიწვია. ერთ პატარა რესტორანში ხალიჩაზე მყუდროდ მოვკალათდით და ნამგზავრები ვახშამს შევექეცით.

ვახშამი ხორამაბადის რესტორანში

ვახშმის შემდეგ ბ-ნმა ფარსამ კულტურის დეპარტამენტის სასტუმროში მიგვიყვანა და მცირე დროით ჩვენთან დარჩა. აქბარმა ჩაი მოადუღა. ხილის ვაზა სავსე იყო ლიმნით, ნარინჯითა და ფორთოხლით. ნარინჯი პირველად გავსინჯე. ძალიან მჟავე იყო არ მომეწონა, თუმცა ირანში ძალიან პოპულარული ხილია. ძირითადად წყალდიდობით დაზარალებულ ოჯახებზე ვსაუბრობდით. ხალიჩების განაწილება კულტურის დეპარტამენტმა ითავა. ამისათვის სიები შეადგინეს და სატრანსპორტო საშუალებები გამოყვეს. ეს ერთგვარი დახმარება იყო ჩვენთვის, რადგან არც თუ ისე ადვილი საქმე იყო 225 ხალიჩის ჩამორიგება.

კულტურის დეპარტამენტის სასტუმრო

შევთანხმდით, რომ ბ-ნი ფარსა დილის 10:00 საათზე გამოგვივლიდა და წყალდიდობის რაიონში ერთად გავემგზავრებოდით. თავდაპირველად სოფელ გოვზარდეში უნდა ჩავსულიყავით, რომელიც წყალდიდობამ სრულად წალეკა.

სასტუმროს მისაღები

დილით აქბარმა არომატული ჩაი მოამზადა. სასტუმროს კომენდანტმა თბილ-თბილი ირანული ლავაში, ნადუღი და მაწონი შემოგვაწოდა. გემრიელი საუზმის შემდეგ ბ-ნი ფარსაც მოვიდა და ლორესტანის სოფელ გოვზარდეში გავემგზავრეთ.

გოვზარდე

ამ პატარა სოფელში 22 კომლი ცხოვრობდა. წყალდიდობის შემდეგ სოფლის მხოლოდ კვალიღა შემორჩა. მდინარე ქაშგონმა მთელი სოფელი წაიღო. გოვზარდელებს ნასოფლართან ახლოს მაღლობზე კარვები ჰქონდათ გაშლილი და დროებით იქ ცხოვრობდნენ. თავდაპირველად ნასოფლარი ვნახეთ და შემდეგ მაღლობზე ავედით.

ნასახლარები წყალდიდობის შემდეგ

გოვზარდელები გარეთ გამოეფინნენ. ყველა თავაზიანად გვესალმებოდა და თან ცნობისმოყვარედ გვიყურებდნენ. ნისანის მარკის პიკაპით ხალიჩები მოიტანეს. როცა ადგილობრივებმა გაიგეს, რომ საქართველოდან ქრისტიანი სასულიერო პირები მათ დასახმარებლად ვიყავით ჩამოსული, ღრმა პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავდნენ ჩვენს მიმართ და ხალიჩები სიხარულით მიჰქონდათ თავიანთ კარვებში.

ერთი თვის წინ ვიღაც მდიდარ ირანელ ბიზნესმენს დაუფინანსებია მათი სახლების მშენებლობა და სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესში მთელი სოფელი იყო ჩართული.

ხალიჩების დარიგება სოფ. გოვზარდეში

აბუზარას კარავი

ჩვენს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება 33 წლის ახალგაზრდა კაცმა, სახელად აბუზარამ გამოიჩინა და სასტუმრო კარავში შეგვიპატიჟა. ახლადდაქორწინებულს, საქონლის ბოსელში გაეშალა კარავი და მეუღლესთან ერთად იქ ცხოვრობდა. კარავში ნავთქურა ენთო. აბუზარას დედამ პატივისცემის ნიშნად ახლადმოწველილი ძროხის რძე გამოგვიგზავნა. თავად კარავში არ შემოვიდა და მეზობელს, სახელად შაჰრომეს გამოატანა. შაჰრომეც იქვე გაშლილ კარავში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად.

აბუზარა და მისი კარავი ბოსელში
მეუფე მალხაზი მწყემსის ჯოხით
შაჰრომე
სასტუმრო კარავი
აბუზარას ეზო

ეზოში გრძელყურებიანი თხა და ციკნები დაბაკუნებდნენ. ბალახის ძოვისას, ყურები მიწაზე დასთრევდათ. აბუზარასთვის არ მიკითხავს, რა ჯიშის იყვნენ თხები. მოგვიანებით “დავგუგლე” და მსგავსი გრძელი ყურები, მხოლოდ ანგლო-ნუბიურ და სამხრეთაფრიკულ თხებს ჰქონდათ, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, აბუზარას თხები ამ ორიდან რომელ სახეობას მიეკუთვნებოდნენ.

აბუზარას თხა ციკნებით

კარვებიდან ფერდაზე ფეხით დავეშვით. ვიდრე ავტომობილამდე მივიდოდით, ახალგაზრდები შემოგვხვდნენ. ძროხებს აძოვებდნენ. ცოტა ხნით გავესაუბრეთ. მათ ძირითად საქმიანობას, მესაქონლეობა წარმოადგენს და მშობლებს საქონლის მოვლასა და რძის პროდუქტების დამზადებაში ეხმარებიან.

გოვზარდელი ახალგაზრდები

მამულონი

გოვზარდედან ქ. მამულონში გავემგზავრეთ, სადაც ძალიან ბევრი სახლი დაგვხვდა წყალდიდობის შედეგად დანგრეული. მდინარის დამბაზე ერთი ასაკოვანი ქალბატონი, დაბალ სკამზე იჯდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. სურათის გადასაღებად წინ წავედი. უკან მეუფე მალხაზი, აქბარი და ბ-ნ ფარსა ერთად მოდიოდნენ. ბ-ნი ფარსა მეუფე მალხაზს ამ ქალაქში შექმნილ ვითარებას აცნობდა. საუბრის ხმაზე ქალბატონი შემობრუნდა და დაგვინახა თუ არა, ისე რომ არც უკითხავს ვინ ვიყავით, თავის მდგომარეობაზე დაიწყო ჩივილი. 70 წლის გულანარ ჯაფარს სახლი ადიდებულმა მდინარემ დაუნგრია. მთელი მისი ნაშრომი წყალმა წაიღო.

ქ-ნი გულანარ ჯაფარი

იქვე 80 წლის მოხუცი კაცი სახელად ფარაჯულო, ნანგრევებად ქცეული თავისი სახლის აგურებს მიწიდან იღებდა და აგროვებდა. ჩვენს დანახვაზე გზაზე გამოვიდა და თავის მდგომარეობაზე მოთქმას მოჰყვა. ადიდებულმა მდინარემ დიდი რუდუნებით აშენებული სახლი, რამდენიმე წუთში მიწასთან გაასწორა.

ფარაჯულო თავისი დანგრეული სახლის წინ

რამდენიმე ადამიანი შეგროვდა და თავიანთ მძიმე მდგომარეობაზე იწყეს საუბარი. დანგრეულ სახლებს გვიჩვენებდნენ და გვიყვებოდნენ, თუ როგორ ადიდდა მდინარე და როგორ წალეკა მათი სახლ-კარი. ახლობლებმა შეიფარეს. უზომოდ შემებრალნენ ეს ადამიანები.

როცა ავტომობილისკენ ვბრუნდებოდით, ერთი შუახნის ქალი, ნახევრად დანგრეული სახლიდან გამოვიდა და ხელების ქნევით ხმამაღლა დამიწყო ლაპარაკი. ინგლისურად გამოველეპარაკე. მაშინღა მიხვდა, რომ უცხოელი ვიყავი და იმედგაცრუებული შებრუნდა სახლში. როგორც ჩანს, სახელმწიფო მოხელე ვეგონე და პრეტენზიები გამოთქვა.

გულანარ ჯაფარი, ფარაჯულო და მათი მეზობლები

გულანარ ჯაფარს, ფარაჯულოს და მათ მეზობლებს დავემშვიდობეთ და კვლავ ხორამაბადში დავბრუნდით.

ხორამაბადი

ეს უძველესი ქალაქი თეირანიდან სახრეთ-დასავლეთით 400 კმ.-ში, ზაგროსის მთის ფერდობზე მდებარეობს. მეცნიერების ვარაუდით, ხორამაბადი ერთ-ერთი პირველი ადგილია ირანის ტერიტორიაზე, სადაც ათეულ-ათასობით წლის წინ დასახლებები გაჩნდა. მთავარი ღირსშესანიშნაობა სასანიდების დროინდელი ფალაკ-ოლ-აფლაკის ციხესიმაგრეა (ახ. წ. 224-651), სადაც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ეთნოგრაფიულ-არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული. ციხესიმაგრეზე სამანქანე გზაც ადის, მაგრამ ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ.


ფალაკ-ოლ-აფლაკის ციხესიმაგრე

ფალაკ-ოლ-აფლაკის მუზეუმში ლორების ცხოვრების ამსახველი ბევრი საინტერესო ექსპონატი ვნახეთ. მეუფე მალხაზმა ერთგან ორნამენტი შენიშნა, რომელიც სვეტიცხოველში დაცული მე-5 საუკუნის დროინდელი ბაზილიკის თავზეა შემორჩენილი.

ციხესიმაგრიდან ლამაზი ხედი იშლება ქალაქზე, რომლის მოსახლეობა 400.000-მდე აღწევს. ქალაქის დიდი ნაწილი ზაგროსის მთებით არის გარშემორტყმული. ლამაზი სანახავია მთის ფერდობზე შეფენილი სახლები და აქა-იქ ამოწვერილი მინარეთები.

კერძო კლინიკა ხორამაბადში

დღის მეორე ნახევარში შეხვედრა გვქონდა კერძო კლინიკის მფლობელთან ბ-ნ რუჰოლა ფაკურისთან. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში და ქართველ პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს კარგად იცნობს. ბ-ნმა რუჰოლამ თავდაპირველად მთელი კლინიკა, მათ შორის ახალი კორპუსი შემოგვატარა, სადაც სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ახალი კორპუსის ზედა სართულზე, გარე ლიფტით ავედით. ლიფტს კედლები არ ჰქონდა და სიფრთხილე იყო საჭირო, რომ ვინმე არ დაშავებულიყო. შენობაში ჯერ კარ-ფანჯრები არ იყო ჩასმული და ყველა მხრიდან ორპირი ქარი უბერავდა. ამ „ექსკურსიით“ მთლად აღფრთოვანებული არ ვიყავი, რადგან სულ ცოტა ხნის წინ მაღალი სიცხეები მქონდა, მაგრამ რას ვიზამდი…?!:-) როცა ბ-ნ რუჰოლას ახალ ოფისს ვათვალიერებდით, ახალგაზრდა ქალი შემოვიდა და თავაზიანად მოგვესალმა. ეს ქალი თურმე ხორამაბადში ცნობილი არქიტექტორი ყოფილა და კლინიკის ახალი კორპუსი მას დაუპროექტებია.

კერძო კლინიკა ხორამაბადში
მოსაცდელი კლინიკის ერთ განყოფილებაში

ახალი კორპუსიდან კვლავ ძირს დავეშვით (ამჯერად კიბეებით) და მთავარ კორპუსში გადავედით. შესასვლელში შთამბეჭდავი ლოზუნგი დაგვხვდა გამოკრული: „ვიზრუნოთ ადამიანებზე, განურჩევლად მათი რასისა, ეროვნებისა და რელიგიისა“. ბ-ნმა რუჰოლამ ამაყად გვითხრა, რომ კლინიკის მედპერსონალი პაციენტებთან ურთიერთობისას სწორედ ამ ლოზუნგით ხელმძღვანელობს.

მთავარ კორპუსში შესასვლელი

ბ-ნი რუჰოლა თავის ოფისში ჩაით, ხილით და ტკბილეულით გაგვიმსპინძლდა. კედელზე უამრავი სერთიფიკატი ჰქონდა გამოფენილი. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპაში ჰქონდა მიღებული. შესანიშნავად ერკვეოდა საქართველოს სამედიცინო სისტემაში და როგორც გვითხრა, თავის ქართველ კოლეგებთან რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც ჰქონდა გამართული.

შეხვედრა ბ-ნ რუჰოლა ფაკურის ოფისში

საუბრისას ერთი ჟურნალისტი შემოვიდა, მეუფე მალხაზისგან ინტერვიუ აიღო.

ინტერვიუ მეუფე მალხაზთან

სტუმრად ბ-ნ რუჰოლა და ქ-ნ მარიამ ფაკურების ოჯახში

კლინიკიდან ბ-ნმა რუჰოლამ თავის ოჯახში ვახშამზე დაგვპატიჟა. გულთბილად გამოგვეგება მისი მეუღლე ქ-ნ მარიამი. თავდაპირველად ქრისტიანობის და ისლამის, ხოლო შემდეგ პოეზიის შესახებ ვისაუბრეთ. მასპინძელს პოეზია ძალიან ჰყვარებია. დიდი სპარსელი პოეტის, ჰაფეზის (1320-1389) ლექსებს ზეპირად ამბობდა. თავადაც წერს ლექსებს. მეუფე მალხაზის თხოვნით, ერთი ლექსი წაგვიკითხა. შინაარსი ბ-ნმა აქბარმა გადაგვითარგმნა.

სტუმრად ბ-ნ რუჰოლა და ქ-ნ მარიამ ფაკურებთან

ამასობაში ქალბატონმა მარიამმა შესანიშნავი სუფრა გააწყო უგემრიელესი კერძებით. ვახშმის შემდეგ კვლავ მისაღებ დარბაზში გადმოვინაცვლეთ და არომატული ჩაის თანხლებით, პოეზიაზე გავაგრძელეთ საუბარი. ბ-ნმა რუჰოლამ და ქ-ნმა მარიამმა შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწიეს.

ფაკურების ოჯახში გაწყობილი სუფრა

ხორამაბადში 2 დღე დავყავით და იქიდან ირანის სამხრეთში მდებარე ქალაქ შირაზში გავემგზავრეთ. ღამე ისპაჰანში უნდა გაგვეთენებინა. 1000 კილომეტრამდე გზის გავლა გვიწევდა… ულამაზესი მთების თვალიერებასა და საინტერესო საუბრებში დრო შეუმჩნევლად გადიოდა.

ფერეიდანი

რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ფერეიდანში შევედით. აქბარმა სპონტანურად გადაწყვიტა სოფელი დაშქასანში მეგობრები მოენახულებინა. ასე მოულოდნელად დავადექით თავზე არია ხუსრავის (ხოსროშვილი). არიამ უზომოდ გაიხარა ჩვენი სტუმრობით. მასთან მეზობლები იმყოფებოდნენ და ხალიჩაზე ჩაის მიირთმევდნენ. ფართო მისაღებ ოთახში ღუმელი ედგა. კედლებზე თამარ მეფის, სიონის ტაძრის და წმ. მარიამის ხატის რეპროდუქციები ეკიდა. წიგნების კარადას ქართულენოვანი წიგნები ამშვენებდა. არიას და მის ძმას შაჰინს საქართველო უზომოდ უყვართ. შაჰინი იმჟამად სოფელში არ იმყოფებოდა. მათ ერთი ძმაც ჰყოლიათ, მაგრამ სამწუხაროდ გარდაცვლილა. არია და შაჰინი 2004 წლის ზაფხულში ფერეიდნიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ. ამით პატივი მიაგეს თავიანთი წინაპრების ხსოვნას, რომლებიც 400 წლის წინ სამშობლოდან აყარეს და ირანის გზას გაუყენეს. არია და შაჰინი ამ რთული გზის გავლისას მაღალი ტემპერატურის გამო საავადმყოფოშიც კი მოხვდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც შეძლეს გზის ბოლომდე გავლა.

ფერეიდნის მთები
სოფ. დაშქასანთან
მარჯვნივ არია ხუსრავი (ხოსროშვილი), ხოლო მარცხნივ არიას მეზობელი
ქართულენოვანი წიგნები არიას ბიბლიოთეკაში

არიას თბილისში ქართველ მეგობრებთან ერთად ბიზნესიც წამოუწყია, მაგრამ აქაურებს დიდ თანხაში „გადაუგდიათ“ და ახლა სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი… ამის მიუხედავად, საქართველოზე და ქართველებზე დიდი სიყვარულით საუბრობს. არიამ გვთხოვა ჩვენი სტუმრობის ნიშნად ჩანაწერი დაგვეტოვებინა. მეუფე მალხაზმა ეს სურვილი სიამოვნებით შეუსრულა.

სტუმრად არია ხუსრავისთან (ხოსროშვილი)

ამის შემდეგ არიას და მის მეზობლებს დავემშვიდობეთ და გზა ისპაჰანისკენ გავაგრძელეთ.

ნაჯაფაბადი

ვიდრე ისპაჰანში ჩავიდოდით, მანამდე ნაჯაფაბადში აქბარის ნათესავებს ვესტუმრეთ. აქბარის დედამ, ქ-ნმა სალბიმ გვიმასპინძლა. ნათესავები მასთან შეკრებილიყვნენ. ჩენი 7 წლის წინანდელი სტუმრობა გავიხსენეთ. ხილს და ჩირეულს შევექეცით და არომატული ჩაი დავლიეთ. მასპიძლები თავიანთი ცხოვრების შესახებ გვესაუბრებოდნენ. აქბარის 3 წლის დისშვილს სადრა მამამისის ფეხებთან იჯდა, პლანშეტი ეჭირა ხელში და თამაშობდა. რა აღარ უთხრეს, მაგრამ პლანშეტი ხელიდან ვერაფრით გააგდებინეს:-)

აქბარის ნათესავები

ქ-ნ სალბის და აქბარის ნათესავებს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადეთ, დავემშვიდობეთ და გზა ისპაჰანისკენ გავაგრძელეთ.

ისპაჰანი

ზოროასტრული ტაძარი

ვიდრე ისპაჰანის სასტუმროში მივიდოდით, ზოროასტრული ტაძარი ე. წ. ათეშგა (სპარს. ცეცხლის ადგილი) ვნახეთ. ეს ტაძარი ისპაჰანის გარეუბანში მთაზეა აღმართული. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ იგი სასანიანების დროს ახ. წ. 224 – 651 წწ. ფუნქციონირებდა.

ზოროასტრული რელიგია საქართველოში მაზდეანობის ან ცეცხლთაყვანისმცემლობის სახელით არის ცნობილი. მე-5 ს.-ის ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში “წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ” ეს რელიგია “არტოშანის” სახელით იხსენიება. სწორედ ზოროასტრიზმის მიღების გამო დაუპირისპირდა დედოფალი შუშანიკი თავის ქმარს ვარსქენ პიტიახშს (მე-4 ს.), რომელმაც სპარსეთის მეფის ქალიშვილი ცოლად შეირთო და “არტოშანი” აღიარა (ზოროასტრული რელიგია მიიღო).

ზოროასტრული ტაძარი

ავტომობილი ქვემოთ, შესასვლელთან გავაჩერეთ და ბილიკს ნელი ნაბიჯით ავყევით. ერთმა შუახნის კაცმა სწრაფი ნაბიჯით აგვიარა. ეტყობოდა ამ მთაზე ხშირად ამოდიოდა და მუხლი ჰქონდა გავარჯიშებული. ერთხანს მთის წვერზე გაჩერდა და შემდეგ ისევ ქვემოთ დაეშვა. როცა მოგვიახლოვდა, ოდნავ შეჩერდა და აჰურა მაზდას სახელით დაგვლოცა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი კარგა ხანია აღარ ფუნქციონირებს, ზოროასტრები აქ სალოცავად კვლავაც ამოდიან. მათი რიცხვი ირანში 25.000-მდეა და რამდენიმე მოქმედი ათეშგა აქვთ ირანში. მთავარ ცენტრს ქალაქი იაზდი წარმოადგენს. როცა მთის წვერს მივუახლოვდით, ტაძრის ფართო კედელზე ახალგაზრდა კაცი ქანდაკებასავით იდგა. მეგონა ლოცულობდა. თურმე მტრედებისთვის მახე ჰქონია დაგებული. აქ ხშირად ამივდივარ, მტრედებს ვიჭერ და მერე ვყიდიო – გვითხრა ახალგაზრდამ.

ზოროასტრული რელიგიას სათავე ზარათუშთრამ (ბერძნ. ზოროასტრი) დაუდო, რომელიც ძვ. წ. მე-7 – მე-6 სს. აღმოსავლეთ ირანში ცხოვრობდა. მის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. ზოროასტრიზმი მცირე აზიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გავრცელებული. იგი აქემენიანების (ძვ. წ. მე-6 – მე-4 სს.) და სასანიანების (ახ. წ. მე-3 – მე-6 სს.) იმპერიების რელიგიას წარმოადგენდა, ვიდრე ირანში ისლამი გავრცელდებოდა. ირანთან მჭიდრო კავშირების გამო ეს რელიგია საქართველოშიც ღრმად იყო ფეხმოკიდებული.

ზემოთ ცეცხლის დასანთები ადგილი

ზოროასტრიზმში უზენაეს ღვთაებას აჰურა მაზდა (სპარს. ბრძენი უფალი) წარმოადგენს. მის გვერდით დგა 6 მთავარანგელოზი, რომლებიც ბოროტი ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან. ეს ბრძოლა ადამიანთა ცივილიზაციაზე ახდენს გავლენას და აქედან გამომდინარე ადამიანებიც 2 კატეგორიად იყოფიან. ადამიანების ერთი ნაწილი სინათლის სამეფოს, ხოლო მეორე ნაწილი ბნელეთის სამეფოს მიეკუთვნება. ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს რომელი სამეფოს ნაწილად სურს ყოფნა.

ზოროასტრულ რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მარადიული სიცოცხლის რწმენას, რომლის მიხედვით ადამიანს სიკვდილის შემდეგ ე. წ. “ჩინვათის ხიდის” გავლა მოუწევს, რომელიც სამყაროს შუაგულში მწვერვალზე მდებარეობს. იქ მას ღვთაებები მითრა, რაშნუ და სროშა გაასამართლებენ. თუ სამართლიანი და კეთილი საქმეები გადაწონიან სასწორს, მაშინ ხიდს თავისუფლად გადაივლის და სამოთხეში მოხვდება, ხოლო თუ ბოროტი საქმეები, მაშინ ჯოჯოხეთში მოუწევს ყოფნა.

მოქმედ ათეშგაში წმინდა ცეცხლი გამუდმებით ანთია. თანამედროვე ზოროასტრები ამ ცეცხლს სომბოლური დატვირთვას ანიჭებენ. მათი აზრით ცეცხლი სინათლეს და ცოდვებისგან განწმენდას განასახიერებს. ცეცხლს ზოროასტრი მღვდლები ანთებენ. ათეშგას ქვს დარბაზი და ოთახები, სადაც ზოროასტრები გალობენ და ლოცულობენ. ათეშგები ირანის გარდა არის ინდოეთში, პაკისტანსა და აშშ-ში, თუმცა ზოროასტრების რიცხვი ამ ქვეყნებში შედარებით მცირეა.

ტაძრის კედელი

ზოროასტრიზმის წმინდა წიგნს ავესტა (ძვ. სპარს. ცოდნა, ცნობა) წარმოადგენს, რომელიც ზარათუშთრას მოეწერება, თუმცა სხვადასხვა ეპოქებშია შექმნილი. ავესტა შეიცავს საგალობლებს, ლოცვებს, თქმულებებს, თაყვანისცემის და რელიგიური რიტუალების შესრულების წესებს. იგი სულ 21 წიგნისგან შედგება.

ზოროასტრიზმის მიმდევრები იხდიან დღესასწაულებს. ყველაზე დიდი დღესასწაულია ნოვრუზი (სპარს. ახალი დღე), რომელიც 21 მარტს იზეიმება. ამ დღეს გაზაფხულის დადგომას და ახალ წელს აღნიშნავენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. დღესასწაულისთვის ამზადებენ სუფრას (სპარს. ჰავთ სინ), რომელზეც 7 სახის პროდუქტს დებენ, რომელთა სახელები სპარსული ანბანის მე-15 ასო “სინ”-ით იწყება, მათ შორის ვაშლს, ნიორს, ნამცხვარს და ჯეჯილს.

ხედი ისპაჰანზე

აჰურა მაზდას ტაძრიდან ულამაზესი ხედი იშლება ისპაჰანზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია მზის ჩასვლა, როცა ცა ულამაზესი ფერებით არის განათებული.

მზის ჩასვლის ფერები

ძალიან საინტერესო იყო ამ უძველესი ზოროასტრული ტაძრის ნახვა. მეუფე მალხაზი ჩვენი ვიზიტიდან რამდენიმე თვეში კვლავ გაემგზავრა ირანში. ჩვენს ამერიკელ მეგობართან ჯეიმს კრუკთან ერთად მან იაზდის პროვინციაში იმოგზაურა და მოქმედი ათეშგა ნახა.

სასტუმრო “ჯულფა”

საღამოხანს სომხურ კვარტალში მდებარე სასტუმრო “ჯულფაში” გავჩერდით. შესასვლელში ერთი მოხუცი სომეხი კაცი, სახელად არუთინი დაგვხვდა. კარისკაცად მუშაობდა. ძალიან საბრალო და სევდიანი სახე ჰქონდა. როგორც გვითხრეს, ავადმყოფი შვილი ჰყავდა და მარტოს უწევდა მისი მოვლა. არუთინის და სომხეთში ყოფილა გათხოვილი. თავად ისტორიულ სამშობლოში არასოდეს ყოფილა.

სასტუმრო “ჯულფა”

ჩანთები ოთახებში დავაწყეთ და ქალაქში გავედით. ძირითადად სომხურ კვარტალში გავისეირნეთ. მაღაზიების ვიტრინებზე სანტას სტიკერები და ახალი წლის მილოცვები იყო გამოკრული. სომხურ კვარტალში სეირნობისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ევროპის რომელიმე ქალაქში იმყოფებოდე.

ვანქის საკათედრო ტაძარი (მე-17 ს.) ღამით
სომხური კვარტალი

წიგნების მაღაზიას მივადექით. მეუფე მალხაზმა წმინდა ყურანის წიგნი მოიკითხა. რამდენიმე საინტერესო გამოცემა ნახა და ერთი ამოარჩია შესაძენად. მეუფე თავისუფლად კითხულობს არაბულად და ისლამს სიღრმისეულად სწავლობს. ჩემი აზრით მას ყველაზე უკეთ ესმის ისლამი და მუსლიმების ენა. ამის გამო უდიდესი ნდობით და სიყვარულით სარგებლობს როგორც ჩვენი ქვეყნის და ევროპის ქვეყნების მუსლიმურ თემებში, ისე მსოფლიოს რიგ ისლამურ ქვეყნებში.

წიგნების მაღაზიაში ყურანის შეძენა

ყურანის შეძენის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით. მისაღებში მენეჯერი, ფერეიდნელი ქართველი ბ-ნი ჰამიდ (გიორგი) რაჰიმი გავიცანით. საქართველო და ქართველები ძალიან უყვარს. ჩვენს ქვეყანაში ხშირად ჩამოდის. საუბარში თქვა – ქართველებმა ჭაში ჩამაგდესო. ვთხოვე აეხსნა რას გულისხმობდა. ბათუმში ქართველ ბიზნესპარტნიორებს მოტყუებით ფული გამოუძალავთ და ამ საქმეზე სასამართლო მიმდინარეობდა. ეს უკვე მეორე ფერეიდნელი ქართველი შეგვხვდა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული და ქართველებისგან დაზარალებული.

ბ-ნმა ჰამიდმა სასტუმროს რესტორანში ვახშამზე დაგვპატიჟა და უხვად გაგვიმასპინძლდა. ეს რესტორანი ბოსტნეულის სალათებით და ზღვის დელიკატესებით დამამახსოვრდა.

დილით მეუფე მალხაზისგან და აქბარისგან უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამბავი გავიგე. ავიაკატასტროფას 176 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდაპირველად კატასტროფის მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდებოდა. სრული შოკი იყო იმის გაგება, რომ თვითმფრინავი ირანელ სამხედროებს “შეცდომით” ჩამოუგდიათ… სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ამ თვითმფრინავში თეირანის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების ჯგუფი იმყოფებოდა. ირანში გენერალი ყასემ სოლეიმანი და მისი თანმხლები პირები არ ჰყავდათ გამოგლოვილი და ახლა ეს ტრაგედია დატრიალდა.

საუზმემდე მე და მეუფე მალხაზი სასტუმროს ვერანდაზე ავედით, საიდანაც ვანქის კათედრალი (მე-17 ს.) კარგად ჩანდა. ეს უნიკალური სომხური კათედრალი 2013 წელს ძირი-ძირობამდე დავათვალიერეთ.

“სელფი” ვანქის კათედრალის ფონზე

ვერანდიდან საუზმეზე ჩავედით. ძალიან მოგვეწონა შესასვლელი კარი და შიდა სივრცის დიზაინი. სტუმრებს შეეძლოთ მაგიდასთან ან ხალიჩაზე მოკალათებულებს ესაუზმათ.

საუზმის შემდეგ შირაზში გავემგზავრეთ. იმ დროისთვის არ ვიცოდით როდის და როგორ დავბრუნდებოდით საქართველოში, რადგან ავიაკატასტროფის შემდეგ ირანმა ფერენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით, ირანმა გენერალ ყასემ სოლეიმანისთვის შური იძია და ერაყში ამერიკულ ბაზაზე იერიში მიიტანა. აი ასეთი ინფორმაციების ფონზე ვაგრძელებდით მოგზაურობას:-)

ირანის ლანდშაფტი

მგზავრობისას ყოველთვის წინა სავარძელი მქონდა დაკავებული და გზად სურათებს ვიღებდი. როგორც ზემოთ ვთქვი, დაახლ. 3000 კმ.-მდე გავიარეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგად გავეცანით ირანის გეოგრაფიას და მის მთიან რელიეფებს. ავტომაგისტრალიდან მეტწილად ზაგროსის მთის მასივები და ქედები ჩანდნენ. გთავაზობთ რამდნეიმე სურათს, რაც ირანის მრავალფეროვან ლანდშაფტზე წარმოდგენას შეგიქმნით.

მეფე კიროსის საფლავი

შირაზამდე 100 კმ. იყო დარჩენილი. ფასარგადს მივუახლოვდით. ამ ადგილზე აქემენიანების იმპერიის პირველი დედაქალაქი მდებარეობდა, რომელიც მეფე კიროს II დიდმა (ძვ. წ. 580/590-530) დააარსა. კიროსმა მიდიის სამეფოს შემოერთებით ძლევამოსილი იმპერია შექმნა. ძვ. წ. 539 წ. ბაბილონიც დაიპყრო და იქ გადმოსახლებულ ებრაელებს სამშობლოში დაბრუნების და ტაძრის აღდგენის უფლება მისცა. ამ ამბავს ბიბლიის არაერთი წიგნი გადმოგვცემს (2 ნეშტ. 36; ეზრ. 1; ეს. 44-45). ეზრას წიგნში წერია: „სპარსეთის მეფის, კიროსის, მეფობის პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, გააღვიძა უფალმა სული კიროსისა, სპარსეთის მეფისა, და მისცა ბრძანება, გამოეცხადებინათ მთელ მის სამეფოში წერილობითაც და სიტყვითაც: „ასე ბრძანებს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნიერების ყველა სამეფონი მე მომცა უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას ტაძარი იერუსალიმში, იუდაში. ვინც კი არის თქვენს შორის მისი ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან, ავიდეს იერუსალიმს, იუდაში, და აშენოს უფლის, ტაძარი, ისრაელის ღმერთისა – იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია (ეზრ. 1:1-3).


მეფე კიროს II დიდის საფლავი

მეფე კიროს II-მ სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს ფინანსური დახმარებაც გაუწია იმისათვის, რომ ტაძარი აღედგინათ. დიდია მისი დამსახურება ებრაელი ხალხის და მათი რელიგიის წინაშე. წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში კიროსი უფლის ცხებულადაც კი არის მოხსენიებული “ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: შენი მარჯვენა მე მიჭირავს, რათა დაგიმორჩილო ხალხები, სარტყლები შევხსნა მეფეებს წელზე, რათა გაიღოს შენს წინაშე ყველა კარი და კარიბჭენი აღარ დაიკეტოს” (ეს. 45:1).

მეფე კიროსს ეს ადგილი გამორჩეულად ჰყვარებია და აქ ამიტომ დაუკრძალავთ. მართლა ლამაზი ადგილია მთებით გარშემორტყმული გაშლილი სივრცე.

მე და მეუფე მალხაზმა ლოცვა აღვავლინეთ მეფე კიროსი II-ის საფლავთან და ფასარგადიდან პერსეპოლისში გავემგზავრეთ.

პერსეპოლისი

ძალიან შთამბეჭდავი სანახავია პერსეპოლისი, რომელსაც სპარსულად თახთ-ე-ჯამშიდი (ჯამშიდის ტახტი) ჰქვია. ლეგენდის მიხედვით ამ ადგილზე მეფე ჯამშიდის ოქროს ტახტი იდგა. პერსეპოლისი როგორც სპარსეთის უძველესი დედაქალაქი, კიროს II დიდის სიძის, დარიოს I-ის (ძვ. წ. 549-486) დაარსებულია. მისი აღმშენებლობა ქსერქსე I-მა (ძვ. წ. 519-465) და არტაქსერქსე I-მა (ძვ. წ. 465-424) გააგრძელეს. გრანდიოზულ ქვის მონუმენტებს, დახვეწილ ბარელიეფებს და დიდრონ სვეტებს გაოცებული შევყურებდი. აქ სამეფო რეზიდენცია იყო განთავსებული.

ქალაქში ე. წ. “ქსერქსეს ჭიშკრით” შევდივართ. ამ ჭიშკარს შესასვლელები დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აქვს და ორივე მხარეს სკულპტურები ამშვენებენ. დასავლეთის ჭიშკარზე ხარის ტანიანი და ლომის თავიანი ცხოველების სკულპტურებია გამოსახული.

ქსერქსეს ჭიშკარი (დასავლეთის მხარე)

აღმოსავლეთის ჭიშკარზე კი ადამიანის თავიანი ფრთოსანი არსებების სკულპტურებია გამოსახული. ისინი უკეთ არიან შემონახული, ვიდრე დასავლეთის მხარეს გამოსახული სკულპტურები.

ქსერქსეს ჭიშკრის აღმოსავლეთი მხარე

ჭიშკრის ორივე ნაწილის შუაში გრანდიოზული სვეტებია აღმართული. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ეს სვეტები მონოლითური ქვისგან იყო დამზადებული. როცა ახლო მივედით, ჩამონგრეული ნაწილები ვნახეთ. შუაში ყველას რკინის ძელის ჩასადები ღრმული ჰქონდა. როგორც ჩანს სვეტების ცალკეულ ნაწილებთ ამზადებდნენ და შემდეგ რკინის ძელით ერთმანეთზე ამაგრებდნენ. ასე აგებდნენ ამ გრანდიოზულ სვეტებს.

სვეტების კაპიტელები ქსერქსეს ჭიშკართან
გრიფონი (მითოლოგიური არსება)

ქსერქსეს ჭიშკრის ხელმარჯვნივ ასსვეტიანი სამეფო დარბაზი მდებარეობს. მის კედლებზე ვხვდებით საინტერესო ბარელიეფებს, რომლებზეც დაპყრობილი ხალხების მეფეები არიან წარმოდგენილნი.

ასსვეტიანი სამეფო დარბაზი
ბარელიეფი მეომრის გამოსახულებით

შთამბეჭდავია დარიოს I დიდის სასახლე ე. წ. “აპადანა” სვეტებით, ფანჯრებით, კიბეებით და ულამაზესი ბარელიეფებით. შემორჩენილია სასახლის მთავარი დარბაზი და სვეტებიანი აივანი. ორი საპირისპირო მხრიდან ასასვლელი კიბეების ფასადზე ნოვრუზის ამსახველი ბარელიეფებია გამოსახული.

დარიოსის სასახლის შესასვლელი. კიბეების ფასადზე ნოვრუზის დღესასწაულის სიმბოლოები
ასსვეტიან დარბაზსა და დარიოსის სასახლის შორის მდებარე მთავარი ქუჩა
“სელფი” პერსეპოლისის მთაზე:-)

ზოროასტრიზმის სიმბოლო ფარავაჰარი

პერსეპოლისში რამდენიმე ადგილზე ზოროასტრიზმის სიმბოლოს ე. წ. ფარავაჰარს (სპარს. უმაღლესი რჩეული კეთილი სული, რომელიც სიწმინდისგან დაფრინავს) ვხვდებით. მას ადამიანის სახე და ფრთები აქვს. გაშლილ ფრთებზე ბუმბულების 3 წყება, ზოროასტრიზმის მთავარ პრინციპს გადმოსცემს. ეს პრინციპია – სწორი ფიქრი, სწორი ლაპარაკი, სწორი საქმის კეთება. შუაში წრე მარადიულობას განასახიერებს, რომლის მიხედვით ადამიანის სული დაბადებამდე არსებობს და მისი გარდაცვალების შემდეგ არ კვდება. ზემოთ შემართული მარჯვენა ხელი წარმატებას განასახიერებს, ხოლო მარცხენა ხელში რგოლი კი ერთგულებას.

ფარავაჰარის ბარელიეფები ისეთ სიმაღლეზეა, რომ მათი გადაღება ჭირს. გარდა ამისა, მათ უმრავლესობას სიმკვეთრე აქვს დაკარგული. ამიტომ ფარავაჰარის ინტერნეტით მოძიებულ სურათს გთავაზობთ.

ფარავაჰარის რელიეფი პერსეპოლისში
https://www.ancientpages.com/2019/03/15/winged-sun-disk-one-of-the-oldest-and-most-important-solar-and-religious-symbols/windegsundiskpersepolis11/

მეფეთა სამარხები პერსეპოლისის მთაზე

ფარავაჰარის ბარელიეფები ვნახეთ პერსეპოლისის მთაზე მდებარე მეფეების არტაქსერქსე II-ის (ძვ. წ. 445-359) და არტაქსერქსე III-ის (ძვ. წ. 425-338) სამარხებზე. სამარხებთან მე და მეუფე მალხაზი მივედით. აქბარს ტელეფონით ბევრი სასუბრო ჰქონდა და ქვემოთ დარჩა.

სვეტებიანი სამეფო ხაზინის ნაშთი.
მთაზე მარჯვნივ
არტაქსერქსე II-ის და მარცხნივ არტაქსერქსე III-ის სამარხები

თავდაპირველად არტაქსერქსე II-ის სამარხთან მივედით. მეტად შთამბეჭდავი სანახავი იყო კლდეში ამოკვეთილი სამარხი სვეტებით, ორნამენტებით და დიდრონი ბარელიეფებით.

არტაქსერქსე II-ის სამარხი

სამარხის თავზე გამოსახულ ბარელიეფზე ჩანს სცენა, თუ როგორ იღებს ძალაუფლებას მეფე არტაქსერქსე II ფარავაჰარისგან. მეფეს მარცხენა ხელში მშვილდის მსგავსი ნივთი უჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელი ფარავაჰარისკენ აქვს შემართული.

მეფე არტაქსერქსე II ძალაუფლებას იღებს ფარავაჰარისგან

იქიდან არტაქსერქსე III-ის სამარხამდე ვიწრო ბილიკი გადადის. გზა ამ ბილიკით გავაგრძელეთ. როცა სამრხთან მივედით, იქ რამდენიმე ადგილობრივი ტურისტი დაგვხვდა. არტაქსერქსე III-ის სამარხზეც მსგავსი ბარელიეფებია გამოსახული. მეფე აქაც ფარავაჰარისგან იღებს ძალაუფლებას.


არტაქსერქსე III-ის სამარხი

მეფეთა სამარხების მთიდან პერსეპოლისი ხელის გულივით ჩანს. ბილიკზე გადაადგილებისას ქალაქის სხვადასხვა რაკურსით დანახვა არის შესაძლებელი.

ხედი პერსეპოლისზე მეფეთა სამარხების მთიდან

ერთ დროს ამ მეგაპოლისში ცხოვრება ჩქეფდა. ძვ. წ. 330 წელს ალექსანდრე მაკედონელის ძლევამოსლიმა არმიამ ქალაქი დაიპყრო და ნანგრევებად აქცია.

პერსეპოლისიდან შირაზისკენ გავემგზავრეთ. აქბარს ვთხოვეთ პერსეპოლისის სიახლოვეს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი “ნაყშ ე როსტამი” ეჩევენებინა. აქბარი შეგვპირდა, რომ ამ ადგილს ყუმში დაბრუნებისას ვნახავდით. შესაბამისად ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ.

შირაზი

შირაზში გვიან საღამოს ჩავედით და იმ სასტუმროსთან გავჩერდით, რომელიც აქბარს ჰქონდა შერჩეული. აქბარი სასტუმროს სანახავად გადავიდა, მაგრამ იქაური პირობები არ მოეწონა და სხვა სასტუმროს ძებნას შევუდექით. ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ჩავუარეთ, მაგრამ არ გავჩერებულვართ და გზა გავაგრძელეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ძალიან ძვირი ეღირებოდა. დაღლილები ვიყავით და აქბარს ვთხოვეთ სხვა სასტუმროების ძებნას იქნებ ჯობდა ისევ ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გვენახა. აქბარი ფასების გასაგებად გადავიდა. მალე უკან დაბრუნდა და გვითხრა, რომ სასტუმროში ფასდაკლება მოქმედებდა და თავისუფლად შეგვეძლო იქ გავჩერებულიყავით. როგორც ჩანს, ვიზიტორების რაოდენობა ზამთრის პერიოდის ან ირანში მიმდინარე მოვლენების გამო იყო შემცირებული.

სასტუმრო “ზანდიეს” მისაღები

ოთახებში გავნაწილდით და მისაღებში დავთქვით შეხვედრა. ქვედა სართულზე რესტორანში სავახშმოდ უნდა ჩავსულიყავით. რესტორანს ძველი ხის კარი ჰქონდა. მეუფე მალხაზს მათი დიზაინი აინტერესებდა.

სასტუმრო “ზანდიეს” რესტორნის კარი

მათი ნახვისას ყოველთვის ჩვენი ძველი სახლის კარები მახსენდებოდა. მსგავსი დიზაინი და საკეტები (ზედა ნაწილში) ჰქონდათ. რამდენიმე მეზობლის მარანში შეიძლება კიდევ არის შემორჩენილი ამ დიზაინის და საკეტის მქონე კარი.

სასტუმრო “ზენდიეს” რესტორანი

მაგიდასთან მოვთავსდით და კერძები შევუკვეთეთ. ირანული სამზარეულოდან ჩემი ფავორიტი კერძია ქათმის მწვადი გრძელი ბრინჯის ფლოვით, ზეთისხილის სალათი ნიგვზითა და ბროწეულის მარცვლებით და მაწონი, წვრილად დაკეპილი კიტრით, გარეული ნივრით (სპარს. მუსირი) და პიტნით. ეს უკანასკნელი შემიძლია საუზმიდან დაწყებული ვახშმით დამთავრებული ყველა ჯერზე მივირთვა:-) წვნიანებიდან მუხუდოს სუპს ვამჯობინებ. ირანული სამზარეულო თევზის კერძების მომზადებითაც არის განთქმული, ცხვრის და საქონლის კერძებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სასტუმრო “ზანდიეს” რესტორანში

დილით, საუზმის შემდეგ, ქალაქში სასეირნოდ გავედით. შირაზი ფარსის პროვინციაში, თეირანიდან სამხრეთით 700 კმ.-ში მდებარეობს. მოსახლეობა 2 მილიონს აღწევს. ალესანდრე მაკედონელის მიერ პერსეპოლისის განადგურების შემდეგ, შირაზი კარგა ხანს სპარსელების პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. შირაზი ორი დიდი პოეტის – ჰაფეზის და საადის სამშობლოა. მათი პოეზია თანამედროვე ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია. ორივე პოეტის ლექსები აქბარმაც ზეპირად იცის.

სასტუმრო “ზენდიეს” მოპირდაპირე მხარეს ძველ ქუჩას ფეხით გავუყევით. სახლები ერთმანეთზე მიჯრით იყვნენ მიწყობილი. მემწვანილე კაცი შემოგვხვდა. მეუფე მალხაზი და აქბარი გამოელაპარაკნენ. გზად რამდენიმე ძველი სახლი ვნახეთ.

ქერიმ ხანის ციხესიმაგრე

ძელი ქუჩა გავიარეთ და ციხესიმაგრესთან მივედით, რომელიც ზენდების დინასტიის დამაარსებელს, ქერიმ ხანს (ირანს 1750-79 წწ. მართავდა) აუგია. ამ ციხესიმაგრემ თავისი ფორმით ყვარლის ციხესიმაგრე გამახსენა, რომელიც მე-17 ს.-ის პირველ ნახევარშია აგებული. თითქმის მსგავსი კედლები და კოშკები აქვს.

ქერიმ ხანის ციხესიმაგრე

მარცხენა კოშკი უცნაურად იყო გადახრილი. შეიძლება მიწისძვრამ დააზიანა, ან ნიადაგმა ვერ გაუძლო და დაიწია. ყოველ შემთხვევაში, მშენებლებისთვის რომ პიზის კოშკი არ იქნებოდა შთაგონების წყარო, ეს ცხადია:-)

დახრილი კოშკი

ციხესიმაგრის ეზოში ნარინჯის ბაღია გაშენებული. შენობის თავზე ე. წ. ქარების შემკრები ნაგებობა არის აღმართული. მის ფუნქციას ჰაერის ნაკადების შეკრება და შენობის ქვედა სივრცეში მიმართვა წარმოადგენს. ძველ დროს, ზაფხულის ცხელ დღეებში ამ “კონდენციონერით” გრილდებოდნენ სასახლეში მყოფნი.

სასახლე ნარინჯის ბაღით

ნარინჯის ბაღში ასაკოვანი ირანელების ჯგუფი შეგვხვდა. კაცები წინ მიდიოდნენ, ხოლო ცოლები უკან მიჰყვებოდნენ. მობილური ტელეფონები ჰქონდათ მომარჯვებული სურათების გადასაღებად.

ასაკოვანი ირანელების ჯგუფი

სასახლეში არის ოთახები, სადაც ადამიანის ფიგურებით მე-18 ს.-ის დროინდელი ცხოვრებაა წარმოდგენილი. კედლები ძველი ორნამენტებით არის მოხატული. დარბაზს ფერადვიტრაჟებიანი ფანჯრები ამშვენებს.

დარბაზი ფერადი ვიტრაჯებით

უძველესი აბანო

ქერიმ ხანის ციხესიმაგრის ნახვის შემდეგ, მისივე აშენებულ აბანოსთან მივედით. ირანში აბანო უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ ჰიგიენის ადგილი. აქ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი იყრიდა თავს და ერთმანეთს სხვადასხვა ამბებს უზიარებდნენ – მოგზაურობის დროს გადახდენილ ამბებს ჰყვებოდნენ, ომისა და მშვიდობის საკითხებზე მსჯელობდნენ, ვაჭრობის საკითხებს იხილავდნენ და ა.შ.

მე-18 ს.-ის აბანო

აბანოში ადამიანის ფიგურებით იმდროინდელი სიტუაცია არის აღდგენილი. მოხატულ კედლებზე რელიგიური შინაარსის შემცველი სიუჟეტებიც ვნახეთ.

აბანოს დარბაზი

აბანოს სანახავად ის ასაკოვანი ირანელები შემოვიდნენ, ქერიმ ხანის ციხესიმაგრეში რომ შეგვხვდნენ. ერთგან “სელფიც” გადაიღეს:-) კარგია, რომ ადამიანს ამ ასაკშიც აქვს მოგზაურობის და ახალი შთაბეჭდილებების მიღების ხალისი.

ასაკოვანი ირანელების ჯგუფი


ვაქილის მეჩეთი

აბანოსთან ახლოს ვაქილის მეჩეთი მდებარეობს. ეს ულამაზესი მეჩეთი 1751-1773 წლებშია აგებული. მეჩეთს საზამთრო და საზაფხულო სალოცავი დარბაზები აქვს.

ვაქილის მეჩეთი

განსაკუთრებით ლამაზი მიჰრაბია საზამთრო დარბაზში. მიჰრაბი წარმოადგენს ნიშას, რომელიც მლოცველებს მექის მიმართულებას უჩვენებს. სვეტებზე დაყრდნობილი თაღები ულამაზესი ორნამენტებით არის გამშვენებული.

მიჰრაბი

მიჰრაბის მარჯვნივ მწვანე მარმარილოთი აშენებული 14 საფეხურიანი მინბარი დგას. მინბარი არის ადგილი, საიდანაც მუსლიმი სასულიერო პირი ქადაგებს.

მინბარი

მიჰრაბის ორივე მხარეს 48 სპირალური ფორმის მონილითური სვეტია აღმართული, რაც მეტად შთამბეჭდავი სანახავია. ახალგაზრდები სურათების გადასაღებად მოდიოდნენ. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც პროფესიონალი ფოტოგრაფები უღებდნენ სურათებს. შეიძლება მოდელები იყვნენ. ერთი შეყვარებული წყვილი შემოვიდა დარბაზში. ისინი თავდაპირველად მიჰრაბთან მივიდნენ, ხოლო შემდეგ სვეტებთან სურათების გადაღება დაიწყეს. ბიჭმა შეყვარებულს მთელი გრძნობით უმღერა. მიუხედავად იმისა, რომ მოშორებით ვიმყოფებოდით, ხმა ჩვეულებრივ აღწევდა ჩვენამდე.

სვეტებიანი დარბაზი

ვაქილის მეჩეთს უზარმაზარი შიდა ეზო აქვს წყლის ავზით. ავზის თავში ქვის რიტუალური საბანელი დგა. საჭიროების შემთხვევაში ეზო რამდენიმე ათას ადამიანს დაიტევს.

მეჩეთის ეზო

ვაქილის მოედანი

მეჩეთიდან ხალხმრავალ მოედანზე გავედით. იქ აქბარის მეგობარს, სეიდ მუჰამად მუსალის უნდა შევხვედროდით. რადგან დრო გვქონდა, მაღაზიებსა და სალონებში გავიარეთ. ერთ სალონში ირანელ მხატვარს თავისი ნამუშევარი – წმ. მარიამი ყრმა იესოთი – ჰქონდა გამოფენილი.

მალე მუჰამადიც გამოჩნდა. მეუფე მალხაზი მას უკვე იცნობდა. მუჰამადი ერთხანს მეჩეთის წინამძღოლი ყოფილა, შემდეგ კი ბიზნესი დაუწყია. შესანიშნავად ლაპარაკობდა ინგლისურად.

ვიდრე თხრობას გავაგრძელებ, მინდა ვაქილის მოედნზე და მიმდებარე ქუჩებზე გადაღებული რამდენიმე ფოტო შემოგთავაზოთ.

მშრალი ხილი

ირანში ძალიან პოპულარულია მშრალი ხილი. რომელი ხილის ჩირს ინატრებთ რომ იქ არ იყოს. კახეთში დაბადებულ-გაზრდილი კაცისთვის ჩირი უცხო ხილი არ იყო, მაგრამ მანამდე არასოდეს მენახა ჯუჯა ლეღვის და თეთრი თუთის ჩირები. გემოთი გასინჯვა კი მინდოდა, მაგრამ მომერიდა.

მშრალი ხილის მაღაზია
ტროპიკული ხილის ჩირები
ჯუჯა ლეღვის ჩირი
თეთრი თუთის ჩირი

ვაქილის ბაზარი

ძალიან ხალხმრავალი და ხმაურიანია ვაქილის ბაზარი, რომელიც ძალიან ლამაზ, აგურით ნაგებ შენობაშია განთავსებული. გინდაც არაფერი გქონდეს საყიდელი, ამ ბაზარში გავლა მაინც ღირს. მარტო ფერებია იმისთანა, საზეიმო განწყობას შეუქმნის ადამიანს:-)

ჰაფეზის მავზოლეუმი

ვაქილის ბაზრიდან დიდი პოეტის – ჰაფეზის (1315-1389) მავზოლეუმის სანახავად წავედით. ირანში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ძალიან უყვართ ჰაფეზის შემოქმედება. მის საფლავთან მოდიან ოჯახები, სტუდენტები, სასკოლო ჯგუფები და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას.

ჰაფეზის მავზოლეუმის კიბეები. შუაში სეიდი მუჰამად მუსალი

ჰაფეზის ნამდვილი სახელია შამს ედ-დინ მუჰამად შირაზი. ჰაფეზი იმიტომ შეარქვეს, რომ ყურანი ზეპირად იცოდა (არაბ. ჰაფიზ-ზეპირად მოსწავლე). ის წერდა სიყვარულზე, ერთგულებაზე, სილამაზესა და თავისუფლებაზე. ჰაფეზის მრავალი ლექსი ვახუშტი კოტეტიშვილს აქვს ნათარგმნი.

ჰაფეზის მავზოლეუმი

მავზოლეუმი ე. წ. მუსალის ბაღში მდებარეობს. ყველა კუთხე კარგად არის მოვლილი. ბაღში გამაძლიერებელია დამონტაჟებული და განუწყვეტლივ იკითხება დიდი პოეტის ლექსები. შეგიძლია სადმე მყუდროდ მოკალათდე და ჰაფეზის ლექსებს უსმინო.

ჰაფეზის საფლავი

ჩვენც მივედით ჰაფეზის საფლავთან და პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. საფლავის ქვაზე წერია ეპიტაფია: “რადგან მუსალის ბაღში ჰპოვა განსასვენებელი, მისი გარდაცვალების თარიღი მუსალის მიწაში ეძიე”. თუ “მუსალის მიწის” ასოების რიცხვით მნიშვნელობებს შევკრებთ, იმ ციფრს მივიღებთ, რომელიც მისი გარდაცვალების თარიღს აღნიშნავს.

“სელფი” მუჰამადთან ერთად

მავზოლეუმის ეზოში ჩაიხანა, ხოლო მის უკან საჩუქრების მაღაზიაა. მუჰამადმა ჩაიზე დაგვპატიჟა. თავდაპირველად საჩუქრების მაღაზიაში შევედით. სასაჩუქრე ძვირფას ქვებზე ახალგაზრდა ქალი სახელებს აწერდა. ალასთვის, ნათელასთვის და მეუფე რუსუდანისთვის სასაჩუქრე ქვები შევიძინეთ და მათი სახელები სპარსულად დავაწერინეთ.

სასაჩუქრე ქვებზე სახელების დაწერა

ჩაიხანა ღია ცის ქვეშ მდებარეობს. მართალია მთლად კომფორტული არ იყო სიცივეში გარეთ ჯდომა, სამაგიეროდ არომატულმა ცხელმა ჩაიმ ნამდვილად ჩაგვათბო:-)

ჩაიხანა ჰაფეზის მავზოლეუმის ეზოში

ჩაიხანაში დიდხანს არ გავჩერებულვართ, რადგან მეორე დიდი ირანელი პოეტის, საადის მავზოლეუმის ნახვაც უნდა მოგვესწრო. ამასობაში წვიმა წამოვიდა. ქუჩაში გამოვედით და ტაქსის დაველოდეთ. გაზონებს მხოლოდ მაშინ დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ დეკორატიული კომბოსტოთი იყო გალამაზებული.

ჩაიხანაში

საადის მავზოლეუმი

საადი (1210-1292) სპარსული კლასიკური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის წერდა ლექსებს და დიდაქტიკურ პოემებს, აფორიზმებს. მან უდიდესი გავლენა მოახდინა სპარსულ ლიტერატურაზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და პოპულარული დიდაქტიკური ნაწარმოებია ლექსნარევი პროზით დაწერილი “გოლესთანი”, რომელიც ქართულ ენაზე აღმოსავლეთმცოდნემ და ფილოლოგმა გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა.

საადის მავზოლეუმის შესასვლელი დეკორატიული კომბოსტოს გაზონით

როცა ჩვენი ტაქსი საადის მავზოლეუმს მიუახლოვდა, შხაპუნა წვიმა წამოვიდა. შესასვლელში ერთი პროფესორი სტუდენტებთან ერთად შეგვხვდა. მაშინვე მეუფე მალხაზთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და თბილად მოიკითხა. მეუფე მალხაზი კი ამ დროს გაკვირვებული სახით იდგა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მეუფე მალხაზმა კარგი ნაცნობი ვერ იცნო:-) აღმოჩნდა, რომ პროფესორმა მეუფე მალხაზი ვიღაც ცნობილ ირანელ მეცნიერს, სახელად უშანგის მიამსგავსა:-) ამზე ბევრი ვიცინეთ.

მავზოლეუმი

საადის საფლავის ირგვლივ ნიშებია, სადაც მისი ლექსები ლამაზი სპარსული კალიგრაფიით წერია. აქბარმა რამდენიმე სტროფი გვითარგმნა. საფლავის გვერდით ერთი კაცი იჯდა და საადის ლექსებს კითხულობდა.

საადის საფლავი
მავზოლეუმის უკანა ეზო ღია რესტორნით

მავზოლეუმის უკანა ეზოში რესტორანი მდებარეობს ღია ცის ქვეშ. მის ქვემოთ კი შუასაუკუნეების დროინდელი წყალგაყვანილობის ნახვა შეიძლება, რომლის მეშვეობით შირაზი სასმელი წყლით მარაგდებოდა. როგორც მუჰამადმა გვითხრა, შირაზის წყალგაყვანილობას ერთი ბრიტანელი მეცნიერი 40 წლის განმავლობაში იკვლევდა. როგორც ჩანს ირანელმა ინჟინრებმა იმ უძველეს დროს საკმაოდ რთული და იმავე დროს დახვეწილი წყლის სისტემა შექმნეს .

უძველესი წყალგაყვანილობის ჭაში ჩასასვლელი

საადის მავზოლეუმიდან შირაზის ერთ რაიონში გავემგზავრეთ, სადაც სინაგოგა და სიმონ ზელოტის სახელობის ანგლიკანური ეკლესია უნდა გვენახა. თავსხმა წვიმაში ვიარეთ. სამწუხაროდ სინაგოგაც და ეკლესიაც დაკეტილი დაგვხვდა.

დაწუნებული კერძი

მოსაღამოვდა. მუჰამადმა ცნობილ რესტორანში დაგვპატიჟა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ რესტორანში შამპანურის შეკვეთა შეიძლებოდა. თავდაპირველად აპეტაიზერები და ძმარგარეული ყურძნის წვენი მოგვიტანეს. აქბარმა იხუმრა, საქართველოში ეგონებათ ირანში ღვინოს სვამთო. გარეგნულად მართლა ჰგავდა ჩვენს საფერავს:-) პირველმა მეუფე მალხაზმა დააჭაშნიკა “ირანული ღვინო”.

მეუფე მალხაზი “ირანული ღვინის” ბოკალით

მალე შეკვეთილი კერძებიც მოგვიტანეს. ყველა გემრიელად შეექცა თავის კერძს, ჩემს გარდა… რატომღაც ფრინველის ხორცი არ მომეწონა და თეფში გვერდზე გავწიე. მთელი რესტორანი აწრიალდა… შეშფოთებული სახით ჯერ მიმტანმა მკითხა, რა არ მომწონა, მერე მთავარი მენეჯერი მოვიდა ბოდიშის მოსახდელად. მოკლედ, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, უგემური კერძი რატომ არ ვჭამე:-) მენეჯერმა კომპენსაციის სახით ნებისმიერი კერძის არჩევა შემომთავაზა. უარის მიღების შემდეგ მეუბნება, მაშინ ნება გვიბოძეთ ჩაი და ნამცხვარი მოგართვათო. სუფრის ყველა წევრისთვის მაგარი ჩაი და უგემრიელესი ტირამისუ მოგვიტანეს. კარგი კომპენსაცია გამოვიდა:-)

ჯერ კიდევ რესტორანში ვიმყოფებოდით, როცა საქართველოდან ჩემმა ახლობლებმა დამირეკეს. ირანში საპროტესტო დემონსტრაციების და თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამბავი გაუგიათ და მთხოვდნენ საქართველოში სასწრაფოდ დავბრუნებულიყავი. არ იცოდნენ, რომ ამ დროს თეირანიდან 700 კმ.-ში ვიმყოფებოდი და თანაც ფრენები შეჩერებული იყო…

ნაყშ ე როსტამი

დილით სასტუმრო “ზენდიეში” ვისაუზმეთ და ისპაჰანისკენ გავემგზავრეთ. გზად “ნაყშ ე როსტამი” (სპარს. როსტამის ნახატები) უნდა გვენახა, სადაც ძვ. წ. მე-6 საუკუნის დროინდელი ზოროასტრული შენობა და ოთხი დიდი აქემენიანი მეფის: დარიოს I დიდის (ძვ. წ. 549-486), ქსერქსე I-ის (ძვ. წ. 519-465), არტაქსერქსე I-ის (ძვ. წ. 465-424) და დარიოს II-ის (ძვ. წ. 423-404) კლდეში ამოკვეთილი სამარხები მდებარეობს.

“ნაყშ ე როსტამი” ზოროასტრული შენობით და მეფეთა სამარხებით

წვიმიან ამინდში მოგვიწია ამ ადგილის ნახვა და ტალახიც ბლომად ვზილეთ, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა… ამ ოთხი მეფიდან ორი ბიბლიაშია მოხსენიებული. ესენი არიან დარიოს I დიდი (ეზრ. 6) და არტაქსერქსე I (ეზრ. 4; 7). კიროსის მსგავსად ამ მეფეებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ებრაელი ხალხის და იუდაური რელიგიის წინაშე.

სამარხები ერთ კლდოვან მთაშია ამოკვეთილი და მეტად შთამბეჭდავი სანახავია. ყველა სამარხის თავზე ტრადიციულად ფარავაჰარის და მეფეების, ხოლო ქვემოთ გვიანდელი, სასანიანთა დროინდელი სამხედრო ძლიერების ამსახველ რელიეფურ გამოსახულებებს ვხვდებით.

ზოროასტრული შენობა

სამარხების წინ შენობა დგას, რომელიც ძვ. წ. მე-6 ს.-ით თარიღდება. ზუსტად არ იციან ამ შენობას რა დანიშნულება ჰქონდა. შეიძლება თავის დროზე ათეშგა ან უძველესი ხელნაწერების საცავი იყო.

ქსერქსე I-ის სამარხი
დარიოს I დიდის სამარხი
არტაქსერქსე I-ის სამარხი
დარიოს II-ის სამარხი
უკანა პლანზე დარიოს I დიდის სამარხი
უკანა პლანზე დარიოს I-ის, არტაქსერქსე I-ის და დარიოს II-ის სამარხები

მე-17 საუკუნის ნასოფლარი

“ნაყშ ე როსტამის” ნახვის შემდეგ გზა გავაგრძელეთ. ავტომაგისტრალიდან ალიზით ნაგები უძველესი ნასოფლარები ჩანდა. მათი უმეტესობა მე-17 ს.-ით თარიღდება. ერთ ასეთ ნასოფლართან გავჩერდით. ალიზის გალავანზე გადავედით და ნასოფლარი დავათვალიერეთ. მეტად საინტერესო სანახავი იყო. ქარსა და წვიმაში ეს უნიკალური ნასოფლარები ნელ-ნელა ილევიან და ქრებიან.

ისპაჰანი

ისპაჰანში საღამოხანს ჩავედით და კვლავ სომხურ კვარტალში მდებარე სასტუმრო “ჯულფაში” დავბინავდით. ამჯერად არც არუთინა ჩანდა და არც ბ-ნი ჰამიდი. უკვე საღამო იყო. გადავწყვიტეთ ჯუმა-მეჩეთში წავსულიყავით, სადაც პარასკევის ლოცვა უნდა გამართულიყო.

ჯუმა-მეჩეთი

ისპაჰანის ჯუმა-მეჩეთი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი მეჩეთია ირანში. ამ მეჩეთს საფუძველი ახ. წ. 771 ჩაეყარა და საუკუნეების მანძილზე ფართოვდებოდა და რეკონსტრუქცია უტარდებოდა. მას 4 თაღოვანი შესასვლელი კარიბჭე აქვს და საერთო ფართობი 2 ჰექტარს შეადგენს. აქბარი და მეუფე მალხაზი მეჩეთში სალოცავად შევიდნენ და მლოცველთა გვერდით დადგნენ. მე დარბაზის ბოლოში გავედი და სურათებს ვიღებდი. თანდათან მთელი დარბაზი შეივსო. მლოცველები ხვდებოდნენ, რომ მუსლიმი არ ვიყავი და თანაც ლოცვისას სურათებს ვიღებდი, მაგრამ ამას არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია არც მათთვის და არც ჩემთვის. ლოცვის გასრულების შემდეგ მეჩეთის ეზოში გამოვედით და გავისეირნეთ.

აღმოსავლეთის შესასვლელში უძველესი და ულამაზესი მიჰრაბი ვნახეთ, რომელიც რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს. უძველესი წარწერების და ჩუქურთმების სტილის მიხედვით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს მიჰრაბი ირანში მონღოლთა ბატონობის (1256 – 1335 წწ.) დროს არის აშენებული.

მე-13 – მე-14 საუკუნეების დროინდელი მიჰრაბი

კრეატიული ჩაიხანა

ჯუმა-მეჩეთიდან აქბარმა ისპაჰანის ისტორიული ნაწილში გასეირნება შემოგვთავაზა და ერთ კრეატიულ ჩაიხანაში დაგვპატიჟა. ჭერი და კედლები უამრავი ნივთით იყო სავსე. გარეთ, ღია საწყობში დამატებით იმდენი ნივთი ჰქონდათ, ერთ ასეთ ჩაიხანას თავისუფლად ეყოფოდა:-) ცეცხლ-ნავთა მიმტანებს კლიენტებთან ჩაი კი არ მიჰქონდათ, მიარბენინებდნენ. დაბალ ხმაზე ირანული ჰანგები ჟღერდა. მოკლედ, ძალიან კრეატიული და მყუდრო გარემო იყო შექმნილი.

მრავალშვილიანი ირანელების ოჯახი შემოვიდა. ჩვენს წინ მაგიდასთან დასხდნენ. მაგიდების შუაში ერთი ადამიანი თუ გაივლიდა თავისუფლად. თავაზიანად მოგვესალმნენ და ჩაი შეუკვეთეს. ტკბილეული ჩანთიდან ამოიღეს და მაგიდაზე დააწყეს. თურმე ჩაიხანაში ტკბილეულის შეტანა ნებადართული ყოფილა:-) ოჯახის უფროსი თავაზიანად მოგვესალმა, ჩანთიდან ტკბილეული ამოიღო და ტკბილეული გაგვიზიარა.

ჩაიხანა “ნაყშ ეს ჯაჰანის” (სპარს. სამყაროს სურათი) მოედანთან ახლოს მდებარეობდა და გადავწყვიტეთ ფეხით გაგვესეირნა.

ნაყშ ეს ჯაჰანი

“ნაყშ ე ჯაჰანს” იმამის მოედანსაც ეძახიან. ამ მოედანზე შაჰ აბას I-ის სასახლე და ორი მეჩეთია აღმართული. რადგან წინა პოსტში დაწვრილებით მიწერია ამის შესახებ და დღის სინათლეზე გადაღებული სურათებიც მაქვს დართული, ამჯერად არაფერს დავწერ და მხოლოდ ღამით გადაღებულ სურათებს შემოგთავაზებთ.

შაჰ აბას I-ის სასახლე

ვფიქრობ, ლოთფოლაჰის მეჩეთის სურათი ძალიან ლამაზი გამომივიდა:-) მით უმეტეს სავსე მთვარის ფონზე:-)

შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი

რესტორანი “შაჰრზოდი”

“ნაყშ ე ჯაჰანის” მოედანზე გასეირნების შემდეგ აქბარმა სავახშმოდ რესტორან “შაჰრზოდში” დაგვატიჟა. რესტორანს ძალიან ლამაზი ექსტერიერი და ინტერიერი აქვს. მენიუ მოგვიტანეს და კერძები შევუკვეთეთ. ყველაფერი გემრიელი იყო და ამჯერად მენეჯერს ბოდიშის მოხდა არ მოუწია:-)

რესტორანი “შაჰრზოდი”

ჩვენს გასაცნობად რესტორნის მეპატრონე ბ-ნი მეჰრდათ ფურუდასტანი მოვიდა. მეტად განათლებული, ყურადღებიანი და თავაზიანი ადამიანია ბ-ნი მეჰრდათი. თავისუფლად საუბრობდა ინგლისურად. შთაბეჭდილებების წიგნი მოგვიტანა და ჩანაწერის გაკეთება გვთხოვა. მეუფე მალხაზმა მადლობა გადაუხადა შესანიშნავი მასპინძლობისთვის და ჩანაწერიც დატოვა.

ბ-ნი მეჰრდათ ჰურუდასტანი

მიმტანებს შორის იყო ერთი ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ლორესტანიდან იყო. როცა გაიგო, რომ ლორესტანის სოფლებს დახმარება გავუწიეთ, პატივისცემით განეწყო ჩვენს მიმართ. ხშირად გვაკითხავდა და ხან ხილს გვთავაზობდა და ხან გამაგრილებელ სასმელებს.

რესტორნის ქვედა დარბაზი
რესტორნის ზედა დარბაზი

ვახშმის გასრულების შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით.

ჰაქიმის მეჩეთი

დილით, საუზმის შემდეგ ჰაქიმის მეჩეთი ვნახეთ, რომელიც 1656-1663 წლებში შაჰ აბასი II-ის პირადი ექიმის, ჰაქიმ მუჰამად დაუდ ხანის დაფინანსებით არის აგებული. ეს ულამაზესი მეჩეთი მონგოლების მიერ განადგურებული ძველი მეჩეთის ადგილზე აშენდა.

ჰაქიმის მეჩეთი
მიჰრაბი

მონგოლების ვანდალიზმს იმ უძველესი მეჩეთის მხოლოდ კარიბჭე გადაურჩა. ეს ულამაზესი კარიბჭე დღემდე მრავალ ტურისტს იზიდავს. ჰაქიმის მეჩეთში ფუნქციონირებს მედრესე და იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. შენობის ერთ ნაწილში მომლოცველებისთვის ღამის გასათევია მოწყობილი.

ძველი მეჩეთის კარიბჭე

მეჩეთში სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სალოცავ დარბაზში შევედით. ხალიჩაზე წამოკოტრიალებულ ბავშვებს მათემატიკის გაკვეთილი უტარდებოდათ. მოზარდი მასწავლებელი მთელი მონდომებით ხსნიდა გაკვეთილს. ზოგი ბავშვი ყურადღებით უსმენდა, ზოგიც ცელქობდა. სახალისო სანახავი იყო.

მათემატიკის გაკვეთილი

ჩაი საზოგადოებრივ დაწესებულებაში

აქბარს ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში კერძო საქმე ჰქონდა. თუ არ მოიწყენთ, წამომყევითო. მოსაცდელ დარბაზში დავსხედით. მოპირდაპირე კარიდან პერიოდულად ამ დაწესებულების თანამშრომელი გამოდიოდა და ყველას ჩაით და შაქრით უმასპინძლდებოდა.

მე და მეუფე მალხაზს – როგორც უცხოელ სტუმრებს, სკამ-მაგიდები დაგვიდგეს და ჩაი ისე მოგვართვეს.

საღამოხანს სასტუმროში დავბრუნდით. აქბარმა ამასობაში გაარკვია, რომ ირანში ფრენები აღდგა და ჩვენთვის ბილეთები დაჯავშნა კიდეც.

დილით ბ-ნ ჰამიდ (გიორგი) რაჰიმთან ერთად ვისაუზმეთ და ყუმში გავემგზავრეთ. გზად კვლავ ქაშანში უნდა გავჩერებულიყავით.

ქაშანი

ქაშანში დღისით ჩავედით. ქალაქის ცენტრში ბ-ნი ალი აქბარ ფურ იბრაჰიმი და მისი უმცროსი ძმა (სამწუხაროდ მისი სახელი ვერ დავიმახსოვრე) დაგვხვდნენ. ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა. აინტერესებდათ ხალიჩების დარიგებამ როგორ ჩაიარა. ძმებმა რესტორან „სინდბადში“ (სპარს. სანდბოდი) დაგვპატიჟეს. ხალიჩაზე მყუდროდ მოვკალათდით. აქბარის უმცროსმა ძმამ კერძები შეუკვეთა. სუფრა ლამაზად გაგვიწყეს. სადილის შემდეგ ჩაი და ტკბილეული მოგვართვეს. ვისხედით და სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით.

რესტორანი “სინდბადი”
ჩვენი მენიუ

სადილის შემდეგ ღირსშესანიშნაობების სანახავად წავედით. თავდაპირველად მე-19 ს.-ის დროინდელი ე. წ. ფინის ბაღი, აბანო და თერმული წყლები ვნახეთ. ფინი ამირ ქაბირი (სპარს. მთავარი მინისტრი) ყოფილა, რომელიც შურის გამო მეფესთან დაუსმენიათ. მეფეს 1820 წელს სიკვდილით დაუსჯია, ხოლო შემდეგ ძალიან უნანია.

ფინის ბაღი
თერმული წყლები

საღამოხანს ქაშანის ძველ უბანში გავისეირნეთ. ლამაზი სანახავი იყო ღამის ქაშანი.

ბოლოს ბ-ნმა ალი აქბარმა ჩაიხანაში დაგვპატიჟა. ძმებ იბრაჰიმებს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადეთ და საქართველოში მოვიწვიეთ.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანი იყო, ყუმის გზას დავადექით.

ყუმი

ყუმში ძალიან გვიან ჩავედით და პირდაპირ აქბარის ოჯახში მივედით. აქბარის ძმა ალი ჰუსეინი თავისი ოჯახით უკვე იქ იყო, ხოლო აქბარის და მეუღლესთან და შვილთან ერთად მოგვიანებით შემოგვიერთდა. აქბარმა და ქ-ნმა მარზიემ შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწიეს.

სტუმრად აქბარ მოყადასის (ზუპიტაშვილი) ოჯახში

დილით სასტუმრო “მაჰსანში” აქბარის მასწავლებელს, აიათოლა მოჯაჰედს შევხვდით. ის აქბარს ფილოსოფიას, თეოლოგიას და ერფანს ასწავლიდა. ღრმადგანათლებულ აიათოლასთან საუბარი, ქრისტიანულ და ისლამურ თეოლოგიას, სპარსულ პოეზიას და რელიგიებს შორის მშვიდობას შეეხო. აიათოლა მეუფე მალხაზს დაეთანხმა იმ აზრში, რომ აუცილებელია რელიგიებს შორის მშვიდობის და დიალოგის საქმეში ყველამ წვლილი შევიტანოთ.

შეხვედრა აიათოლა მოჯაჰედთან

ამ საუბრის შემდეგ სასტუმროს მენეჯერს ვერანდაზე ასვლის ნებართვა ვთხოვეთ, რათა ყუმის ხედები დაგვეთვალიერებინა. 2013 წელს საღამოხანს მოგვიწია ხიზრის მთაზე ასვლა და ამიტომ ქალაქს დღის სინათლეზე ვერ გადავხედეთ. ვერანდაზე ასვლის უფლება მოგვცეს და თან კარისკაცი გამოგვაყოლეს.

უკვე ჩაბარგებულები ვიყავით და საქართველოში დასაბრუნებლად ვემზადებოდით. თეირანის აეროპორტში გამგზავრებამდე აქბარმა თავის ოჯახში სადილზე დაგვპატიჟა. მის სახლთან ახლოს ლავაშის მოსატანად წავედით. გვაინტერესებდა ლავაშს როგორ აცხობდნენ. რამდენიმე სახეობის ირანული პურიდან ყველაზე მეტად ეს თხელი ლავაში მომწონს. განსაკუთრებით გემრიელია სეზამით.

გამოსაცხობად გამზადებული ირანული ლავაში
გამომცხვარი ლავაში

სადილის შემდეგ აქბარს და მისი ოჯახის წევრებს ქ-ნ მზიას, ბექას და ლაშას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადეთ და თეირანის აეროპორტში გავემგზავრეთ. უნდა ითქვას, რომ აქბარმა წარმოუდგენლად დიდი შრომა გასწია ჩვენი ვიზიტის ჯეროვანი ორგანიზებისთვის. აეროპორტში ძალიან ცოტა ხალხი იყო. სრულიად მოულოდნელად ქ-ნი მარიამ ფაკური და მისი ქალიშვილი ვნახეთ. ისინიც თბილისში მოფრინავდნენ.

აეროპორტის მეჩეთი

აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში მეჩეთია. მეჩეთში მგზავრს ეძინა. ისე, ძალიან მარჯვეა მეჩეთი მოსასვენებლად, რადგან იატაკზე ხალიჩებია გაფენილი და თანაც იქ არავინ შედის ფეხსაცმლით.

მიჰრაბი

ჩვენი თვითმფრინავი 12 იანვარს საღამოს დაეშვა თბილისის აეროპორტში. ქ-ნ მარიამს და მის ქალიშვილს დავემშვიდობეთ და იმედი გამოვთქვით, რომ უახლოეს დროში ბ-ნ რუჰოლასთან ერთად გვესტუმრებოდნენ.

გასრულდა ჩვენი ვიზიტი ირანში. ბევრი რამ ვნახე და ვისწავლე. ირანი და ზოგადად შიიტური სამყარო უფრო მეტად გასაგები გახდა ჩემთვის. გავიცანით საინტერესო ადამიანები, შევიძინეთ მეგობრები, ვნახეთ უაღრესად საინტერეო რელიგიური, კულტურული და ისტორიული ძეგლები. მეტად ფასეული გამოცდილება იყო წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის მონახულება და მათთვის დახმარების გაწევა. ვფიქრობ ეს ვიზიტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ინტერრელიგიური ურთიერთობების გაღრმავების საქმეში, რაც მხოლოდ თეოლოგიური დიალოგისთვის მზაობას არ გულისხმობს, არამედ გაჭირვების დროს ერთმანეთისთვის დახმარების ხელის გაწვდას. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ქრისტიანებმა და მუსლიმებმა, არამედ ყველა რელიგიის აღმსარებლებმა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ვიცხოვროთ.

Leave a Reply